"აფხაზეთის დაბრუნება აფხაზების­ დაბრუნებით უნდა მოხდეს"
09-05-2016
"აფხაზეთის დაბრუნება აფხაზების­ დაბრუნებით უნდა მოხდეს"
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი ამოიღო მიზანში.

1992 წლის 14 აგვისტოს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ტყვია გავარდა და სისხლისმღვრელი ომი დაიწყო. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ოთხი სტუდენტი - ირაკლი ბელთაძე, მამუკა ბუცხრიკიძე, არჩილ ძულიაშვილი და გია კობიაშვილი მოხალისეთა ოცეულში ჩაეწერნენ.

"საბრძოლო ნათლობა"

ირაკლი ბელთაძე:
"მამას გავ­უმხილე, ომში მივდივარ-მეთქი,­ დედას კი ვერ გავუბედე. მამამ კაც­ურად გამიგო. ზურგჩანთა მხარზე­ მოვიგდე და წავედი. 3 ოქტომბ­ერს მე და მამუკა
სოხუმში ჩავ­ფ­რინდით. მალევე შემოგვიერთდნენ­ ჩვენი კურსელები: არჩილ ძულიაშვილი და გია კობიაშვილი.

ომი ადრე მხოლოდ ტელევიზი­ით გვენახა. არადა, აფხაზეთში ჩასვლისთანავე ბრძოლაში ჩავებით - სოხუმიდან ოჩამჩირისკენ მიმავალ ქართულ ავტოკოლონას აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. მათ დასახმარებლად 2 ბმპ-თი გავედით. ჩვენი ბმპ ტამიშის აფეთქებულ ხიდზე ჩავარდა. ამოვიყვანეთ, ჩასხდომას ვაპირებდით, რომ
ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი გვესროლეს. ჩვენი მექანიკოსი მძიმედ დაიჭრა - ორივე ფეხი დაკარგა. ჩვენთვის ეს საბრძოლო ნათლობა იყო".

"კახელომ" ცხედარი მესამე მცდელობისას გამოასვენა"

ირაკლი ბელთაძე:
"ჩვენ და "ასურეთის საძმო" არადუში წინა ხაზზე ვიდექით. ირაკლი ამირეჯიბს შორიდან ვიცნობდი. ჯარგამოვლილი მებრძოლი იყო. ფრანგ ჟურნალისტს აცილებდა და სტუმარი სატვირთო მანქანის კაბინაში ჩასვა, თავად ძარაზე შედგა. სნაიპერისთვის ადვი­ლი სამიზნე გამოდგა... ვერც იმ და ვერც მეორე დღეს ცხედრის გამოტანა ვერ შევძელით. აფხაზურ­ მხარეს ეგონა, მათი პოზიციების აღება გვინდოდა და გააფთრებ­ულ წინააღმდეგობას გვიწევდა. მხოლოდ მესამე მცდელობისას ჩვენმა მამაცმა მეომარმა, რომელსაც "კახელოს" ვეძახდით, გამოასვენა ირაკლი".

მამუკა ბუცხრიკიძე:
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა არადუში გადავიტანეთ ჩეჩნებისა და აფხაზეთის გაერთიანებულ ძალ­ებთან, რომელსაც შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა. ამ ოპერაციაში ჩვენ და "ასურეთის საძმო"­ - 30 მებრძოლი ვმონაწილეობდით. დილის 6 საათიდან დაიწყეს იერიში. მთელი დღე გააფთრებით ვიბრძოდიYთ. დავკარგეთ თბილისელი სერგო ბოკუჩავა და სოხუმელი 16 წლის ჩაკვეტაძე. ნებისმიერი ომი უგუნურებაა, მაგრამ როცა შენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგება, განზე არ უნდა გადგე. მე გავაკეთე ის, რაც ჩემს მოვალეობად მივიჩნიე. ომში სხვა სამყარო არ არსებობს, იყო მარტო აფხაზეთი. ომიდან სხვა ადამიანები დავბრუნდით".

"მტერში ვაჟკაცი აღმოვაჩინე"

ირაკლი ბელთაძე:
"აფხაზებს­ ერთი მებრძოლი ჰყავდათ, 16 წლისა­ იქნებოდა. ბოლო წუთამდე იბრძოლა. ჩვენებმა ავტომატის ჯერით დაცხრილეს... მომაკვდავმა, ჩემი იარაღი არ ჩაუვარდეთ ხელშიო, სადღაც ბუჩქებში მოისროლა... მტერში ვაჟკაცი აღმოვაჩინე და საოცრად დამენანა, ჩემ თვალწინ მოკვდა!"

შეიძლება 100 წელი იცოცხლო და იმდენი ვერ ისწავლო, რასაც ომში ერთ თვეში გაიგებ და დაინახავ. ომი დაღს გასვამს. ომი ისევ ჩემშია!"

რატომ წავაგეთ ომი?!

მამუკა ბუცხრიკიძე:
"რასაც რუსებმა ბრძოლით ვერ მიაღწიეს, დიპლომატიით შეძლეს. ამიტომ დასჭირდათ 3 სექტემბრის ზავი. ეს იყო დიდი შეცდომა! ფაქტობრივად, ქართული ჯარი განიარაღდა. ამის შემდეგ სოხუმი იერიშით აიღეს".

ირაკლი ბელთაძე:
"ქვეყანა მთელი თავისი რესურსით არ იბრძოდა. იგივე შეიძლება ითქვას ხალხზეც: ომი ყველამ არ მიიღო, ყველამ ყველაფერი არ გაიღო აფხაზეთის გადასარჩენად, ხალხმა­ წმიდათაწმიდა ვალი დაივიწყა, შემდეგ თავის გასამართლებლად გაიძახოდნენ, ეს რა ომი იყოო!"

"ომით ვერ დავიბრუნებთ"

ირაკლი ბელთაძე:
"ომით აფხაზეთის დაბრუნება არ შეიძლება - ამას ისედაც მცირერიცხოვანი აფხაზების განადგურება მოჰყვება და ეს ჩვენ არ გვინდა. ნაომარი ხალხი განზე უნდა გავდგეთ. ვისაც ომში არ მიუღია მონაწილ­ეობა, უფრო ადვილად მონახავს შეხების წერტილებს - აფხაზეთის დაბრუნება აფხაზების დაბრუნებით უნდა მოხდეს."

P.S. ნაომარი ბიჭები დღეს საზოგადოების აქტიური წევრები არიან: ირაკლი ბელთაძე უნივერსიტეტში მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, ამჟამად საგამომცემლო საქმიანობაშია­ ჩართული, მამუკა ბუცხრიკიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია, ებრაულ ენას ასწავლის თსუ-ში. არჩილ ძულიაშვილი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ეგვიპტესა და სირ­იაში, გია კობიაშვილი არაბული ენისა და ისტორიის სპეციალისტია.

სვეტლანა კვიკვინია
gordeli
19 მაისი 2016 02:26
გმერტმა გაგახაროტ, კარტველო გმირებო...

რედაქტორის რჩევით