"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს - კვირის პალიტრა

"აქაური ანაზღაურების ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში" - ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრში 45 ქართველი ცეკვავს

"გულით მინდა, სანამ ცეკვას თავს დავანებებ, ერთხელ მაინც ვიცეკვო ქართველი მაყურებლისთვის"

"ქართული მთავრობა მილიონებს იხდის უცხოელი მომღერლების კონცერტებში. ეს კარგია, მაგრამ ხომ არ სჯობდა ქორეოგრაფიული ანსამბლების ბიუჯეტი ოდნავ მაინც გაეზარდათ"

ამ ცოტა ხნის წინ სტატია მოვამზადე საქართველოში მოღვაწე უცხოელ მოცეკვავეებზე, რის შემდეგაც გაჩნდა აზრი, რომ დავინტერესებულიყავი იმ ქართველი მოცეკვავეებითაც, რომლებმაც პირიქით  საქართველო დატოვეს და საზღვარგარეთ მოღვაწეობენ. როგორც შევიტყვე, მათი უმრავლესობა მეზობელ თურქეთსა და ჩინეთში არიან დასაქმებულნი. ჩემმა რესპონდენტებმა უკეთესი მომავლის იმედით, 10 წლის წინ დატოვეს საქართველო.

ლადო წითაშვილი (მოცეკვავე):

- 6 წლიდან ვცეკავ. პროფესიონალურ სცენაზე, როგორც სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 18 წლისა დავდექი. დღეს 34 წლის გახლავართ. 2006 წელს წამოვედი საქართველოდან და აღმოვჩნდი ძალიან ლამაზ შოუში, სახელად: "ანატოლიის ცეცხლი  ტროა". ამ შოუსთან ერთად კონცერტები მქონდა 50ზე მეტ ქვეყანაში. ახლაც ტურნეზე ვართ გერმანიაში, აქედან არგენტინაში მივემგზავრებით, არგენტინიდან ჩილეში. წელიწადში დაახლოებით 230 კონცერტი მაინც გვაქვს. ახლა ამ ტურნეში 8 ქართველი ვმონაწილეობთ.

რთულ დროს მომიწია ქართულ სახელმწიფო ანსამბლში ცეკვა. მაშინ, როცა ხელფასს ვიზუალური დანიშნულება უფრო ჰქონდა, ვიდრე მატერიალური. მე კი ბინა არ მქონდა, ქირით ვცხოვრობდი. ამ ფონზე ფიზიკური პორბლემები შემექნა, ჩემმა ქორეოგრაფმა ზაალ ჭუმბურიძემ ხან ერთ ექიმთან მიმიყვანა, ხანაც  მეორესთან, წამლებიც მიყიდა, მატერიალურადაც დამეხმარა, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ მისნაირი ადამიანები არსებობენ. მაშინ მივხვდი,  ერთადერთი გამოსავალი, რომ პროფესიისთვის თავი არ დამენებებინა და მატერიალურადაც სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი სხვა ქვეყანაში ბედის ცდა იქნებოდა. ასე აღმოვჩნდი თურქეთში. აქაური ანაზღაურების  ნახევარიც არ გვქონდა საქართველოში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ არის ქართველ მოცეკვავეებზე მოთხოვნა საერთაშორისო ბაზარზე, ნუთუ დაბალი ანაზღაურების გამო?

- არამც და არამც. იაფფასიან კონტრაქტებზე ძირითადად მონღოლი, ჩინელი, სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების წარმომადგენელი მოცეკვავეები თანხმდებიან.

გულით მინდა, სანამ ცეკვას თავს დავანებებ, ერთხელ მაინც ვიცეკვო ქართველი მაყურებლისთვის. ქართული მთავრობა მილიონებს იხდის უცხოელი მომღერლების კონცერტებში. ეს კარგია, მაგრამ ხომ არ ჯობდა ქორეოგრაფიული ანსამბლების ბიუჯეტი ოდნავ მაინც გაეზარდათ. ამ თანხით, ხომ ეს ანსამბლები მსოფლიოს შემოივლიან და არანაკლებ პოპულარიზაციას გაუწევენ ჩვენს სამშობლოს.

- ამბობენ, ყველაზე დიდი მოთხოვნა ქართველ მოცეკვავეებზე ჩინეთსა და თურქეთშიაო.

- ამ ბოლო დროს ჩინეთში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიჰყავთ მოცეკვავეები. მათ შორის ქართველებიც. ქართული ცეკვის ელემენტებს რომ გაეცნენ, შოუსთვის საუკეთესოდ მიიჩნიეს. ამიტომაც ქართველებით განსაკუთრებულად დაინტერესდნენ.

ნიკოლოზ ლატარია:

- ამ ეტაპზე შოუბიზნესი, ყველაზე მასშტაბურად ჩინეთსა და თურქეთში ვითარდება. კი, დღეს ყველგან ტარდება შოუები, თუმცა არა იმდენად მასშტაბური, როგორც ამ ორ ქვეყანაში.

- ამერიკულ შოუებზე რას იტყვით?

-  იქ ანაზღაურება გაცილებით მეტია, ვიდრე ჩინეთსა და თურქეთში, თუმცა კონკურენციაც ბევრად მაღალია და შესაბამისად, ადგილის დამკვიდრებაც, ძნელია.

რაც შეეხება საქართველოს, რა გითხრათ, დღეს საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს შოუბიზნესი. ადამიანი თავს ვერ ირჩენს მხოლოდ ხელოვნების ხარჯზე. მოცეკვავეს ანსამბლში 250 -300 ლარი აქვს ხელფასი. ყველა ხომ ვერ იცეკვებს, "სუხიშვილებში" ან "ერისიონში?" არიან ისეთი მოცეკვავეები, რომლებსაც ფიზიკური მონაცემების გამო იწუნებენ, ასეთ მოცეკვავეებს ჩინეთში მინიმუმ 1000 დოლარი აქვთ შემოსავალი. თურქეთში კი მათი ხელფასი  700-900 დოლარია.

ბაზარს კარგად ვიცნობ, 10 წლის წინ ხომ მე თვითონაც ვცეკვავდი. შემდეგ დავტოვე საქართველო და თურქეთში გადავინაცვლე, 5 თანამოაზრესთან ერთად. მოცეკვავის კარიერა 3 წლის წინ დავასრულე და ჩემი კომპანია შევქმენი, რომელიც საზღვარგარეთ მოცეკვავეების დასაქმებით არის დაკავებული. ახლა სხვებს ვეხმარები სჭირო კონტაქტების მოპოვებაში. პოპულარიზაციას ვუწევთ ქართულ ქორეოგრაფიას. ვეწინააღმდეგებოდი და დღესაც ვეწინაარმდეგები ბევრ თურქულ კომპანიას, რომელთაც პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე მიჰყავდათ ქართველი მოცეკვავეები. დღეში 34 კონცერტს აცეკვებდნენ, რაშიც 400-450 დოლარს უხდიდნენ და რაც ყველაზე საწყენია, თურქულ ნაციონალურად აცნობდნენ ქართულ შემოქმედებას მაყურებელს.

ჩინეთში ქალაქ ურუნჩუს სახელმწიფო თეატრთან ვთანამშრომლობ. ეს გრანდიოზული თეატრია, მისი მშენებლობისთვის 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა. მასში 300 მოცეკვავე ცეკვავს, მათგან 45 ქართველი. ამ თეატრის მესვეურებს ქართული ცეკვის ხელოვნებიდან უმთავრესად ფარიკაობის და სხვა საბრძოლო ელემენტები აინტერესებთ. ურუნჩუში ბინადრობენ უიუგურები ძველი მუსულმანური ტომი, რომელთა ცხოვრებაზეც არის აწყობილი სპექტაკლების თემატიკა, სწორედ მასში იყენებენ ხშირად ქართული ნაციონალური ცეკვების ელემენტებს.

თურქეთში, უფრო მრავალფეროვანი პროგრამა აქვთ, იქ მსოფლიო ცეკვები აინტერესებთ, მათ შორის ცეცხლოვანი ქართული.

ეკა სალაღაია (სპეციალურად საიტისთვის)