ალო, თქვენ გაებით კოსმეტიკურ მახეში
16-05-2016
ალო, თქვენ გაებით კოსმეტიკურ მახეში
როგორ ატყავებენ მომხმარებელს КГБ-ს მეთოდებით

- ალო, გამარჯობა, კოსმეტიკური ფირმიდან გირეკავთ, - გოგონას სასიამოვნო ხმამ სასიხარულო ამბავი მაცნობა, - თქვენმა მეგობარმა ჩვენთან კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტარა და კმაყოფილმა, თქვენი ნომერი დაგვიტოვა, რომ უფასო პროცედურები შემოგვეთავაზებინა.…

მე უკვე მსმენოდა ამ კოსმეტიკური ფირმის შესახებ და ვიცოდი, რომ იქ შეძენილი სახის მოვლის საშუალებებით ხელდამშვენებული ბევრი ქალი შარში გაეხვია. გადავწყვიტე, კვლევა ჩამეტარებინა და ჩემს თავზე გამომეცადა მათი მომსახურების ყველა "სიკეთე"... ოპერატორი გოგონა­ ჩემი სამსახურითაც დაინტერესდა.
რომ არ დამეფრთხო, დავუმალე, რომ ჟურნალისტი ვარ და ვუთხარი, მასწავლებელი ვარ-მეთქი. შემდეგ ვიზიტის დრო დამითქვა და გამაფრთხილა, რომ პირადობის მოწმობა აუცილებლად თან მქონოდა.

მისაღებში პირადობის მოწმობა შემიმოწმეს და ერთ-ერთ თანამშრომელთან გადამამისამართეს. ახალგაზრდა ქალმა სავარძელზე მიმითითა, მეც ნახევრად ჰორიზონტალური მდგომარეობა მივიღე და მოვდუნდი იმის მოლოდინით, რომ
სასიამოვნო პროცედურას ჩამიტარებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ქალბატონის მიზანი სულ სხვა რამ გახლდათ - მას კოსმეტიკური საშუალებების პრეზენტაცია უნდა მოეწყო და მთელი წლის სამყოფი ნაკრების შეძენაზე დავეთანხმებინე. ეს სიამოვნ­ება კი 3 ათას ლარამდე დამიჯდებოდა.(!) ქალბატ­ონი მიწუნებდა სახის კანს, მარიგებდა,­ რომ ქალი მუდამ მოვლილი უნდა იყოს, ამასთან, ფრთხილად გამომკითხა ჩემი და ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობის შესახებ. მერე მკითხა, ალერგიული ხომ არა ხართო და კრემის მცირე ნაწილი­ ხელზე წამისვა, მაგრამ არც დაუხედავს, ისე დაიწყო სახეზე პროცედურების ჩატარება. ნახევარი სახე რომ დამიმუშავა, შემო­მთავაზა, შედეგი სარკეში მენახა და დავრწმუნებული­ყავი, რომ 15 წუთში სასწაული მოახდინა.­ სიმართლე გითხრათ, ერთი განსხვავებაც ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ კონსულტანტი დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ ჩემი სახის მარჯვენა ნახევარი მარცხენაზე 20 წლით გაახალგაზრდავდა. შემდეგ მახარა, რომ თუ განვ­ადებას გავაკეთებდი, ეს საოცარი პროდუქ­ცია­ ჩემი გახდებოდა. ასევე, 1 წლის განმ­ავლობაში ჩამიტარდებოდა უფასო სპა-პრ­ოცედურები. ქალი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, შიგადაშიგ თავსაც მაცოდებდა, თუ არ იყიდით, სამსახურიდან გამიშვებენ, დამაჯარიმებენო. კონსულტანტი დროდადრო კაბინეტიდან სხვადასხვა საბაბით გადიოდა. ჩანს, კონსულტაციას იღებდა გამოცდილი კოლეგისგან... ოთახში ვიდეოკამერა შევნიშნე, როგორც მივხვდი, იქიდან აკონტროლებდნენ კონსულტანტს, თუ რამდენად დამაჯერებელი იყო მისი ფსიქოლოგიური წნეხი და ამართლებდა თუ არა იმ ხარჯს, რაც მის "განსწავლულობაზე" დაიხარჯა. მათ ხომ ტრენინგები აქვთ გავლილი.

მთელი ჩვენი ურთიერთობის მანძილზე­ კონსულტანტი რაღაც კითხვარს ავსებდა. რამდენს ხარჯავ საკუთარი თავისთვის? რამდენს დახარჯავდი თვის განმავლობაში, რომ იდეალურად გამოიყურებოდე? რამდენი წლით ახალგაზრდად გინდა, გამოიყურებოდე? - მოკლედ, ყველა კითხვა ისეთია, თავმოყვარე ქალს მართლაც შეგრცხვება და გაგიჭირდება, უარი თქვა შემოთა­ვაზებაზე. მით უმეტეს, რომ განვადებით შეგიძლია იყიდო.

თავი მოვაჩვენე, თითქოს ყიდვა ძალიან მინდოდა, მაგრამ ფული არ მქონდა, რადგან ჩემი 350-ლარიანი ხელფასით 7-სულიან ოჯახს ვინახავ-მეთქი. კონსულტანტს უკან არც ამან დაახევინა. მითხრა, უფროსს დაველაპარაკები, რომ თქვენთვის გამონაკლისი­ დაუშვას - კრედიტს რამდენიმე წელზე გადაანაწილებენ, პირველი შესატანი კი არაფერი გექნებათო. ქალს მოწადინებისგან სახეზე ხვითქი გადასდიოდა, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა და წასასვლელად მოვემზადე. ის კი ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა,­ რაღაც ქაღალდებს მაჩეჩებდა ხელმოსაწერად, - პროცედურა რომ ჩაგიტარდათ, იმის დასტურიაო. ხელის მოწერაზე, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე.
რადგან პროდუქციის შეძენაზე უარს აცხადებთ, თქვენი 30 ახლობლის ტელეფ­ონის ნომერი დაგვიტოვეთო, მთხოვა. შემ­ეძლო, ცრუ ნომრები მიმეცა, მაგრამ კატეგორიულად ვუთხარი, ან აქედან გამიშვით, ან ერთ ამბავს ავტეხ-მეთქი.

ასე ჩაიშალა "საუკუნის გარიგება"! თუმცა ქალების უმრავლესობა იქაურობას გულში ჩახუტებული კოსმეტიკის ნაკრებით­ ტოვებს და მალე ხვდება, რომ გააცურეს...

აგრესიული მარკეტინგი, ანუ NLP

NLP-ს განმარტება ასეთია:
ნეიროლინგვისტიკური პროგრამირება - ეს არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკაზე სიტყვით ზემოქმედების შესახებ. მარკეტინგის ეს მეთოდი გენიალური ფსიქოთერაპევტის, ფრიც პერლზისა და მისი რამდენიმე კოლეგის ნაშრომების საფუძველზე შეიქმნა. მათი მეთოდებით მუშაობდა საბჭოთა კა-გე-ბე. დღეს კა-გე-ბეს მეთოდებს ის კომპანიები იყენებენ, რომლებიც აგრესიულ მარკეტინგს მისდევენ.

ე.წ. კონსულტანტები წინასწარ გადიან ტრენინგებს. მათ უნდა შეეძლოთ კლიენტის ფსიქოლოგიური ტიპის დადგენა, მეგობრული ატმოსფეროს შექმნა და რეკლამის სწორად მიწოდება. ამის შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, კლიენტი გარიგებას დებს, მაგრამ მალე ხვდება, რომ პროდუქცია შეასაღეს...

როგორ დავიბრუნოთ ფული

პირველი ხერხი

ფირმაში მიდით და უთხარით, რომ გადაიფიქრეთ, პროდუქცია არ გჭირდებათ. თუ ბანკისკენ მიგითითეს, იცოდეთ, რომ ამ კრედიტის გაუქმება შეგიძლიათ, თუ კოსმეტიკურმა ფირმამ თანხმობა განაცხადა და თუ პირველი გადახდა ჯერ არ შეგისრულებიათ. ამიტომ ეცადეთ, ფირმამ, რომელიც პასუხისმგებლობას თავიდან­ იცილებს, მოგცეთ ოფიციალური წერილობითი დასტური ხელშეკრულების გაუქმებისთვის. შემდეგ მიმართავთ ბანკს და წერილის საფუძველზე აუქმებთ საკრედიტო ხელშეკრულებას. კოსმეტიკის ნაკრები იქვე შეამოწმებინეთ, რომ დაუზიანებელია და ხელწერილიც გამოართვით, რომ ჩააბარეთ.

მეორე ხერხი

თუ კოსმეტიკური საშუალება გამოიყენეთ და ალერგია მოგცათ, უნდა აიღოთ­ ექიმის ცნობა, რომ ეს კოსმეტიკური საშუალებები ვნებს თქვენს კანს. და ვინა­იდან თქვენ პირველი ვიზიტის დროს ექიმი-კოსმეტოლოგის მომსახურებას არ გთავაზობენ, ხოლო საცხი ალერგიას გაძლევთ, ეს უკვე პრეტენზიის საფუძველია; თუ ის კოსმეტიკა შემოგასაღეს, რომელიც თქვენს ასაკს არ შეეფერება (მოგეხსენებათ, საცხები ასაკის მიხედვით უნდა შეარჩიოთ), ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, ნაწარმი უკან დააბრუნოთ; ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი პრეტენზია უნდა წარადგინოთ წერილობით და რეგისტრაციაშიც გაატარებინოთ. თუმცა ნაყიდი პროდუქცია არავითარ შემთხვევაში არ დააბრუნოთ მანამ, სანამ ფული უკან არ დაგიბრუნდებათ ან/და ხელშეკრულება­ არ გაუქმდება.

ნუ მოაწერთ ხელს ახალ დოკუმენტებს,­ გარდა სალაროს გასავლის ქვითრისა, რომლის საშუალებითაც ფული უნდა დაიბრუნოთ. არ დაგავიწყდეთ, ფირმას ან ბანკს გამოართვათ საბუთი, რომ ხელშეკრულება გაუქმებულია.

მარი ჯაფარიძე
24 მაისი 2016 07:29
ეს არის აფერისტი კოსმეტიკური. ფირმა დეშელი

რედაქტორის რჩევით