"რა ეროტიკა ეგ იყო, მაგრამ..." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"რა ეროტიკა ეგ იყო, მაგრამ..." (ექსკლუზივი)

"ამერიკა დიდებული ქვეყანაა, მაგრამ ჩემი პატარა საქართველო ყველაფერს მირჩევნია"

"აქ მარტო ვარ კიკოსავით, მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობ საქართველოში"

1967 წელს დასრულდა რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის - "დიდი მწვანე ველის" გადაღება. ეს ფილმი, შეიძლება ითქვას, ახალი სიტყვა იყო საბჭოთა კინოში, თუმცა მაყურებელთა ნაწილი მაშინვე ვერ მიხვდა, რომ ის მხოლოდ სექსუალური სცენებით არ განსხვავდებოდა სხვა საბჭოთა კინოპროდუქტისგან. სოფიოს როლის შემსრულებელი, მომღერალ ნუცა შანშიაშვილის დედა, მზია მაღლაკელიძე ახლა ამერიკაში ცხოვრობს. მაისში 80 წლის ხდება. ამბობს, რომ საინტერესო ცხოვრებით იცხოვრა. "კვირის პალიტრა" მას ნიუ-იორკში დაუკავშირდა.

- 2 წელია მივდი-მოვდივარ თბილისსა და ნიუ-იორკს შორის, მაგრამ უფრო მეტ დროს მაინც ამერიკაში ვატარებ. მიუხედავად რამდენიმე შემოთავაზებისა, ყველანაირ სამსახურს მოვწყდი და მთელი არსებით ბებიის როლით დავკავდი. ახლა ყველაზე მეტ დროს მე და ნიკალასი ერთად ვატარებთ. ის უკვე 4 წლისაა.

პირველად რუსთაველის თეატრის დასთან ერთად, დაახლოებით 30 წლის წინ ვიყავი ნიუ-იორკში. ყველაფერს გაშტერებული ვაკვირდებოდი. როდესაც თბილისში დავბრუნდი და ტელევიზორში ვუყურე ამერიკის კადრებს, არ მჯეროდა, რომ ყოველივე ეს ვნახე.

ამას წინათ ჩემს ქალიშვილს, ნუცა შანშიაშვილს დაურეკეს, არიქა, ჩქარა, მზია წამოვიდეს "დიდი მწვანე ველის" ჩვენებაა მანჰეტენზეო.

დიდის ამბით წავედი. ფილმი რომ დაიწყო, იცით, რა მომივიდა? ფაქტობრივად, "დიდი მწვანე ველი" პირველად ვნახე. სულ სხვანაირი იყო. იცით, რამ გამახარა ყველაზე მეტად? რომ გამოვდიოდი, ერთ-ერთ მაყურებელს დაურეკეს. ალბათ, ჰკითხეს ფილმი მოგეწონაო? ამან უპასუხა: დიდი მადლობა, რომ გამომიშვი მის სანახავადო. მაშინვე მერაბ კოკოჩაშვილს დავურეკე საქართველოში და ვუამბე ყოველივე. მკითხა, როგორ არ გახვედი და არ ამცნე საზოგადოებას, რომ ამ ფილმის პერსონაჟი იყავიო? არ გავსულვარ, შემრცხვა. ცნობით კი, აბა, ვინ მიცნობდა. გული დამწყდა, რომ ნუცა არ მახლდა, თორემ ის კი მოაწყობდა შოუს იქ.

- ამბობენ, რომ ეს იყო პირველი ქართული ფილმი, რომელიც ეროტიკულ სცენებს შეიცავდა.

- რა ეროტიკა ეგ იყო, მაგრამ მაშინ ასე მიიჩნიეს. სხვათა შორის, ბევრი კადრი ამოჭრეს.

- როგორ გახდით ამ ფილმის პერსონაჟი?

- რობიკო სტურუას სპექტაკლში ვუნახავვარ მერაბ კოკოჩაშვილს და სინჯებზე მიმიწვია. რეზო ჩხეიძეს რატომღაც არ უნდოდა, რომ ამ ფილმში გადავეღე. მერაბ კოკოჩაშვილს ლამაზ-ლამაზი გოგონების ფოტოებს უგზავნიდა და ეუბნებოდა, აქედან რომელიმე შეარჩიეო. მერაბმა კი შეუთვალა, ან მზია, ან გადაღებაზე უარს ვამბობო...

გადაღებები ერწოს ტბის მიდამოებში მიმდინარეობდა. არ გამჭირვებია არც ერთი სცენა, ერთადერთი ხელის შემშლელი საშინელი სიცივე იყო, მე კი თავი ისე მეჭირა, ვითომ მცხელოდა, სინამდვილეში კი ვკანკალებდი. კარგი დრო იყო, მაშინ ოცდაათისაც არ ვიყავი, ახლა კი რამდენიმე დღეში 80 წლის ვხდები. ვინც არ მიცნობდა, ვერ მაიგივებდა სოფიოს როლის შემსრულებელთან, არადა, მიკვირდა, გრიმიც არ მიკეთია და რატომ ვერ მცნობთ-მეთქი.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

- 6-7 წლის ვიყავი, როდესაც ბიჭიკო ჩხეიძემ პიონერთა სასახლეში იოსებ გრიშაშვილის საღამოზე "ზარმაცი""წამაკითხა. ძია სოსოს (ასე ვეძახდით იოსებ გრიშაშვილს) ისე მოვეწონე, თქვა: ეს ბავშვი ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩემს იუბილეზე გამოიყვანეთო. ომის ბოლო წლები იყო, ყველას უჭირდა. არც ჩვენ გვებადა რამე. მახსოვს, მეგობრისგან ნათხოვარი ლაქის ფეხსაცმლით გამიყვანეს სცენაზე. ლექსი რომ წავიკითხე, ძია სოსომ ვერ ამიყვანა, ვერ მომწვდა, რადგან გრძელ მაგიდასთან იჯდა, ამიტომ ხალხმა ჩემი თავი ხელიდან-ხელში გადააწოდა. ეს ძალიან მომეწონა. თითქოს შევიგრძენი, რა ემოცია ახლდა მსახიობის შრომას. გავბედე ოცნებაც, მაგრამ ჩაბარების დრო რომ დადგა, დავიბენი. საშინლად კომპლექსიანი ვიყავი. ლამაზი მერეც არ ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ მთლად მახინჯი მეგონა თავი. ბოლოს, როგორც იქნა, ვცადე და ჩავაბარე კიდეც. დედა სულ მიმეორებდა: "რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი, ჩემო მზის სადაროო". ამ შეძახილმა, ცოტა არ იყოს, წელში გამმართა, თორემ გონჯი მეგონა თავი. აკაკი ხორავას ჯგუფში ვსწავლობდი. მსახიობის ოსტატობაში მხოლოდ მე და ზურა ქაფიანიძეს გვყავდა ხუთიანი, დანარჩენებისთვის რატომღაც არ იმეტებდა ხუთიანს ბატონი აკაკი. კარგ სტუდენტად ვითვლებოდი და ასეც წარიმართა ჩემი ცხოვრება. ახლაც მქონდა რამდენიმე როლზე შემოთავაზება, მაგრამ თავს ვიკავებ, უკვე 100 წლის ბებერი ვარ...

- ამერიკული დღეები როგორ გადის?

- აქ ყველა იღიმება. ენის პრობლემა როდესაც მექმნება, მსახიობობა მშველის. ერთხელ მაღაზიაში ძალიან ლამაზი საათი ვნახე და ვიფიქრე, თეატრალურში ჩემს გოგოებს ჩავუტან, ოთახში დადგამენ, საათს შეხედავენ და გამიხსენებენ-მეთქი. რატომღაც მომინდა შემეტყო, ჰქონდა თუ არა მაღვიძარას ფუნქცია. ჰოდა, ბევრი ფიქრის შემდეგ გამყიდველს ვკითხე: "ოქლოქ ტილინ-ტილინ?" რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გამყიდველი მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი, და მიპასუხა: "ნოუ ტილინ-ტილინ".

ამერიკა დიდებული ქვეყანაა, მაგრამ მე ჩემი პატარა საქართველო ყველაფერს მირჩევნია, ვერიდან რომ ხელისგულივით მოჩანს მთელი თბილისი. იცით, რამდენჯერ დამსიზმრებია ის ხედი. აქ მარტო ვარ კიკოსავით, ტელეფონით ვურთიერთობ საქართველოში. მიყვარხართ, ჩემო ქართველებო! თქვენი ვარ აწ და მარადის!

"სიამოვნებით ჩავამატებდი ამოჭრილ კადრებს"

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: "დიდი მწვანე ველი", ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური ფილმია. ასე ვფიქრობდი მე, თუმცა, რა ველურობაა, რასაც დოდო აბაშიძის გმირი მეუღლის მიმართ იჩენსო, მითხრეს მოსკოვში და ამ სცენების დიდი ნაწილი ამომაჭრევინეს.

თბილისში სამთავრობო ჩვენებას თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. ფილმი რომ დამთავრდა, კა-გე-ბეს ხელმძღვანელი ინაური ადგა, მძიმე ნაბიჯით გაიარ-გამოიარა დარბაზში და თქვა: "ჩვენ დავკარგეთ 2 სამუშაო საათი!" მიუხედავად ამისა, სერგო ზაქარიაძემ, რომელიც იმხანად უკვე ლენინური პრემიის ლაურეატი იყო, ფილმს მაღალი შეფასება მისცა, მოითხოვა, ის ხალხს ენახა. მჟავანაძემაც: "დაე უყუროს ხალხმაო". ამ საუბრიდან პირველივე ორშაბათს "დიდი მწვანე ველი" კინო "რუსთაველში" გაუშვეს, ოთხშაბათს კი გაზეთში დაიბეჭდა სტატია: "მაყურებელი ტოვებს დარბაზს". ამის შემდეგ ფილმი თაროზე კარგა ხნით შემოიდო. 1976 წელს საქართველოში იმყოფებოდა გერმანელი ჟურნალისტი, რომელმაც შემთხვევით ნახა ეს ფილმი... შეიძლება ითქვას, ბერლინში შედგა "დიდი მწვანე ველის" პრემიერა. კინოს მეასე წლისთავზე "დიდი მწვანე ველი" აჩვენეს 100 საუკეთესო ფილმს შორის. ამის შემდეგ იყო ბევრი წარმატება... არის ფილმები, რომლებსაც რეჟისორები წლების შემდეგ უყურებენ და სურვილი უჩნდებათ გარკვეული მომენტების შეცვლისა. მე ასეთი გრძნობა არასდროს მეუფლება "დიდი მწვანე ველის" ყურებისას, თუმცა სიამოვნებით ჩავამატებდი ამოჭრილ კადრებს".

ეკა სალაღაია