რა შედეგებს მოიტანს ქართველი ემიგრანტებისთვის ვიზალიბერალიზაცია? - კვირის პალიტრა

რა შედეგებს მოიტანს ქართველი ემიგრანტებისთვის ვიზალიბერალიზაცია?

"2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 66 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა"

არაოფიციალური მონაცემებით, ქვეყნიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი კაცია გასული. მათ შორის ახალგაზრდობა ჭარბობს. მათი დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არალეგალურად ცხოვრობს და მუშაობს.

საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ემიგრანტების გამოგზავნილი თანხებით ირჩენს თავს, საინტერესოა, რა ბედი ელით მათ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. ასევე, საინტერესოა ისიც, ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გააუმჯობესებს თუ არა ქვეყანაში სოციალურ ფონს.

"კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტ გიორგი რუხაძესა და ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ევროინტეგრაციის მენეჯერ ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა:

გიორგი რუხაძე: - საქართველოს ევროკავშირთან უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. ვიზალიბერალიზაციის მიღება, პირველ რიგში, ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. რაც მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი მოახერხებს პროდუქციის გატანას და გაყიდვას, ეს ხელს შეუწყობს საქმიანი ურთიერთობების წამოწყებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას... დღეს ევროკავშირის ქვეყნები სამუშაო ვიზას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემენ, თუ გაქვს კონტრაქტი რომელიმე ევროპულ კომპანიასთან. ვფიქრობ, ამ კომპონენტებზეც დადებითად იმოქმედებს ვიზალიბერალიზაცია და ადამიანებს მიეცემათ საშუალება, გავიდნენ ევროპაში და "გაყიდონ" საკუთარი თავი, დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.

90-დღიან ვიზაზე ხანგრძლივი ვიზა გრძელვადიანად ითვლება. ვიზალიბერალიზაცია ლეგალური მუშაობის უფლებას არ იძლევა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რაც ზემოთ ვთქვი. ამასთან, ვიზის განახლება შეიძლება ყოველ 180 დღეში. ეს პროცესი ხელს შეუწყობს მიგრაციის მართვას. მოგეხსენებათ, მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი პირი ოღონდ ქვეყნიდან გასულიყო და ნებისმიერს ენდობოდა: ვალს იღებდა, იპოთეკით ტვირთავდა სახლ-კარს, იხდიდა უზარმაზარ თანხას და ბოლოს ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებოდა. ვიზალიბერალიზაცია ამ რისკებს შეამცირებს...

ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება სხვების დაუხმარებლად ცოტა ხნით გახვიდეთ ევროპის ქვეყნებში, მოინახულოთ ახლობლები, ნახოთ, რა ტიპის სამსახურზეა მოთხოვნა, აწარმოოთ საქმიანი მოლაპარაკებები ბიზნესის დასაწყებად და ა.შ.

ემიგრანტებს ეშინიათ სამშობლოში დროებით დაბრუნების, რადგან ფიქრობენ, რომ ვეღარ შეძლებენ უკან წასვლას. ხშირად ახლობლებისა თუ ოჯახის წევრების გარდაცვალების შემთხვევაშიც კი ვერ ჩამოდიან და წარმოიდგინეთ, ეს რამხელა სტრესია თითოეული ემიგრანტისთვის... თუკი ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ, მათ შეუძლიათ მიაკითხონ საქართველოს საკონსულოს და აიღონ ბიომეტრიული პასპორტი... თუმცა ეს არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, ვინც უკვე მიიღო უცხოეთში თავშესაფარი. ამასთან, ქვეყნიდან გასვლის მსურველები მთელ თანხას ვიზაში იხდიან. ახლა მათ ვალის აღება აღარ მოუწევთ...

ივანე ჩხიკვაძე: - 2013 წელს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანას თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს 66 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა. ევროსტატის 2015 წლის მონაცემებით, იტალიამ - 14 130 ადამიანს, გერმანიამ - 11 223-ს, ესპანეთმა - 9 318 კაცს მისცა თავშესაფარი, რაც ძალიან დიდი რიცხვია. რაც შეეხება მათ, ვინც არალეგალურად მუშაობს, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად ძალაში შევა კანონი ემიგრანტების რედმისიის შესახებ. აუცილებელი გახდება მათთვის ბიომეტრიული პასპორტების აღება. მათ თავად შეეძლებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები. აღარ შეეშინდებათ გარეთ გამოსვლის.

გასატარებელი იქნება კიდევ უამრავი რეფორმა. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ისეთი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ემიგრაციაში წამსვლელთა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამავე დროს ხელი უნდა შევუწყოთ უცხოეთიდან დაბრუნებული ემიგრანტების ინტეგრაციას სამშობლოში და მათთვის ნორმალური ეკონომიკური პირობების შექმნას.

"ძნელი" ვიზა

არასამთავრობოების ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებელი ვიზის აღება საქართველოს მოქალაქეებს უფრო უჭირთ, ვიდრე რუსეთის, აზერბაიჯანისა თუ სომხეთის მოქალაქეებს. მაგალითად, ევროკავშირის ვიზის გაცემაზე 2014 წელს უარი უთხრეს ჩვენს აპლიკანტთა 9,2%-ს, 2013 წელს 12%-ს, 2012 წელს 13.3%-ს, 2011 წელს 14.8 %-ს. გასული წლების მონაცემებით ევროკავშირის ვიზაზე უარის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რუსეთს (1.2%) და ბელორუსს (0.9%) აქვთ.

ნინო ცხვარაშვილი