"არ ვმალავ ჩემს წყენას..."
02-05-2016
"არ ვმალავ ჩემს წყენას..."
"ჩემი მინისტრობისას სსიპ-ების წარმო­მადგენლები მთხოვდნენ, რომელიღაც ხელმძღვანელი მომეხსნა და სხვა დამენიშნა"

"მაინც ვერ ვხვდები, უცხოელ ვარსკვლავს უცხოელების მოსაზიდად რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანაში?! ვერც იმას ვხვდები, რატომ დახარჯავს ამერიკელი აქ კონცერტზე ჩამოსასვლელად დიდ თანხას..."


"მინისტრები მიდიან და მოდიან, კულტურა კი მარადიულია", - მითხრა ჩემმა­ მასპინძელმა. მისი მინისტრობისას მცირ­ებიუჯეტიან სამინისტროდ ცნობილმა უწყებამ დღეს 29-მილიონიანი პროექტი - "ჩექ ინ ჯო­რჯია" წამოიწყო. "კვირის პალიტრა" კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილ მინისტრ გურამ­ ოდიშარიას, ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ თქვენი "მემკვი­დრის", კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის­ წამოწყებას, "ჩექ ინ ჯო­რჯიას" ვგულისხმობ,­ რომლის ფარგლებშიც საქართველოში ცნობილი მომღერლები ჩამოიყვანეს...

- ოდნავ შორიდან დავიწყებ: მინისტ­რის­ პოსტზე დანიშვნამდეც პერიოდულად ვხვდებოდი ახალგაზრდა შემოქმედე­ბს და იკვეთებოდა კულტურის პოლიტიკის არსებობის აუცილებლობა. ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს გასული საუკუნის 60-იანი წლების
საფრანგეთი, რომლის კულტურის მინისტრად შარლ დე გოლმა მწერალი ანდრე მალრო დანიშნა და დაავალა, საფრანგეთი გამიერთიანეო. მალრომ 11-წლიანი­ მინისტრობის დასაწყისში გამოიკვლია, ყველაზე მეტად რა სჭირდებოდა მის ქვეყ­ანას და მხოლოდ მეოთხე წელს გაატარა რეფორმები. ფრანგული კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი, უდიდესი პოპულარიზაცია გაუწია და შეასრულა პრეზიდენტის­ დავალება - მართლაც გააერთიანა ქვეყანა. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს პრიორიტეტები დღესაც­ ანდრე მალროსეულ სქემას ეყრდნობა... მინისტრად დანიშვნისთანავე ჩვენც კულტურის პოლიტიკაზე მუშაობა დავაანონსეთ...

- მაშინ შემუშავდა კონცეფცია, სტრატეგიაზე მუშაობაც დაიწყეთ, თუმცა მალევე წახვედით პოსტიდან. ახალი მინისტრი თავდაპირველად ძალიან აქტიურობდა,­ კულტურის პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეხვედრებსაც აწყობდა­ რეგი­ონებში, თუმცა­ თქვენ, როგორც ამ საქმის­ წამომწყები, არსად უხსენებიხართ. მგონი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის 3 წლისთავზე მომზადებულ კულტურის სამინისტროს ანგარიშშიც არაფერი თქმულა თქვენზე თუ მე გამომრჩა?
- არ გამოგრჩენიათ, მართლაც არავის ვუხსენებივარ. არ ვმალავ ჩემს წყენას... ვერ არის ეგ კარგი საქმე და, რაც მთავა­რია, არ არის სწორი. მემკვიდრეობითობის­ დაცვა განვითარების ერთ-ერთი მთავარი­ ღერძია. მე სახალხოდ ვუსვამდი ხაზს, რომ ამა თუ იმ თემაზე მუშაობა კულტურის სამინისტროში წინა წლებში დაიწყო - იყო ეს ქვევრის ღვინოს დაყენების მეთოდისთვის იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება თუ ბერლინში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის თაობაზე­ ხელშეკრულების გაფორმება.

- 29 მილიონ ლარს დავუბრ­უნდეთ. ქვეყანაში, სადაც კულტურის ძეგლები­ და სხვა ფასეულობები ინფრასტრუქტურულად მოსაწყობია, ამხელა თანხის დახა­რჯვა იმის დასამტკიცებლად, რომ საქართ­ველო უსაფრთხო ქვეყანაა, გონივრულია? ან თუ გჯერათ, რომ უცხოელები აშშ-ში ყიდულობენ ბილე­თებს, რათა რობი უილიამსის­ კონცერტს საქართველ­ოში დაესწრონ?

- ანალოგიურ ღონისძიებებს ჩემი მინისტ­რობის დროსაც ვუჭერდით ფინან­სურად მხარს, მაგრამ სხვა პროექტებთან შედარებით, ბევრად მოკრძალებულად, რადგანაც ამოდენა რესურსი არ გაგვაჩნდა. ქვეყნის პოპულარიზაციას უპირველესად, თვითმყოფადი კულტურის პროპაგანდა უწყობს ხელს. ტურისტებსაც მასპი­ნძელი ქვეყნის კულტურა, ისტორია აინტერესებთ...

უმჯობესია, საკუთარ შემოქმედებს მისცე გასაქანი და თუ რომელიმე ვარსკვ­ლავს შენს ქვეყანაში კონცერტის ჩატარების სურვილი გაუჩნდება,­ ამაზე მისმა­ აგენტებმა იმუშაონ. როცა აუცილებელია, უნდა დაეხმარო კიდეც, მაგრამ არა ასე ხელგაშლილად.
მაინც ვერ ვხვდები, უცხოელ ვარსკვლავს უცხოელების მოსაზიდად რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანაში?! ვერც იმას ვხვდები, რატომ დახარჯავს ამერიკელი აქ კონცერტზე ჩამოსასვლელად დიდ თანხას... ღმერთმა­ ქნას, ვცდებოდე!

- მახსოვს, საქართველოს კულტურის მინისტრად რომ დაგნიშნეს, პარალელურად, აფხაზეთის განათ­ლების მინისტრად თქვენი მეგობარი დაურ ნაჭყებია­ დაინიშნა. მაშინ იმედოვნებდით, რომ ორი ერის ურთიერთობის დასათბობად ნაბიჯებს გადადგამდით.

- დაურის გარდა, აფხაზეთში სხვა მეგობრებიც მყავს. ჩვენ ვსაუბრობდით იქაურ ძეგლებზე - სავალალო მდგომარეობაში­ მყოფ ბედიის მონასტერზე, მოქვის ტაძა­რზე... აფხაზებს მათი აღდგენის საშუალ­ება­ არა აქვთ... თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ჩვენი ძეგლების რესტავრაციაზეც იქაურ კულტურის მინისტრ, ომერ ჩელიქთან ვიწყებდით მოლაპარაკებას...
ჩემი მინისტრობისას სსიპ-ების წარმო­მადგენლები მთხოვდნენ, რომელიღაც ხელმძღვანელი მომეხსნა და სხვა დამენიშნა. იოლად გავაკეთებდი ამას და სრულიად გავაახლებდი სამინისტროს, მაგრამ... თავს უფლებას ვერ მივცემდი, უფრო გამეღრმავებინა საზოგადოების დაშორიშორება.

დაურიც იმ პერიოდში გაათავისუფ­ლეს თანამდებობიდან, როდესაც - მე. ასე რომ, ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა აღარც დაგვცალდა. აფხაზებთან გავიზარდე, გამზარდა პროფესორ შალვა ინალიფას წიგნებმა, სადაც ლაპარაკი იყო "აფსუარაზე" - სინდისსა და ღირსებაზე აგებულ ზნეობის დაუწერელ კანონზე: როდესაც კანონი რაღაც ქმედების უფლებას გაძლევს, მაგრამ ამის უფლებას არ გაძლევს სინდისი. ჩემთვის ეს იყო ცხოვრების პრინციპი და ამას ვერც მინისტრობისას გავექცეოდი, თუმცა მქონდა შეცდომები.

ახალ რომანზე ვმუშაობ და მოვლენათა­ ჩემეულ ანალიზს გადმოვცემ. ჩემს მეგობარ, გიორგი ოვაშვილთან ერთად ფილმის გადაღებასაც ვაპირებ. სცენარს ფონად ჩემი "დევნილთა უღელტეხილი" დავ­უდე, თუმცა სიუჟეტი განსხვავებული იქნება. შევეცდებით, ეს იყოს ახალი სიტყვა ჩვენი უახლესი ისტორიის შეფასების საქმეში. ამ პროექტში შეიძლება აფხაზი შემოქმედებიც ჩაერთონ.

ირმა ხარშილაძე
gizo
09 მაისი 2016 09:59
სსიპ - რა ქართულია, ნამინისტრალო მწერალო?

რედაქტორის რჩევით