"მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი "მომპარავდა" - იტალიელი, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე წიგნი დაწერა - კვირის პალიტრა

"მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი "მომპარავდა" - იტალიელი, რომელმაც საქართველოს ისტორიაზე წიგნი დაწერა

"განათლებითა და კულტურის დონით, საშუალო სტატისტიკური ქართველი, გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საშუალო სტატისტიკური იტალიელი"

ამბობს, რომ საქართველოში საკუთარი თავი იპოვა... ფრანჩესკო ტრეჩი იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში 38 წლის წინ დაიბადა. ერთ დღესაც "აღმოაჩინა" საქართველო და შეიყვარა. დროთა განმავლობაში ქართველი მეგობრები შეიძინა და მალე ეს სიყვარული ორმხრივი გახდა. შემდეგ კი საქართველოს ისტორია იტალიურ ენაზე გამოსცა. როგორც თავად ამბობს, სურს თანამემამულეებს გააცნოს ის საქართველო, რომელსაც უნდა იცნობდნენ. პირველი ქართული სიტყვა, რომელიც საქართველოში ისწავლა "მადლობაა", რადგან როგორც თავად ამბობს, ქართველები ისეთი სტუმართმოყვარეები არიან, ყველაზე ხშირად ამ სიტყვის თქმა უწევდა.

- საქართველოს შესახებ ბევრმა რიგითმა ევროპელმა ხშირად არაფერი იცის...

- როგორც გეოგრაფიის მოყვარულმა, მხოლოდ ის ვიცოდი, რომ არსებობდა ერთი ასეთი პატარა ქვეყანა და მეტი ინფორმაცია მეც არ მქონდა, რაც რუსეთის, უფრო სწორად კი საბჭოთა კავშირის პოლიტიკის ბრალი იყო. ევროპისთვის ეს იყო წითლად შეღებილი უზარმაზარი ტერიტორია მსოფლიო რუკაზე. პირველად საქართველოს შესახებ ბიძაჩემის წყალობით შევიტყე, რომელიც იუგოსლავიაში პარტიზანთა რიგებში იყო. მაშინ დაახლოებით 14 წლის ვიქნებოდი. ეს იყო საქართველოსთვის უმძიმესი, გამსახურდიას შევარდნაძის ხელისუფლებით შეცვლის პერიოდი. შედარებით მოგვიანებით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემაში წავიკითხე სტატია. გაოცებული დავრჩი ფაქტით, რომ ეს იყო უძველესი ქვეყანა, უძველესი ენით და კულტურით. სტატიაში ასევე ხაზგასმული იყო, რომ თუ შემთხვევით უცხოელს გზაზე მანქანა გაუფუჭდებოდა, რამდენიმე წუთიც არ დარჩებოდა მარტო, მაშინვე გამოჩნდებოდა დახმარების მსურველი რამდენიმე ქართველი. მახსოვს როგორ დამაინტერესა ამ ფაქტმა.

უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 2003 წლის აპრილში, ხელმძღვანელმა, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების შესახებ დისერტაციას იცავდა, შემომთავაზა სადიპლომო თემად საქართველო ან ტაჯიკეთი ამერჩია. ტაჯიკეთი რატომღაც მაშინვე უარვყავი. საქართველოს ახლოს გაცნობის ხიბლი და სურვილი კი იმდენად მძაფრი იყო, რომ ვიდრე ხელმძღვანელმა თემა არ დამიმტკიცა, არ მოვასვენე. მეშინოდა, რომ საქართველოს სხვა სტუდენტი "მომპარავდა".

- საქართველოს ისტორიაზე წიგნის დაწერის იდეაც მაშინ გაგიჩნდა?

- იდეა რამდენიმე წლის შემდეგ გაჩნდა. 2003 წელს, როდესაც სადიპლომოზე დავიწყე მუშაობდა, მთელს იტალიაში 300-მდე ქართველი ირიცხებოდა, მათ შორის არცერთი არ იყო ფლორენციაში. სანთლით ვეძებდი ქართველებს, მათგან რაიმე ინფორმაცია მიმეღო. ქართველებთან ჩემი აქტიური ურთიერთობა 2011 წლის იანვრიდან დაიწყო, როდესაც ფლორენციაში ქართველი მამაო, ანდრია ლაცაბიძე ჩამოვიდა. მაშინ კი მართლაც ახალი სუნთქვა გამეხსნა, ძალიან მალე დავმეგობრდით. მამა ანდრიას, ამ დიდი ადამიანისა და ქველმოქმედის დამსახურებით, ტოსკანას რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა ეკლესიის ირგვლივ დაიწყეს თავმოყრა და ჩამოყალიბდა სამრევლო. თავიდან მერიამ მათ ერთი ოთახი გადასცა საეკლესიო მსახურების შესასრულებლად, მოგვიანებით კი, ერთ-ერთი ეკლესია დაუთმეს. აქედან დაიწყო, ასე ვთქვათ, კულტურული ცხოვრება ტოსკანას ქართულ დიასპორაში. შეიქმნა ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ნანილა". მოკლედ, ჩემი სამყარო აღმოვაჩინე. ამასობაში დავიცავი მეორე სადიპლომო ნაშრომი, რა თქმა უნდა ისევ საქართველოს თემაზე და მაშინ მივხვდი, რომ მასალაც საკმარისი მქონდა და სიტუაციაც მომწიფებული იყო წიგნის დასაწერად.

იდეა გავუზიარე მამა ანდრიას და მისგან დიდი მხარდაჭერაც მივიღე. ჩემი ძირითადი მიზანი იყო, რომ იტალიაში მცხოვრები ქართველებისათვის შემექმნა ერთგვარი "პირადობის მოწმობა". მოგეხსენებათ, ბოლო დროს, კრიზისმა იტალიასაც დარია ხელი და იტალიელებს ერთგვარი აგრესია გაუჩნდათ უცხოელების მიმართ. მინდოდა, ეს წიგნი ქართველ ემიგრანტებს დახმარებოდა იმის დამტკიცებაში, რომ ისინი არ არიან მოხუცების მომვლელებად და მოსამსახურეებად დაბადებულები (მიუხედავად იმისა, რომ პატიოსან შრომაში ცუდი არაფერია), რომ მათ უკან უდიდესი კულტურისა და ისტორიის ქვეყანა და ოჯახები დგანან.

წიგნზე მუშაობისას ძალიან დამეხმარა და გვერდში დამიდგა პროფესორი გაგა შურღაია. რა თქმა უნდა, ეს არ არის მეცნიერული ნაშრომი, წარმოუდგენელია თქვენი ისტორიის ჩატევა ერთ პატარა წიგნში და ალბათ ქართველმა ისტორიკოსებმა რომ წაიკითხონ, ცოტა გამიბრაზდებიან ზედაპირულობის გამო, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავის გასაკეთებელს მაინც აკეთებს.

- როდესაც საქართველოს შესწავლა და კვლევა დაიწყე, რამ მოგხიბლა ყველაზე მეტად?

- ჩემთვის ეს არის საოცარება, ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა საკუთარი დამწერლობა, ენა, ტერიტორია, ტრადიციები, ფოლკლორი, რელიგია... ქვეყანა, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე, გარე ფაქტორებისა თუ მსოფლიო დამპყრობლების გამო ვერ ახერხებდა დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, მაგრამ ინარჩუნებდა იმ ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

- რომელია ყველაზე საინტერესო პერიოდი საქართველოს ისტორიაში?

- ბევრი ოქროს ხანას დაგისახელებთ, ჩემთვის კი საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, გაქრისტიანების ეპოქაა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ არის მკვეთრად გამოხატული ევროპული ან აზიური ქვეყანა, გაეკეთებინა ამ სახის რადიკალური არჩევანი, ძალიან ბევრს ნიშნავდა ქვეყნისათვის და მთელი იმ რეგიონისათვის. მოხდა დიდი გარდატეხა ერის ფსიქოლოგიაში. ქრისტიანობა ისე შეისისხლხორცა ერმა, რომ ეროვნულ რელიგიად აქცია. რელიგიამ გააერთიანა ქართველობა, რასაც ვერ ვიტყვი კათოლიკურ ეკლესიაზე.

- პირველი შეხვედრა საქართველოსთან...

- პირველად საქართველოში 2003 წლის ივლისში ჩამოვედი. "ვარდების რევოლუციამდე" სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი და წინასარევოლუციო დაძაბული მუხტი უკვე იგრძნობოდა. ჩამოვედი მეგობრებთან, რომლებიც ფლორენციაში გავიცანი. ესენი იყვნენ ორი პროფესორი და სამი-ოთხი სტუდენტი. სწორედ ამ სტუდენტებს შორის იყო ერთი ახალგაზრდა ზურაბ ზურაშვილი, რომელიც შემდეგ ჩემი დიდი მეგობარი გახდა. მისი წყალობით საქართველოში არაერთხელ დავბრუნდი და ულამაზესი ადგილები მოვინახულე.

პირველი შთაბეჭდილება იყო ის, რომ მოვხვდი ყველაზე ღარიბ ქვეყანაში, რომელიც მანამდე მენახა. მაგრამ საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს ადამიანებმა, უბრალო ქართველებმა, რომელთაც მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, შეენარჩუნებინათ ის სიამაყე და ღირსება, რომელიც ასე გამოგარჩევთ დანარჩენი ერებისაგან. კიდევ უფრო მეტად გავოგნდი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა მათგანი საოცრად განათლებული იყო. მათ იცოდნენ იტალიის შესახებ ისეთი დეტალები, რომელზეც ბევრ იტალიელს წარმოდგენაც არ აქვს. თითქმის ყოველ ადამიანთან შემეძლო მესაუბრა ლიტერატურაზე, ისტორიაზე, მუსიკაზე. უდიდესი შინაგანი კულტურის მატარებელი ხალხი ხართ. განათლებითა და კულტურის დონით, საშუალო სტატისტიკური ქართველი, გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას, ვიდრე საშუალო სტატისტიკური იტალიელი.

შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ეს უგანათლებულესი, უთბილესი, მომავლის რწმენითა და ენთუზიაზმით აღსავსე ხალხი, ამ დანგრეულ ქვეყანას არც კი მიეკუთვნებოდა, თითქოს ორი სხვადასხვა განზომილება იყო.

აბსოლიტურად სხვა ქვეყანა დამხვდა 2009 და 2010 წლებში. თბილისი ისეთი გალამაზებული იყო, თვალებს არ ვუჯერებდი.

- თუმცა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის უკმაყოფილება ამ პერიოდში უკვე ძალიან დიდი იყო.

- აზრი ორად იყო გაყოფილი. იყვნენ სააკაშვილის მოწინააღმდეგები, მაგრამ შევარდნაძის პერიოდს არავინ მისტიროდა. მთავრობას აკრიტიკებდნენ, რომ ეს ბრწყინვალება ფასადური იყო და რეგიონებისა და პროვინციებისათვის თითქმის არაფერი კეთდებოდა. მე ვიტყოდი, ქვეყანამ ძალიან მცირე დროში იმხელა ნახტომი გააკეთა, რომ შეცდომები გარდაუვალი იყო და როგორც ასეთ დაჩქარებულ პროცესებს ახასიათებთ, კეთილდღეობა არა მთელი ქვეყნისთვის, არამედ მისი მცირე ნაწილისთვის დადგა.

- საქართველოში მომავალ მოგზაურობას კიდევ როდის გეგმავ?

- წელსაც მინდოდა, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ბავშვი შეგვეძინა და მომავალი წლისთვის გადავდე საქართველოში ვიზიტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საშემოდგომო არჩევნებზე ყველაფერი ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყდება და როდესაც ჩამოვალ, ისევ სიცოცხლით სავსე საქართველო დამხვდება.

ნინო მამუკაძე

იტალია, ფლორენცია