საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი შიდა მიგრანტია
02-05-2016
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედზე მეტი შიდა მიგრანტია
ემიგრანტთა განსახლების 10 ძირითადი ქვეყანა

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ ცხადყო, რომ საქართველოში 3 713 804 კაცი ცხოვრობს, რაც წინა, 2002 წლის აღწერის მონაცემებზე 15%-ით ნაკლებია. ქალაქის მოსახლეობა 2 122 623-ია, სოფლის კი - 1 591 181; მოსახლეობის 47,7%-ს მამაკაცები შეადგენენ, ხოლო 52,3%-ს - ქალები; საქართველოს მოსახლეობის 86,8% ქართველია, 6,3% - აზერბაიჯანელი, ხოლო 4,5% - სომეხი.

მოსახლეობა სოფლად უფრო შემცირდა, ვიდრე ქალაქად: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ - 23,7%, ხოლო ქალაქის
მოსახლეობისამ - 7,1% შეადგინა.
აღწერის შედეგებით, შიდა მიგრანტთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს. მთელი მოსახლეობის 28,5% სწორედ შიდა მიგრანტია - პირები, რომლებმაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ფარგლებში შეიცვალეს. მათი 33,6% მამაკაცია, ხოლო 66,4% - ქალი. შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს თბილისში (33,1%), იმერეთსა (15,1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (9,6%).

ქალაქ თბილისის მოსახლეობამ შეადგინა 1 108 717 კაცი, რაც წინა აღწერასთან შედარებით 2,5%-ით მეტია. ეს მატება, ძირითადად, განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებიდან სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებით.
რეგიონებში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების ლიდერები არიან რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (37,4%), ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთი (29%), ხოლო ყველაზე ნაკლებად მოსახლეობა აჭარაში შემცირდა (10,6%).

მოსახლეობის 5,0%-ს შეადგენენ იმიგრანტები - პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტხანს. მათ შორის 51,9% მამაკაცია, ხოლო 48,1% - ქალი. იმიგრანტთა 51,6%-ისთვის წინა საცხოვრებელ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 8,3%-ისთვის - საბერძნეთი, ხოლო 8,1% უკრაინაში ცხოვრობდა.
აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს­ რუსეთში (21,7%), საბერძნეთსა (15,9%) და თურქეთში (11,2%). რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ. სულ ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, რომელთა შორის 45,4% მამაკაცია, ხოლო 54,6% - ქალი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით