"შეზიარებულთა ქვეყანა" ანუ როგორ იქცნენ ჯალათები მსაჯულებად და მორალისტებად... - რატომ აღარ ვუყურებ ქართულ ტელეარხებს... - კვირის პალიტრა

"შეზიარებულთა ქვეყანა" ანუ როგორ იქცნენ ჯალათები მსაჯულებად და მორალისტებად... - რატომ აღარ ვუყურებ ქართულ ტელეარხებს...

"ნესტოები თრთის მოწყურებული სისხლის სუნით! მერე ნახეთ რეიტინგი! რეიტინგი! რეიტინგი!"

ეს ყველამ უნდა წაიკითხოს! მწერალმა ნაირა გელაშვილმა ეს წერილი ერთი წლის წინ დაწერა, თუმცა დღეს ეს სატკივარი უფრო გამძაფრდა. დარწმუნებული ვართ, ბევრი თქვენგანი მასში თავის გულის ნააზრევს ამოიკითხავს... გთავაზობთ წერილს მცირედი შემოკლებით:

რატომ აღარ ვუყურებ ქართულ ტელეარხებს...

კარგა ხანია ქართულ ტელეარხებს აღარ ვუყურებ. წერტილოვანი გამონაკლისების გარდა ეს არის ერთიანად ყვითელი, ქარაფშუტა და ბოროტი ტელესივრცე. ნამდვილი ეროვნული უბედურება. აქ რომ აზრები ხმიანებს, ის აზროვნების სფეროს არ განეკუთვნება. აქ რომ გრძნობები და საქციელები ტრიალებს, გადაგვარების მანიფესტაციაა. ამ ტელეარხების, პატრონებს და დაქირავებულ ჟურნალისტებს ამოძრავებთ ერთადერთი ვიტალური იმპულსი: მოიპოვონ, შეინარჩუნონ, გაიზარდონ შემოსავლის წყარო, მაშასადამე: რეიტინგი!

სხვა აღარაფერი აღარ არსებობს: რეიტინგი! ნებისმიერ ფასად! ადამიანის ყველაზე სუსტი და ბნელი ინსტინქტების სტიმულირებით! ამას ალბათ უფრო ბიოლოგიურ-კომერციული ყნოსვით აკეთებენ, ვიდრე დემონურ-ინტელექტუალური გათვლებით.

და აქა-იქ, სადაც ნათელი სახე ჩნდება და გონივრული რამ ითქმება, მთლიანად დამიწებულია გარემომცველი უაზრობით.

რადგან ტელევიზია მაინც რჩება საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველაზე მასობრივ საშუალებად, შეგვიძლია გავიხაროთ: ჩვენნაირი ტელევიზიით დედამიწის ზურგზე ვერავინ ააშენებს სახელმწიფოს (ნამდვილი სახელმწიფოები მაშინ შენდებოდა, როცა ტელევიზია არ არსებობდა). მასობრივი უმუშევრობა (რაც ჩვენში უმეტესად უსაქმურობას ნიშნავს, თუმცა, სულ არ არის აუცილებელი, ამას ნიშნავდეს) ლამის გათენებამდე ჩართული ტელევიზორების გარანტიაა. მაშასადამე, ტელევიზია ჩვენთან უწყვეტად კვებავს ისედაც დეზორიენტირებულ ადამიანებს უსირცხვილობით, უხამსობით, ძალადობით, უაზრობით, გუშინწინდელი ცნობიერებით, სტერეოტიპებით და რითიც კვებავს, იმის მოთხოვნილებას უჩენს. მსოფლიოში მასობრივი ნევროზების, ძალადობის ეპიდემიის ერთ-ერთ უმთავრეს გამომწვევად სრულიად სამართლიანად ითვლება ტელევიზია. ამას რა უნდა დაუპირისპირო? ასეთ წრეში მომავალი ვერ შემოვა. კარგის, სასიკეთოს აშენება ხომ მხოლოდ წესიერ, საღ ცნობიერებას შეუძლია.

მე რომ ხელისუფლება ვიყო, აუცილებლად აღვადგენდი და განვაახლებდი ფსიქოლოგიის ინსტიტუტს და შევუკვეთდი საზოგადოებრივი ცნობიერების, ასევე, პირველ რიგში, მასზე ტელევიზიების დამანგრეველი ზემოქმედების კვლევას. მაგრამ აქამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შორია. რადგან ჯერ კიდევ შორია ადამიანამდე.

2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში მოხდა ბოროტების დაუჯერებელი აკუმულირება, ისეთი ხარისხის სისტემური დანაშაული ადამიანობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც მრავალი ყველაზე მგრძნობიარე ადამიანის თავში პირველად დაიბადა კითხვა: ჩვენ, როგორც ერს, კიდევ გვაქვს არსებობის უფლება?

როგორ წარმოშვეს ოჯახებმა, დედებმა, სკოლებმა, საზოგადოებამ ამდენი ჯალათი, ამდენი ფსიქოპათი-სადისტი, სისხლისმსმელი არარაობა,

რომლებითაც გატენილი იყო "ნაციონალური" (დიახაც, სწორედაც ლოკალურ-ნაციონალური და ამჯერად უკვე არა საბჭოთა) პენიტენციარული სამყაროსა და ხელისუფლების ლამის ყველა უჯრედი? და (როგორც უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება) რომ არ გამოჩენილიყო ადამიანი, რომელმაც შეძლო გაეკეთებინა ის, რაც საჭირო იყო ამ მონსტრისთვის ტახტის გამოსაცლელად, რა უნდა გვექნა? კიდევ რამდენი სამუდამოდ დასახიჩრებული ადამიანი და შემუსრული სიცოცხლე "გაამდიდრებდა" ჩვენს ყოფას სულიერად გამოფიტული ტელეკორიფეების ცინიკურ მიეთმოეთში? ხომ ახლოს ვიყავით იმ შესაძლებლობასთან, რომ აღარავინ დარჩენილიყო ღირსებააუყრელი?

შეგეშინდება, რომ ამდენი მკვლელი და სადისტი დაიარება შენ გვერდით...

თუ ვინმეს გრძნობების ატროფიისა და ადამიანობის გაწყალების გამო, ან აღარ ახსოვს, ან არა სჯერა, მაინც რა ხდებოდა "ნაციონალურ" ციხეებში და ციხეებს გარეთ, ვურჩევ წაიკითხოს, სხვა თუ არაფერი წაუკითხავს, დაუნახავს და გაუგია, მცირეზე მცირე ბროშურა: "ისტორიები საქართველოს ციხეებიდან" გამოცემული 2014 წელს "საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის" მიერ (რედაქტორი ლელა ცისკარიშვილი). ადამიანის წამებისა და დამცირების ამ ენით აღუწერელმა ფაქტებმა ცხოვრებისაგან ისედაც სასოწარკვეთილ ზოგ მკითხველს შეიძლება თვითმკვლელობისაკენ უბიძგოს: რადგან შეგრცხვება, რომ იმავე ხალხს ეკუთვნი; რადგან შეგეშინდება, რომ ამ პატარა ქვეყანაში, ამ დედაქალაქში ამდენი მკვლელი და სადისტი დაიარება შენ გვერდით, სუნთქავს იმავე ჰაერით, ცხოვრობს იმავე კორპუსში და რაღას უნდა განიცდიდნენ მსხვერპლები? მათი მშობლები? შვილები? მეუღლეები? როცა ეს მკვლელები და ჯალათები, საზოგადოებისაგან სამუდამო იზოლაციას რომ იმსახურებენ, მსაჯულებად და მორალისტებად იქცნენ?

როცა ამდენ შეურაცხად ადამიანს ამდენი საშუალება აქვს, თავისი ქედუდრეკი უტიფრობა საქვეყნოდ აფრქვიოს? როცა მათი აგზნებული და ანაზღაურებული "გამმართლებელნი" თითქმის ყველა ტელეარხიდან, თითქმის ყველა "მოდური" ტელეწამყვანის მეშვეობით საშველს აღარ აძლევენ უშუალო მსხვერპლებს, მათ ახლობლებს, საშველს აღარ გვაძლევენ ჩვენ, აღარ გვიტოვებენ სასუნთქ სივრცეს: განაგრძობენ დაცინვას და მსხვერპლთა აბუჩად აგდებას, ტყუილსა და საარაკო უსირცხვილობას და ამით უწყვეტობას ანიჭებენ განწირულთა წამებასა და ღირსების აყრას, მათ ყვირილსა და გმინვას, დაწყებული სხეულდასერილი სანდრო გირგვლიანიდან, დამთავრებული იმათით, რომელთა სახელსა და გვარსაც კი ვერ დაიმახსოვრებს საზოგადოება.

პაქტი ეშმაკთან

და ყოველივე ამის შემდეგ: თანამშრომლობა ბოროტებასთან!

კოაბიტაცია ქართული ბედისწერის სახელია. რადგან: ის იყო და არის ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ცხოვრების წესი და არა მხოლოდ ხელისუფლების ფატალური შეცდომა, რომელიც მას შეიწირავს, თუ უკვე არ შეიწირა. ეს არის ორმო, რომელშიც ის ჩავარდა (მეორე ასეთი ორმო აფეთქებული საყდრისია. და ვინ ამოიყვანს მას ამ ორმოებიდან, არ ვიცი).

კოაბიტაცია არის სრული უწესობა და უიდეობა; საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ეთიკური პრინციპების ერთიანად უარყოფა; სამართლის სასიცოცხლო აუცილებლობის უგულებელყოფა; ზავი, კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა სიბილწესთან, ბოროტებასთან, სიბნელესთან, დაუსჯელ დამნაშავეებთან. ტანჯულის, მსხვერპლის, დაუცველის ღალატი და გაწირვა. ესეც პაქტია ეშმაკთან.

პოლიტიკოსების 99 პროცენტისაგან დიდი ხანია ხალხი აღარც ერთგულებას ელის და არც სიმართლეს, არც წესიერებას და არც გონიერებას. თან, ისიც არავინ იცის, მაინც რა სიძლიერის წნეხის ქვეშ შემოიხვია ხელისუფლებამ თავისივე დამღუპველი კოაბიტაციის თასმები. ეგებ სხვა გზა მართლა არ ჰქონდა. ეგებ ხელები გადაუგრიხეს. მოკლედ,პოლიტიკოსების მორალური სიძაბუნე თუ განურჩევლობა შეიძლება ფსიქოლოგიურად ისე საშიში არ იყოს, როგორც ჟურნალისტებისა და ფსევდოელიტებისა. რადგან მას შემდეგ, რაც საზოგადოება არსებობს, საბოლოოდ მაინც საზოგადოების აზრია გადამწყვეტი ქვეყნის ბედისთვის. და ხელისუფლება, როგორც ხალხის ნაწილი და გაწაფული პოლიტიკური გეშის პატრონი, ზუსტად ხვდება, რა შეიძლება გაუვიდეს ამ ხალხთან და რა არა.

კოაბიტაცია მარტო პარლამენტში როდი ხორციელდება. მას მუდამ, თავის დონეზე და თავის ადგილას ახორციელებდა ქართველთა უდიდესი ნაწილი.

"ნაციონალების" ზეობის დროს ერთხელ ვწერდი: დღეს საქართველოში ღირსება მხოლოდ იმას აქვს შენარჩუნებული, ვისაც არა სჭირდება ახსნა, თუ რატომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა "ნანუკას შოუში"-მეთქი. "ნანუკას შოუ", როგორც კრებითი სახე უაღრესად დაბალი სინჯის, ვულგარული და ყალბი სანახაობისა. ნორმალურ ადამიანს რომ ასნეულებს. მეტ-ნაკლებად ასეთია ჩვენი ქართული ""შოუს" უმეტესობა.

და ვიღა არ მონაწილეობდა და მონაწილეობს ქართული ფაშიზმის ტელესანახაობებსა თუ "ტელესაუბრებში", ვითომც რომ გმობდნენ და გმობენ სისასტიკეს და ადამიანთა სიცოცხლის შემუსვრას, ვითომც რომ ემიჯნებოდნენ ყოველივე ამას და ხშირად ქრისტიანობის სახელით!

კარგი. ხელისუფლებამ ვერ თუ არ მოახერხა მართლმსაჯულების აღსრულება და ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის ორგანიზატორები ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობენ ბოგინს, ჯალათები მაღალ პოსტებზე სუფევენ და ისევ განაგებენ ადამიანთა ბედ-იღბალს;

ხელისუფლების ზოგი ოდიოზური სახე იმტკიცება, რომ სჯობს უარი ვთქვათ სამართალზე, სინდისზე ანუ, ადამიანობაზე, ოღონდ კი დასავლეთის კეთილგანწყობა და""რატიფიკაციები" მოვიპოვოთ. კი, სახეზეა ეს ზნეობრივი კაპიტულაცია და სამართლებრივი დავრდომილობა,

ეს უბედურება. მაგრამ შენ, როგორც ჟურნალისტმა ხომ იცი, "ნაციონალი" პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები დამნაშავეები რომ არიან და ათასობით და ათიათასობით ადამიანის უბედურება მათ კისერზეა! ხომ იცი, რომ ვინც ამ დანაშაულს არაფრად აგდებს, ფარავს, უარყოფს, გინდაც თავად არ იყოს მონაწილე, არანაკლები და ხშირად, როგორც სისასტიკის იდეოლოგი, კიდევ უფრო დიდი დამნაშავეა? როგორ მოგყავს ეთერში ეს ხალხი და აძლევ საშუალებას, გააგრძელოს მაყურებელთა ტრავმირება?! ტ რ ა ვ მ ი რ ე ბ ა! ჭკუიდან გადაყვანა!

"ამხილე და გამოეყავი"

და ჟურნალისტებსაც დავანებოთ თავი. აღარც კი ვიცი, ჩვენთან მათ, საერთოდ, რა უნდა მოსთხოვო. მაგრამ, შენ, რიგითი მოქალაქე, ხელოვანი, მეცნიერი თუ იურისტი, თუ ვინც ხარ, "ნაციონალები" რომ დამნაშავეებად მიგაჩნია და "ოცნების ხალხი" უნიათოდ, რატომ მათ ბოლომდე ვერ მოერივნენო, რისთვისღა მიდიხარ ტელესტუდიაში დამნაშავეებთან სასაუბროდ, მათთან საკინკლაოდ თუ საკალმასოდ, ამით ხომ ყველანი მათ ლეგიტიმაციას ახდენთ? რისთვის მიდიოდი და მიდიხარ "რუსთავი 2"-ში, განა ეს არ იყო და არ არის ერთ-ერთი ყველაზე დანაშაულებრივი რეჟიმის იდეოლოგიური მანქანა?! მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც "ექსპერტი", მოუშორებლად მიეწებო ტელეეკრანს?! მხოლოდ იმიტომ, რომ ერთხელ მაინც გაიბრწყინო ეთერში და ეს შენი არსებობის ვარსკვლავურ საათად ჩათვალო?

"ნაციონალური" რეჟიმის დამარცხების შემდეგ საქართველოში უფრო მძიმე ზნეობრივი ატმოსფერო ჩამოწვა. რადგან ადრე იყო ბრძოლა, მძაფრი გამიჯნულობა ბოროტებისაგან, ხალხის უმეტესი ნაწილი საზარ რეჟიმს უპირისპირდებოდა და სხვადასხვა ფორმის საპროტესტო გამოსვლები არ შეწყვეტილა, რაც მუდამ ნიშანია ერის სიცოცხლისა. და ნიშანი იმისა, რომ ეს ხალხი სიცოცხლის ღირსია. პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა კოაბიტაციამ კი ეს გამიჯნულობა მოსპო და ბოროტება დააკანონა. აქედან მოდის სულიერი დამბლის ატმოსფერო. და ეს იმიტომ, რომ ეთიკა და მისი პირველი ნაყოფი - სამართლიანობა ყოფიერების სამკაული კი არ არის, არამედ ადამიანობის საფუძველია. მისი სულიერი ჯანმრთელობის, მისი მთლიანობის, სიხარულისა და წინსვლის საფუძველი. მახსოვს, ზოგი დიდი აზრი როგორ შემძრავდა ხოლმე. მაგალითად, ასეთი იყო: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად" (პირდაპირ ვხედავდი ხოლმე: ჩამჭკნარი ხე როგორ ფოთოლ-ფოთოლ ცოცხლდებოდა და ჩაწიხლული ადამიანი როგორ ნელ-ნელა იშლებოდა წელში და უნათდებოდა სახე). და კიდევ უფრო ძველი: "დაე, აღსრულდეს სამართალი, თუნდაც დაიქცეს სამყარო!" ვისაც არასოდეს ჰქონია განცდა, რომ მართალი სამართალი უპირობო რამაა, ის სამართლიან სახელმწიფოს ვერ ააშენებს. ამიტომ იწყება კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი ქმნილება პლატონის "სახელმწიფო" სამართალზე, სამართლიანობასა და მართალ სამართალზე ვრცელი მსჯელობით.

და აი, ასეა: ხალხი, რომელსაც მე-12 საუკუნეში გაუჩნდა "მართალი სამართლის" უღრმესი ცნება, 21-ე საუკუნეში ვერა და ვერ ახერხებს მთავარ ადგილას დააყენოს მთავარი: სიმართლე, სამართლიანობა, სიყვარული და აზროვნება. უძველესი ქრისტიანული ქვეყანა ვერაფრით ახერხებს ნამდვილ ქრისტიანობასთან მიახლოებას, რომელიც გაზეპირებული ტექსტები და რიტუალი კი არა, ცხოვრებისა და აზროვნების წესია და გამსჭვალულია სახარებისეული იმპერატივით: "ნუ შეეზიარები ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ "ამხილე" და "გამოეყავი" ("ჩვენ კი გამცნობთ, ძმებო, რომ ჩამოშორდეთ ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა", "განვერიდოთ უწესო და ბოროტ ადამიანებს" 2 თესალოკ.). ყველა რომ ასე ჩამტკბარიყო და ჩამთბარიყო ბოროტებასთან, ყველას "ბნელთან შეზიარების" გზით რომ ევლო, ყოველდღიურ ყოფაში ღირსეული უღირსობას რომ არ გამიჯნოდა და კარგი - ცუდს, გამიჯვნის, დიახაც, ძნელად შესასრულებელი ნორმებით (განკვეთა, უწესო კაცისთვის "სალმის დაჭერა", მასთან "პურის გატეხვის" დაუშვებლობა, იმ ადგილის დატოვება, სადაც უღირსი ადამიანი იმყოფება), აქამდე ყველა ხალხი გადაშენდებოდა. და გადაშენება არასოდეს არ არის გვიან და ჩვენც, მგონი, აქეთა გვაქვს პირი ნაქცევი.

დიახ, ქართულმა "ნაციონალურმა" და ერთ დროს "ანტინაციონალურმა" ტელევიზიებმა ქართველ საზოგადოებასთან ერთად განახორციელეს კოაბიტაციის ყველაზე გამრყვნელი და დამღუპველი კურსი, მათ აჩვენეს, რა ცოტა ღირსებაა დღეს საქართველოში, რა გაველურებაა ზნეობის სფეროში. და გააკეთეს ეს იმით, რომ დამნაშავეებს დაუთმეს თავიანთი ეთერი და რაც მთავარია, ერთმანეთთან სასაუბროდ დასვეს დამნაშავეები და მათ წინააღმდეგ მებრძოლები. ამაზე უკეთ ვერ მოახერხებ მთავარ დანაშაულს: სიკეთისა და ბოროტების ერთმანეთში აღრევას! ყველაფრის ერთმანეთში ალუფხვას! გაუთავებელი ლაქლაქითა და სიტყვიერი მუჯლუგუნებით ნამდვილი ტრაგედიების გაქარწყლებას! ცხედრებზე გადაბიჯებას! მოკლულთა ხელახლა მოკვლას! ცოცხლად დარჩენილ მსხვერპლთა საბოლოოდ ჩაკვლას და სამუდამო მარტოობაში ჩაკეტვას! დედათა გლოვის გაუფასურებას! და ეს მხოლოდ რეიტინგისთვის! რადგან სისხლიანი კორიდა ცხოველების მოყვარულთაც იზიდავს.

უილაჯობის ყვირილი ქალბატონი წამყვანის მჭახე გულგრილობის საზარ ფონზე

ასეთი ტელეკორიდების უბადლო ოსტატის, უკვე ლეგენდარული ინგა გრიგოლიას მორიგმა (17 აპრილის) გადაცემამ მიბიძგა ამ ტექსტის დაწერისაკენ. უფრო ყვირილი მინდოდა, ისეთი ამაზრზენი იყო ის, რასაც თვალი მოვკარი. რადგან ქართული ტელესივრცის უბრალოდ მეშინია, ისეთ ტრავმას მაყენებს, უცბად გადავირბენ ამ არხებს პულტის ღილაკის წყალობით და გარეთ გავაღწევ ხოლმე უცხო ქვეყნებში, სადაც ყოველთვის შეიძლება აზროვნების მოთხოვნილება დაიკმაყოფილო და, ან წიგნიერი ადამიანების ცოცხალ საუბარს მოუსმინო, ან რაიმე ძალიან საჭირო დოკუმენტური ფილმი ნახო. მაგრამ ამჯერად ამ ქართულ "შოუში" ჩავეშვი, რადგან "ნაციონალების" ერთ-ერთი მსხვერპლის, უზომოდ დაზიანებული ადამიანის ნერვებდაწყვეტილ ყვირილს ვერ გავექეცი. ეს იყო უილაჯობის ყვირილი - ქალბატონი წამყვანის მჭახე გულგრილობის საზარ ფონზე. და იყო კიდევ "ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური პატიმრის" სიმწრით ჩატეტკილი სახე. კიდევ სხვა ხელყოფილთა ასეთი სახეები - სულ უილაჯობა მათ გვერდით მჯდომ ნაციონალ-კომკავშირელთა უტიფრობის წინაშე.

შეიძლება, ერთ მხარეს უზომოდ დაშავებული, შეურაცხყოფილი და დამცირებული ადამიანები, მსხვერპლები დასვა და მეორე მხარეს ამ ბოროტმოქმედების გამამართლებლები? რომელთაც სინდისი და სირცხვილი, როგორც ადამიანობის ფუნდამენტური მონაცემი, უბრალოდ, არ გააჩნიათ?! "ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი მხარდამჭერები, მათი ცვლა, ქართული ჰიტლერიუგენდი? მე ვკითხულობ: როდემდე შეიძლება ამ ველურობის დაშვება და ატანა? ხალხი ძლივს ითოკავს ნერვებს, რადგან ჯერ კიდევ ირწმუნებს თავს, რომ სამართალს მაინც ეღირსება პური, თუნდაც გამხმარი. მაგრამ იქ, სტუდიაში ნერვებმა რომ უმტყუნოს ვინმეს, მაგალითად, სამუდამოდ დასახიჩრებული ბიჭის მამას და მავან უტიფარ "ნაციონალს" ყელში წასწვდეს? ოღონდაც! ოღონდაც! ნანატრი მიზანიც ხომ ეს არის! ხომ პირდაპირ ნესტოები თრთის მოწყურებული სისხლის სუნით! მერე ნახეთ რეიტინგი! რეიტინგი! რეიტინგი!

და როდემდე შეიძლება საზოგადოების ასე დასნეულება ამ მართლა უთავბოლო ქვეყანაში? ეს რა ქვეყანაა, რომ ლამის აღარაფერი აღარ არის აქ მშობლიური? კუნჭული რომ აღარ არსებობს მგრძნობიარე ადამიანის სულისთვის?

და თქვენ, თქვენ რატომღა გეშლებათ, ჩემო ძვირფასო ადამიანებო, რომლებმაც უშუალოდ გადაიტანეთ სააკაშვილის რეჟიმის მთელი საშინელება, რეჟიმისა, თქვენი ჯანმრთელობა, თავმოყვარეობა, უახლოესი ადამიანები, მთელი ცხოვრება რომ შეიწირა, რატომ მიდიხართ იაფფასიან, აყეფებულ-აქაფებულ ტელეგადაცემებში, რატომ უყადრებთ თავს ბოროტმოქმედებს, რატომ ახდენთ მათ დაკანონებას თქვენი მათ გვერდით ჯდომით? საუბრით?

რატომ აწყვეტინებთ ისედაც დაწყვეტილ ნერვებს? მესმის, რომ თქვენი საშინელი მარტოობიდან გამოსვლა, ადამიანებთან დალაპარაკება, სიმართლის აღიარება გწყურიათ, მაგრამ, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ის ძველი კანონი, რომელიც მსგავს შემთხვევებში სწორად მოქცევას გვასწავლის, კანონი, რომელიც გვიკრძალავს მარგალიტების დაყრას ღორებისათვის, მით უფრო, სისხლიანი ღორებისათვის. და თქვენი მწარე გამოცდილება თქვენი მარგალიტია, თქვენი სიმდიდრეა, თქვენი მტკივნეული სიბრძნეა, საიდანაც, დარწმუნებული ვარ, დიდი სიმართლე და სიკეთე, დიდი ზნეობრივი გაბედულება ამოიზრდება და სხვებს დაიცავს, სხვებს გააძლიერებს. მიდით ღმერთთან, მიდით წიგნთან, მიდით ბუნებასთან, დაწერეთ, რაც ნახეთ და გადაიტანეთ, მიდით კარგ ადამიანებთან, მაგრამ ნუ მიხვალთ ტელესტუდიაში, სადაც თქვენს ჯალათებს დაგახვედრებენ, სადაც როყიოდ დაახურდავებენ თქვენსა და ჩვენს სატკივარს, სადაც ტრაგედიას სანახაობად აქცევენ. ნუ მიხვალთ და ნურც უყურებთ.

ათასობით ადამიანის ფიქრი და თანალმობა დაგტრიალებთ თავს. ათასობით ადამიანი პატიებას გთხოვთ, რომ განსაცდელში ვერ დაგეხმარათ. ათასობით ადამიანი არასოდეს დაივიწყებს თქვენს ტანჯვას. თქვენს მსხვერპლს ღრმა და წმინდა აზრი აქვს. გარდაცვლილებიც და გადარჩენილებიც იმას შეეწირეთ, რომ ჩვენი საკუთარი სიბნელე გამოვლენილიყო და ჩვენ მისთვის თვალებში ჩაგვეხედა! თვითშეცნობის გარეშე ხომ ბნელ ჩიხში დავრჩებით. ახლა კი ვიცით, რა საშინელება იმალება ჩვენში და რა არის ის, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ახლა თავიდან გავიგეთ, რომ სინათლისათვის ყოველ წუთს უნდა ებრძოლო სიბნელეს, რათა წყვდიადში არ ჩაპირქვავდეს ყველაფერი. ღმერთმა მოგვცეს ძალა ერთმანეთის დასახმარებლად.

ნაირა გელაშვილი, 2015 წელი