კერძო სკოლებს აქვთ უფლება, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ - კვირის პალიტრა

კერძო სკოლებს აქვთ უფლება, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ

სასურველია, არსებობდეს საჯარო სკოლების ნაწილი, სადაც ბავშვს სასწავლო პროცესისთვის მენტალური მზაობის შემოწმების შემდეგ მიიღებენ პირველ კლასში...

"5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა ის კი არ არის, რა შეიძლება ვასწავლოთ, არამედ ის, რომ უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, შევუქმნათ სათანადო გარემო"

დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია და იმ პატარების მშობლებს, რომელთაც სასწავლო წლის დაწყებიდან მოკლე ხანში უსრულდებათ 6 წელი, თავსატეხი გაუჩნდათ. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს სკოლაში შესვლისთვის მინიმალურ ასაკად 5 წელი დადგინდა, რაც ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა და დღეს მინიმალური ზღვარი 6 წელია. თავის დროზე, ამ გადაწყვეტილებამ მშობელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, გადაწყვეტილება საბოლოო იყო.

ნანა ლობჟანიძე ამბობს, რომ მის ქალიშვილს 6 წელი 17 სექტემბერს უსრულდება, არადა, სასწავლო წელი, მოგეხსენებათ, 15-ში იწყება: "რატომ უნდა დაკარგოს ჩემმა შვილმა მთელი წელიწადი 2 დღის გამო?! მან უკვე იცის კითხვა და თვლა, ყველა იმ უნარს ფლობს, რაც ბავშვს სკოლაში სჭირდება. სასურველია, არსებობდეს საჯარო სკოლების ნაწილი, სადაც ბავშვს სასწავლო პროცესისთვის მენტალური მზაობის შემოწმების შემდეგ მიიღებენ პირველ კლასში".

განათლების ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 6 წელი ყველაზე ოპტიმალური ასაკია ბავშვის სკოლაში შესაყვანად, თუმცა შესაძლებელია გამონაკლისებიც დაიშვას.

სიმონ ჯანაშია, ექსპერტი: - ბავშვების ნაწილი ზოგჯერ უკეთესად არის მომზადებული სკოლაში შესვლისთვის 5 წლის ასაკში, ვიდრე სხვანი 6 წლის ასაკში. ეს შეიძლება იყოს განპირობებული მათი განვითარების ტემპით, მშობლების ძალისხმევით, სკოლამდელი აღზრდის გამოცდილებით და ა.შ.

ერთი პრობლემა ისიც არის, რომ საქართველოში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ნაკლებობაა. შესაბამისად, ბავშვების ნაწილი მინიმალური ასაკის შეზღუდვის გამო ერთი წლით მეტს გაატარებს რომელიმე სააღმზრდელო დაწესებულების გარეთ. ეს ზოგჯერ პრობლემას უქმნის როგორც მათ განვითარებას, ისე მათ ოჯახებს, რომლებსაც სხვა ვალდებულებების გამო, მთელი დღის განმავლობაში ბავშვებზე ზრუნვა უჭირთ. ამიტომ გამოსავალია, რომ სახელმწიფომ დაადგინოს, რომელი სკოლები არიან მზად 5-წლიანი ბავშვების მისაღებად და მისცეს უფლება, მიიღონ 5 წლის პატარები. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ასეთი სკოლების რიცხვი გაიზარდოს. ამისთვის საჭირო იქნება სკოლების ინფრასტრუქტურის შეცვლა, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სპეციალური მომზადება. ამასთან, სახელმწიფომ უფრო მოქნილი უნდა გახადოს სასწავლო გეგმა, რათა მასწავლებლებმა მოსწავლეების საჭიროებებს მოარგონ სასწავლო პროცესი".

როგორც გავარკვიეთ, კერძო სკოლებს აქვთ უფლება, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, პირველ კლასში 5 წლის ბავშვებიც მიიღონ. ამ უფლებით კერძო სკოლების ნაწილი სარგებლობს.მათ შორისაა წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლა. ის იმ პატარებსაც იღებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.

ჩვენ დავინტერესდით, როგორია სასწავლო პროცესი ამ სკოლაში და მის ადმინისტრაციას კითხვით მივმართეთ:

- არის თუ არა საჭირო, სკოლა განსაკუთრებულად ადაპტირებული იყოს ხუთი წლის ბავშვების პირველ კლასში მისაღებად და თქვენთან რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით?

- ბავშვის სკოლისათვის მზაობა მნიშვნელოვანია სკოლაში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის. შესაბამისად, სკოლაც უნდა იყოს მზად 5 წლის ბავშვების მისაღებად. კვლევები ცხადყოფს, რომ 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვას თან არაერთი პრობლემა ახლავს. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც ვიცოდეთ, რომ 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა ის კი არ არის, რა შეიძლება ვასწავლოთ, არამედ ის, რომ უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, შევუქმნათ სათანადო გარემო.

ჩვენი სკოლის პედაგოგებს 5-წლიან მოსწავლეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. ერთი მხრივ, კარგად იცნობენ ამ ასაკის მოსწავლეთა განვითარების თავისებურებებს, მეორე მხრივ, აქტიურად იყენებენ თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიას, რათა უმტკივნეულოდ შეძლონ 5-წლიან მოსწავლეთა უცხო გარემოში ადაპტირება, საზოგადოების სრულუფლებიან წევრად ქცევა და მიზანმიმართულად მუშაობენ ნატიფი მოტორიკის, მეხსიერების, აზროვნების, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვა აკადემიური უნარების განვითარებაზე.

ნათია დოლიძე