"რა გატირებს, დედა, არ მოვმკვდარვარო და..." - კვირის პალიტრა

"რა გატირებს, დედა, არ მოვმკვდარვარო და..."

"ჩვენი პატრიარქის დახმარებით გამოიტანეს ცხედრები, მიშიკო 14 აგვისტოს სახლში მომისვენეს"

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას 17 სამხედრო დაიღუპა, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში შინდისის გმირების სახელით შევიდნენ. მათ შორის იყო 22 წლის ვანელი მიშიკო დვალიშვილი სოფელ ზედა მუქედიდან.

"მიშიკო და მისი თანამებრძოლები სანთლად უნთია სამშობლოს და ამით ამაყი ვარ", - ამბობს მიშიკოს მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი დავით დვალიშვილი:

- 1992 წელს დავიწყე გვარდიაში სამსახური, 93-ში კი ქუთაისის 21-ე ბრიგადასთან ერთად სამშვიდობო მისიით წავედი აფხაზეთში. ეს იყო ხანგრძლივი ომი... ყველაზე საშინელი სურათი კინდღში ვნახე, აფეთქებულ ხიდზე დაჭრილებს უმოწყალოდ ცხრილავდნენ, ხეზე ჩამოკიდებული დედა და ჩვილიც მინახავს, მანქანაში დამწვარი ცხედრებიც.

ომში მეტსახელად მუჭო შემარქვეს. მეგრელი თანამებრძოლი გვყავდა, ჯოჯოს ეძახდნენ და აფხაზების თავდასხმის დროს, მეგრულად მივმართე, ჯოჯო, სად ხარ, მუჭო სკანე, აფხაზები მოდიან, მაგენის ასე და ისე-მეთქი. მას მერე მუჭო შემარქვეს. სოხუმის დაცემამდე აფხაზეთი არ დამიტოვებია. შევარდნაძის ბრძანებით გამოიყვანეს ჩვენი ჯარი აფხაზეთიდან. პოლიტიკოსებისთვის არ ვიცი, რა იყო ის ომი, მე ერისა და ქვეყნის წინაშე პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი. სწორედ იმ წელს, 1993-ში წავიდა ჩემი მიშიკო სკოლაში.

ტელეფონში აფეთქების ხმა გავიგონეთ

მიშიკო სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გაიწვიეს, 2007 წელს საკონტრაქტო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში ჩაირიცხა. მიშიკოს ნაწილი ცხინვალში თუ იყო, არ ვიცოდი. 10 აგვისტოს გამიმხილა, ცხინვალში ვარ, ტყეში, ქალაქს რუსები ბომბავენო. 11-ში დილას დავურეკე, მითხრა, სამშვიდობოს გამოვდივართო და დავპირდი, სახლში მივალ და დედას დაგალაპარაკებ-მეთქი. 3 საათზე მართლაც დავურეკეთ, ტელეფონში აფეთქების ხმა გავიგონეთ, მეუღლეს ცრემლი წასკდა, მიშიკომ: რა იყო, დედა, კი არ მოვმკვდარვარ, რა გატირებსო. ამის მერე ტელეფონი გაითიშა. ეს იყო ჩვენს შვილთან უკანასკნელი საუბარი.

ჩვენი პატრიარქის დახმარებით გამოიტანეს ცხედრები, მიშიკო 14 აგვისტოს შინ მომისვენეს... 40 დღე რომ გავიდა, შინდისში ჩავედი, იქაურებმა მითხრეს: რკინიგზასთან რუსები იყვნენ ჩასაფრებული. როცა სოფელში ბიჭები შემოვიდნენ, რუსებმა ცეცხლი გაუხსნესო. პირველ მანქანაზე 5 ბიჭი გარდაცვლილა. მათ უკან კიდევ ორი პიკაპი მოჰყვებოდა. მეორეში მიშიკო მჯდარა.

სროლა საათზე მეტხანს გაგრძელებულა. ბიჭებს ტყვიები გამოლევიათ, ამასობაში რუსებს დამხმარე ძალა გამოუძახიათ და 12 ბიჭი ალყაში მოუქცევიათ... ბოლომდე იბრძოდნენ, მხოლოდ ონიანი გადარჩა, მას "მამაო ჩვენო" წარმოუთქვამს, არ ჩაგბარდებითო და თავი აუფეთქებია.

ერთი შვილი სამშობლოს შევწირე, მეორე - ღმერთს

- ორი შვილი მყავს, ერთი სამშობლოს შევწირე, მეორე ღმერთს - ჩემი ქალიშვილი, თეკლა ბაღდათის დედათა მონასტერში წავიდა. უფლის ნებით მეორე შვილიც დავთმე.

ასეთი დასასრული წინასწარ რომ მცოდნოდა, მიშიკოს მაინც არ დავუშლიდი ომში წასვლას. ოცნებად ჰქონდა სამხედრო ფორმის ჩაცმა. იურიდიულზე ჩააბარა და გვეუბნებოდა, ამ ფაკულტეტზე თქვენი ხათრით ვარო. მისი დიპლომი სექტემბერში გამოგვიგზავნეს. მიშიკოს ლექსები წიგნად გამოვეცით. ეს იყო მისი ოცნება, რომელიც სიცოცხლეში ვერ აიხდინა.

მიშიკო დვალიშვილის ეს ლექსი 6 აგვისტოთი თარიღდება:

ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება,

შინ მოუსვლელი ძმები გახსოვდეთ!

მოვალთ ფიქრებად, მოვალთ სიზმრებად,

ჯარისკაცებად - აღარასოდეს...

ხარობს ქვეყანა, მღერის ბუნება,

ენაცვლებიან ღრუბლებს ღრუბლები,

დაუბრუნდება ბუდეს მერცხლები,

ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით.

...ბევრნი ვიყავით, ერთი სამარე

თხილის გულივით გავინაწილეთ...

ნანა ფიცხელაური