"ისეთი პირი უჩანს, მალე "შავი პოლკოვნიკების" ხანა დადგება" - კვირის პალიტრა

"ისეთი პირი უჩანს, მალე "შავი პოლკოვნიკების" ხანა დადგება"

"კვირის პალიტრაში" ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გამასამართლეს!"

რას ვერჩოდით განსაკუთრებით დევნილებს, რომლებსაც ომი და დევნა გავახსენეთ და ხელმეორედ  განვაცდევინეთ?! ეს იყო გაუგონარი ავანტიურა ჟურნალისტიკის ისტორიაში,  ამაზე ბევრი რამ ითქვა და დაიწერა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ხელისუფლებას ამ იმიტაციის უფრო "სრულყოფილი" სცენარი ჰქონდა გამზადებული. კონფიდენციალური ინფორმაციით, ამ ავანტიურაში ამერიკელი მრჩევლებიც ყოფილან ჩართულნი.

გადაცემის ავტორებს დაგეგმილი ჰქონიათ, გადაეღოთ და ეჩვენებინათ, როგორ შემოდიან დიღომში რუსული ტანკები, მაგრამ ამაზე, როგორც შევიტყვეთ, ამერიკელ მრჩევლებს უთქვამთ, მეტისმეტიაო! ძალიან დავიბენი და აღარ ვიცი, მეტისმეტი რა არის. დუშეთში ხანში შესულ მამაკაცს ტელევიზორის წინ გული გაუსკდა. იმიტირებული "ქრონიკის" ეთერში გასვლის მეორე დღეს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ჩავედი. ჩემდა საუბედუროდ, წამომცდა, რომ ჟურნალისტი ვარ და ხალხმაც დაურიდებლად, იმიტაციის გარეშე მომახალა, შენც ისეთივე ჟურნალისტი ხომ არ ხარო!

წესით, ჟურნალისტი საყოველთაოდ აღიარებულ პროფესიულ პრინციპებს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ ზოგჯერ, სამწუხაროდ, ეს პრინციპები კეთილდღეობის პირდაპირპროპორციულად იცვლება. ამიტომაც ვკარგავთ საზოგადოების ნდობას. "შენც ჟურნალისტი ხარ!" - ბევრი ვიფიქრე ამ თითქოსდა უვნებელ ფრაზაზე და მასში დამამცირებლის მეტი ვერაფერი ამოვიკითხე. ხელისუფლების მიზანი, ყოველმხრივ დაემცროთ ჟურნალისტის პროფესია, ნაწილობრივ მიღწეულია.

კაკო ცოტნიაშვილი, სამაჩაბლოდან დევნილი: - ამგვარი რამ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ ხდება. ეს იყო "იმედისა" და ხელისუფლების ერთობლივი პროექტი. დიდხანს ვიმუშავე სამართალდამცავ სტრუქტურაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი უძლიერესი ოპერატიული მუშაკი ვიყავი. ჩემი საქმე ინფორმაციის მოპოვება და მისი გაანალიზება იყო. რა გგონიათ, "ზონდერები" არაფერს ამბობენ?

- ეს "ზონდერებმაც" იცოდნენ?

- არ იცოდნენ, მაგრამ როგორც კი "იმედის" ომი დაიწყო, მაშინვე გაარკვიეს ყველაფერი. სამაჩაბლოდან დევნილები 20 დასახლებად ვცხოვრობთ. ყველგან საშინელება ტრიალებდა. დაზაფრული ბავშვები საწოლის ქვეშ შეძვრნენ, მშობლებს ვეღარ გამოჰყავდათ. ხალხი უკანმოუხედავად გარბოდა, სად, თვითონაც არ იცოდნენ. კაცები ცას შესცქეროდნენ, საიდან ისვრიან, თვითმფრინავები საიდან მოფრინავენო. 19 წლის განმავლობაში არ გამოვქცეულვართ იქიდან და ახლა ხომ ხედავთ, სადამდე მიგვიყვანეს? ერთი სიტყვით, იგივე მდგომარეობა იყო, რაც 2008 წლის აგვისტოში.

უფრო უარესიც. ჩვენი ხალხი დაბომბვას, სროლასა და უბედურებას შეჩვეული იყო, აგვისტოს ომის მერე ცოტა დაწყნარდა, მშვიდობას მიეჩვია. ასეთმა უცაბედმა და ვერაგულმა დარტყმამ კი თავზარი დასცა. დასახლებებში სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. ხალხი ისე გაამწარეს, უძლურებისაგან წყევლა-კრულვაღა ისმოდა.

მეორე დღეს ევროკავშირის წევრები მოვიდნენ ხალხის დასაწყნარებლად. აშკარად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. ისიც ვიცი, გაოგნებული რუსი სამხედროები რომ რეკავდნენ, რა ხდება, გაგვაგებინეთ, საიდან გიტევთო? დაბნეულებმა ცხინვალსა და ჯავაში განგაში გამოაცხადეს. ჯავაში შვეულმფრენებიც კი გაამზადეს.

უკვე შეყვანილი ჰყავთ "ბუკები" და C306-ებსაც აყენებენ. ტრავმირებულ ხალხს რომ ამას მოუწყობ, მტერი არა ხარ? მსოფლიოში სააკაშვილისთანა პრეზიდენტი სულ ორია: კადაფი და უგო ჩავესი. ჩავესი ამერიკელებმა დასვეს და თავსატეხიც გაიჩინეს. ევროპას კიდევ თავსატეხად სააკაშვილი ჰყავს. მისი აზრების გამოცნობა დაკვირვებულ კაცს არ გაუჭირდება, ისე დევს ხელისგულზე, როგორც მარტივი ორგანიზმი.

- მაინც როგორ?

- ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ერთ მიზანს, ხალხის დაშინებას, უფრო სწორად დაბეჩავებას, ამით კი ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

"კვირის პალიტრაში" ჩემი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ გამასამართლეს! ახლა სამი წელი პირობითი სასჯელი მაქვს და პრობაციონერი ვარ. სამი წლის წინ ვიღაცამ სადღაც ისროლა, ის ამბავი გაიხსენეს და ჯერ ჩემს შვილს იჭერდნენ, მე კი პირობითი სასჯელი მომისაჯეს. ჩემი ინტერვიუს შემდეგ ერთი მაღალჩინოსანი მომიგზავნეს. იყო წინადადებები...

- სახელდობრ?

- ფინანსური. ვუთხარი, თქვენი არაფერი მინდა, თავი დამანებეთ, აგვისტოს ომის დროს გამოქცეული გენერლების გვარ-სახელები ხომ არ დავასახელე-მეთქი. იცით, რა მითხრეს? შვილები ხომ გყავთ, იმათ მივხედავთო. ის იყო, მეორე თუ მესამე დღეს ჩემს შვილს კორპუსის წინ მანქანა დაუმტვრიეს, მერე კინაღამ დაიჭირეს.

- ფარული ჩანაწერი, თქვენი აზრით, ვინ განათავსა საიტზე?

- ხელისუფლება ჯგუფებად არის დაყოფილი. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს ქვეყანაში ის მოხდება, რაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საბერძნეთში - "შავი პოლკოვნიკების" ხანა დადგება. საქართველოში უკვე მომწიფებულია ვითარება სამხედრო გადატრიალებისთვის. კონტროლს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო ჩაიგდებს ხელში.

სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება, ან ისეთ მორიგ სისულელეს ჩაიდენენ, რომ რუსეთი საქართველოს საბოლოოდ დაიპყრობს. უფრო სწორად, დასაპყრობიც აღარ ექნება, ამათი სიშლეგით თავმობეზრებული ხალხი თაიგულებით, როგორც განმათავისუფლებელს შეხვდება რუსის ჯარს. ხალხი ისე გაამწარეს, რუსეთი სანატრელი გაუხადეს.

სააკაშვილი ხედავს, რომ ინიციატივა ხელიდან ეცლება და ცდილობს, როგორმე წამოდგეს ფეხზე. ამისთვის საყოველთაო ფსიქოზი სჭირდება. სააკაშვილს ქვეყნის მართვა ექსტრემალურ ვითარებაში "კარგად გამოსდის". "იმედის" მცდელობა - შექმნილიყო ისეთი გარემო, რომელიც სააკაშვილსა და მის გუნდს ხელს აძლევდა, ჩავარდა, ამიტომ ახალ ავანტიურას უნდა ველოდოთ. დააკვირდით, ალბათ, რუსეთ-საქართველოს რაგბის მატჩისთვის როგორ ემზადებოდნენ.

ხელისუფლების ინიციატივით მონიტორები დაიდგა ყველა ქალაქში, რუსეთზე გამარჯვება უნდა იდღესასწაულონ. სააკაშვილს უნდა, თავი ისევ ამაღლებულად იგრძნოს, რომ ქვეყანა გააკონტროლოს. კარგად ხვდება, რომ სადავე ხელიდან გაუვარდა და მისი ნებისმიერ ფასად დაბრუნება აქვს დასახული. ეს ავანტიურაც და ყველა სხვაც, რაც აქამდე მოაწყო და რასაც აწი შემოგვთავაზებს, სწორედ ამას ემსახურება.

ამ ხელისუფლების მთავარი მტერი ქვეყანაში სიმშვიდეა, რადგან ამ დროს ყველაზე უფრო კარგად ჩანს ხელისუფლების ნაკლი და უუნარობა. ამიტომაც მოსახლეობა მუდმივად ფსიქოზში უნდა ჰყავდეს, რომ ვერ მიხვდეს, ეს კაცი ანგრევს თუ აშენებს ქვეყანას.

- თქვენ "შავი პოლკოვნიკების" ხანა ახსენეთ. სააკაშვილი ცდილობს ერთგული კადრებით დააკომპლექტოს ეს უწყებები და რამდენად მოსალოდნელია, ეს ხალხი აუმხედრდეს?

- პოლიტიკაში მეგობრობისა და ერთგულების ადგილი არ არის, მით უUმეტეს, როცა საქმე თავის გადარჩენაზეა. საკმარისია, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში გამოიძებნოს სულ 3-4 კაცი (თუ უკვე გამოძებნილი არ ჰყავთ), რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდეს.