"საქართველოს გზებზე გიჟების მარათონია"
18-04-2016
"საქართველოს გზებზე გიჟების მარათონია"
"საფრთხემ არ იცის პრივილეგირებული მძღოლი"

გზა სველი იყო. არ მახსოვს, რა მოხდა... მოგვიანებით პატრულმა მითხრა, ავტომობილი მოგიცურდა, ბორდიურს მიასკდა, ბორბალი მოსძვრა და ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანა დატრიალდაო. ღვედი შეკრული არ მქონდა და სხეული ვერ დაიჭირა, დატრიალების დროს ხერხემლის მეცხრე მალა გამიტყდა. თვალი კლინიკაში გავახილე. ვგრძნობდი, რომ ვეღარ გავივლიდი...


საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკით შეშფოთებული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას უწევენ ცენტრალური ავტომაგისტრალის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობაში. საქართველო
სატრანზიტო დერეფანია, ამიტომ სავალდებულოა, მოძრაობის უსაფრთხოების ზომების უზადოდ დაცვა, მხოლოდ გზის სავალი ნაწილისა და საგზაო მოძრაობის ნიშნების სრულყოფილად განლაგება არ კმარა. მსოფლიო ბანკი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურჩევს, უწესო მძღოლები სპეციალური საგანმანათლებლო პროექტებით გონს მოიყვანონ.

"საქართველოს გზებზე გიჟების მარათონია. ერთმანეთის გასასწრებად­ მძღოლები­ წარმოუდგენელ მანევრებს
აკეთებენ... ავტობანზე ამოვისუნთქავ ხოლმე, მაგრამ­ იქაც არანაკლებ საოცრებებს სჩადიან. რაც უნდა მაღალი სტანდარტის გზა გქონდეს, თუ ამ გზით მოსარგებლეც იმგვარივე სტანდარტით არ აზროვნებს, წარმოუდგენელია უსაფრთხოების ზომების დაცვა", - ამბობს ვილიამსი, რომელსაც ტვირთი გადააქვს საქართველოს გზების გავლით.

გელა კვაშილავა, არასამთავრობო­ ორგანიზაციის "პარტნიორობა ფონდი "საგზაო უსაფრთხოება", ხელმძღვანელი:
- ჰოლანდია საქართველოზე მცირეა, მაგრამ­ ამ ქვეყანაში 16 მლნ კაცი ცხოვრობს და მათ საკუთრებაში 9 მილიონი ავტომობილია. იქ ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევებით საშუალოდ 250 კაცი იღუპება. საქართველოში ერთი მილიონი ავტომობი­ლია დარეგისტრირებული, გზებზე სიკვდი­ლიანობა კი ჰოლანდიასთან შედარებით, თითქმის სამჯერ მეტია.­ როდესაც მანქანების რაოდენობა გაიზრდება, თუ ასე გაგრძელდა, უმძიმესი სურათი გვექნება. ევროპაში 10-დან 5-6-ს ჰყავს­ მანქანა, ჩვენთან კი ჯერ ათიდან მხოლოდ ორს.

ჩვენი ევროპელი კოლეგები ამბობენ, შესაძლოა, გქონდეს ხუთვარსკვლავიანი გზები,­ საუკეთესო მანქანა, მაგრამ მძღოლი თუ არ იცავს უსაფრთხოების წესებს, ყველაფერი წყალში ჩაიყრებაო. საქართველოში ავარიების 80-85% ადამიანური ფაქტორის გამო ხდება.

ავტობანსა და ავტომაგისტრალზე ევრო­სტანდარტებს ვუახლოვდებით - გზები მოწესრიგებულია, საგზაო ნიშნები გამოკვე­თილი, გზა კარგად დახაზულია, მაღალი ხარისხის განათებაა, მაგრამ მძღოლების უმრავლესობის გულგრილობა ან სრული სიბეცე კრიტიკულ სიტუაციას ქმნის. ამიტომაც საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ, გზების მშენებლობასთან ერთად, მძღოლების და ქვეითად მოსიარულეთა განათლების დონეც ავამაღლოთ­. ავტობანზე­ საგზაო ნიშნები თვალსაჩინოა, მაგრამ მძღოლების უმეტესობას ჰგონია, რახან გზა კარგია, უნდა იფრინონ. როდესაც ავტობანზე მანქანა მიდის 70 კმ/სთ-ით, მძღოლის მხედველობის ხარისხი მაღალია, მაგრამ სიჩქარის გაზრდისას მხედველობის არეალი მცირდება, მძღოლი ვერ ასწრებს­ ბევრი რამის დანახვას და რეაგირებას. ჩვენი კანონმდებლობით, წინ მიმავალსა და მის მიმდევ ავტომობილს შორის დროის შუალედი უნდა იყოს სამი წამი - ავტომობილი წამში საშუალოდ 20 მეტრს გადის. ბევრი მძღოლი გინახავთ, ვინც წინა ავტომობილისგან თუნდაც­ ერთი წამის, ანუ 20 მეტრის დაშორებით მიდის? ამ წესების დაუცველობას სავალალო შედეგი მოსდევს. მსოფლიოში ავარიების 25% მოძრაობის დროს მობილ­ური ტელეფონით საუბ­რის გამო ხდება, რაც ხშირად სიკვდილით­ მთავრდება. აღარაფერს ვამბობ ღვედზე - ჯერ კიდევ ბევრი არ კადრულობს მას, განსაკუთრებით გავლენ­იანი პირები, რომლებიც ამაყად გეტყვიან, ჩემს ავტომობილში ღვედის შეკვრა აუცილებელი არ არის, მე არავინ დამაჯარიმებსო.

საფრთხემ არ იცის პრივილეგირებული მძღოლი. საჭესთან რომ ზიხარ, ერთადერთი პრივილეგია მოძრაობის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვაა. სხვ­ანაირად ავტობანი ვერ შეასრულებს აბრეშუმის გზის"ფუნქციას და ხელი შეეშლება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას...

საგანგაშო სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში დაფიქსირებული 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა 9 187 და დაიღუპა 602 კაცი. ავარიათა უმეტესობა უსაფრთხოების ზომების დარღვევის ბრალია. ყველაზე ხშირი მიზეზია ავტომობილის მანევრირების და შემხვედრ ზოლში გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, გადაღლილობის გამო საჭესთან ჩაძინება, სიმთვრალე.

"იმ დღეს ღვედი რომ მკეთებოდა..."

თიკო რევაზიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ცოცხალი სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, ახლა ეტლით გადაადგილდება და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იბრძვის, ცდილობს, ადამიანები საკუთარი მაგალითით გააფრთხილოს. "იმ დღეს ღვედი რომ შემეკრა, შესაძლოა, ეს არ მომხდარიყო", - ამბობს თიკო.

15 წელია, თიკო სასტუმრო "თბილისი მერიოტის" კვების განყოფილების ზედამხედველია, პარაოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტიც არის და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად მოქალაქეების ავტოსაგზაო შემთხვევებისგან დაცვაც გადაწყვიტა.

თიკო რევაზიშვილი: - ავარია 2009 წლის 13 სექტემბერს, საღამოს მოხდა. სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. გზა სველი იყო. არ მახსოვს, რა მოხდა... მოგვიანებით პატრულმა მითხრა, ავტომობილი მოგიცურდა, ბორდიურს მიასკდა, ბორბალი მოსძვრა და ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანა დატრიალდაო. ღვედი შეკრული არ მქონდა და სხეული ვერ დაიჭირა, დატრიალების დროს ხერხემლის მეცხრე მალა გამიტყდა. თვალი კლინიკაში გავახილე. ვგრძნობდი, რომ ვეღარ გავივლიდი. ოპერაცია ძვირი დაჯდა. შედეგის მისაღწევად ევროპაში 45-დღიანი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის ფასი 25 ათასი ევროდან იწყება. ფული არ მქონდა. არც ერთმა ფონდმა არ დამაფინანსა - მხოლოდ ბავშვებს ვეხმარებითო. საქართველოში მკურნალობის ყველა შესაძლებლობა ამაოდ მოვსინჯე, მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩემი ცხოვრება. ეტლში რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, რამდენი პრობლემა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. სამწუხაროდ, არც ერთი საჯარო სივრცე, ეკლესია, სკოლა, სახელმწიფო დაწესებულება ადაპტირებული არ არის ჩვენს მისაღებად და იზოლირებული რჩები. გამიმართლა, რომ ჩემი სამსახური, როგორც ამერიკული კომპანია, თავიდანვე ადაპტირებული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის.

დღემდე მხოლოდ ახლობლებს ვთხოვდი, რომ გაეთვალისწინებინათ ჩემი მაგალითი - ღვედი შეეკრათ, არ ეჩქარათ, არ გადაესწროთ იქ, სადაც საფრთხე გარდაუვალია... ამჯერად ვფიქრობ, ჩემი მაგალითი უფრო დიდი მასშტაბის საზოგადოებისთვის გახდეს ყურადსაღები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შემეცნებით პროექტში ვაპირებ ჩართვას.

არაერთგზის კვლევის შედეგია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის დაღუპვის ალბათობა 25-ჯერ მეტია, როცა ღვედი შეკრული არ აქვს. სწორად შეკრული ღვედი 50-60%-ით გიცავთ სასიკვდილო დაზიანებისგან. ამაოდ ჰგონია ვინმეს, რომ დაბალი სიჩქარისას მისი გამოყენება არ არის საჭირო. პირიქით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა 60 კმ/სთ და უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა. იმ საბედისწერო დღეს არც მე მივდიოდი სწრაფად...
tina
17 ივნისი 2016 00:20
ჩემო საყვარელო ქართველებო მე ამერიკაში ვცხოვრობ და 16 წელია მანქანას ვატარებ ანუ ეს ჩემი სამუშაოა დღეში 10-12 საათი დაახლოებით. ყველა ზედმიწევნით კარგად იცავს მოძრაობის წესებს მეც მივეჩვიე და სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. მაგრამ რაც საქართველოში ხდება ეს სასწაულია ერთადერთხელ დავჯექი მანქანაზე და ეს უკანასკნელი იქნება საქსართველოში. ერთადერთი უსაფრთხო ტრანსპოირტია მეტრო.ხალხნო ასე რამ შეგაძულათ თავი ან სხვა მაინც დაივდეთ.არც კანონი არ მუშაობს და არც არავინ ზრუნავს თქვენზე და პირველ რიგში ჩვენ გამოუსწორებელი ერი ვართ. ყველა კასკადიორი საქართველოში როგორ დაიბადა. ხალხნო ჩემო ძვირფასო თანამემამულენო გაუფრთხილდით ჯერ თავს და მერე სხვას.გმერთმა დაგლოცოთ უფალი გფარავდეთ ყველას
Kaxa
15 ივნისი 2016 14:38
მანქანის მართვა დაშვებულზე მეტი სიჩქართ მკაცრად უნდა ისჯებოდეს,მეორე ღვედი უნდა ეკეთოს ყველას წინაც და უკანაც აუცილებლად და კიდევ ის მანქანა არ უნდა დადიოდეს გზაზე ვისაც აირბაგები არაქვს წინ ორივე მხარეს და ყველაზე მთავარი გზები უნდა გაკეთდეს კარგად და ხარისხიანად,წვიმის დროს გზაზე წყალი არუნდა დგებოდეს და იამკები არუნდა იყოს
ნანი
28 მაისი 2016 15:58
უნდა მოვითხოვოთ კანონის გამკაცრება, მთვრალი მძღოლების მიმართ! ჩამოერთვას მანქანა...35 წლის წნანდელმა ავარიამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, სიცოცხლე გამიმწარა... არავის აქვს უფლება მოკლას სხვა ადამიანი ან დააინვალიდოს!

რედაქტორის რჩევით