"არ ვმალავ ჩემს წყენას..." - კვირის პალიტრა

"არ ვმალავ ჩემს წყენას..."

"ჩემი მინისტრობისას სსიპ-ების წარმომადგენლები მთხოვდნენ, რომელიღაც ხელმძღვანელი მომეხსნა და სხვა დამენიშნა"

"მაინც ვერ ვხვდები, უცხოელ ვარსკვლავს უცხოელების მოსაზიდად რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანაში?! ვერც იმას ვხვდები, რატომ დახარჯავს ამერიკელი აქ კონცერტზე ჩამოსასვლელად დიდ თანხას..."

"მინისტრები მიდიან და მოდიან, კულტურა კი მარადიულია", - მითხრა ჩემმა მასპინძელმა. მისი მინისტრობისას მცირებიუჯეტიან სამინისტროდ ცნობილმა უწყებამ დღეს 29-მილიონიანი პროექტი - "ჩექ ინ ჯორჯია" წამოიწყო. "კვირის პალიტრა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრ გურამ ოდიშარიას, ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ თქვენი "მემკვიდრის", კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის წამოწყებას, "ჩექ ინ ჯორჯიას" ვგულისხმობ, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცნობილი მომღერლები ჩამოიყვანეს...

- ოდნავ შორიდან დავიწყებ: მინისტრის პოსტზე დანიშვნამდეც პერიოდულად ვხვდებოდი ახალგაზრდა შემოქმედებს და იკვეთებოდა კულტურის პოლიტიკის არსებობის აუცილებლობა. ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს გასული საუკუნის 60-იანი წლების საფრანგეთი, რომლის კულტურის მინისტრად შარლ დე გოლმა მწერალი ანდრე მალრო დანიშნა და დაავალა, საფრანგეთი გამიერთიანეო. მალრომ 11-წლიანი მინისტრობის დასაწყისში გამოიკვლია, ყველაზე მეტად რა სჭირდებოდა მის ქვეყანას და მხოლოდ მეოთხე წელს გაატარა რეფორმები. ფრანგული კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი, უდიდესი პოპულარიზაცია გაუწია და შეასრულა პრეზიდენტის დავალება - მართლაც გააერთიანა ქვეყანა. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები დღესაც ანდრე მალროსეულ სქემას ეყრდნობა... მინისტრად დანიშვნისთანავე ჩვენც კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა დავაანონსეთ...

- მაშინ შემუშავდა კონცეფცია, სტრატეგიაზე მუშაობაც დაიწყეთ, თუმცა მალევე წახვედით პოსტიდან. ახალი მინისტრი თავდაპირველად ძალიან აქტიურობდა, კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეხვედრებსაც აწყობდა რეგიონებში, თუმცა თქვენ, როგორც ამ საქმის წამომწყები, არსად უხსენებიხართ. მგონი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავზე მომზადებულ კულტურის სამინისტროს ანგარიშშიც არაფერი თქმულა თქვენზე თუ მე გამომრჩა?

- არ გამოგრჩენიათ, მართლაც არავის ვუხსენებივარ. არ ვმალავ ჩემს წყენას... ვერ არის ეგ კარგი საქმე და, რაც მთავარია, არ არის სწორი. მემკვიდრეობითობის დაცვა განვითარების ერთ-ერთი მთავარი ღერძია. მე სახალხოდ ვუსვამდი ხაზს, რომ ამა თუ იმ თემაზე მუშაობა კულტურის სამინისტროში წინა წლებში დაიწყო - იყო ეს ქვევრის ღვინოს დაყენების მეთოდისთვის იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება თუ ბერლინში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება.

- 29 მილიონ ლარს დავუბრუნდეთ. ქვეყანაში, სადაც კულტურის ძეგლები და სხვა ფასეულობები ინფრასტრუქტურულად მოსაწყობია, ამხელა თანხის დახარჯვა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, გონივრულია? ან თუ გჯერათ, რომ უცხოელები აშშ-ში ყიდულობენ ბილეთებს, რათა რობი უილიამსის კონცერტს საქართველოში დაესწრონ?

- ანალოგიურ ღონისძიებებს ჩემი მინისტრობის დროსაც ვუჭერდით ფინანსურად მხარს, მაგრამ სხვა პროექტებთან შედარებით, ბევრად მოკრძალებულად, რადგანაც ამოდენა რესურსი არ გაგვაჩნდა. ქვეყნის პოპულარიზაციას უპირველესად, თვითმყოფადი კულტურის პროპაგანდა უწყობს ხელს. ტურისტებსაც მასპინძელი ქვეყნის კულტურა, ისტორია აინტერესებთ...

უმჯობესია, საკუთარ შემოქმედებს მისცე გასაქანი და თუ რომელიმე ვარსკვლავს შენს ქვეყანაში კონცერტის ჩატარების სურვილი გაუჩნდება, ამაზე მისმა აგენტებმა იმუშაონ. როცა აუცილებელია, უნდა დაეხმარო კიდეც, მაგრამ არა ასე ხელგაშლილად.

მაინც ვერ ვხვდები, უცხოელ ვარსკვლავს უცხოელების მოსაზიდად რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანაში?! ვერც იმას ვხვდები, რატომ დახარჯავს ამერიკელი აქ კონცერტზე ჩამოსასვლელად დიდ თანხას... ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!

- მახსოვს, საქართველოს კულტურის მინისტრად რომ დაგნიშნეს, პარალელურად, აფხაზეთის განათლების მინისტრად თქვენი მეგობარი დაურ ნაჭყებია დაინიშნა. მაშინ იმედოვნებდით, რომ ორი ერის ურთიერთობის დასათბობად ნაბიჯებს გადადგამდით.

- დაურის გარდა, აფხაზეთში სხვა მეგობრებიც მყავს. ჩვენ ვსაუბრობდით იქაურ ძეგლებზე - სავალალო მდგომარეობაში მყოფ ბედიის მონასტერზე, მოქვის ტაძარზე... აფხაზებს მათი აღდგენის საშუალება არა აქვთ... თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ჩვენი ძეგლების რესტავრაციაზეც იქაურ კულტურის მინისტრ, ომერ ჩელიქთან ვიწყებდით მოლაპარაკებას...

ჩემი მინისტრობისას სსიპ-ების წარმომადგენლები მთხოვდნენ, რომელიღაც ხელმძღვანელი მომეხსნა და სხვა დამენიშნა. იოლად გავაკეთებდი ამას და სრულიად გავაახლებდი სამინისტროს, მაგრამ... თავს უფლებას ვერ მივცემდი, უფრო გამეღრმავებინა საზოგადოების დაშორიშორება.

დაურიც იმ პერიოდში გაათავისუფლეს თანამდებობიდან, როდესაც - მე. ასე რომ, ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა აღარც დაგვცალდა. აფხაზებთან გავიზარდე, გამზარდა პროფესორ შალვა ინალიფას წიგნებმა, სადაც ლაპარაკი იყო "აფსუარაზე" - სინდისსა და ღირსებაზე აგებულ ზნეობის დაუწერელ კანონზე: როდესაც კანონი რაღაც ქმედების უფლებას გაძლევს, მაგრამ ამის უფლებას არ გაძლევს სინდისი. ჩემთვის ეს იყო ცხოვრების პრინციპი და ამას ვერც მინისტრობისას გავექცეოდი, თუმცა მქონდა შეცდომები.

ახალ რომანზე ვმუშაობ და მოვლენათა ჩემეულ ანალიზს გადმოვცემ. ჩემს მეგობარ, გიორგი ოვაშვილთან ერთად ფილმის გადაღებასაც ვაპირებ. სცენარს ფონად ჩემი "დევნილთა უღელტეხილი" დავუდე, თუმცა სიუჟეტი განსხვავებული იქნება. შევეცდებით, ეს იყოს ახალი სიტყვა ჩვენი უახლესი ისტორიის შეფასების საქმეში. ამ პროექტში შეიძლება აფხაზი შემოქმედებიც ჩაერთონ.

ირმა ხარშილაძე