არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ! - კვირის პალიტრა

არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!

ჯერ არ შემხვედრია კაცი, ვისთვისაც ამქვეყნად მოსვლას იმდენი ტკივილი ერგუნებინოს, რამდენიც ლაშა ყაყიჩაშვილს შეახვედრა ბედმა და მაინც სიცოცხლე ისე თავდავიწყებით ჰყვარებოდეს, როგორც მას უყვარს.

როცა ლაშას სახლიდან გამოვედი, უკვე ვიცოდი, რომ ასეთი სიყვარული საკუთარი თავისთვისაც უნდა მესწავლებინა და სხვებისთვისაც - ვისაც დაბრკოლებებმა და ტკივილმა სიხარულის უნარი დააკარგვინა. ამით ის მინდა ვთქვა: სანამ ცოცხლები ვართ, სიკვდილი არ უნდა გავბედოთ!

ლაშას თითქმის გამჭვირვალე სხეულსა და დიდ თვალებში სიცოცხლის ისეთი სიყვარული გიზგიზებს, გამძლეობისათვის წამდაუწუმ გინდა მადლობა უხადო.

მას ჰემოფილია (სისხლის შედედების უნარი არ გააჩნია) სჭირს. ეს იშვიათი დაავადებაა, მაგრამ "მოახერხა" და სამეფო ოჯახებშიც შეაღწია - რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ერთადერთი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე იყო ამ სენით დაავადებული. ერთ მილიმეტრზეც რომ გაჰკაწვროდა კანი, სისხლისგან მთელი სხეული ეცლებოდა. სასოწარკვეთილი დედოფალი, შვილი რომ გადაერჩინა, მზად იყო, რუსეთის ყველაზე დიდ თაღლითებს ჩასჭიდებოდა, მაგრამ ამაოდ...

ლაშა ყაყიჩაშვილის დედას კი რა ექნა...

პატარა წლინახევრის იყო, როცა ცელქობისას დაეცა და ტუჩი გაუსკდა. სისხლი მთელი საღამო რომ ვერ შეუჩერეს, მიხვდნენ, რაც სჭირდა. ლაშას ტკივილების მატებასთან ერთად დედ-მამაც იტანჯებოდა - მამა გარდაიცვალა, დედას ტვინში სისხლი ჩაექცა. ლაშა ორივეზე ძლიერი გამოდგა - 38 წელიწადია, იბრძვის და არ იღლება არც ტკივილით, არც გაჭირვებით!

- როდის მიხვდით, რაც გჭირდათ?

- 15 წლის ასაკში. ეს სენი პირველად სახსრებს გიავადებს. ჯერ სახსრები გისუსტდება, მერე - მთელი სხეული.

- შეგეშინდათ?

- წამით არ მიფიქრია შიშზე, ვერ დავჩიავდებოდი. დედა ბავშვობისას სულ მეჩხუბებოდა, ნუ დარბიხარო, ვერ ვჯდებოდი.

- უშიშარი რომ იყავით, ოჯახიც იმიტომ შეგიქმნიათ...

- სიცოცხლე სიყვარულის გარეშე არაფერია! ინგამ ჩემი ავადმყოფობის შესახებ იცოდა და მაინც გამომყვა. ახლა ანასა და გიორგისთვის ვცოცხლობ. ბავშვები რომ გაჩნდნენ, ჯერ კიდევ ფეხზე დავდიოდი და იმ დროის ფოტოებს რომ დავხედავ, ისიც კი მაცოცხლებს. მაგრამ დარდიც დამიმატეს, - შვილი ასეა. ავადმყოფობა ვერც მომერევა, ამათმა დარდმა თუ არაფერი მიქნა - კედლებს ვაწყდებით მე და ჩემი ცოლი, შინიდან რომ გადიან, ფეხსაცმელებზეც კი შიშით ვუყურებთ - რომ დაეხეთ, რა ვქნათ, როგორ ვუყიდოთ? ან როგორ ვაჭამოთ? ტკივილებს ვაჯობე, ჰემოფილიანები სულ გამაყუჩებლებს იკეთებენ და მე ერთხელაც არ გამიკეთებია.

ჩემი პენსიის, 90 ლარის გარდა, ოჯახში არაფრის შემოტანა არ შემიძლია. იმდენი ენერგია მაქვს დაგუბებული, განა შესაფერის სამუშაოს ვერ შევასრულებდი, მაგრამ სავარძლიდან ხმა ვის მივაწვდინო. წელიწადია, ეზოში ვერ ჩავსულვარ. ერთი - დედაჩემი გვეხმარებოდა და მასაც ინსულტი დაემართა, ორი წელიწადი საწოლიდან არ ამდგარა, ახლა ძლივს გაიარა ჯოხით.

რამდენიმე წლის წინ სისხლი ფეხში ისე ჩამიგუბდა, რუმბისტოლა გამიხდა. ექიმები ყოყმანობდნენ - გაეკეთებინათ თუ არა ოპერაცია. მეც ვიწექი და ველოდი, რა მოხდებოდა. მამა გაბრიელის საფლავიდან მოტანილმა ზეთმა ძალა და ენერგია შემმატა და მოგვიანებით გადავწყვიტე, ოპერაცია გამეკეთებინა. ორი წელიწადი ჭრილობებიდან ისევ მდიოდა სისხლი, ბოლოს ფეხი გამიშეშდა.

თუ სიკვდილის არ გეშინია, ბევრ რამეს გადაიტან. შვილების გამო გულისტკივილია უფრო მოურეველი... იმიტომ მინდა რაიმე სამუშაო...

- რა შეგიძლიათ?

- თარგმნა. სანამ სიარული შემეძლო, ინგლისური ენის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. კომპიუტერი ერთმა მადლიანმა მაჩუქა და, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარება დამაკარგვინა - აგენტებმა, მდიდრები ყოფილხართ, დახმარებას ვერ დაგინიშნავთო... მაინც მადლიერი ვარ, ტექსტის აკრეფა ვისწავლე - ესეც შემიძლია, სიხარულით ავკრეფ ტექსტს, თუკი ვინმე შემიკვეთს. გიტარაზე დაკვრასაც ვასწავლიდი ბავშვებს...

- როგორი სიმღერები გაქვთ?

- ალბათ იფიქრეთ, სევდიანიო... პირიქით, სიცოცხლით სავსეა - სიყვარული მაგონდება და სიცოცხლით ტკბობა. მაგალითად, ძალიან მიყვარს "ბაკურიანი". ხომ გახსოვთ, "თეთრი რელსებით მთიდან ვეშვებით"...

და ლაშამ თვალი დახუჭა, ალბათ თხილამურებით მქროლავს ხედავდა თავს. მერე გაახილა და გაიღიმა. მის ცისფერ თვალებში იმედი გაბრწყინდა - ხომ დაწერთ, იქნებ რამე სამუშაო გამოუჩნდესო?.. და მეტი არაფერი!

დანარჩენს მე დავამატებ - ამ იმედიანი მზერის გარდა, მის ოჯახში არაფერია, ზოგჯერ არც პურის ლუკმა! დედამისს ინსულტის წამლები სჭირდება, თავად - მასაჟები, რომ სახსრები არ გაუხმეს, შვილებს - ფეხსაცმელი და პური, რომ გაიზარდონ და მამა აცოცხლონ, ამიტომაც ვწერ მის ანგარიშებს - ჩვენ ხომ მაინც მოგვცა უფალმა დიდი სიმდიდრე - ჯანმრთელი სხეული და სიკეთის კეთების უნარი!

ბილაინი 700 584

ჯეოსელი 700 584

კორსტანდარტბანკი:

მიმღების ანგარიში: 360 101 561 000 1

ბანკის კოდი: 220 10 19 45

მიმღები ინგა გელაშვილი