"წერილი მივიღე, - აღარ გაქვთ უფლება, საქართველოში დაბ­რუნდეთო" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"წერილი მივიღე, - აღარ გაქვთ უფლება, საქართველოში დაბ­რუნდეთო" (ექსკლუზივი)

რას ჰყვებოდა ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ეთერ ფაღავა - ინტერვიუ 2016 წლის არქივიდან

"ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ მყავს ჯგუფი, ვატარებ მასტერკლასებს. რომ მეკითხებიან, ამ ასაკში კიდევ როგორ ცეკვავო, ვპასუხობ, იმიტომ, რომ ქართველი ვარ-მეთქი"

"თბილისში, თეატრიდან გამოსულს, უკან უამრავი ხალხი გამომყვა. მითხრეს, - იმიტომ კი არ მოგყვებიან, რომ დიდი ბალერინა ხარ, არამედ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი რომ ხარო... ამ სიტყვების გახსენებაზე გული სიამაყით მევსება", - წერს XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავი ეთერ ფაღავა. ეთერ ფაღავა საფრანგეთიდან გვესაუბრა:

- ნოე ჟორდანია ძალიან თბილი ბაბუა იყო, ვაღმერთებდი. სულ ენატრებოდა საქართველო. ყოველ 26 მაისს ჩვენთან უამრავი ქართველი იყრიდა თავს, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, როდის დავბრუნდებით სამშობლოშიო...

საფრანგეთში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჯერ ქართული ვისწავლე და მერე ფრანგული. ლევილელ ქართველებს ფრანგული პასპორტები არ ჰქონდათ - არ სურდათ ფრანგები ყოფილიყვნენ. არადა, ქართული პასპორტით სამსახურის შოვნა ჭირდა. მათი არჩევანი ასეთი იყო და უძლებდნენ ყველა სირთულეს! ნამდვილი ქართული ბავშვობა მქონდა: ფრანგულ სკოლაში კი დავდიოდი, მაგრამ სულ "დედაენა" მეჭირა ხელში, ქართულ ცეკვებს და სიმღერებს ვსწავლობდი... მამაჩემი კარგი თამადა იყო. ქართველების შეხვედრებზე ლხინისთავად მას ირჩევდნენ. ისმოდა ქართული სადღეგრძელოები, სიმღერები...

"ნოე ჟორდანია ძალიან თბილი ბაბუა იყო, ვაღმერთებდი. ყოველ 26 მაისს ჩვენთან უამრავი ქართველი იყრიდა თავს, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობდნენ, როდის დავბრუნდებით სამშობლოშიო"

საქართველოში პირველად 1967 წელს ჩამოვედი. მაშინ ვნახე ჩემი ულამაზესი სამშობლო, ბებიაჩემი, ნათესავები... ჯერ მოსკოვში ჩავფრინდი. ძალიან დაიგვიანა თბილისის თვითმფრინავმა. აეროპორტში ქართველები იყვნენ და იმდენად გამიხარდა მათი ნახვა, ხუთი საათი ვილაპარაკეთ... თბილისში განთიადისას ჩამოვფრინდი. გავგიჟდი - იმდენი ხალხი მიცდიდა. ვახტანგ ჭაბუკიანი ყვავილებით შემეგება. მასთან ერთად იყვნენ ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლები... ბიძაჩემი, ნათესავები - ფაღავები. მაშინ 35 წლის ვიყავი.

- თბილისს როგორც ბალერინა, ისე ეწვიეთ?

- ოპერისა და ბალეტის თეატრმა მომიწვია და აქ სამი კვირა დავრჩი... თეატრში უამრავი ხალხი მოდიოდა. ცხადია, აინტერესებდათ ბალერინა ეთერ ფაღავა, მაგრამ უპირველესად ის ხიბლავდათ, რომ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ვიყავი. ვიცეკვე სპექტაკლში "ჟიზელი".

რეპეტიციაზე ქართულად რომ ვლაპარაკობდი, ყველას ძალიან უხაროდა. ჭაბუკიანი უმეტესად რუსულად საუბრობდა. ერთი მუსიკოსი გაეხუმრა, - ჩვენი გოგო გასწავლის ქართულსო... ვახტანგ ჭაბუკიანთან ერთად "ჟიზელი" რომ ვიცეკვე, დარბაზში ტაში არ ცხრებოდა. სპექტაკლის ბოლოს დიდი მადლობა გადავუხადე ყველას, ბაბუაზეც ვილაპარაკე და ჩემს საქართველოზეც... თეატრიდან რომ გამოვედი, ქუჩაში უამრავი ხალხი მომყვებოდა. მითხრეს, - ეს ხალხი იმიტომ კი არ მოგყვება, რომ დიდი ბალერინა ხარ, არამედ ნოე ჟორდანიას შვილიშვილი რომ ხარო. ეს სიტყვები რომ მახსენდება, გული სიამაყით მევსება!

- როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე?

- 1967 წელს საქართველო თავისუფალი არ იყო, მაგრამ ყველა უშიშრად მელაპარაკებოდა ნოე ჟორდანიაზე! ტელევიზიაში რომ მიმიწვიეს, წამყვანმა მკითხა, - საქართველოს რას უსურვებდითო. მინდა თავისუფალი იყოს-მეთქი, - მივუგე. ამ სიტყვების გამო ძალიან დავისაჯე - მაყურებელს დავპირდი, ისევ ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ პარიზში რომ ჩავედი, წერილი მივიღე, - აღარ გაქვთ უფლება, საქართველოში დაბრუნდეთო... 20 წელი აღარ ჩამომიშვეს სამშობლოში.

- მეორედ როდის ჩამოხვედით?

- 90-იან წლებში. ჩემთან ერთად იყვნენ ბიძაჩემი რეჯებ ჟორდანია, ჩემი მეუღლე და შვილი... მეუღლე ცნობილი ფრანგი მომღერალი იყო. მახსოვს, საქართველოში "სულიკო" ძალიან ემოციურად იმღერა. ჩემს შვილს ტარიელი ჰქვია, ქართულად არაჩვეულებრივად საუბრობს, იგი უფრო მეტად ქართველია, ვიდრე ბევრი საქართველოში გაზრდილი... იმედია, არავის ეწყინება... ახალგაზრდა აღარ ვარ, მაგრამ მყავს ჯგუფი, ვატარებ მასტერკლასებს. რომ მეკითხებიან, ამ ასაკში როგორ ცეკვავო, ვპასუხობ, იმიტომ, რომ ქართველი ვარ-მეთქი... ჩემი პატარა შვილიშვილი თეა ამბობს, ბებიაჩემი ცეკვით დაიბადა და ამ ქვეყნიდანაც ცეკვით წავაო...

- უდიდესმა ქართველმა ქორეოგრაფმა ჯორჯ ბალანჩინმა გამოგარჩიათ...

- 12 წლისა უკვე დიდ სცენაზე ვიყავი, 15 წლისა კი - პრიმაბალერინა. ბალანჩინმა პირველად რომ მნახა, არ იცოდა, ქართველი თუ ვიყავი. დიდ საპრემიერო სპექტაკლს დგამდა და ბალერინას არჩევდა მთავარი პარტიისთვის. ჩვენს რეპეტიციას დაესწრო. რეპეტიციის შემდეგ შემატყობინეს, რომ მე ამირჩია. იმდენად გამიხარდა, ლამის გავგიჟდი... ჩემს სიცოცხლეში ძალიან ბევრი მიცეკვია, მაგრამ საუკეთესო გამოსვლა ბალანჩინის ბალეტში იყო! ორივე რომ ქართველი ვიყავით, ეს ძალას მაძლევდა, კარგად რომ მეცეკვა! მასაც უხაროდა, ქართველი რომ აღმოვჩნდი. რატომღაც ქართულად არ მესაუბრებოდა. მე 15 წლის ვიყავი, ის 40-ის. ძალიან მერიდებოდა მისი, როგორც უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნებისა.

- ბალანჩინთან ცეკვავდა კიდევ ერთი ქართველი - თამარ თუმანიშვილი... ერთმანეთს შეხვედრიხართ?

- თუმანიშვილიც ცეკვავდა იმ ბალეტში, რომელშიც მე მთავარი პარტია ვიცეკვე... ის ჩემზე უფროსი იყო. მასზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ იგი არ მიცნობდა...

ქართველები განსაკუთრებული ხალხი ვართ! საფრანგეთში მინახავს კოკო შანელის ქართველი მოდელები - მერი შერვაშიძე, მელიტა ჩოლოყაშვილი ქართველების დიდ შეხვედრებზე - 26 მაისს, შობას, აღდგომას.

- თქვენი დღევანდელობა როგორია?

- საერთო ფონზე საფრანგეთში ცხოვრება შედარებით უკეთესია. თუმცა კულტურას ყველა ქვეყანაში ნაკლები ყურადღება ექცევა. როცა კრიზისი ჩნდება, კულტურა იჩაგრება... სულ უნდა იბრძოლო, გასტროლები რომ გქონდეს, მოცეკვავეების გასამრჯელო იშოვო...

ნინო ანანიაშვილი იყო პარიზში. ძალიან მომეწონა მისი ცეკვა... მინდა თბილისში მასტერკლასები ჩავატარო, თეატრში სპექტაკლი დავდგა...

ეთერ ფაღავა

XX საუკუნის ფრანგული ბალეტის ვარსკვლავის, ეთერ ფაღავას შესახებ ლონდონში გამოცემულ საბალეტო ლექსიკონში ვკითხულობთ: "ეთერ ფაღავა უკანასკნელი ომის დროს გამოჩნდა, როგორც არაჩვეულებრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი და მაშინვე გახდა ვარსკვლავი... 13 წლისა სენსაციას იწვევდა, როცა ასრულებდა პატარა აკრობატის როლს ბალეტ "ოინბაზებში"... 15 წლის ეთერის მიერ თავისებურად შესრულებული"მთვარეული"(ბელინის და ბალანჩინის ბალეტი) და ჯულიეტა (ჩაიკოვსკის და იფარის ბალეტი "რომეო და ჯულიეტა") მარკიზ დე კუევას დადგმებში სამარადისოდ დაუვიწყარი დარჩა... ბელინის მუსიკის საფუძველზე 1948 წელს ჯ. ბალანჩინის მიერ დადგმულ "სომნამბულში" ეთერ ფაღავას ხელოვნებამ საყოველთაო აღტაცება გამოიწვია... ამის შემდეგ ეთერ ფაღავა მიიწვიეს პარიზის "გრანდ-ოპერაში", რასაც მოჰყვა გასტროლები მილანის "ლა-სკალაში"; ერთხანს ეთერ ფაღავა ამსტერდამის ოპერის ნაციონალური ბალეტის პრიმა-ბალერინა იყო.

მანანა გაბრიჭიძე