იმოგზაურეთ "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა სამყაროში
09-05-2016
იმოგზაურეთ "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა სამყაროში
კატალოგში მსოფლიო მასშტაბით დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" 503 გამოცემაა თავმოყრილი

"ვეფხისტყაოსანი" ქართველთა სანუკვარი წიგნია - წიგნი-სიმბოლო! წელს ამ საგანძურის 850-ე წლისთავია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 6 მაისს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "ვეფხისტყაოსნის" ათეულობით გამოცემა გამოიფინა. თუმცა, თავშეყრის მთავარი მიზეზი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა ილუსტრირებული ბიბლიოგრაფიის (1712-2015 წწ.) მეორე შევსებული გამოცემის პრეზენტაცია იყო. ამ კატალოგში აღნუსხულია ყველა გამოცემა, დაწყებული­ 1712 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. კატალოგის ავტორები "ვეფხისტყაოსნის" გამოცემების ცნობილი კოლექციონერები: მამუკა ჩხეიძე და ლევან თაქ­თაქიშვილი
არიან. თავის დროზე ისინი ერთმანეთს "ვეფხისტყაოსანმა" დააკავშირა და დაამეგობრა...


კატალოგში მსოფლიო მასშტაბით დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსნის" 503 გამოცემაა თავმოყრილი. აქედან 150 - ქართულენოვანია. წინამდებარე კატალოგი 2009 წელს შედგა. მას შემდეგ "ვეფხისტყაოსნის"­ 120 ახალი გამოცემა დაიბეჭდა (XIX­ საუკუნეში პოემის მხოლოდ 20 გამოცემა გამოქვეყნდა). კატალოგში შესულ გამოცემათა შორის აღსანიშნავია
ლატვიურ და ბულგარულ ენებზე პირველად დაბეჭდილი "ვეფხისტყაოსანი". აზერბაიჯანმა კოლექციონერებს 4 გამოცემა აჩუქა. კოლექციას უკრაინული გამოცემებიც დაემატა. ჩინეთში კი კომიქსების სახით აამეტყველეს "ვეფხისტ­ყაოსანი" - ამ უპრეცედენტო გამ­ოცემაში პოემის მთელი შინაარსი ილუსტრაციებით არის წარმოდგენილი. დღეს კი საქართველოში უსინათლოთათვის ილუსტ­რირებული "ვეფხისტყაოსნის" გამოცემაზე მუშაობენ, თუმცა ეს უკვე სამომავლო კატალოგის თემა იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალ კატალოგში "ვეფხისტყაოსნის" ენებს დაემატა ჩუვაშური. პრეზენტაციაზე სარედაქციო კოლეგიის წევრებმა სინანულით აღნიშნეს, რომ დღემდე ვერ გამოიცა "ვეფხისტყაოსანი"­ ინდოეთში. არადა, პოემაში აღწერილი­ ძირითადი მოვლენები ხომ სწორედ ინდოე­თში ვითარდება!­ დღემდე ვერც "ვეფხისტყაოსნის"­ ბერძნული თარგმანი გამოსცეს. რუსეთში კი უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში პოემა ათჯერ გამოიცა.


ლევან თაქთაქიშვილი: - რუსთაველის საიუბილეო წელს ახალი კატალოგის გამოცემა ლოგიკური და მისასალმებელი მოვლენაა. გადავწყვიტეთ, ჩვენს ხელთ არსებული მთელი ინფორმაცია შეგვეჯერებინა სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებთან, კერძო კოლექციონერებთან. მთელი წლის განმავლობაში მათთან მიმოწერები გვქონდა­. კატა­ლოგი მაღალპოლიგრაფიულ დონეზე­ გამოვეცით. აღსანიშნავია, რომ "ვეფხისტ­ყაოსნის" გამოცემებს შორისაა სხვადასხვა­ ასაკობრივი ჯგუფისთვის დაბეჭდილი "პალიტრის" გამოცემებიც.

კატალოგში ყველა გამოცემის ყდის ფოტოებია მოთავსებული და მითითებულია, ვინ არის გამომცემელი, რომელ ქვეყ­ანაში და რა ტირაჟით დაიბეჭდა, რომელ ენაზეა გამოცემული, რით განსხვავდება სხვა გამოცემებისგან და ა.შ. ამ კატალოგით შეძლებთ­ იმოგზაუროთ "ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა სამყაროში.
არც ერთ ბიბლიოთეკას ასეთი სრულყოფილი კატალოგი არ აქვს. ამ გამოცემით დაინტერესდებიან კოლექციონერებიც. ასეთ კატალოგს შექსპირისთვის ინატრებდა ინგლისელი და სერვანტესისთვის - ესპანელი. თუმცა მხოლოდ რუსთაველს აქვს, რაც საამაყოა.

მამუკა ჩხეიძე: - რუსთაველის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, მე და ლევანმა გადავწყვიტეთ, ისეთი რამ გაგვეკეთებინა, რაც ქართველ საზოგადოებას გაახარებდა. ჰოდა, შევქმენით კატალოგი!

"ვეფხისტყაოსნის" გამოცემათა­ ბიბლიოგრაფია საინტერესო იქნება­ არა მარტო რუსთველოლოგისთვის,­ არამედ ნებისმიერი ქართველისთვის. ჩვენთვის ხომ რუსთაველი პირველი პოეტია, "ვეფხისტყაოსანი" კი უპირველესი სამაგიდო წიგნი.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?