დეგით მტკიცედ! - კვირის პალიტრა

დეგით მტკიცედ!

ტრადიციული საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველებისათვის

მთავარანგელოზ მიქაელის ხატი დიდი ძლიერებით შემობრძანდება თქვენს ოჯახებში

"კვირის პალიტრის" მკითხველი უკვე წლებია, ბრწყინვალე ორშაბათს, გაზეთის ახალ ნომერთან ერთად, სააღდგომო საჩუქარს იღებს: ხატსა და მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარ სანთლებს.

ტრადიცია გრძელდება. წელს უფალი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მახარებლის, წმინდა მიქაელის ხატი შემობრძანდება თქვენს ოჯახებში. სიმბოლურია, რომ წელს, უწმინდესმა ილია II-მ მართლმადიდებელ მრევლს კურთხევა მისცა, ოჯახებში ოთხივ კუთხით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელი დაეწერათ კედელზე, როგორც ოჯახის მფარველისა და ძლიერი მცველის. ლოგიკურია, რომ სააღდგომოდ ყველა თქვენგანის ოჯახში წმინდა მიქაელის ხატი შემობრძანდება.

მკითხველისთვის გამზადებული საჩუქარი: ხატები და სანთლები აკურთხა მცხეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანტონმა (ფიჩხაია). ტრადიციულად, სანთლები ამჯერადაც მისივე მონასტერში, მცხეთაში ჩამოიქნა. პატრიარქის მშობლების სახლის ფუძეზე დამკვიდრებულ მამათა მონასტერს ჩვენი მკითხველის მიერ გაღებული გაზეთის საფასურიდან წელსაც შეეწირება მცირედი თანხა, რომელიც მონასტრის აღმშენებლობასა და გაძლიერებას მოხმარდება. მცხეთის წმინდა გიორგის მამათა სავანის მშენებლობა ჩვენ თვალწინ დაიწყო. ჯერ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დასრულდა, შემდეგ - წმინდა ადრიანესა და ნატალიას სახელობის. მონასტრის აყვავებულ ეზოში არაერთი ნიშია, რომელიც პატრიარქის ოჯახის ხსოვნას უკავშირდება, რაც უფრო ათბობს და მშობლიურს ხდის აქაურობას.

მცხეთის ცენტრთან სულ ცოტა მანძილი აშორებს მონასტერს, მაგრამ აქაური სიმშვიდე ქალაქიდან ძალიან დაშორებული ადგილის შთაბეჭდილებას გიქმნის. ამ სიმშვიდეში, ლოცვისა და შრომის შედეგად ჩამოიქნა თითოეული სანთელი, რომელსაც თქვენს ოჯახებში აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში დაანთებთ. არქიმანდრიტმა ანტონმა მოკრძალებით ითხოვა, ლოცვაში მოიხსენიეთ ჩვენი მონასტერი და კეთილი საქმის ინიციატორი "პალიტრამედიაო". თავად დალოცა ყველა მკითხველი, ყველა მართლმადიდებელი და უფლის წყალობის მომლოდინე ადამიანი. მთავარანგელოზი მიქაელის ხატი დიდი ძლიერებით შემობრძანდება თქვენს ოჯახებსა და სულებში.

მამა ანტონი სიყვარულით მიმართავს ყველა მართლმადიდებელს: - როცა ზეცაში ანგელოზის დაცემა მოხდა, მას ბევრი გაჰყვა, მაგრამ წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი - არა! მან თქვა: დეგით მტკიცედ! ის ყველას მფარველი და შემწეა. როცა ჩვენს თავში დავინახავთ მიდრეკილებას ბოროტისაკენ, ვთხოვოთ წმინდა მიქაელს შემწეობა და დავდგეთ მტკიცედ! ხშირად შევუძახოთ თავსაც და ერთმანეთსაც ეს სიტყვები. აღდგომა ყველას უხარია, ადამიანმა თუ ერთი ცოდვა მაინც მოიშორა ამ მარხვაში, თუ იგრძნო ცოდვისგან გათავისუფლება, ანუ ნამდვილი თავისუფლება, ყველაზე დიდი მისალოცი ეს არის, თავისუფლება ღვთისგან ბოძებული უდიდესი ნიჭია. ეს ახარებს თავად ადამიანსაც და ღმერთსაც. ვულოცავ ყველა მართლმადიდებელს, ყველას, ვისაც ღვთის იმედი აქვს.

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

ლელა ჯიყაშვილი