ვინ არის ბაბულიკების მთავარი ბაბულიკა - კვირის პალიტრა

ვინ არის ბაბულიკების მთავარი ბაბულიკა

"პოლიტიკაში მოსვლის არაერთგზის შემოთავაზება მქონია"

"ლენუკასთან ერთად დაზვერვაშიც წავალ და საბრძოლველადაც. გიორგის სულ ვეუბნები, შენთან ერთად დაზვერვაში კი არა, ლუდის საყიდლად არ წამოვალ-მეთქი, უდარდელაა"

"ერთხანს კოტე მახარაძის მძღოლი ვიყავი, შავი ვოლგით დავდიოდი. მეხალისებოდა. მარიგებდა, - ხულიგანი ძმაკაცები არ უნდა გყავდესო. თქვენც ხომ გყავთ-მეთქი, - ვედავებოდი..."

ხანდახან მგონია, ცხოვრება ორი ფერისგან შედგება - ხან ჩვენს პრობლემებზე მაღლა ვდგებით, ხანაც მის მორევში ვეფლობით - ნათელსა და ბნელ დღეებს (ფერებს) იხსენებდა ჩემი რესპონდენტი, მსახიობი ზურა ყიფშიძე, როცა ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, - კარგი იყო ნუშიო. ამჯერადაც ჩვენი საუბრის თემა ზემოთ ნახსენები ფერები იყო.

- "ჩემი ცოლის დაქალებში" მიღებენ, ბაბულიკების ბაბულიკას როლში. "ბაბუ" - ასე დაახლოებით 25 წლის წინ მივმართავდით ერთმანეთს. ვინ მოიგონა, არ ვიცი, მითხრეს: თურმე, ჩემს პერსონაჟს მოუგონია, მისი დაარსებულია ბაბულიკობა და საერთოდ, ისაა, ვინცაა... დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა, მაგარ მანქანაში ჩამსვეს... მოკლედ, დიდ პატივშია ჩემი პერსონაჟი.

- თქვენი პერსონაჟივით თუ გიცხოვრიათ მაგარ პატივსა და განცხრომაში?

- მთელი სიცოცხლე იქით ვემსახურებოდი ვიღაცას. ერთხანს კოტე მახარაძის მძღოლი ვიყავი, შავი ვოლგით დავდიოდი. მეხალისებოდა. კოტე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მარიგებდა, - ხულიგანი ძმაკაცები არ უნდა გყავდესო. თქვენც ხომ გყავთ-მეთქი, - ვედავებოდი. ისინი სხვა ხულიგნები არიან. თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს, მე სხვის შეცდომებზე ვსწავლობდიო, - მეუბნებოდა... კიდევ დეიდებს ვუვლიდი, ისე გავაცილე ორივე... მერე ორი წელი დედაჩემს ვუვლიდი, ოჯახს, ჩემი ბიჭივით უდარდელა არ ვყოფილვარ, მიუხედავად ჩემი გიჟობებისა.

- ლენუკამ განაცხადა, მამაჩემი სტრესშიაო.

- რატომ გამოიწვია ამან ამხელა ამბავი, მიკვირს. მეც იგივე სტრესი მაქვს, როგორიც ყველას. 4 წლის წინ რაღაცის იმედი გვქონდა, მაგრამ დღეს გაუგებარ დღეში ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ვმუშაობ, უფულო სამუშაო მაქვს, არადა, 8 სული მელოდება შინ.

ნიკიტა მიხალკოვთან მომიხდა უთანხმოება, ფესტივალიდან წამოვედი და დამბლოკა, თუ რაღაც, არ ვიცი... მერე რუსები გამოჩნდნენ ისევ წინადადებით, 2 თვით მივყავდი, მაგრამ თეატრის გამო ვერ წავედი. ახლაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ ის არ არის, რაც მინდა. ამას მოჰყვა ყურჩამოყრილობა, ჯანმრთელობის პრობლემა და ათასი რამ... გადაღებაზე ნეკნი გავიბზარე. საავადმყოფოში მისულს ფილტვების ანთება აღმომიჩინეს, მერე რაღაც ინფექციები... 2 კვირა არ გამომიშვეს. იქიდან ისევ გადაღებაზე გავვარდი. ყველაფერი ერთმანეთს მიჰყვა... ცოლსა და ქალიშვილს ანევრიზმის ოპერაცია გავუკეთე. გადამყვა ხალხი, თორემ მარტო რას გავწვდებოდი.

- "სოციუმი სჭამს ხალხს", თქვენი ფრაზაა.

- სჭამს, აბა, რას შვრება! იცი, როგორ უჭირდა ხალხს, მაგრამ ყველა ერთად ვიყავით, შინ ღუმელი გვედგა ფანჯრებში გადმოყოფილი საკვამლე მილებით... მაშინ ერთსულოვნება იყო, რომანტიზმიც კი, შეიძლება სულელური, მაგრამ მაინც...

ახლა კი თავს ვეკითხები: სულ ეს იყო ის, რაც ვნახე?! ამას ვუტოვებ შვილებსა და შვილიშვილებს?! შესაძლოა, პესიმისტი ვარ, მაგრამ პესიმისტი ხომ კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია... ასეთი რამეები მჭირს, ჩემმა ქალიშვილმა კი აიღო და დააბრეხვა...

ჩემს ბიჭს სულ ვეუბნები, შენთან ერთად დაზვერვაში"კი არა, ლუდის საყიდლად არ წამოვალ გასტრონომში-მეთქი, უდარდელაა. გოგოსთან ერთად კი დაზვერვაშიც წავალ და საბრძოლველადაც. ნერვებს კი მიშლის, მაგრამ ერთგულია... ძაღლიც გოგო მყავს და ისიც ერთგულია. გამოდის, ქალები ძლიერები არიან... რა ძლიერი ვარ ახლა მე?! წუწუნა კაცი ვარ. ხანდახან ჯაჯღანაც.

- პოლიტიკაში მოსვლაზე თუ გიფიქრიათ?

- შემოთავაზება მქონდა, თან არაერთგზის, მერე, რომელიღაც მთავრობის დროს მიხვდნენ, რომ არ მაინტერესებდა და შემეშვნენ.

- რას არ გააკეთებთ არასდროს?

- არავინ იცის, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, ბევრ რამეზე წახვიდე. მთავარია, უღირსობა არ ჩაიდინო.

- რას შეცვლიდით დღევანდელ საქართველოში?

- ეგ რომ ვიცოდე, კარგია... 80-90-იანი წლებიდან აქტიური ფრაზა იყო - დამოუკიდებლობა. მერე ვნახეთ დამოუკიდებლობა... რაც მეტთან ხარ კარგ დამოკიდებულებაში, უკეთესია. პირველ რიგში, მეზობლებთან. დღეს ბევრთან გვაქვს არასახარბიელო ურთიერთობა, თანაც დიდებთან - რუსებთან, ამერიკელებთან. გაჭედილი ვართ ვირთხასავით, აღარ ვიცით, რა ვქნათ. მოდი, კაცო, დღევანდელი დღით ვიცხოვრებ, აბა, რა ვქნაო, - ამბობს ზოგი... შიმშილით არ ვკვდებით, უარესიც ყოფილა, მაგრამ ხვალინდელი დღის იმედი გვქონდა, ახლა? ადრე არ მეჩქარებოდა, ახლა მეჩქარება, ჩემს ასაკში უკვე გინდა დადგეს ის ნანატრი... რა დროს ნატვრაა, ხალხი ვეღარ მიცნია, გაზაფხული მოვიდა და სუნთქვა არ შეიძლება. წლიდან წლამდე უარესობაა. პენსიამდე 2 წელი დამრჩა. ისეთი პატარა პენსია აქვს ხალხს, მეშინია.

- რას ააშენებდით თბილისში?

- ავაშენებდი კი არა, დავანგრევდი, მობინადრეებს მოვუბოდიშებდი და სხვაგან ავუშენებდი სახლებს, მაგალითად, სპორტის სასახლის უკან მცხოვრებლებს. ცოდოა ის ხალხი... ბევრი რამაა შეცვლილი "ნუშის ყვავილობიდან" დღემდე. გავიზარდეთ ბიჭები, ზოგი აღარც არის... ახლა იმ ნუშის გარშემო რაც ხდებოდა, ის მახსენდება.

- დღეს თქვენი შვილიშვილები არიან ისეთები, თქვენ რომ მაშინ იყავით?

- ახლა უფრო პრაგმატული ტიპები წამოვიდნენ. უფროსები 15 წლისანი არიან, პატარა 4 წლის გენიოსია. სამი ენა ისწავლა პლანშეტიდან, ისეთ რაღაცებს ამბობს და ისეთი იუმორი აქვს, მაოცებს.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- ამბობენ, ჯანმრთელობაო. არ უნდა იყოს ასე. მთავარი სიყვარული, სიკეთე, სახელის დატოვებაა.

"ჩვენი ოჯახი სტრესშია"

ლენუკა ყიფშიძე: "ბოლო ორი თვეა, ჩვენი ოჯახი ფინანსური კრიზისის გამო სტრესშია. მამა, დედა, ძმა, მე, ჩემი შვილები, ყველა სტრესში ვართ... მე ოჯახში ყველაზე აქტიური ვარ და ვცდილობ, ყველა გავამხნევო. შეეცადეთ ყურები არ ჩამოყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება, პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს-მეთქი, ვამბობ. მამაჩემი ამაზე ძალიან ბრაზდება: პოზიტიურად ვუყურებ და რა მერეო?! დიდი სტრესია, როცა შემოსავალი არ გაქვს. ოჯახში 8 კაცი ცხოვრობს, ბავშვები გვყავს და ეს ძალიან რთულია".

ეკა სალაღაია