"ცხოვრება წინ მიდის, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძველის შენარჩუნებაც აუცილებელია" - ბლიცინტერვიუ - კვირის პალიტრა

"ცხოვრება წინ მიდის, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძველის შენარჩუნებაც აუცილებელია" - ბლიცინტერვიუ

"ჩემი ყველა პერსონაჟი რაღაცით მგავს"

"არ ვარ ის კაცი, წარსულს რომ მისტირის"

გია როინიშვილი, მსახიობი:

კინო თუ თეატრი?

- ორივე ძალიან საინტერესოა. თეატრი ექსპრომტია, ცოცხალია, კინო - განსხვავებული, თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მსახიობისთვის ორივე მნიშვნელოვანია.

პერსონაჟი, რომელიც მგავს...

- ჩემი ყველა პერსონაჟი რაღაცით მგავს. ზოგჯერ ერთი და იმავე როლის შესრულება იმდენჯერ გვიწევს, გვინდა თუ არა, პერსონაჟი რაღაცით გვემსგავსება, თუმცა, აბსოლუტური მსგავსება, რა თქმა უნდა, არ არის.

ვპატიობ, როცა...

- ადამიანებს ადვილად ვპატიობ, ჩემს თავს - ვერა. როცა შეცდომას ვუშვებ, საკუთარ თავთან ვიწყებ ხოლმე ბრძოლას და იქამდე მივდივარ, ან ვერ ვპატიობ ან - ძალიან მიჭირს. წლებთან ერთად ვისწავლე, რომ ადამიანი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის და არ მოინდომო, აქციო ისეთად, როგორიც შენ გინდა, იყოს.

ცხოვრება თამაშია?

- ქართველები ძალიან არტისტული ხალხი ვართ, გვინდა-არ გვინდა, არის შემთხვევები, როდესაც ვთამაშობთ. ეს სამხრეთული ბუნებაა - ემოციებს გადაჭარბებულად ვავლენთ. მაგალითად, სუფრასთან სადღეგრძელოს თქმა მინისპექტაკლია: ვეძებთ მაღალფარდოვან ფრაზებს... ამ დროს ვთამაშობთ, ხანდახან როლშიც შევდივართ, მაგრამ ამას ტყუილს ვერ დავარქმევ...

იღბალი არის...

- იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია. საბედნიეროდ, მგონია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, ცხოვრებაში მიმართლებდა და მიმართლებს... წარმატებისთვის მუდმივად მზად უნდა იყო. იღბალი ის არის, როცა წარმატების გზას დაინახავ, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდები და რაც მთავარია, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებ...

რისკი გამართლებულია, როცა..

- ცხოვრებაში ბევრჯერ გამირისკავს, თუმცა, ასაკმა, ალბათ, მაინც თავისი მოიტანა, ახლა მეტს ვფიქრობ... რა გითხრათ...რისკი ხან ამართლებს, ხან - არა, მაგრამ რისკიც ხომ ეგ არის... ვინ მოგცემს გარანტიას, რომ აუცილებლად გაგიმართლებს..

ჩემთვის სტიმულია...

- ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც ვუყურებ ჩემს შვილებს, შვილიშვილებს, რომლებიც უკვე წამოიზარდნენ, თუმცა, ყველაფერი ხომ წარსულიდან მოდის, ჰოდა, სტიმულს მაძლევს ჩემი განვლილი გზა, ჩემი წარსულიც.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...

- ყოველი დღე რაღაცას გვასწავლის, ყოველი მოვლენა გვცვლის, ვის - უკეთესობისკენ, ვის - უარესობისკენ. ჩემს ცხოვრებაშიც ბევრი იყო ასეთი მოვლენა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ. ვისწავლე შეცდომებზეც... ახლა ვაცნობიერებ და ვაანალიზებ, რომ ყოველი დღისგან რაღაც უნდა ისწავლო, ყოველი იმედგაცრუება გაკვეთილი უნდა იყოს.

ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

- ჩემი აზრით, ბედისწერას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, მგონია, ცხოვრების თავიდან დაწყება რომ შემეძლოს, მაშინაც გადამწყვეტი იქნება, რას შემომთავაზებს ბედისწერა.

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:

თეატრი ჩემთვის არის...

- თეატრი ჩემთვის არის სიცოცხლე, ყველაფერი, მეორე ოჯახი... უკვე 60 წელია, ამ მეორე ოჯახში ვარ.

გამორჩეული როლი...

- ალბათ 100-მდე როლი მაქვს ნათამაშები. ამბობენ, რომ ჩემი სავიზიტო ბარათი არის ფირუზა "მეტეხის ჩრდილიდან". ეს როლი გამორჩეულად მიყვარს. ასევე ლავრენტი, უკვდავი სპექტაკლიდან "კავკასიური ცარცის წრე", რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლების ხუთეულში შევიდა. ახლაც არის ერთი როლი, რომელმაც მეორე სიცოცხლე შემმატა - მოხუცი ჯამბაზი.

როცა მაქებენ...

- მსახიობის ხვედრი ასეთია: ქუჩაში რომ მიდიხარ, გაგაჩერებენ, მოგეფერებიან, მოგესიყვარულებიან... ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? ბავშვებიც მაჩერებენ, ფოტოებს იღებენ ხოლმე... ძალიან მიხარია...

საქართველოს გარდა ვიცხოვრებდი....

- 40 ქვეყანა მაქვს მოვლილი, მაგრამ ვერსად ვერასდროს ვიცხოვრებდი....

იმედგაცრუება...

- ხშირად ყოფილა, ჩემს პროფესიაში ეს განსაკუთრებით ხშირია. ხანდახან დავალებას გაძლევს რეჟისორი, თავს იკლავ, შრომობ და არ გამოგდის. ხანდახან ასი რაღაც რომ გაქვს გაკეთებული და ერთს ვერ აკეთებ, სასოწარკვეთა გიპყრობს და გგონია, არასდროს გამოგივა, აქამდე ცდებოდი და არ ყოფილა ეს შენი საქმე... ეს ხშირად ხდება, მეც ხშირად მიგრძნია ასეთი რამ...

სტიმულს მაძლევს...

- სტიმულს მაძლევდნენ და მაძლევენ ჩემი მეგობრები. ისეთი ხალხი მყავდა გვერდით: გურამ საღარაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი... ყველას მადლიერი ვარ, ეს არის ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი სტიმული.

მენატრება...

- ისევ და ისევ ჩემი მეგობრები მენატრებიან. ერთხელ რამაზ ჩხიკვაძეს ჰკითხეს, ნატვრისთვალი რომ გაპოვნინა, რას ინატრებდიო. უპასუხა, ჩემი მეგობრების გაცოცხლებასო და მეც ამას გიპასუხებდით.

თბილისმა დაკარგა...

- მე არ ვარ ის კაცი, წარსულს რომ მისტირის. კითხულობენ ხოლმე, მიშა მესხი სჯობია თუ პაიჭაძეო. მიშას თავისი დრო ჰქონდა და პაიჭაძეს - თავისი. ყველაფერი ცხოვრებას მოაქვს. ბევრი რამ გართულდა, ტექნიკა განვითარდა, ამ ყველაფერმა ადამიანთა ურთიერთობები გააუფერულა. მეზობლური ურთიერთობაც აღარ არსებობს.

მამისეულ სახლში ვცხოვრობ. ისეთი მეზობლობა გვაქვს, ოჯახისგან ვერ განვასხვავებ, ურთულესი დრო და სიტუაციები გამოგვივლია ერთად. იყო დრო, ეზოში, დიდ ქვაბში, ლობიოს ვხარშავდით და ვაძლებინებდით ერთმანეთს. ასეთი თბილისი დღეს აღარ არის... თორემ ისე, რა თქმა უნდა, ცხოვრება წინ მიდის, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძველის შენარჩუნებაც აუცილებელია..

მომავალ თაობას ვურჩევ...

- ვუსურვებ, ენახოთ გაერთიანებული საქართველო და არა ისეთი დაქსაქსული, როგორიც დღესაა. საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს. მთავარია შრომა, შრომა და შრომა.

თამთა ასათიანი