ადგა ჯარი! - ჟურნალისტი სამშობლოს სამსახურშია! - კვირის პალიტრა

ადგა ჯარი! - ჟურნალისტი სამშობლოს სამსახურშია!

ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი ქვეყნის სადარაჯოზე დაუფიქრებლად დავდგები!

ჟურნალისტებს დროდადრო სხვადასხვა პროფესიის მორგება გვიწევს, ხან მეხანძრეები ვართ, ხან - მაშველები. რამდენიმე დღის წინ ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის რიგითი სამხედრო მოსამსახურე გავხდი... ჟურნალისტის ყოველდღიური სამოსი - ჯინსი, კედი და მაისური სამხედრო ფორმამ შეცვალა. იყო ჯარისკაცი, ეს დიდი პატივია, სახიფათო პროფესია თავგანწირვას მოითხოვს. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მონაცემებთან ერთად, დიდი მოთმინების უნარიც უნდა გაგაჩნდეს. ამ აზრს თავიდანვე შეგუებული ვარ. ერთი სული მაქვს, ფორმა ჩავიცვა და ცოტა ხნით მაინც ვიგრძნო თავი ნამდვილ ჯარისკაცად!

დღე პირველი

18 აპრილი, 16:00 საათი. ვაზიანის სამხედრო ბაზა. სამხედრო ფორმის ჩაცმამდე და მწყობრში დადგომამდე ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში ნაჩვენები დოკუმენტური ფილმით IV მექანიზებული ბრიგადის მოკლე ისტორიას ვიგებთ. მერე წვრთნისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრის JTEC გუნდის ხელმძღვანელი კრისტიან ემაუსი NATO - საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შესახებ ლექციას გვიკითხავს... ყაზარმაში დაბინავებისა და ფორმების ჩაცმის შემდეგ უკვე ნამდვილი სამხედრო მოსამსახურეები ვართ. "ახალბედა ჯარისკაცები" სავახშმოდ სასადილოში მივდივართ. ვახშმის შემდეგ სამწყობრო მოედანზე გავდივართ, მერე კი ყაზარმას ვუბრუნდებით. 10 საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს, მერე შენობაში სინათლე უნდა ჩააქრონ და ძილის დროც დგება. გვაფრთხილებენ, რომ დილის 6 საათზე ბრიგადის სერჟანტი გაგვაღვიძებს და დღე სამწყობრო მოედანზე გამამხნევებელი ვარჯიშით დაიწყება.

დღე მეორე

"- ადგა ჯარი! - გამთენიისას ეს შეძახილი მაფხიზლებს. ბალიშიდან თავს ძლივს ვწევ, მეძინება, მაგრამ: "ეს ჯარია და აქაურ წესებს უნდა დაემორჩილო!" - ვეუბნები თავს და თვალის გახელას ვცდილობ...

პირადი ჰიგიენისა და ფორმის ჩაცმისთვის 10 წუთი გვაქვს. რამდენიმე წუთში ყაზარმაში მარტო ვრჩები. ყველა უკვე გასულია ოთახიდან. ორ წუთში მეც ეზოში უნდა ვიყო. ტანსაცმელს გზადაგზა ვიცვამ... დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც ვიგვიანებ. დასასჯელი ვარ, მაგრამ რადგან ახალბედა ვარ, მინდობენ...

რამდენიმესაათიანი ვარჯიშის შემდეგ ყველა კუნთი მტკივა. საუზმემდე თავისუფალი დრო გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 9 საათი არ გამხდარა, უკვე ძალიან დაღლილი ვარ. საუზმის შემდეგ ბრიგადის მეთაური დღის წესრიგს გვაცნობს. დღე ძალიან საქმიანი და საინტერესო ჩანს...

ბრიგადის ტერიტორიაზე, სიმულაციურ ცენტრში, სხვადასხვაგვარი სასწავლო ავტომატური შაშხანები და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები გამოვცადეთ. იმ დღეს პირველად მეჭირა ნამდვილი საბრძოლო იარაღი და მონიტორზე მტერს ვეომებოდი. ვირტუალური სროლის შემდეგ ვაზიანის სასროლეთში მივემგზავრებით. სასწავლო წერტილის ხელმძღვანელი მედიის წარმომადგენლებს ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანის, M4-ის დაშლა-აწყობასა და გამოყენების წესებს გვასწავლის. ერთი საათის შემდეგ ვაზიანის სხვა სექტორში საარტილერიო თვითმავლის - 2C1-ის საველე სწავლებას დავესწარით და თავად გამოვცადეთ, როგორია თვითმავალი ჰაუბიცით გადაადგილება. შემდეგი ლოკაციის ადგილი ისევ ვაზიანის ტერიტორიაა. ამჯერად T-72-ის ტიპის ტანკის მოქმედებას ვეცნობით... დამღლელი დღის ბოლოს ისევ IV მექანიზებულ ბრიგადაში, სამწყობრო მოედანზე ვიკრიბებით და ვვარჯიშობთ... დამშვიდობებისას ბრიგადის მეთაური გვეუბნება, რომ ყველა დაკისრებულ მოვალეობას თავი წარმატებით გავართვით...

ბადრი სამადაშვილი, მეთაურის თანაშემწე: - ამ ერთი დღის სწავლებიდან თქვენ მიიღეთ პირველადი და აუცილებელი ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეს მედიის წარმომადგენელმა. კმაყოფილები ვართ ჩვენც, თავდაცვის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც.

პროექტი, რომლის საშუალებით ერთი დღე რიგითი ჯარისკაცი ვიყავი, NATO-ს კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება სსიპ NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და საქართველოში რუმინეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ნინო ბოჯგუა, NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი: - ჟურნალისტებმა ამ ერთ დღეში დიდი გამოცდილება მიიღეს და ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ჯარის შესახებ. ამ პროექტის მთავარი მიზანია, ჟურნალისტებმა, რომლებიც მთავარი მედიატორები არიან საზოგადოებისთვის, ინფორმაცია მიაწოდონ მათ, ვისაც აქ მოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

ერთი დღე ჯარში წარმატებით დასრულდა. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე, საქართველოს რიგითი მოქალაქე, ჟურნალისტი, ვემსახურები საქართველოს და თუ საჭირო იქნება, ქვეყნის სადარაჯოზე დაუფიქრებლად დავდგები!

თორნიკე ყაჯრიშვილი