რა ხდება "პალიტრანიუსის" კულუარებში - კვირის პალიტრა

რა ხდება "პალიტრანიუსის" კულუარებში

"ჩვენი ტელევიზია მულტიმედიური პროდუქტია, რადგანაც მასში რამდენიმე პლატფორმაა გაერთიანებული"

ემა ტუხიაშვილი: "ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონს"

გიორგი მიქანაძე: "აქ მეტი საშუალებაა, ემსახურო საზოგადოებას"

შარშან, 30 ნოემბერს, "პალიტრანიუსი" ეთერში ახალი ფორმატით გავიდა. ეს არის 24-საათიანი საინფორმაციო არხი, სადაც საათში ერთხელ ახალ-ახალი ამბები გადის. საინფორმაციო კოლაჟი სხარტი და მრავალფეროვანია, ამბები მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მაყურებელს ახალი ფორმატი მოსწონს, რაზეც მათი მრავალრიცხოვანი ზარები და წერილები მიუთითებს.

როგორ იქმნება 24-საათიანი მაუწყებლობის ცხელ-ცხელი ამბები

არხს ბევრი ტელერუბრიკაც აქვს (მედიცინა, ახალი ტექნოლოგიები, კულტურა, ეკონომიკა, ინტერნეტის სიახლეები, თავისუფალი თემა, სოციალური თემები). ყოველი მათგანი სიახლეს შეიცავს. ამიტომ ამ არხზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში საინტერესო სიახლე გელით. ასეთი სპეციფიკა ქართულ ტელემედიაბაზარზე ჯერ არ ყოფილა და "პალიტრანიუსი" 24-საათიანი მაუწყებლობით პირველია. სწორედ ამიტომ მაყურებელმა არხს "ქართული ევრონიუსიც" შეარქვა. მაისიდან ეთერში გავა ახალი ტოქშოუ - "360 გრადუსი" აქტუალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემებით. გადაცემას ეყოლება სტუმრები, იქნება დებატები.

ტელევიზიის საქმიანობის ახლოს გასაცნობად მის კულისებს ვეწვიეთ.

ლექსო ნაბახტეველი, ჟურნალისტი: - კომპანიაში რამდენიმე პლატფორმაზე ვმუშაობთ: "ინტერპრესნიუსი", "პალიტრანიუსი", რადიო "პალიტრა" (ყველგან სინქრონში). ორიენტირებული ვართ სისწრაფეზე, ინფორმაციის სიზუსტესთან ერთად, ეს ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. მაყურებელმა ცხელი და ობიექტური ინფორმაცია დროულად რომ ნახოს, ენერგიას არ ვზოგავთ.

გიორგი ღუდუშაური, "პალიტრანიუსის" ოპერატორი: - "პალიტრანიუსის" ოპერატორი იმით გამოირჩევა, რომ არა მარტო საოპერატორო საქმიანობას, ჟურნალისტიკის საფუძვლებსაც ვფლობთ. შეიძლება ჟურნალისტი კონკრეტულ ვითარებაში ინფორმაციას "ინტერპრესნიუსისთვის" გადასცემდეს და ამ დროს რაღაც ისეთი ხდებოდეს, რომ ჩვენ მოგვიხდეს ჟურნალისტის ფუნქციის შეთავსება. ამიტომ ოპერატორებს დიდი სიამაყით ვუწოდებდი უნივერსალებს. ამასთან, ჩვენი ნამუშევარი ტელეკომპანიამდე სასწრაფოდ უნდა "გადაგორდეს", რომ ეთერში მალე გაშუქდეს. ამისთვის სწრაფი და ახალი მეთოდიც დავნერგეთ - ინფორმაციას ანდროიდითა და ლეპტოპით ვაწვდით. ჩვენი მასალა უკვე ეთერშია მაშინ, როცა სხვა ტელევიზიებს ჯერაც არ აქვთ დაწყებული "გადაგორება". ორიენტირებული ვართ პროფესიონალიზმზე, თუმცა გვყავს ისეთი დამწყები კადრებიც, რომლებიც პროფესიულად იზრდებიან. როგორც იტყვიან, კოჭებში ეტყობათ, რომ მონდომებულები არიან. ჩემი აზრით, ჟურნალისტობა და ოპერატორობა ისეთივე სახიფათო საქმიანობაა, როგორიც არმიასა და ჯარში, რადგან ხშირად ისეთ სიტუაციებში გვიწევს მოქმედება, როგორც ჯარისკაცს ომში.

ლექსო ბექაური, პროდიუსერი: - "პალიტრანიუსის" ახალი ამბები განსაკუთრებული ფორმატია. მაყურებლისთვის 24-საათიანი ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში ვცხოვრობთ. ჩვენი მიზანი მოვლენების, ამბების ეპიცენტში ყოფნაა და სწორედ ეს არის ამ ფორმატის ხიბლიც. უკვე იმდენად მივეჩვიე, მოდუნების საშუალება არც მაქვს. ყოველ საათში ეთერში განახლებული საინფორმაციო გამოშვებით გავდივართ, ამიტომ ძალიან სწრაფად გვიწევს მოქმედება: ფირის მონტაჟი, სინქრონების მოჭრა, კომენტარები - ეს ყველაფერი წამებში კეთდება. ეს უკვე ჩემი ცხოვრების სტილია. ხშირად გვაქვს ექსკლუზივი, რომელიც სხვა მედიასაშუალებებს ჩვენი ლოგოთი მიაქვთ. ჩვენს ჰოლდინგში თავმოყრილი სხვა მედიასაშუალებებიც ძალიან გვეხმარებიან - ჩვენი ტელევიზია მულტიმედიური პროდუქტია, რადგანაც მასში რამდენიმე პლატფორმაა გაერთიანებული.

თორნიკე ყაჯრიშვილი, რუბრიკების "თავისუფალი თემისა" და "პროფესიის" ჟურნალისტი: - "თავისუფალ თემაში", პოლიტიკის გარდა, ნებისმიერ საკითხზე მზადდება რეპორტაჟი, ჩვენი გმირები უბრალო ადამიანები არიან და აქცენტი მათზე შემთხვევით არ გაგვიკეთებია - საზოგადოება ცნობილი ადამიანის ყურებით დაიღალა, არადა, ჩვენ გარშემო უამრავი საინტერესო ადამიანი ცხოვრობს. ვცდილობთ, მაყურებელს ვუამბოთ და ვაჩვენოთ ის, რაც ჯერ არ უნახავს. მახსოვს, წარსულში სუხიშვილების მოცეკვავე ქალბატონის სევდიანი ამბავი, რომელიც ხანდაზმულთა პანსიონატში ცხოვრობს... ხშირად ასეთი სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ სხვადასხვა ტოქშოუს პროდიუსერები გვიკავშირდებიან და რესპონდენტებთან დაკავშირებას გვთხოვენ... ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც ჩვენთან გადის, ძირითადად, ექსკლუზივია. რაც შეეხება თემებს, ის ყველგან არის - შესაძლოა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში იჯდე და ყური რაღაც საინტერესოს მოჰკრა. ამიტომ გაფართოებული თვალებითა და გამახვილებული სმენით დავდივარ, რომ საინტერესო ამბავი არ გამომრჩეს.

ემა ტუხიაშვილი, "ბიზნესპერსონის" წამყვანი: - ჩემი საავტორო გადაცემის სტუმრები საქართველოში წარმატებული ბიზნესმენები არიან. მაყურებელი მათ შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს იგებს - ხშირად ისეთ ამბებს ჰყვებიან, რაც აქამდე არ უთქვამთ. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის, "არქიჯგუფის" დამფუძნებელმა ბიზნესი ფეხსაცმელების იმპორტითა და ვაჭრობით დაიწყო; "ვისოლის" ხელმძღვანელმა - ჯემპრების გაყიდვით; მამუკა ხაზარაძეს "ჟიგულის" მარკის ავტომობილების პარტია გაუყიდია, შუამავლის როლი უთამაშია და დიდი ფულიც უშოვია; "ტოიოტას" ცენტრის დამფუძნებელმა კი საქმე ისე დაიწყო და ისე ჩამოიყვანა საქართველოშIი უცხოელი პარტნიორები, რომ არც მიწა ჰქონდა და არც მაღაზია - სხვისი მიწა და მაღაზია თავისად გაასაღა და დაუჯერეს.

ახალი ფორმატი ჩემს გადაცემასაც დაეტყო, უფრო პატარა რუბრიკები გავაკეთეთ. ამასთან, მე და ბიზნესპრესნიუსის გუნდიც ჩავერთეთ ტელევიზიაში სხვა მიმართულებით, რაც ძალიან აზარტული აღმოჩნდა. რაღაც ერთიანი ჯაჭვი შეიქმნა... ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც მაყურებელს ძალიან მოსწონს. დარწმუნებული ვარ, რასაც აქ მოისმენთ ეკონომიკისა თუ ბიზნესის საკითხებზე, სხვაგან ვერსად მოისმენთ, ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ.

გიორგი მიქანაძე, ტოქშოუ "360 გრადუსის" წამყვანი: - არაერთი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა ტელევიზიისგან, მაგრამ უარს ვამბობდი, რადგან ვაკვირდებოდი პროცესებს... ჟურნალისტიკის სფეროში შესვლა ჩემთვის საინტერესო ეტაპია. "პალიტრანიუსისადმი" ყოველთვის პოზიტიურად ვიყავი განწყობილი.

ვიცოდი, რომ "პალიტრამედია" დიდი გუნდია, დასაქმებული ჰყავს ბევრი ადამიანი და აქვს გამართული სისტემა. საინტერესოა მთელი ჰოლდინგის საქმიანობა. კომპანია ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, დიდ საქმეს აკეთებს.

როცა კულუარებშიც შევიხედე, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფუნქციები კარგად აქვთ გადანაწილებული და მთელი გუნდი ცდილობს, პროცესებში ჩაერთოს - იქ, სადაც მისი კომპეტენცია კონკრეტული მიმართულებით იკვეთება. მოკლედ, კარგად ორგანიზებულ გუნდში მოვხვდი და ვფიქრობ, აქ მუშაობა ჩემთვის კომფორტული იქნება. "პალიტრანიუსს" კვალიფიციური ხელმძღვანელები ჰყავს, აქ მეტი საშუალებაა, ემსახურო საზოგადოებას, რადგან გუნდი, რომელიც დამხვდა, უკვე დიდი ხანია საზოგადოების სამსახურშია. ვიმედოვნებ, საშუალება მომეცემა, ჩემი გამოცდილებით, ცოდნით, უნარებით ვემსახურო საზოგადოებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისუფალ ხედვასა და მიმართულებაში არავინ გზღუდავს. ეს საზოგადოებისთვის სერიოზული მესიჯია. მინდა, იმ დიდ გამოცდილებას, რაც "პალიტრამედიის" თანამშრომლებს აქვთ, ჩემიც შევმატო.

ლალი ფაცია