შვილის მკვლელობისთვის - მოსაფიქრებლად 5 დღე - კვირის პალიტრა

შვილის მკვლელობისთვის - მოსაფიქრებლად 5 დღე

რუსთავის სამშობიაროში სასულიერო პირები მორიგეობენ, რათა ქალებს აბორტის გაკეთება გადააფიქრებინონ!

საქართველოში შობადობა თანდათან იკლებს. აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, პარლამენტში კანონის ინიცირებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში აბორტი აიკრძალება. თუმცა ამას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ამბობენ, თუ აბორტს ავკრძალავთ, ის იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რამაც, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოიტანოს და არაკვალიფიციური მომსახურების გამო ქალების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.

აბორტი მკვლელობაა, რომელიც არ ისჯება - ჩვენს ქვეყანაში კანონი არ ითვალისწინებს არანაირ სასჯელს. რუსთავის სამშობიარო სახლის სააბორტოს მოსაცდელში თითქმის ყოველდღე შეხვდებით მოძღვრებს, ისინი რუსთავის სხვადასხვა ეკლესიიდან მორიგეობით მიდიან - სააბორტოსთან მსხდომ ქალებს ესაუბრებიან და ცდილობენ, შვილის მკვლელობა გადააფიქრებინონ. ამის შემდეგ, ექიმები დედას აბორტის მავნებლობაზე ელაპარაკებიან, უხსნიან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ პროცედურას და 5 დღეს აძლევენ მოსაფიქრებლად.

მოსაცდელში რამდენიმე ქალი ზის. მათ შორის, 2 აზერბაიჯანელია. მუსლიმანები მართლმადიდებელ სასულიერო პირთან კონტაქტს, როგორც წესი, თავს არიდებენ ხოლმე. თუმცა ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, რომ მუსლიმანი ქალი, რომელმაც ქართული იცოდა, დაინტერესდა, რაზე ესაუბრებოდა მოძღვარი ქალს - შემდეგ კითხვები დაუსვამს მისთვის და სააბორტოს მოსაცდელი დაუტოვებია.

ზოგიერთი ქალი მოძღვარს თავიდანვე უარს ეუბნება გასაუბრებაზე. როგორც ჩანს, შიშობს, არ გადაიფიქროს ან სინდისის ქენჯნას გაურბის. ზოგი ზრდილობის გამო უსმენს, შემდეგ გაერიდება და ექიმს ეხვეწება, ნუ გადაუდებს 5 დღით პროცედურას, მაგრამ ექიმები შეუვალნი არიან.

სამშობიარო სახლის სააბორტოს მოსაცდელში მსხდომთ ვკითხე, რა იყო მიზეზი, რის გამოც აბორტის გაკეთება გადაწყვიტეს.

- უმუშევრობა, უსახსრობა, სიღარიბე, - ასეთი პასუხები მივიღე. სხვა არგუმენტი არ მომისმენია.

გამოდის, კანონის დონეზე აკრძალვა კი არა, ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ყოფილა აბორტთან ბრძოლის მეთოდი.

- გადაიფიქრეთ შვილის მოკვლა? - ვეკითხები ერთს.

- არ ვიცი, მოვიფიქრებ ამ 5 დღეში.

- არა, არ გადავიფიქრე. თქვენ გგონიათ, მაგაზე ნაფიქრი არ მქონდა, სანამ აქ მოვიდოდი? მაგრამ სხვა გამოსავალი არა მაქვს - დარცხვენით მეუბნება მეორე.

- გადავიფიქრე. მამაოს თხოვნითა და ღვთის წყალობით. აქ რომ მოვდიოდი, ფეხები უკან მრჩებოდა, ახლა კი გადავწყვიტე - გავაჩენ! ღვთის მოცემულს ღმერთი გაზრდის, - მითხრა ქალბატონმა და სამშობიარო სახლი სასწრაფოდ დატოვა...

ზოგიერთი მოძღვართან საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს და როგორც უნდა გაგიკვირდეთ, სწორედ ისინი არიან შეუვალნი. ამბობენ, რომ 5 დღის მერე აუცილებლად დაბრუნდებიან. ჩემს კითხვაზე ვრცლად პასუხის გაცემა მხოლოდ ერთმა ქალმა ინება.

- ვამბობდი, ამ გასაჭირში რა დროს შვილია-მეთქი, თანაც, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას ვაპირებ და ახლა არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. მოძღვართან გასაუბრების შემდეგ დავფიქრდი. მანამდეც კარგად ვიცოდი, რას ნიშნავს აბორტი, ვიცი, რომ ეს მკვლელობა ამქვეყნადაა დაუსჯელი, თორემ იმ ქვეყნად პასუხს მომთხოვს უფალი. ვიდეოც მაქვს ნანახი, როგორ აკეთებს ექიმი აბორტს და მიტირია, მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დგები, ძნელია, გააჩინო ბავშვი და აღზარდო ისეთ პირობებში, როგორშიც მე ვცხოვრობ. ფაქტობრივად, შიმშილისთვის უნდა გავწირო უკვე გაჩენილი 2 შვილი. ახლა კი ვფიქრობ, ამ ბავშვს დავიტოვებ. როცა სამშობიარო სახლში მივდიოდი, მეგონა, უფრო იმედისმომცემი სურათი დამხვდებოდა. შევცდი: 5 ქალიდან მხოლოდ ორმა გადაიფიქრა აბორტის გაკეთება. მერე რა, რომ გაუჭირდებათ მისი გაზრდა, ლუკმას ერთი შვილით მეტს გაუნაწილებენ!

არადა, დღეში თუნდაც ერთი გადარჩენილი სიცოცხლე რად ღირს?

ქვეყნები, სადაც აბორტი იკრძალება

არის ქვეყნები, სადაც აბორტი აკრძალულია, თუნდაც ბავშვი ჩასახული იყოს ძალადობის შედეგად ან ნაყოფს ჰქონდეს ანომალია. ამ ქვეყნებში აბორტი მკვლელობად მიიჩნევა და ბევრგან დედასა და ექიმს, რომლებიც ბავშვს მოსაკლავად გაიმეტებენ, სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ასეთი ქვეყნებია: ანგოლა, ავღანეთი, ბანგლადეში, ვენესუელა, ჰონდურასი, ეგვიპტე, ინდონეზია, ერაყი, ირანი, ირლანდია, იემენი, კოლუმბია, ლიბანი, ლიბია, მავრიტანია, მალი, ნეპალი, ნიკარაგუა, ომანი, პარაგვაი, პაპუა-ახალი გვინეა, სალვადორი, სირია, ჩილე და ფილიპინები.

მარი ჯაფარიძე