სოსოს "ბიჭები" ანუ ამბავი კეთილი კაცისა და ოთხი ბელისა... - კვირის პალიტრა

სოსოს "ბიჭები" ანუ ამბავი კეთილი კაცისა და ოთხი ბელისა...

"ბალუ და ბუბუ მე მიმიჩნევენ დედად და მხოლოდ ბოლო ერთი წელია, ჩვენი განშორებისას აღარ ტირიან. 15 წუთი განუწყვეტლივ ბღაოდნენ, მეძახდნენ. უნდა ნახოთ, როგორ მეფერებიან, მლოკავენ, მიხუტებენ. მათ მხოლოდ ორ რამეზე მოსდით ჩხუბი, ჩემს ალერსსა და თაფლზე"

ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭის განყოფილების თანამშრომლებმა დათვის ბელი გადაარჩინეს, რომელიც ონის რაიონის სოფელ გლოლაში მდინარე ჭანჭახს მოჰქონდა. ტალღებსა და ლოდებთან ბრძოლაში ბელს უკანა მარცხენა კიდური დაზიანებოდა... ბელი თბილისში კი გადმოიყვანეს, მაგრამ რომ არა საოცარი ადამიანი, ცოცხალი აღარ იქნებოდა. 13 ივნისის წყალდიდობას გადარჩენილი დათვები ზოოპარკში ვოლიერების უქონლობის გამო, სხვაგან გადაიყვანეს, ამიტომ ეს ბელიც ზოოპარკმა ვერ შეიფარა. არც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა მიიღო.

გადავწყვიტე ბელის მომვლელი მომეძებნა და რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ საოცარ ადამიანს, სოსო ჯიქურიშვილს მივადექი. სოსო მარჯანიშვილის თეატრის ადმინისტრაციაში მუშაობს. იმდენად მცირე ხელფასი აქვს, რომ თვის განმავლობაში ერთი დათვის მოვლასაც არ ეყოფა, მას კი უკვე ოთხი ჰყავს. ყველაფერი კი ასე დაიწყო: ექვსი წლის წინ დასავლეთ საქართველოდან მეგობრებთან ერთად თბილისში ბრუნდებოდა. რიკოთამდე გზად, სოფელ ვერტყვიჭალაში შეიარეს მეგობრის ნათესავთან.

სოსო ჯიქურიშვილი: - ქუჩაში ბავშვები დაათრევდნენ დათვის ბელებს. სულ რაღაც ორი კვირისანი იქნებოდნენ. ვიფიქრე, ბავშვებისგან დავიხსნი და თბილისში ზოოპარკს ჩავაბარებ-მეთქი. გულდამშვიდებულმა წამოვიყვანე, მაგრამ ზოოპარკის ადმინისტრაციაში უარი მითხრეს, იმდენად პატარები არიან, ვერ გადარჩებიანო. რა უნდა მექნა, წამოვიყვანე... ბალუს და ბუბუს საწოვარათი საათობრივად ვკვებავდი. ცოტა რომ მომაგრდნენ, ისე დამდევდნენ, როგორც დედას. რომ წამოიზარდნენ, ქალაქგარეთ ვიქირავე სახლი და მიწა, იქ დავაბინავე და მომვლელიც მივუჩინე. მათ მოგვიანებით კიდევ ერთი დათვი შეემატათ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზუგდიდში მოქალაქეს უმძიმეს პირობებში მყოფი დათვი ჩამოართვა. დათვს ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ ამყოფებდნენ, ორი წლის განმავლობაში არც გაუვლია და არც დაწოლილა. საბრალო წამოვიყვანე და ახლა სამივე ბედნიერად ცხოვრობს.

დუჩი ძირითადად იმალება, ვერ გაუგია, სად მოხვდა და რატომ ვერ ხედავს დედას

- გარემოს დაცვის სამინისტროში მითხრეს, რომ დათვები სახელმწიფოს ბალანსზეა, გეხმარებიან მოვლაში?

- მათ ქონებად ითვლება, მაგრამ არავინ მეხმარება. ისურვეს, რომ როგორმე დათვები ოფიციალურად დაერეგისტრირებინათ და რახან ფიზიკურ პირზე ვერ ხერხდებოდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ზოოლოგიური ცენტრი" შევქმენი.

დათვები აბარია ჩემს ორგანიზაციას და ეკუთვნის სახელმწიფოს, რომელიც დახმარებაზე არც კი ფიქრობს, მხოლოდ კერძო პირებს მოაქვთ თევზი, ხილი და ბოსტნეული. სამწუხაროა, რომ სათანადოდ არ ისჯებიან ის ადამიანები, ვინც დათვების წამების გამო მართლა დასასჯელია. კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" ჰყავდათ პატარა ბელი, არ იცოდნენ, როგორ მოევლოთ და მოუკვდათ.

ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა საოცარი ცხოველია დათვი, როგორი სიყვარული შეუძლია, ტყვიას არ დაუმიზნებდნენ. ის ერთადერთი ცხოველია, რომელიც ყველაზე დიდხანს, 4 წლამდე რჩება დედის კალთას გამოკერებული. ჩემი ბალუ და ბუბუ მე მიმიჩნევენ დედად და მხოლოდ ბოლო ერთი წელია, ჩემთან განშორებისას აღარ ტირიან. 15 წუთი განუწყვეტლივ ბღაოდნენ, მეძახდნენ. უნდა ნახოთ, როგორ მეფერებიან, მლოკავენ, გულში მიხუტებენ. ბუბუსა და ბალუს მხოლოდ ორ რამეზე მოსდით ჩხუბი, ჩემს ალერსსა და თაფლზე.

მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა, მაგრამ მე ვერ შევუვსებ იმ დანაკლისს, რასაც ველურ გარემოსთან სიშორის გამო განიცდიან. თუმცა, არც ვიცი, განიცდიან კი? იციან, რას ნიშნავს ველური გარემო? ერთხელ გამოვუშვი, შორს წასვლა არც უფიქრიათ, ვოლიერებთან დახეტიალებდნენ. ვიღაცას დაუნახავს და პატრული გამოიძახა. მას მერე გარეთ აღარ ვუშვებ, არადა, დიდი ფართობი სჭირდებათ. მათ გამო ქალაქგარეთ მიწა ვიყიდე და სახლს ვიშენებ. ოთხი დათვი მყავს, მეტის მოვლას ვერ შევძლებ, მაგრამ არ ვიცი, ხვალაც ბელით რომ მომადგეს ვინმე, როგორ ვუთხრა უარი, როდესაც ვიცი, რომ დათვებს საქართველოში პატრონი არ ჰყავთ.

რამდენ წელს ცხოვრობს დათვი?

თეთრი დათვი 30 წლამდე ცოცხლობს, მურა დათვი - 45 წელზე მეტს. საქართველოში გვხვდება მურა დათვი, რომელიც შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. მისი წონა 480 კგ-ს აღწევს.

მართალია, დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და, ძირითადად, მცენარეებით იკვებება.