"სხვაზე ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ..." - კვირის პალიტრა

"სხვაზე ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ..."

"ლურჯა ცხენები" გალერეაში მივიტანე. ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჩამოხსნა, თანაც ფეხი გაჰკრა, - უბრატო!.. მიხვდა, ეს ნამუშევარი "შეჭამდა" მთელ გამოფენას"

თემო გოცაძის 75 წლისათვის მიძღვნილი გამოფენა რომ არ რქმეოდა, ვერც ვიფიქრებდი, თუ მხატვარი, რომელიც ჩვენ წინ იჯდა, ამ ხნისა გახდა. იმიტომ კი არა, რომ ჭაღარა არა აქვს, ან ყმაწვილურად მკვირცხლია, გარეგნულ მხარეს მნიშვნელობა არა აქვს: მერვე ათეულს შემდგარი კაცი შინაგანად ახალგაზრდაა. კამათი და სხვისი პოზიციის გააზრება დღემდე მისი არსებობის ფორმაა. გაუაზრებლად ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებ, სიტყვას ვერ ათქმევინებ, უბრალოდ არავის დაუქნევს თავს დასტურად... ძიება და ახლისკენ სწრაფვა, სიმართლის პირუთვნელი აღიარება და "ჩინ-მედლების" არცნობა გახლავთ მისი მარადიული ახალგაზრდობის გასაღები. ეს ახალგაზრდული სული მის ბოლოდროინდელ ნამუშევრებში - განსაკუთრებული სტილით შექმნილ აბსტრაქციებში ფერადოვნად გეგებება, თუმცა ათეული წლების წინ დახატული "ლურჯა ცხენები" ისევ საწყისად რჩება...

- ცხადია, რთული იყო ცხოვრება. ძალიან ბევრი რამ გვქონდა აკრძალული. სინამდვილეში აკრძალული იყო სიტყვით, რეალურად კი მაინც შეიძლებოდა გეკეთებინა, რაც გინდოდა. ასე იყო აკადემიაში სწავლის დროსაც და მერეც. დღეს რომ ვფიქრობ, არაფრით სხვაზე ნაკლები "ექსტრემისტი" არ ვყოფილვარ. ჩვენი ჩამოყალიბება მოხდა რაღაცის უარყოფაში. ეს იყო დაპირისპირება ჯერ მასწავლებლებთან, მერე კი...

- როგორ შეიქმნა ეს უმნიშვნელოვანესი "ლურჯა ცხენები"?

- სტუდენტობის წლებში არ ვაძლევდი თავს უფლებას, რაიმე შემოქმედებითი გამეკეთებინა. ექვსი წელიწადი ნატურიდან ვხატავდი, ან ასლს ვაკეთებდი... 1965 წელს პირველი სურათი დავხატე - "ლურჯა ცხენები". ამდენი შეკავება რომ არა, არაფერი გამოვიდოდა! "ლურჯა ცხენები" საშემოდგომო გამოფენაზე გალერეაში მივიტანე. ერთმა ცნობილმა მხატვარმა ჩამოხსნა, თანაც ფეხი გაჰკრა, - უბრატო!.. მიხვდა, ეს ნამუშევარი "შეჭამდა" მთელ გამოფენას. გავცოფდი და შევაგინე. მითხრა, - ეს ნახატი გამოფენაზე არ იქნება, მაგრამ შენ საინტერესო კაცი ხარო. მოეწონა, რომ არ შევეპუე. თვითონ იყო ასეთი. გამოფენაზე მთელი რუსთაველის პროსპექტი მყავდა დაპატიჟებული. მოვიდნენ - არ დახვდათ ჩემი ნამუშევარი...

საგაზაფხულო გამოფენაზე გამოიფინა "ლურჯა ცხენები" და კომკავშირის პრემიაზეც წარადგინეს. აკადემიის მაშინდელმა რექტორმა გოგი თოთიბაძემ - არ შეიძლება სახელმწიფო პრემია მიენიჭოს ბურჟუაზიული ხელოვნების ნიმუშსო. ჟიული შარტავამ (კომკავშირის ცკ-ის მდივანი იყო) საკადრისად უპასუხა. თოთიბაძემ წერილი გაგზავნა სსრკ-ის კულტურის განყოფილებაში, ამის შემდეგ კულტურის განყოფილების გამგემ, შაურომ მოსწერა საქართველოს ცკ-ს - ეს საქმე გაარკვიეთო. გამოფენა შეაჩერეს, წიგნი, სადაც სხვა კომკავშირის პრემიის ლაურეატებთან ერთად მეც ვიყავი დაბეჭდილი, დააპატიმრეს. 1976 წელია. ცკ-ის პროპაგანდის განყოფილების გამგემ, ნუგზარ ფოფხაძემ დამიბარა და შაუროს რეზოლუცია წამიკითხა: გასწორებული ვიყავი მიწასთან, 1937 წელი რომ ყოფილიყო, ალბათ დამხვრეტდნენ. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი მხატვარი ვარ, ვის მიმართაც რეჟიმმა ოფიციალური დოკუმენტი დატოვა, რომ მე ვარ მიუღებელი.

- თუმცა დაწუნებული ნამუშევრები მრავლად იყო...

- ცხადია... აკადემიაში გამორჩეული კურსი გვქონდა. ჩემთან ერთად სწავლობდნენ ბუდუ სირბილაძე, ემირ ბურჯანაძე, გივი ვაშაკიძე... ბუდუ ისე ხატავდა, რომ ვოცნებობდი, ნეტავ, ასე ვხატავდე-მეთქი. ერთხელ დახატა ნატურა. მსგავსი არც მინახავს. ფეთქავდა, თითქოს გოიას დაწერილი იყო. გვიხაროდა, რომ ჩვენმა ძმაკაცმა ეს გააკეთა... მეორე დღეს მოვედით და დაგვხვდა ჩამოფხეკილი. შემოვიდა კორნელი სანაძე - ჩემს სახელოსნოში ასე არავინ უნდა წეროსო! ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ბუდუს რა მოუვიდა... ჩაქრა ჩვენ თვალწინ.

- როცა სახელმწიფო რამეს ტაბუს ადებს, ეს ცენზურაა, მაგრამ როცა საყვარელი, ძვირფასი ადამიანი გიწუნებს ნამუშევარს, ეს უფრო მტკივნეული უნდა იყოს.

- მარინა (მსახიობი მარინა ჯანაშია, მეუღლე) დავხატე და - არ მგავსო. მეც ავიღე და დავხიე, - ამბობს მხატვარი, რომელსაც ეს "დაწუნება" მწარედ დამახსოვრებია! იმას აღარ ამბობს, რომ თავად მარინას მასზე მეტად სწყდება გული იმ დახეულ პორტრეტზე.

მარინა ჯანაშია: - ეს იყო ისეთი საოცარი პორტრეტი, მივხვდი, რომ თემოს დამოკიდებულება უფრო აღმატებული იყო, ვიდრე მე ვარ სინამდვილეში. იმდენად არ მინდოდა, ილუზია შეჰქმნოდა, რომ ვუთხარი: თემო, ეს მე არ ვარ-მეთქი. არ ხარო?! და მაშინვე გადახია. თავზარი დამეცა. მას მერე რამდენჯერ დამხატა და ისეთი პორტრეტი აღარ გაუკეთებია...

P.S. თემო გოცაძე ამბობს, რომ პოპულარული არ არის. ამის კვალად ფიქრობ, რომ არაპოპულარულობას დიდი ხიბლი აქვს. მით უმეტეს, თუ ისეთი ხასიათი გაქვს, როგორიც თემო გოცაძეს: შეგიძლია დიოგენესავით "კასრში იჯდე" და ძლიერთა ამა ქვეყნისა უთხრა, - განზე გაიწიე, მზეს მიჩრდილავო. მას ახალგაზრდული შემართებით შეუძლია ამ სიტყვების თქმა. მზის დაჩრდილვის უფლებას არავის აძლევს, მზის სხივები კი უხვად ხვდება მის ნამუშევრებში, რომლებსაც უკვე თავისი ცხოვრება აქვთ...

ლელა ჯიყაშვილი