"ახალგორი სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის გამო დავკარგეთ" - კვირის პალიტრა

"ახალგორი სააკაშვილის არასწორი პოლიტიკის გამო დავკარგეთ"

გაზეთი "ახალგორი" 77 წლისაა. 500 ეგზემპლარს ვუშვებ, იმასაც ჩემი პენსიით ვბეჭდავ და უფასოდ ვავრცელებ, 200 ცალი ოკუპირებული ახალგორის სოფლების ოჯახებშიც მიდის

"მართალია, მატერიალურად გვიჭირს, მაგრამ ეს არ შეედრება ჩვენი სულის ტკივილს, რომელიც სახლ-კარისა და ახლობლების საფლავების დაკარგვას უკავშირდება. ჩვენს კერაზე დაბრუნებასაც პირი არ უჩანს. ეს ძნელი გადასატანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახალგორში მშობლების საფლავები, ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები დაგვრჩა", - ამბობს გაზეთ "ახალგორის" რედაქტორი, დევნილი მერაბ ბალაშვილი.

- გაზეთ "ახალგორს" 1987 წლიდან ვრედაქტორობდი. 15 აგვისტოს, ომის შემდეგ, ახალგორიდან ისე წამოვედით, შინიდან ნემსიც არ წამოგვიღია. ორიოდე კვირის შემდეგ ჩემს სახლში შეიჭრა ვლადიკავკაზიდან ჩამოსული მილიციელი ჯაბა ბედოევი. ვფიქრობდით, მალე დავბრუნდებოდით უკან, ამასობაში 8 წელი გაილია... იმ მილიციელს შევუთვალე, წერილიც მივწერე, - გამოდი ჩემი სახლიდან-მეთქი. შენც არ მომიკვდე...

- რა პირობებში ცხოვრობენ ახალგორში დარჩენილი ქართული ოჯახები?

- ჩვენი რაიონიდან მოსახლეობის დაახლოებით 80%-ია წამოსული. იქ ბევრი ახლობელ-ნათესავი დამრჩა. როგორც ამბობენ, ჩვეულებრივ ცხოვრობენ, მაგრამ დევნილებს უფლებას არ აძლევენ, მოხუცი მშობლების მოსანახულებლად ჩავიდნენ, სახლ-კარს მიხედონ. ახალგორში ყველა სახლი დაკეტილია, მხოლოდ ჩემს სახლში ჩასახლდნენ. შარშან წერილობით მივმართე საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, - იქნებ ჩემი საკითხი ერგნეთის ოთხმხრივ შეხვედრაზე განიხილოთ, რათა ოსურმა მხარემ ჯაბა ბედოევი გამოასახლოს-მეთქი. დამპირდნენ, მარტში დავაყენებთ ამ საკითხსო, მაგრამ დღემდე არაფერი ისმის. ეკა ბესელიასაც მივმართე - ჩემი თხოვნა პაატა ზაქარეიშვილის უწყებას გადაუგზავნა. ყველა მპირდება, ჩავერთვებითო, მაგრამ...

1990 წელს გამწვავებული კონფლიქტი ჩვენს რაიონსაც შეეხო. საბედნიეროდ, თოფი არ გასროლილა. ოსების ნაწილმა სახლები გაყიდა და ის ქართველებმა იყიდეს. აგვისტოს ომის შემდეგ ოსები დაბრუნდნენ და მათ მიერ გაყიდულ სახლებში დაბინავდნენ. მესაკუთრეებმა მიმართეს სასამართლოს და ყველა პროცესი ქართველთა გამტყუნებით დამთავრდა - 20 წელი ხომ იცხოვრეთ, საკმარისია, ვითომ ქირით იყავითო(?!).

- სად და როგორ უშვებთ გაზეთს და თუ აღწევს ის ახალგორის ქართველ მოსახლეობამდე?

- გაზეთს თბილისში ვბეჭდავ. სტამბის ხარჯებს პენსიით ვისტუმრებ - დაფინანსებაზე ყველამ უარი მითხრა. გაზეთი "ახალგორი" 77 წლისაა. ვუშვებთ 500 ეგზემპლარს. ის წეროვანის, ფრეზეთისა და წილკნის დევნილთა დასახლებებში უფასოდ ვრცელდება, 200 ცალი ოკუპირებული ახალგორის სოფლების ოჯახებშიც მიდის, როგორც სინათლის სხივი.

მე იქ სანდო ადამიანები მყავს, რომლებიც გაზეთის შეტანას ახერხებენ. მირეკავენ ხოლმე, - როდის გამოგზავნი გაზეთსო. იქ ხომ მხოლოდ რუსულენოვანი პრესა ვრცელდება, რომელიც დეზინფორმაციითაა სავსე. სხვათა შორის, ოსებსაც ვუგზავნით გაზეთს უფასოდ.

- როგორ გამოხვედით ახალგორიდან?

- ხალხმა არ იცოდა, ახალგორში ჯარი თუ შემოდიოდა, ყურმოკვრით გაიგეს. მოდიოდა ათასგვარი დაჯგუფება, სამხედროები, "ბოევიკები", მძიმე ტექნიკა - ისინი არავის დაინდობდნენ. მოსახლეობის ნაწილი ფეხით დაადგა გზას. ჩვენ მანქანა წამოგვეწია და ისე გამოვედით.

წინა ხელისუფლების დიდი დანაშაულია ის, რომ შექმნა მეორე, ე.წ. სანაკოევის ადმინისტრაცია, რამაც ძალზე გააღიზიანა ოსური მხარე. ჩვენ მცხეთა-მთიანეთს ვეკუთვნოდით, მათ კი ახალგორი ხელმეორედ შეიყვანეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში და ისევ ლენინგორი გახდა.

შესანიშნავი დამოკიდებულება გვქონდა ქართველებსა და ოსებს, იყო შერეული ოჯახებიც. მაგალითად, ჩვენი გაზეთის რედაქციაში 18 კაციდან ნახევარი ოსი მუშაობდა. ახალგორის დაკარგვა არ შეიძლებოდა, ეს სააკაშვილის არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.

ჩემი ინფორმაციით, ახალგორიდან დევნილი 2000 ოჯახი ჩასახლებულია წეროვანში, 400 - წილკანში და 300 - ფრეზეთში. უმრავლესობა 45-ლარიანი დახმარების იმედად არის, ნახევარზე მეტი არ მუშაობს. ჩვენი სულის ტკივილი მამულის, სახლ-კარისა და ახლობლების საფლავების დაკარგვას უკავშირდება. იმედი არ გადაგვწურვია, თუმცა ჯერჯერობით ჩვენს კერიაზე დაბრუნებას პირი არ უჩანს. ეს ძნელი გადასატანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ახალგორში მშობლების საფლავები, ბავშვობისა და სიყმაწვილის მოგონებები დაგვრჩა.

ნანა ფიცხელაური