"ცხოვრებაში ბევრი რამე დავკარგე და ბევრი სისულელე ჩავიდინე"
25-04-2016
"ცხოვრებაში ბევრი რამე დავკარგე და ბევრი სისულელე ჩავიდინე"
"ვამაყობ, რომ გოდერძი ჩოხელის 5 ფილმში ვარ გადაღებული"

ფილმის გადაღებაზე რომ მივედი, მომარგეს ხალათი, წინ ტაშტი დამიდგეს, სარეცხი ჩამიყარეს და ჩართეს მუსიკა. ანიკოს როლისთვის საუკეთესო კასკადიორის პრიზი გეკუთვნისო, ახლაც ხშირად მეხუმრება გიორგი შენგელაია. დიდხანს ვეკიდე სხვენის მოაჯირზე - კიანას რომ ვემუდარები, კიბე მომიყუდეო. 8 დუბლი გადავიღეთ, ხელები სულ გადატყავებული მქონდა"


თეატრსა თუ კინოში მსახიობ ბერტა ხაფავას რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. იურ­ისტების ოჯახში გაზრდილი ქალბატონისთვის ოჯახის წევრები სამედიცინო კარიერას გეგმავდნენ,
თუმცა მან თავისი ცხოვრება სხვა­გვარად წარმართა და ამით კმაყოფილია.

- რომ გითხრათ, მსახიობობაზე პირველი კლასიდან ვოცნებობდი-მეთქი,- მოგატყუებთ. ოჯახში ყველას ეგონა, მეც იურისტი გავხდებოდი, მაგრამ მამაჩემს უნდოდა, სამედიცინოზე ჩამებარებინა. მაშინ ამისთვის ორწლიანი მუშაობის სტაჟი იყო აუცილებელი. ამიტომ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გამამწესა სანიტრად. რაის ექიმი, ოპერაციებზე სისხლს რომ
ვხედავდი, გული მიმდიოდა. მისაღები გამოცდების დრო რომ მოახლოვდა, დედაჩემი­ და მამაჩემი ერთმანეთს დაშორდნენ და ჩემთვის აღარ ეცალათ. მეც ვისარგებლე­ მომენტით და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. სამაგალითო პიროვნების, არაჩვეულებრივი პედაგოგისა და ენციკლოპედიური განათლების მქონე ადამიანის, ალექსანდრე მიქელაძის ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გურამ ფირცხალავა, ნათელა მაჭავარიანი და სხვები. გურამის სახით კარგი მეგობარი დავკარგე.

- პირველი როლი გახსოვთ?

- პირველკურსელი ვიყავი, როდესაც­ მეოთხეკურსელების სპექტაკლში მიმიწვიეს­ პატარა როლზე. ჟანრი ლოლაშვილის მდივანს ვასახიერებდი და კალთაში უნდა ჩავჯდომოდი. ისე მერიდებოდა, ლამის მოვმკვდარიყავი, ვერაფრით დავჯექი, ვიღრიჯე და ვიღრიჯე, გივი სარჩიმელიძემ ვეღარ მოითმინა, დაკეცა დიდი პლედი, ჟანრის მუხლებზე დააფინა და მითხრა, ახლაც არ დაჯდებიო?! დავჯექი, თანდათან­ გავთამამდი და ის პლედიც სადღაც გააქრეს ამასობაში.

- კინოროლები როდის გამოჩნდა თქვენს კარიერაში?
- ერთ დღეს მითხრეს, დამტკიცებული ყოფილხარ ელდარ შენგელ­აიას ფილმში, შენ კი არაფერს ამბობო. "სად? რა? ვინ გითხრათ?" - გაკვირვებული ვკითხულობდი. მართლაც, სულ მალე დამიძახეს "სამანიშვილის დედინაცვლისთვის" მელანოს როლის სინჯებზე. დამამტკიცეს, თუმცა გადაღებების დაწყებამდე "ნატვრის ხეში" ამიყვანა თენგიზ აბულაძემ. მარტში მიმდინარეობდა გადაღებები სიღნაღში, თქეშსა და წვიმაში. მას შემდეგ ბევრი როლით გამოვუტყდი სიყვარულში კინოს.

როლი, რომლითაც საზოგადოებამ შემიყვარა და დიდი პოპულარობა მომიტანა, ვახვახაანთ ნათლული ანოა, ფილმში "სიყვარული ყველას უნდა". ამ ფილმის გადაღებაზე რომ მივედი, მომარგეს ხალათი, წინ ტაშტი დამიდგეს, სარეცხი ჩამიყარეს და ჩართეს მუსიკა. ვფიქრობ, კარგად ვითამაშე. ანიკოს როლისთვის საუკეთესო კასკადიორის პრიზი გეკუთვნისო, ახლაც ხშირად მეხუმრება ხოლმე გიორგი შენგელაია. დიდხანს ვეკიდე სხვენის მოაჯირზე - კიანას რომ ვემუდარები, კიბე მომიყუდეო. 8 დუბლი გადავიღეთ, ხელები სულ გადატყავებული მქონდა, ალბათ, იმ მომენტში არცთუ კარგ ხასიათზე ვიქნებოდი, თუმცა დღეს რომ ამ სცენას ვუყურებ, გულიანად ვიცინი. ჩემი პარტნიორები იყვნენ კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი, არაჩვეულებრივი მსახიობები და ადამიანები.

- პარტნიორები იყავით გოდერძი ჩოხელის "სამოთხის გვირტებშიც".
- საინტერესო იყო ამ ფილმზე მუშაობა. თვითონ გოდერძი ხომ საოცრება იყო, მსახიობთა შემადგენლობაც საუცხოო შეარჩია. ყაზბეგის სასტუმროში ვცხოვრობდით, ფილმს კი სოფელ ცდოში ვიღებდით. ეს სოფელი სულ ზემოთაა, იქ თითქმის არავინ ცხოვრობს, ზაფხულობით თუ ადიან, საქონელი აჰყავთ და თივას იმარაგებენ. იმ ზაფხულსაც ხუთიოდე სახლის კარი იყო ღია მთელ სოფელში, დანარჩენი კი - დაცარიელებული. თუ რამეს ვერ გავაკეთებდით ისე, როგორც გოდერძის უნდოდა, გაბრაზდებოდა და გვებუტებოდა. მერე ვიწყებდით მის შემორიგებაზე ფიქრს. მე სიჯანაანთ ქალის როლს ვასრულდები. ეს როლი განსაკუთრებულად მიყვარს. ვამაყობ, რომ გოდერძის 5 ფილმში ვარ გადაღებული.

- ახლა რაზე მუშაობთ?
- გერმანიიდან ჩამოვიდა საინტერესო რეჟისორი, ნანა ექვთიმიშვილი. Fფილმს, რომელსაც იღებს, ჰქვია: "ჩემი ბედნიერი ოჯახი". რეპეტიციები ახლახან დავასრულე მერაბ ნინიძესთან ერთად. რამდენიმე დღეში გადაღება დაიწყება.

- ოჯახზეც მიამბეთ?

- პირადი ცხოვრებისთვის ნაკლებად ვიცლიდი. არც მიცდია, არც მიბრძოლია... კიდეც მომწონდა, მოვწონდი, მიყვარდა, ვუყვარდი, მაგრამ არ დავოჯახებულვარ. დღეს ჩემი ოჯახი ჩემი დისშვილია. გაინტერესებთ, როგორი ვარ ოჯახში? სამზარეულოში ფუსფუსი და სახლის დალაგება მიყვარს, თუმცა უკვე ძალა აღარ მაქვს. 74 წლის გავხდი, პატარა კი აღარ ვარ.

ცხოვრებაში ბევრი რამე დავკარგე და ბევრი სისულელე ჩავიდინე. არც ქმარი მყავს, არც შვილი და არც პატრონი. ქალმა აუცილებლად უნდა შექმნას ოჯახი. ის ხომ პირველ რიგში დედობისთვის არის გაჩენილი.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით