როგორ "ვიყიდე" მანქანა
25-04-2016
როგორ "ვიყიდე" მანქანა
მანქანის გაყიდვა-ყიდვის პროცესი რთული და მოსაწყენია. ამიტომ, როდესაც გადავწყვიტე, ჩემი "ჭრელა" გამეყიდა და უკეთესი მანქანა შემეძინა, ჯერ ფსიქოლოგიურად მოვემზადე.

მანქანის ფოტოები და მონაცემები შესაბამის საიტზე განვათავსე. 3 წლის წინ თითქმის 7 ათას დოლარად ნაყიდი ავტომობილის ფასი ახლა 3 500 დოლარი აღმოჩნდა. დღის განმავლობაში 4-5 კაცი მიკავშირდებოდა. რაღა თქმა უნდა, ყველას სურდა ავტომობილის დათვალიერება-შემოწმება. პოტენციურ მყიდველებს სამსახურთან ვიბარებდი. აბსოლუტურად რეალურ ინფორმაციას ვაწვდიდი მანქანის მდგომარეობის შესახებ, რადგან მიმაჩნია, რომ ახალმა მფლობელმა უსაფრთხოების
მიზნით მაინც უნდა იცოდეს, როგორ ავტოს ყიდულობს.

უქმე დღეებში ავტობაზრობას ვსტუმ­რობდი და მანქანას მეც ვარჩევდი. ბაზრობა ძირითადად შაბათ-კვირას მუშაობს. ყველა ავტომობილს საქარე მინასთან მონაცემები და პატრონის ტელეფონის ნომერი აქვს დამაგრებული. თუ ტელეფონზე დარეკავთ და მანქანის შემოწმებას გადაწყვეტთ, პატრონი მალევე მოგაკითხავთ ან იქვე იქნება ადამიანი, რომელსაც
მანქანა აქვს მიბარებული და გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ პატრონს გაყიდვაში ეხმარება. ერთგან რამდენიმე მამაკაცი ახალჩამოყვანილ მანქანას გარს უტრიალებდა. როგორც მივხვდი, გამყიდველები იყვნენ.

- დავიწყოთ 4 500 დოლარიდან და თუ ვინმე შეგვევაჭრება, 500 დავუკლოთ, - თქვა ერთმა.

- 6 ათასი დავადოთ... ვაჭრობისას ხუთადაც შეიძლება მიცემა, - შეეწინააღმდეგა მეორე.

გავოცდი - არ მეგონა, თუ ამხელა ფასნამატს ადებდნენ. ამათი საუბრიდან კი მივხვდი, რომ თუ მანქანა მომეწონებოდა, დიდ თანხაზე უნდა შევვაჭრებოდი გამყიდველს და არა - 300 ან 500 დოლარზე, როგორც ხდება ხოლმე.

ერთგან წითელ "მერსედესს" დავადგი თვალი. იქვე ორი მამაკაცი ტრიალებდა. ყიდვა გინდათო? - მკითხა ერთმა, მაგრამ დაეტყო, რომ პოტენციურ მყიდველად ვერ შემიცნო, რადგან ქალი ვიყავი, თანაც მარტო და ისე მკითხა, ზრდილობისთვის. კარი გამოვაღე და საჭესთან დავჯექი. თან უკვე გაზეპირებული კითხვები დავუსვი, - რომელი წლისაა? რა ძრავა აქვს? ნაავარიევია? ამ კითხვებზეც დიდი ხალისით არ უპასუხია. შემდეგ თავი სალონში შემოყო, - აი, ნახეთ, საჭე შეგიძლიათ, ზევით-ქვევით ამოძრაოთ და სასურველ ზომაზე დააყენოთ, პარკინგკონტროლის ეკრანი აქვს... მოიცა, ჩავრთოთ, ფერადი ეკრანია.…
მივხვდი, რადგან ქალი ვიყავი და წითელი "მერსედესი" მომეწონა, ცდილობდა, "ზიზილ-პიპილებით" მოვეხიბლე. გულში გამეცინა.
- აბა, კაპოტი ახადე, - ვუთხარი და სახელოები დავიკაპიწე. თვითონ საჭესთან დავსვი, - გაზი მიეცი... აბა, დაუკელი - ძრავას ყურადღებით ვუსმენდი. შემდეგ საბარგულსაც ჩავხედე (თუ მანქანას უკანა მხრიდან რაიმე დაზიანება ჰქონია, მისი უკვალოდ წაშლა არ ხერხდება). რომ მიხვდა, ბოთე არ ვიყავი, გაჩუმდა, მხოლოდ კითხვებზე მპასუხობდა.

უამრავი მანქანა ვნახე, ჩემი ტელეფონის "ბლოკნოტს" ახალი ნომრები დაემატა: "ვაჟა წითელი მ" (წითელი "მერსედესი"), "შოთა შავი ტ" (შავი "ტოიოტა") "მერაბი ტ უმაგრესი" ("ტოიტა", რომელიც უნაკლო იყო და ძალიან მომეწონა), "გოდერძი მ ისე-რა"...…ნომრებს იმისთვის ვიწერდი, რომ შემდეგ იმას დავკავშირებოდი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონებოდა.

საღამოს უკვე გავიზეპირე და მეცინებოდა მათ ნათქვამ ფრაზებზე: "ახალი ჩამოყვანილია, ქალისაა, მასწავლებლად მუშაობდა, სახლი-სკოლა, სახლი-სკოლა, მეტი არსად უვლია"; "ეს ნაკაწრი? ძმას (დედას, მამას, შვილს, ცოლს, საყვარელს) გეფიცები, კონტეინერიდან რომ ჩამოჰქონდათ, მაშინ გაუსვეს რაღაცაზე", "უნაკლოა, "ზავადსკოი პაკრასკით", "პენსიონერი კაცისაა, მარტო ექიმთან დადიოდა", "ძრავა კი აქვს 5.0, მარა ბევრს არ წვავს, ჰა-ჰა, 10 ლიტრი დაწვას"; "ვერ დაგიკლებ, მეც 200 დოლარის მეტი არ მრჩება, სხვა მანქანა ჩამომივიდა, იმის წამოსაყვანი ფული მჭირდება და თავის ფასად ვყიდი".
პარალელურად მეც მირეკავდნენ ჩემი მანქანის კლიენტები. ერთმა კაცმა ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და შემომთავაზა, ბაზრობაზე მოიყვანე და დამიტოვე, როცა გავყიდი, 100 დოლარი გადამიხადეო.
გავცდი ამ "გაყიდვების მენეჯერს" და ერთი მანქანა მომივიდა თვალში. მის წინ მამაკაცი ჩამჯდარიყო და მზესუმზირას აწკაპუნებდა.

- რა ღირს?
- არ ვყიდი, - თავი გააქნია.

- რატომ? ჩემთვის არ გემეტებათ?
- წეღან ზევით ვიყავი და გზაში შემოგხვდით, ტელეფონზე ვიღაცას ეუბნებოდით, - ცენტრალური საკეტი არა აქვს, მექანიკური სიჩქარის კოლოფი არა აქვს, ტყავის სალონი არა აქვს და რომ ეჩუქებინა, არ მინდოდა ის მანქანაო. არ ვიცი, თქვენ რომელ მანქანაზე ლაპარაკობდით, მაგრამ ჩემსასაც არა აქვს ეგენი, მაინც დაიწუნებ და ტყუილად ლაპარაკს რა აზრი აქვს?! ამ საღად მოაზროვნე ადამიანს გავცდი და ერთი ავტომობილი დავაფასებინე.

- 8 500, - გოროზად მიპასუხა მამაკაცმა. მანქანა შევამოწმე და… - 6 ათასად არ გაყიდი-მეთქი?

- რას ამბობთ, მაგდენი და მაგაზე მეტი ადგილზე მაქვს გადახდილი! - ძალიან აღშფოთდა.
- კაი, ნუ მიბრაზდებით, რომ დაგეკლოთ, ხელოსანსაც ვაჩვენებდი, თუ მისგან 10-ქულიანი სისტემით 7-ს დაიმსახურებდა, ვიყიდდი.

- განვადება გინდათ?

- არა, ფული ხელზე მაქვს.

- 500 დოლარზე მეტს ვერ დაგიკლებთ.
მოკლედ, ნახევარსაათიანი ვაჭრობის შემდეგ დამთანხმდა იმ თანხაზე, რაც მე შევთავაზე. თან ბურტყუნებდა, - წასასვლელი ვარ ახალი მანქანების ჩამოსაყვანად და ფული რომ არ მჭირდებოდეს, ამ ფასად არ მოგცემდი, 7 500-ს მიხდიდა კაცი 1 თვის წინ და არ მივეციო.
მანქანა რუსთავში, ჩემს ნაცნობ ხელოსანთან მივიყვანეთ და შევამოწმეთ და მისივე რეკომენდაციით, არ შევიძინე. თუმცა, მანქანის პატრონის თანდასწრებით ვერ მითხრა და მესიჯი გამომიგზავნა - "არ იყიდო, დაიღუპები!"

დაღლილ-დაქანცული შინ დავბრუნდი და ინტერნეტს ჩავუღრმავდი. ერთი მანქანა მომეწონა, რომელიც თავის რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 2 ათასი დოლარით ნაკლებად იყიდებოდა. პატრონი წერდა, რომ ეჩქარებოდა და ეს ფასი მხოლოდ 3 დღის განმავლობაში მოქმედებდა, შემდეგ უფრო ძვირი ეღირებოდა. სასწრაფოდ დავურეკე - ავტომობილის სანახავად მოვალ-მეთქი. ის იყო, დათქმულ ადგილს ვუახლოვდებოდი, რომ დამირეკა - მანქანა გაიყიდაო. ძალიან დამწყდა გული, რომ ასეთი შანსი ხელიდან გავუშვი.…

ჯერჯერობით ვერც ჩემი გავყიდე და ცხადია, ვერც ახალი ვიყიდე, თუმცა, ალბათ დროებით გადავდებ ამ საქმეს და ისევ ჩემი, შეჩვეული ავტოთი ვივლი. არ ვნანობ, ამდენი დრო და ენერგია რომ დავხარჯე, ერთი კარგი, "უნებლიე" სტატია მაინც "გამოვაცხვე".

რა უნდა გავითვალისწინოთ მეორეული ავტომობილის ყიდვისას


მეორეული ავტომობილის ყიდვისას, მყიდველთა 90% ცდილობს შეარჩიოს მანქანა მინიმალური გარბენით, გამოშვების თარიღისა და დაბალი ფასის მიხედვით და ყურადღებას არ აქცევს უფრო მნიშვნელოვან დეტალებს. გასაყიდი მანქანების 25%-ს აქვს სერიოზული დეფექტები, რაც აქტიური გამ­ოყენებისას, ერთი თვის შემდეგ ვლინდება.

ყველაზე ხშირად ლაქსაღებავის საფრის დეფექტები იჩენს თავს, რაც შემდგომში­ კეროვანი კოროზიის წარმოქმნას იწვევს. ავტომანქანის დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს ფერის ერთგვაროვნებას. თუ დეტალი, რომელსაც კონტაქტი აქვს საგზაო მტვერთან, ახალი შეღებილია, ძარის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით საეჭვოდ სუფთა იქნება. საჭიროა იმ ღრუების შემოწმება, სადაც ავტომობილის რეცხვისას წყალი არ ხვდება. თუ ძარის რემონტი ჩატარებულია, მაშინ იქ შეფითხვნის ("შპაკლიოვკა") შედეგად თეთრი ან ბეჟი ფერის მტვერი იქნება დალექილი.

ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ სამაგრებიც. თუ უკვე მოხსნილია, ჭანჭიკის თავებზე ან ხრახნის შლიცებზე ნაჭდევები რჩება, მიმაგრების ადგილას კი ლაქსაღებავის საფარი დარღვეული იქნება. ლაქსაღებავის საფრის მთლიანობის შემოწმების ყველაზე საიმედო საშუალებაა საღებავის სისქის გამზომი სპეციალური ხელსაწყო.
ყურადღება მიაქციეთ ფარებს. თუ ერთ-ერთი უფრო კაშკაშებს, შუშას არა აქვს მცირე ზომის ნაკაწრები და არ არის დაბინდული, მეორე კი დაბინდულია, ეს პირისპირ შეჯახებაზე მოწმობს. საბურავების არათანაბარი და მკვეთრად გამოხატული ცვეთაც შეიძლება მიუთითებდეს დარტყმაზე... ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ არ დაინანებთ ფულს და მანქანას კვალიფიციურ სპეციალისტს შეამოწმებინებთ. ამით უსიამოვნო სიურპრიზებისგან თავს დაიზღვევთ.

მარი ჯაფარიძე
@
03 მაისი 2016 23:08
ახლა ძირითადათ მანქანებს სამარიაჟოდ ყიდულობენ. გადაიტვირთა ქუჩები მთელ საქართველოში. ვეღარ ვსუნთქავთ.(?????)
geno
02 მაისი 2016 10:54
შეიძლება ნაავარიები იყოს მანქანა და მერე კარგად გაკეთებული,ამაში რა არის ცუდი!ასე ქარხნიდანაც გამოდის ხშირად ბრაკი მანქანები ,რომლებიც უფრო სახიფათოა.ასე რლმ იაფადაც გინდა და გაუკაწრავი და ახალი ასე სად არის! ისე საერთოდ პირადად შეხება არა მაქვს ამ საქმესთან,მაგრამ საღად ვაზროვნებ !

რედაქტორის რჩევით