კაცი, რომელსაც სახლში ნიანგი ჰყავს
09-05-2016
კაცი, რომელსაც სახლში ნიანგი ჰყავს
შოთა ზანდუკელი: "მყავს მექსიკური კონსტრიქტორი, სამეფო ბოა, მახრჩობელა, რომელიც 3.5 მ-მდე იზრდება. ეს სახეობა აგრესიული
არ არის"

"ჩემი ნიანგი ერთი წლისაა. ამ ასაკში დედასთან ერთად უნდა იყოს, ამიტომ თუ საფრთხეს გრძნობს, განსაკუთრებულ ხმას გამოსცემს, რითაც დედას დასახმარებლად იხმობს..."


ბავშვობაში ყველას სხვადასხვა გატაცება გვქონდა. როგორც ბიჭების უმრავლესობა, მე საღეჭი რეზინების "ნაკლეიკებს" ვაგროვებდი. ძველი მაცივრის კარს ახლაც ეტყობა ჩემი და ჩემი ძმის ონავრობის კვალი... 29 წლის შოთა ზანდუკელის ბავშვური გატაცებები კი სრულიად
განსხვავებული ყოფილა. როცა მისი თანატოლები ნაყინს ყიდულობდნენ, ის მშობლების მიცემულ ფულს აგროვებდა და ცხოველებს ყიდულობდა. შოთა პროფესიით ეკონომისტია, ამჟამად თბილისის მერიის ცხოველთა დაცვის სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტში ქვეწარმავლების სპეციალისტად მუშა­ობს. წლებია, სახლში რამდენიმე­ სახეობის გველი ჰყავს, ერთი წლის წინ კი მის ტერარიუმს ახალი­ ბინადარი, ნიანგი შეემატა.­
უნიკალური ჯიშის ქვეწარმავალი, სიამის ნიანგი, რომელიც საქართველოს ზოოპარკსაც არ ჰყავს,­ უცხოელისგან შეიძინა.

შოთა ზანდუკელი:
- ჩემი ოცნება იყო, მყოლოდა შხამიანი ქვეწარმავლები, განსაკუთრებით - ნიანგი. 7 წლისა მოსკოვის ზოოპარკში ვიყავი მამასთან­ ერთად და იქაურობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სახლში უკვე მყავდა მორიელები, ხვლიკები... 9 წლისამ ლისის ტბის მიმდებარედ გველი ვიპოვე და დავიჭირე. 13 წლისას შხამიანი გველიც­ მყავდა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეგზოტიკურ ცხოველებთან ურთიერთობა. გავიგე, რომ სარფში ერთი კაცი ყიდდა ნიანგს. არ ვიცი, როგორ მოხვდა ჩვენს ქვეყანაში­ - გამყიდველი არაბი იყო. ეს არის სიამის ნიანგი, უნიკალური და იშვიათი სახეობა.­ მსოფლიოში ძალიან ცოტაა. ერთი წელია, რაც სახლში მყავს. ახლა სიგრძით 50 სმ-ია, ისე, დედალი 2.5 მ-მდე იზრდება, ხოლო მამალი - 3 მ-მდე. ჩემი ნიანგი დედალია. სანამ პატარაა, სახლში მყავს, რომ გაიზრდება, ეზოში აუზს ავუშენებ. ერთი წლის განმავლობაში 7 სმ მოიმატა.

- რით იკვებება ნიანგი?

- ძირითადად, ხორცით. ფრინველისა და ცხოველის ხორცის სახეობებს ვურჩევ, ხშირად - თევზსაც, რა თქმა უნდა, უმს.

- ძნელია მოვლა?

- ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ კბილები ძალიან ბასრი აქვს. ქცევა დამოკიდებულია პირობებზეც. უნდა ჰქონდეს ხმელეთის ნაწილი, წითელი შუქი, ტემპერატურა, აუზი. ჩემი ნიანგი ერთი წლისაა. ამ ასაკში დედასთან ერთად უნდა იყოს, ამიტომ თუ საფრთხეს გრძნობს, განსაკუთრებულ ხმას გამოსცემს, რითაც დედას დასახმარებლად იხმობს. ძირითად დროს წყალში ატარებს.­

- რას ამბობენ ახლობლები, როცა იგებენ, რომ სახლში ნიანგი გყავთ?

- პატარა ვიყავი, როცა სახლში გველები მოვიყვანე. ერთი გამექცა და სამეზობლოში დიდი აურზაური ატყდა. ყველას აკვირვებს ჩემი ჰობი, მაგრამ ეგუებიან.

- რას იტყვით მოსაზრებაზე, რომ ცხოველები ჩაკეტილ სივრცეში, ზოოპარკში არ უნდა იყვნენ...

- ზოოპარკი ცხოველთა ინდივიდებს გადაშენებისგან იცავს. გალიები კი არ მომწონს - ცხოველები პატარა სივ­რცეში არ უნდა იყვნენ. ყველა სახეობას შესაბამისი გარემო სჭირდება.

- თვის განმავლობაში დაახლოებით რა თანხაა საჭირო ნიანგის მოსავლელად?
- ახლა თვეში 100 ლარი საკმარისია. რომ გაიზრდება, მეტი დასჭირდება. გიგანტური ზომის ორი გველიც მყავს­ და ქართული შხამიანი გიურზაც... მყავს მექსიკური კონსტრიქტორი, სამეფო ბოა, მახრჩობელა, რომელიც 3.5 მ-მდე იზრდება. ეს სახეობა აგრესიული არ არის.
ხშირად უკითხავთ, რა განსხვავებაა­ ნიანგსა და გველებს შორისო? გველი ნიანგზე უკეთესი მონადირეა. ნიანგი წყალში მსხვერპლს ელოდება, გველი კი უფრო სიცოცხლისუნარიანი და მოქნილია. 19-20 წლის ვიყავი, როცა ცხვირ­რქოსანმა გველგესლამ მიკბინა, თუმცა, ჩემი ბრალი იყო: ვიცოდი, რომ მისი შხამი მომა­კვდინებელი არ იქნებოდა და არასწორად დავიჭირე.

- დაოჯახებული ხართ?
- შეყვარებული მყავს და მას მოსწონს ცხოველებისადმი ჩემი დამოკიდებულება.

"მიწოლით ვცდილობდით ბეგლარის ადგილიდან დაძვრას"

შარშან, 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გამოქცეული"ბეჰემოთი ბეგლარი მსოფლიომ გაიცნო... ის სწორედ შოთასა და ზოოპარკის ვეტერინარის დახმარებით დაუბრუნდა ვოლიერს.

შოთა ზანდუკელი: - ბეჰემოთი ძალიან აგრესიული ცხოველია და თავდაპირველად გადავწყვიტეთ, დაგვეძინებინა და ევაკუატორით გადაგვეყვანა უსაფრთხო ადგილას, მაგრამ სტიქიის გამო ორჯერ დაძინებულ ბეჰემოთამდე ევაკუატორის მიყვანა ვერ მოხერხდა, მესამედ დაძინება კი ცხოველისთვის სახიფათო იყო. იძულებული გავხდით, სხვა გზა მოგვეძებნა. წამლით გაბრუებული ბეჰემოთი, საბედნიეროდ, აგრესიული აღარ იყო, თუმცა, მისი დაძვრა ძალიან გაგვიჭირდა. უამრავი ადამიანი მიწოლით ვცდილობდით მის გადაყვანას. მთავარი იყო, არ დამჯდარიყო. როგორც იქნა, ზოოპარკში შევიყვანეთ, მაგრამ ტერარიუმის წინ დაწვა, ორსაათიანი ძილის შემდეგ კი თავისით შევიდა ტერარიუმში. სტიქიის დროს ნიანგი ზოოპარკის ვეტექიმთან ერთად ამოვიყვანე და ტერარიუმში ჩავსვი. ძალიან რთულია, როდესაც ნიანგს ათავსებ აუზში და ხელს უშვებ - ეს მომენტი განსაკუთრებით საშიშია. რაკი ამ სახეობასთან ურთიერთობის გამოცდილება მქონდა, ტერარიუმში მისი ჩასმაც მე ვითავე... ზოოპარკში არაჩვეულებრივი სპეციალისტები არიან. მათ ყველაფერი გააკეთეს ცხოველების გადასარჩენად. მიხარია, რომ მათი დახმარება მეც შევძელი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

luxo
24 მაისი 2016 09:26
umjobesia cxovelebis daxocva, vidre maTi damSeva, radgan მშივრები - mSieri adamianebiviT, ufro saSiSni xdebian.
ცირა
18 მაისი 2016 19:05
დიდი გამბედაობაა.ადგილზე გავიყინეეეე.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები