SOS!!! - რა მდგომარეობაშია მიტოვებული ისტორიული კომპლექსები.. - კვირის პალიტრა

SOS!!! - რა მდგომარეობაშია მიტოვებული ისტორიული კომპლექსები..

მიტოვებული ისტორიული კომპლექსები თუ მალე არ გამაგრდა, ამ კადრებზე აღბეჭდილი ძეგლები ფოტოისტორიად იქცევა

სასახლე ბორცვზეა აგებული და ეროზირებულია მთელი ფერდობი, ირეცხება მიწა, უახლოვდება შენობის საძირკველს...

ჯამბაკურ-ორბელიანების ციხე-სასახლე

მდინარე ქსნის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ლამისყანაში, ჯამბაკურ-ორბელიანების ციხე-სასახლე დგას. ქონგურებმორღვეული გალავნის შესასვლელთან კარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია, იქვეა ძველი შენობის ფრაგმენტები... ფილებაყრილ ბილიკს ორსართულიან ციხე-სასახლესთან მივყავარ. ვცდილობ წარმოვიდგინო სამი საუკუნის წინ ამ ეზოში მოსიარულე ჩოხებსა და ქართულ კაბებში გამოწყობილი ორბელიანები... სოფიო ცუცუნაშვილი-ფავლენიშვილი 30 წელია, ციხე-სასახლის მუზეუმის დირექტორია. რუდუნებით ზრუნავს შენობაზე და გაქურდვების შედეგად შემორჩენილ მწირ ექსპონატებზე.

ძველ ფოტოზეღა შემორჩა ორბელიანების ეზოს შადრევანი

სოფიო ცუცუნაშვილი-ფავლენიშვილი: "ეს კომპლექსი აერთიანებდა ქართველ ფეოდალთა სასაფლაოს, რეზიდენციას, ჯამბაკურ-ორბელიანთა ორსართულიან სასახლე-გალავანს, წმინდა გიორგის კარის ეკლესიას, მარანს, თავლას და წისქვილს. დღეს კი მხოლოდ ციხე-სასახლე და ეკლესია შემორჩა... სწორედ ამ ტაძარში ინათლებოდნენ ქსნის ერისთავები და შემდეგ - ჯამბაკურ-ორბელიანები. 1795 წლის სექტემბერში იოანე ბატონიშვილი ამ ციხე-გალავანში დაბანაკებული მცირერიცხოვანი რაზმით შეებრძოლა აღა-მაჰმად-ხანის ოთხიათასიან მარბიელ ლაშქარს და უკუაქცია. თავის დროზე სასახლის კედლები დაფარული ყოფილა იაპონური ქსოვილით - ნაცრისფერი ზამბახებიანი აბრეშუმით - ბოლშევიკების მიერ წახალისებულმა ადგილობრივმა მოსახლეობამ აბრეშუმი კედლებიდან ჩამოხია და ტანსაცმელი შეიკერა.

2006 წლიდან ორბელიანთა სასახლის კომპლექსს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სასახლეს ოთხივე მხრიდან დიდი აივნები აკრავს. ერთ-ერთი ისეთი დაზიანებულია, რომ ცოტა ხნის წინ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა რკინის ჯებირებით გაამაგრა. დიდ დარბაზში, გრძელ მაგიდაზე, ოდესღაც ამ სასახლის მეპატრონეთა საგვარეულოგერბიანი დაზიანებული ჭურჭელია გამოფენილი. ამ ძვირფას ფაიფურს ჯამბაკურ-ორბელიანები საფრანგეთში უკვეთდნენ.

1924 წელს ბოლშევიკებმა ლამისყანის სასახლიდან 9 ურემი წიგნი და ხელნაწერები გაიტანეს. წაიღეს "ბეკერის" შავი როიალი, თეთრი პიანინო, ძვირფასი ავეჯი და ჭურჭელი. გაპარტახებულ შენობაში კომუნა განათავსეს, შემდეგ კოლმეურნეობის გამგეობა, აქ იყო ასევე ფოსტა, ამბულატორია, სამშობიარო ბლოკი. წმინდა გიორგის კარის ეკლესია კი ხილისა და მარცვლეულის საწყობად გადააქციეს.

1991 წელს სასახლე კიდევ გაიძარცვა. დაკარგულ ნივთებს ვერ მიაკვლიეს. ვერც 2006 წელს დაკარგული იშვიათი შირმისა და ხალიჩა-ფარდაგების კვალი იპოვეს.

ადრე ეზოში შადრევანი ყოფილა. ნაგებობის ძველი იერსახის აღდგენა ფოტოებითაა შესაძლებელი. მუზეუმში არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, შენობას ცეცხლმაქრიც არა აქვს, არ არის წყალმომარაგება, სველი წერტილები, არ არსებობს დაცვისათვის სპეციალური კაბინა, სასახლეს დღემდე არ გააჩნია შემოსაზღვრული ეზო. დაწყებულია გეოლოგიური ეროზიები. სასახლე და გალავანი ბორცვზეა აგებული, ეროზირებულია მთელი ფერდობი, ირეცხება მიწა და უახლოვდება საძირკველს.

ბოლოს 2007 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ უხარისხოდ. ზოგან ხის იატაკი ჩალპა და ერთ-ერთი აივნის საყრდენი ბოძები გამრუდდა. შენობა რომ არ დანგრეულიყო, დროებით ფოლადის ბოძებით გამაგრდა. სახურავი დაზიანებულია. კოშკებსა და რამდენიმე ოთახში წვიმა ჩამოდის. უსახსრობის გამო ვერ ვახერხებთ ექსპონატების რესტავრაციას. მუზეუმში შვიდი თანამშრომელია. ყველაზე მეტი ხელფასი მე მაქვს - 255 ლარი, ხოლო ქალბატონი, რომელიც ამხელა ციხე-სასახლეს უვლის, 150 ლარს იღებს.

ერთ დროს ამილახვრების სასახლე მნახველს აოცებდა, რასაც დღეს ძნელად დაიჯერებ... ჩარჩოიანად ამოღებული კარ-ფანჯარა, დაზიანებული სახურავი, ჩამონგრეული კედლები... აქაურები პირუტყვს ამილახვრების სასახლის ეზოში აბალახებენ, შენობას კი საპირფარეშოდ იყენებენ...

ამილახვრების ნასახლარი

ლამისყანიდან გზას სოფელ ქვემოჭალისკენ ვაგრძელებთ. სოფლის ცენტრში ამილახვრების ნასახლარია. მე-19 საუკუნის II ნახევარში ეს სასახლე მნახველს აოცებდა, რასაც დღეს ძნელად დაიჯერებ... ჩარჩოიანად ამოღებული კარ-ფანჯარა, დაზიანებული სახურავი, ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები... აქაურები პირუტყვს ამილახვრების სასახლის ეზოში აბალახებენ, შენობას კი საპირფარეშოდ იყენებენ...

სასახლის გალავანში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია. სწორედ აქ ინახებოდა 40 წლის მანძილზე ანჩისხატად წოდებული ხელთუქმნელი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც 1686 წელს გადაუსვენებიათ თბილისში, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელსაც შემდეგ ანჩისხატი ეწოდა. ეკლესიას გვერდით სპარსული ყაიდის კოშკი აქვს მიდგმული, რომელიც ანდუყაფარ ამილახვარს აუგია... გალავნის ჩამონგრეულ კედლებს და ტაძრის ფრესკებს კომუნისტების დაუნდობელი კვალი ამჩნევია - წლების განმავლობაში ის საწყობი იყო.

მზია ხელაშვილი ექსკურსიამძღოლობას გვიწევს: - ამილახვრები აქ მე-17 ს-ში ჩამოსულან სხვილოს (ცხვილოს) ციხიდან. პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა და აუშენებია სპარსული აბანოები. კოშკის ქვემოთ არაქართული კამარებია. შენობა-ნაგებობებზე იგრძნობა სპარსული კულტურის გავლენა. ანდუყაფარ ამილახვარი არ იყო ქრისტიანი... აქაურებს ძალიან უყვარდათ ამილახვრები - ისინი ცდილობდნენ ღირსეული ცხოვრების პირობები შეექმნათ მოსახლეობისთვის. ბავშვების განათლებისთვის სოფელს ადგილ-მამული გადასცეს და დაეხმარნენ სკოლის მშენებლობაში.

ამ მნიშვნელოვან კომპლექსში შედის: გალავანი, მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები, გოდოლები, სასახლე და უზარმაზარი მარანი საწნახლით. სასახლის პირველ სართულზე უზარმაზარი საწნახლები და რამდენიმეტონიანი ქვევრები ნაგვით არის სავსე... მეორე სართულზე დარბაზები და საძინებლებია, მესამე სართულზე ვერანდაა, რომლის ულამაზესი ფილაქანი დაბზარულ-დახეთქილია და იქაურობა ბალახს მიაქვს. განთქმული იყო ამილახვართა ვენახების ღვინო. მათ ვაზი გაშენებული ჰქონდათ ვრცელ ტერიტორიაზე, რომელსაც შარმაანის ნაკვეთებს ვუწოდებთ (ფრანგულად სიტყვა "შარმან" საუკეთესოს ნიშნავს).

ამილახვართა სასახლე ამ დღეში არ უნდა იყოს... ბოლშევიკების დროს ციხედ გადაუკეთებიათ. ერთხანს ორი ოთახი პოლიკლინიკასაც ეკავა. ამავე შენობაში იყო ფოსტა და მეურნეობის დირექტორის რეზიდენცია.

თორნიკე ყაჯრიშვილი