"ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე, ომში 17 წლისა გავეპარე..."- 97 წლის ვეტერანის ნააობობი კაცობრიობის ყველაზე სასტიკ ბრძოლაზე - კვირის პალიტრა

"ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე, ომში 17 წლისა გავეპარე..."- 97 წლის ვეტერანის ნააობობი კაცობრიობის ყველაზე სასტიკ ბრძოლაზე

"იყო დღეები, როცა რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია..."

"59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"

9 მაისს ფაშიზმის დამარცხებიდან 74-ე წელი გავიდა. ამ ომში საბჭოთა სახელმწიფომ 20 მილიონი კაცი დაკარგა. მათგან 300 000 ქართველი იყო. დაახლოებით მილიონ-ნახევარი სტალინგრადისთვის მოკვდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა შორენა სიხარულიძემ "ფეისბუკის" პირად გვერდზე სტალინგრადის ბრძოლის ვეტერანითან, 97 წლის ტარას იჩქიტიძესთან ერთად გადაღებული ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:

"...ძალიან უხაროდა! ახალგაზრდა თაობას არ ვავიწყდებითო.. 97 წლის ვარ, განა სიცოცხლით ვერ ვძღები, მაგრამ ისე არ მინდა, გავიდე ამ ქვეყნიდან, საქართველო გამთლიანებული არ ვნახოო! აფხაზეთის ომის დროს, 70 -  ზე მეტი წლის იყო და იხვეწებოდა, გამიშვით, მე ფაშისტებთან ომის გამოცდილება მაქვსო.. ისევ მე მომხვდეს ტყვია და თქვენ, ახალგაზრდები დარჩით, ერი ამრავლეთო...97 წლისაა და დღეს აქეთ დამირეკა, დილას, 8-ის ნახევარზე -  მე უკვე მზად ვარ და წავიდეთო...შარშან მიზანში სროლაში ჩემპიონატი ჩატარდა და მეორე ადგილი აიღო!!!30 წლის ბიჭებს აჯობა.

დიდ ხანს იცოცხლე, ტარასი ბაბუა... მინდა, გაისადაც ასე ხელჩაკიდებულებმა გავიაროთ გზა 9 მაისს, უცნობი ჯარისკაცის საფლავამდე!

ეს შენი, თქვენი - უმაგრესი ბიჭების და გოგოების გამარჯვების დღეა! გილოცავთ!.. მიყვარხართ"- წერს შორენა სიხარულიძე.

გთვაზობთ არიქვიდან 97 წლის ვეტერანის ნააობობს,  კაცობრიობის ყველაზე სასტიკ ბრძოლაზე...

სტალინგრადის ბრძოლის ვეტერანის ტარას იჩქიტიძის წერილმა, "ჩვენ ცოცხლები ვართ", ცრემლი მოგვგვარა.

- რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვფიქრობ დედაჩემზე, ომში 17 წლისა გავეპარე... ომი ომია, მაგრამ სტალინგრადი, ამ ომის ნამდვილი სასაკლაო იყო. ამ ქალაქისთვის 2 მილიონი კაცი იბრძოდა. სტალინმა და ჰიტლერმა ამ ქალაქში ლამის მთელი ტექნიკა და ცოცხალი ძალა გადაისროლეს, რადგან სტალინგრადს ვინც მოიგებდა, გამარჯვებაც მისი იყო. ქალაქში მდინარე ვოლგით გადაგვიყვანეს. ვოლგა ყინულით იყო დაფარული. დაბომბვისას ყინულის ნამსხვრევები კატერებს ეჯახებოდა და ძირავდა. ერთი ასეთი ნატეხი ჩვენს კატერსაც დაეჯახა... ბიჭები წყალში ნაფოტებივით ცვიოდნენ და მათი ამომყვანი არავინ იყო. გემბანზე გავწექი და კატერის კიდეს ფეხი მივაჭირე. ამან გადამარჩინა - კატერიდან არ გადავვარდი. ნაპირზე არავინ დაგვხვედრია. ეს იმას ნიშნავდა, რომ სტალინგრადის ფრონტი ჯერ კიდევ არ იყო კარგად ორგანიზებული... ერთხელაც მეთაურმა შაშხანა გამასროლინა და ყველა მიზანში მოვარტყი; ასე გავხდი სნაიპერი. ბავშვობის ამბავი იყო - ჩიტებს შურდულით კენჭს არასოდეს ვაცდენდი. ჩვენი შენაერთი 62-ე არმიას შეუერთდა. ეს არმია ქალაქის ყველაზე თავზე ხელაღებულ დამცველად ითვლებოდა.

სტალინმა იმიტომ მოინდომა მოსახლეობის ყოფნა ქალაქში, რომ ეს ჯარს საბრძოლველად აანთებდა... ხალხს უყვარდა თავისი ქალაქი და თავად უნდოდა, დაეცვა. სტალინგრადელი გოგონებისთვის პოლკის შექმნა არავის უბრძანებია, მაგრამ მათ ქალების პოლკი შექმნეს! გერმანელების პირველი დარტყმისას სწორედ ეს პოლკი განადგურდა, - გამოუცდელი გოგოები კბილებამდე შეიარაღებულ გერმანელ ჯარისკაცებს რას გაუძლებდნენ. იქ არავის ასწავლიდნენ თავდადებას, თავად იცოდნენ, თავი რატომ უნდა დაედოთ, - სტალინგრადში 3-ჯერ დავიჭერი და ერთი დაჭრისას მოწყალების დამ ციგაზე მიკრული მთელი ღამე, 8 საათი მატარა დაბომბვებში, ვიდრე საოპერაციო ადგილამდე მიმიყვანდა, მერე კი უკან გაბრუნდა. ვინ იცის, გადარჩა თუ არა...

ეს ომი რკინისებურმა წესრიგმა მოიგო. ეს დისციპლინა არავის ინდობდა. როცა უკრაინა გერმანელებმა დაიპყრეს, სამხედრო ჰოსპიტლის ავადმყოფებს ხელი არ ახლეს, მაგრამ ექიმებს მოსთხოვეს, გაეცათ საბჭოთა პილოტი, რომელსაც 4 თვე ეძებდნენ. მათ დაჭრილების გადასარჩენად, ჩანს, ეს გააკეთეს. მე რომ მივედი, ამ საავადმყოფოს 2 ექიმი საბჭოთა ჯარისკაცებს დასახვრეტად გაჰყავდათ. ერთმა დამინახა, ქართველი ყოფილა და მეც რომ ქართველად შემიცნო, მომაძახა, - მიშველე, ძამიკოო, მაგრამ... ვერ ვუშველე.

- სნაიპერი იყავით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მისია გქონიათ...

- 59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული. რომ გადავრჩენილიყავით, უნდა დაგვეხოცა... საცეცხლე წერტილები დაბომბილ შენობებში გვქონდა. ამიტომაც უწოდეს სტალინგრადის ფრონტს გერმანელებმა "ვირთხების ომი", რომელიც სამარცხვინოდ წააგეს - სტალინგრადის ბრძოლის დამთავრებისას საბჭოთა არმიას ტყვედ 800 000 გერმანელი ჩაჰბარდა. აქედან 24 გენერალი იყო.

- ამბობენ, ამ სასტიკი ომის დროს ალყაშემორტყმულ ქალაქებში კანიბალიზმი არცთუ იშვიათი შემთხვევა იყო.

- მე კანიბალიზმზე ვერ ვილაპარაკებ, თუმცა იყო დღეები, როცა ჯარისკაცებსაც არაფერი გვქონდა და რაც მოგვხვდებოდა, იმას ვჭამდით. ისე, როცა სადმე გუბიდან ამიღია წყალი, მას ადამიანის სისხლი ამოჰყოლია... აი, ამ უბედურებას გადავურჩი. გადარჩა ჩემი ტყუპი ძმაც, რომლებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ამ ომში დაიღუპა დედაჩემიც - მე ასე ვთვლი, რადგან ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი 54 წლის დედა არ მოკვდებოდა. ომში გაპარვიდან 9 თვის შემდეგ, სტალინგრადიდან მივწერე წერილი, - ნუ გეშინია, ცოცხალი ვარ და ვიბრძვი-მეთქი. ეს რომ წაუკითხავს, ეზოში სკამზე მჯდარა, გადავარდნილა და რამდენიმე წუთში დაულევია სული. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა, - შვილო, ბოდიშს გიხდი, რომ ვეღარ გელოდებიო...

ეთერ ერაძე "59 გერმანელი სნაიპერი მყავს მოკლული"