გარინდებულ საფლავთა სევდა
02-05-2016
გარინდებულ საფლავთა სევდა
"სიცოცხლე წუთია და იმან დაიქადოს, ვინც ამ წუთს მართალი გაატარებს"

მეცოდება ეს ბალახგადავლილი საფლავები, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში - სხვა საფლავებზე რომ წითელ კვერცხებს გადააგორებენ, მათ საფლავზე კი არავინ მიდის

კუკიის სასაფლაოზე გვერდიგვერდ მდგარ ორ საფლავს წავაწყდი, ერთი მტკიცე კომუნისტის საფლავის ქვაზე წაეწერათ: - ვამაყობ, რომ 36 წელიწადი პირსისხლიანი მეფის დამქაშებს ვებრძოდიო და მეორე ახალგაზრდა იუნკრის გაცრეცილ ობელისკზე კი ეს სიტყვები ამოეტვიფრათ, - შხამად შეერგოს დედის რძე იმას, ვისი სიცოცხლეც სამშობლოს
დასჭირდეს და არ გაიღოსო!

რატომ გვეშინია სიკვდილის? იმიტ­ომ, რომ ის უცნობი გზაა და არაფ­ერი ვიცით, სად მივდივართ... თორემ სიკვდილი სხვად გადაქცევაა, - მითხრა კუკიელმა მესაფლავემ და ისე მშვიდად შემომხედა, თითქოს ერთი სოფლიდან მეორეში წასვლაზე ლაპარაკობდა... მისი თვალების შემხედვარემ მეც მშვიდად გადავხედე ჩემ წინ გაშლილ მიცვალებულთა
ქალაქს, და ვთხოვე, - უპატრონო საფლავებს ხომ არ მაჩვენებთ-მეთქი. რატომ მაინცდამაინც კუკიის და მაინცდამაინც უპატრონო საფლავებს? იმიტომ, რომ ეს 400 წლის საგოდებელია... მეცოდება ეს ბალახგადავლილი საფლავები, განსაკუთრებით აღდგომის დღეებში - სხვა საფლავებზე რომ წითელ კვერცხებს გადააგორებენ, მათ საფლავზე კი არავინ მიდის.

- ჰო, მიტოვებულები ნამდვილად ცოდონი არიან... მათთან არავინ მოდის, გარდა ბალახისა! - მეუბნებიან თავის ქნევით კუკიის მესაფლავეები და საფლავთა შორის მძიმედ მიაბიჯებენ, - მართალია, კუკიის სასაფლაო დიდი ხანია დახურულია, მაგრამ ვისაც აქ წინაპრის საფლავი აქვს, მის გულზე იკრძალება. ასე რომ, აქ უზარმაზარ, 60 ჰექტარზე გადაჭიმულ სასაფლაოზე თუ არავინ მიწინამძღვრა, დავიკარგები. ბოლოს, ქოროღლი მომყვება - ქურთი მესაფლავე­. სასაფლაოს დირექტორიც სთხოვს - რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპულების საძმო სასაფლაო აჩვენეო. რომელ ომში-მეთქი?! მგონია, რომ მომესმა. 1877-78 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპულები თბილისში ერთად ჩამოასვენეს და კუკიაზე დაკრძალეს, მეუბნება ქოროღლი, წინ მიდის და მე უკან მივყვები - მიტოვებულ საფლავებს შორის შეგროვილი ძეძვიც აქვს დასაწვავი. ძეძვი თუ დროდადრო მაინც არ მოითხარა და დაიწვა, აქ ჭიანჭველაც ვეღარ გაივლის.

ქოროღლი ძველ საფლავს მიადგა - აქ აბაშიძეები არიან დამარხული. აბაშიძეები კარგი მეზობლები მყავს და ეს საფლავი ამ გვარის ხათრით გავწმინდეო და საფლავთან დაგროვილ ძეძვს ცეცხლს უკიდებს: - განა მესაფლავეებს გული არ გვაქვს? ახალი მკვდარიც გვეცოდება და ძველიც, მაგრამ ვის საფლავზეც ეკალია გადავლილი, უფრო მეტად ის. ვინ იცის, ვინ იყო და როგორ ხარობდა, დღეს კი აღარავის ახსოვსო... ძვირფასი წითელი ქვით ნაშენებ, ლამის საუკუნის წინანდელ, რაღაც უცნაურად ამოყირავებულ საფლავს გარშემო უვლის - ნახე, რა ძვირფასი ქვაა. ვინ იცის, რამდენი დაუჯდა­ ჭირისუფალს, ახლა კი მიწა ჩავ­არდა და საფლავის ქვაც ააყირავა. იქნებ ჭირისუფალიც აღარაა ცოცხალი, ან თუ არის, საზღვარგარეთაა და არც იცის, აქ რა ხდება.

- ალბათ მიტოვებული საფლავები უმეტესად უცხოეთში წასული ჭირისუფლების გამოა...

- უმეტესად. ხალხი მიცვალებულის დაკრძალვაზე ვერ ჩამოდის და საფლავის მოსავლელად ჩამოვა?! განა თავიანთი მიცვალებულის დარდი აღარ აქვთ, უბრალოდ, ვეღარ ჩამოდიან და მორჩა... თორემ ჩვენმა ბიჭებმა ეგეთი ამბებიც იციან - მიტოვებული საფლავი შვილიშვილის შვილიშვილს რომ მოუძებნია... - და ვეღარ უნახავს...

- ეგეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ უნახავთ, - მეუბნება ქოროღლი და აბიბინებულ ბალახში მიაბიჯებს, ბალახში კი ყაყაჩოები ბრიალებენ...
- აბა, წამოდი რა გაჩვენო, - მეუბნება და ჟანგით შეჭმულ, გადახურულ საფლავზე გადაგრეხილი მავთულით შებმულ კარს ხსნის.­ ჩამოფცქვნილ ცემენტის კედელზე დრო-ჟამით გახუნებული ნახატია - დედ-მამას ხელზე მომაკვდავი ვაჟი ჰყავთ გადასვენებული... ნახატის­ თავზე კი დედის დაქარგული ტილოა გაკრული, რომელსაც თითქოს ისევ აჩნია ცრემლის კვალი - "უკანასკნელი სახსოვარი შვილს". ქოროღლი კარს კეტავს და მიყვება, - როგორც ამბობენ, ამის ამომქარგველი ქალი ამ სასაფლაოს მეზობლად ცხოვრობდა. ეს ერთადერთი ვაჟი ჰყოლია - ბიჭი სტუდენტი ყოფილა, მომავალი ექიმი და ომშიც ექიმად წაუყვანიათ. მალევე დაღუპულა. დედას მისი სიკვდილის ამბავი რომ გაუგია, წასულა, შვილი ამოუთხრია და კუკიაზე­ ჩამოუსვენებია. მერე სახლ-კარი გაუყიდა და შვილის საფლავზე დასახლებულა. როცა მოკვდა, მესაფლავეებმა შვილს დაამარხეს გულზე, - მოისვენა საცოდავმა,­ - ქოროღლი თავს სინანულით იქნევს, - აქ ბოლო დრომდე ოჯახის შორეული ნათესავი მოდიოდა, მაგრამ ახლა აღარავინ ჩანს, - მერე ბავშვის საფლავს­ მაჩვენებს, - აქ რომ გავივლი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველი საფლავია, გული მაინც ტკივილისაგან მეკუმშება. უყურე, 1937 წელს არის დაკრძალული და ვიღაც მადლიანს საფლავის ქვაზე კანფეტი დაუდვია.

ჟანგით შეჭმულ, გადახურულ საფლავზე გადაგრეხილი მავთულით შებმულ კარს მიღმა ჩამოფცქვნილი ცემენტის კედელზე დრო-ჟამით გახუნებული ნახატია - დედ-მამას ხელზე მომაკვდავი ვაჟი ჰყავთ გადასვენებული... ნახატის თავზე კი დედის დაქარგული ტილოა გაკრული, რომელსაც თითქოს ისევ აჩნია ცრემლის კვალი - "უკანასკნელი სახსოვარი შვილს"

- ქოროღლი, უპატრონო საფლავებზე ვინმეს დაკრძალვა არავის მოუნდომებია?

- არა!

- რატომ?
- ალბათ იმიტომ, რომ არ შეიძლება! - მეუბნება და სასაფლაოს შესასვლელში­ მდგარი ეკლესიისკენ ხელს იშვერს, - იმ ეკლესიაში იცი, რამდენი ქურთი და აისორი მოინათლა ქრისტიანად? ახლა ჩემები იქ დადიან და ლოცულობენ!

ამასობაში სხვა მესაფლავეც გვხვდება, ბიჭიკო. სწორედ ის მიამბობს, როგორ იპოვა კუკიაზე შვილთაშვილმა 100 წლის წინ დასაფლავებული დიდი პაპა და შვილთაშვილის დიდი პაპისთვის გაკეთებულ საფლავის ქვასაც მაჩვენებს: "ზ. დ. დეკანოზიშვილი. 1840-1910 წელი."

ეგ ამბავი მაშინ დაიწყო, როცა ჟორდანიას მთავრობას საზღვარგარეთ ბევ­რი გაჰყვა. აი, აქ განსვენებული ცხონებული ზაქარიას შვილიც იმ მთავრობაში ყოფილა. ალბათ გულმა უგრძნო, ვეღარ დავბრუნდებიო და თან მამის საფლავის სურათიც წაუღია. მთელი სიცოცხლე შვილს ჩასჩიჩინებდა, - მე ვეღარ ვნახავ მამაჩემის საფლავს, შენ უნდა წახვიდე და ნახოო; ის კიდევ თავის შვილს, - შენ გიბარებ, რომ პაპის საფლავს მიხედოო. სწორედ ეს შვილიშვილი მოვიდა და გვითხრა, - პაპაჩემის საფლავი მომაძებნინეთო. სურათით ვიპოვეთ, ახალი ქვა დავადგით და შენდობა ვუთხარით, - ქუდს იხდის ბიჭიკო და უცებ გულს მიხსნის: - ერთხელ აქ 6 წლის ბავშვი დაკრძალეს. მესაფლავე კი ვარ, მაგრამ გული ისე მომიკლა იმის საცოდაობამ, მივედი და მოძღვარს ვკითხე, - მამაო, აბა, ეგ სამართალია, 6 წლის ბავშვმა რა დააშავა-მეთქი. იმან კი: აბა, მოდი, რა გიამბოო. ერთ ქალს ერთადერთი შვილი მოუკვდა, ერთადერთი­ ანგელოზივით გოგო; სულ ბავშვი. დედა შვილს ჩაეკონა და 3 დღე შეუსვენებლივ იტირა, იტირა ისე, რომ თვალი არ მოუხუჭავს. ამ დროს იმის ცოდვით მისი ანგელოზიც კი დაიწვა, ეახლა უფალს და უთხრა, - უფალო, შენ ხომ ყველაფერი შეგიძლია, გაუცოცხლე ამ ქალს შვილი, ისე მწუხარებს, როგორც არც ძეხორციელს არ შეუძლიაო. კარგიო, - უფალმა, - მაგრამ ამ ქალს ერთი ღამით დავაძინებ და როცა გაიღვიძებს, კიდევ თუ ითხოვს შვილის გაცოცხლებას, გავუცოცხლებო. დააძინა და აი, რა დაასიზმრა, - მისი შვილი გაიზარდა, შევიდა სიცოცხლის ერთ ოთახში და კომკავშირელი გახდა, მერე მეორე ოთახში შევიდა და კომუნისტი გახდა, მერე გადავიდა მესამეში. იქ თოკი ჩამოკიდა და თავი ჩამოიხრჩო. გაიღვიძა დილით დედამ, იტირა ისევ, მაგრამ აღარ უთხოვია უფლისთვის, - შვილი დამიბრუნეო. ასეთი ცოდვა, ასეთი კომკავშირი და პარტია ყველა დროს აქვს და უფალი ცოდვებს გვაცილებს, რომ ვიყოთ მართალნი იქ, სადაც მარადიულად უნდა ვიცხოვროთ... სიცოცხლე კი წუთია და იმან დაიქადოს, ვინც ამ წუთს მართალი გაატარებს, - ბიჭიკომ ქუდი მოიხადა და ცას ახედა... მე კი გავიფიქრე, - ზოგჯერ რომ ეს წუთი ისეთი რამ არის, ვერც კი ვხვდებით სიმართლე სად არის-მეთქი... კუკიის ორი, გვერდიგვერდ მდგარი საფლავის წარწერა გამახსენდა - ერთი მტკიცე კომუნისტის საფლავის ქვაზე: - ვამაყობ, რომ 36 წელიწადი პირსისხლიანი მეფის დამქაშებს ვებრძოდიო და მეორე ახალგაზრდა იუნკრის გაცრეცილ ობელისკზე, - შხამად შეერგოს დედის რძე იმას, ვისი სიცოცხლეც სამშობლოს დასჭირდეს და არ გაიღოსო!

ასეა. ამ ორს შორის ის დაიქადებს, ვისაც უფალი მართლად მიიღებს. მანამდე ყველა აქ ვართ და ყველა ერთი ვართ უფლისთვის, - ცოცხლებიც და გარდაცვლილებიც. ცოცხლებს კი ამქვეყნიურ ვალად ისიც გვაძევს, რომ ჩვენი მიცვალებულების საფლავებზე წითელი კვერცხი გადავაგოროთ და უფლის ბრწყინვალე აღდგომა ვახაროთ.

რა ფართობს მოიცავს დედაქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სასაფლაოები

დედაქალაქის საერთო ფართობის 72 000 ჰექტრიდან 738 ჰა სასაფლაოებს ეკუთვნის. ამის გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე კერძო სასაფლაო, რომელთა ფართობი ამ მონაცემში არ შედის. რაც შეეხება­ მიცვალებულებს, - 1978 წლამდე გარდაცვლილთა სტატისტიკა ფაქტობრივად დაუზუსტებელია და მხოლოდ ცალკეულ სასაფლაოთა ჩანაწერით შემოიფარგლება. 1978 წლიდან გარდაცვლილთა სტატისტიკა მოწესრიგდა. როგორც ირკვევა, ამ წლიდან თბილისის სასაფლაოებზე ყოველწლიურად დაახლოებით 7000-დან 8000-მდე მიცვალებული იკრძალება. 2012 წლიდან მოგვარდა გარდაცვლილთა ელექტრონული სტატისტიკა, რომლის მიხედვით 2012 წლის 13 თებერვლიდან თბილისში დაიკრძალა 7031 მიცვალებული, 2013 წელს - 8145, 2014 წელს - 8040, 2015 წელს - 8380...


ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით