"შოუბიზნესი დაძინებულია" - რას იხსენებენ ქართული შოუბიზნესის "ჩამქრალი ვარსკვლავები" - კვირის პალიტრა

"შოუბიზნესი დაძინებულია" - რას იხსენებენ ქართული შოუბიზნესის "ჩამქრალი ვარსკვლავები"

ქართული ესტრადის მომღერლები, რომლებიც 1998-დან 2004 წლის ჩათვლით დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ, დღეს აღარ ჩანან. ნოსტალგიურ ჰანგებს ახლა მხოლოდ ინტერნეტი და კერძო მედიათეკა თუღა ინახავს. კლიპის გადაღებისა და კონცერტების გამართვის ტრადიცია წარსულს ჩაჰბარდა. ის, ვინც პუბლიკისთვის საყვარელი და აქტუალური იყო, ეკრანიდან გაქრა. 2004 წლიდან ქართული შოუბიზნესის დაღმასვლა დაიწყო და მედიასივრცე მთლიანად პოლიტიკურმა მოვლენებმა მოიცვა - სამუსიკო ხელოვნება პოლიტიკურმა ჩაანაცვლა. პოპულარობის ზენიტში მყოფმა მომღერლებმა ინერციით და ძველი დიდების აჩრდილით განაგრძეს სვლა. დღეს მომღერლებს არა აქვთ სახსრები, რომ მსმენელს ახალი პროდუქტი შესთავაზონ.

"მომღერლის კარიერას მაინც არ გავყვებოდი"

სურვილი, დიდ სცენაზე დამდგარიყო, 15 წლის ასაკში აუხდა. ბუკა მანაგაძის თამამი კლიპი ჯაბა ქარსელაძესთან ერთად მოკლე დროში გახდა ჰიტათეულების ლიდერი. პოპულარობის მიუხედავად, ესტრადაზე თავისი ადგილი ვერ იპოვა. დღეს ბუკა წარმატებული ქალია, მაგრამ არა სცენაზე.

ბუკა მანაგაძე: - 10-15 წელიწადია გასული, რაც აღარ ვჩანვარ ამ სფეროში. მაქვს სამსახური, მყავს შვილები, მეუღლე... დიდი სცენა მენატრება, არის კონცერტები, სადაც ძალიან იშვიათად გამოვდივარ. ასე თუ ისე, სახელმწიფოსგან ხელშეწყობა დღესაც არის... დღესაც რომ იგივე გარემო იყოს, რაც 15 წლის წინ, მე მაინც სხვა გზას ავირჩევდი. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი - 15 წლის. ვერთობოდი, დრო გამყავდა... ეს ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპი იყო, თორემ მომღერლის კარიერას არ გავყვებოდი. დღეს "ვისოლ ჯგუფის" გუნდის წევრი ვარ. ვარ "დანკინ დონატსში" რამდენიმე ობიექტის გენერალური მენეჯერი. მომწონს ჩემი საქმე და ყოველდღე ვვითარდები.

"დაკვეთით ვმღერი დაბადების დღეებზე"

მიძინებული ქართული შოუბიზნესის გამოსაღვიძებლად აჩიკო მეფარიძეს არა აქვს კონკრეტული რეცეპტი.

აჩიკო მეფარიძე: - ბოლო დროს არ გამიგია, რომ ვინმეს კონცერტი ან კლიპის პრეზენტაცია გაემართოს... შოუბიზნესი დაძინებულია. როგორ უნდა გამოჩნდეს მომღერალი, როცა ტელეარხები კლიპებს არ აჩვენებენ. თუ ვინმეს აქვს ჩანაწერი, შეიძლება რადიოში მომისმინოთ. ხანდახან მაქვს დახურული საღამოები ან დაკვეთით ვმღერი ვინმეს დაბადების დღეზე. ღია კონცერტი დიდი ხანია არ მქონია, თუმცა მინდა შემოდგომაზე გავმართო, მაგრამ ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

"მოსკოვში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ანაზღაურებაც შესაბამისი მაქვს"

ქართული შოუბიზნესის დაღმასვლამ თამუნა ამონაშვილს მოსკოვში წასვლისკენ უბიძგა.

თამუნა ამონაშვილი: - ხალხმა კი არა, სიტუაციამ მიმივიწყა. ხალხი აღფრთოვანებული მხვდება, როცა მოსკოვიდან ჩამოვდივარ. 9 წელიწადია უკვე აქეთ ვარ. მყავს ჩემი ბენდი, ჩემი მსმენელი, კონცერტები და მიწვევები მაქვს. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს შემოქმედებითად და ანაზღაურებაც შესაბამისი მაქვს. თბილისში ზაფხულობით ჩამოვდივარ და შოუებშიც ვმონაწილეობ და კონცერტებშიც. დედაქალაქში კონცერტები აღარ იმართება და იძულებული ვარ, რაიონებში გავიდე და ისიც კახელების თხოვნით, ჩემი წარმომავლობა იქიდან მოდის და კახეთშIი ბევრი მსმენელი მყავს. მთხოვენ, რომ თელავში სოლო კონცერტი გავმართო...

"...ამას შეგუებული ვარ"

სცენაზე დაბრუნებას დიდ თანხებს უკავშირებს მომღერალი თამთა ჭელიძეც. შოუბიზნესის უსიცოცხლობამ შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზისკენ უბიძგა.

თამთა ჭელიძე: - მაშინ ბევრი რამ კეთდებოდა შოუბიზნესისთვის. მუსიკალური ტელევიზია არსებობდა, იყო კონკურენცია, რაც აუცილებელია, რადგან შოუბიზნესიც ჩვეულებრივი ბიზნესია და ფული უნდა იყოს ამ საქმეში. იმართებოდა ბევრი კონცერტი. ყოველთვის სოლიდური ჰონორარი მქონდა. ვახერხებდი ახალი სიმღერების ჩაწერას, კლიპების გადაღებას. ახლაც ვერ ვისვენებ. როგორ უნდა მოისვენო, როცა ხარ მომღერალი, ხელოვანი... ვაპირებ სიმღერის ჩაწერას და ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორი შეიძლება იყოს. აუცილებლად გადავიღებ კლიპსაც. ისე გამოდის, თითქოს თავი დავანებე სიმღერას, მაგრამ კონცერტებში, რაც ტარდება, თუნდაც სახელმწიფოს ჩარევით, ვმონაწილეობ, თუმცა, კლუბებში რეიტინგი დაწეული მაქვს. თუ ზედაპირზე არ ამოვედი, მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება და ეს არც მიკვირს, ამას შეგუებული ვარ.

"მაინც არ მივიძინებთ"

2002-2003 წლებში ცნობილი მუსიკალური ჯგუფი "სეიშენი" მიიჩნევს, რომ ჯგუფს არსებობა არასდროს შეუწყვეტია.

ლევან წვერავა, ჯგუფ "სეიშენის" წევრი: - ჩვენ არასდროს ვჩერდებით, ხანდახან ცოტა მივჩუმდებით ხოლმე, მაგრამ სულ რაღაცას ვაკეთებთ. ახლა დათო ფორჩხიძესთან ერთად დაწყებული გვაქვს ალბომზე მუშაობა და მის პრეზენტაციას რამდენიმე კლიპთან ერთად გავაკეთებთ. ერთ წელიწადში გრანდიოზულ კონცერტს ვგეგმავთ, მაგრამ მანამდეც არ მივიძინებთ.

"მეუღლე რომ გარდამეცვალა, სიმღერას მოვრჩი"

2003-04 წლებში ტელეეკრანებზე ქერა, ხვეულთმიანი ქალი გამოჩნდა გამომწვევი ჩაცმულობით, რამდენიმე წელი ლიდერობდა "მაესტროს" მუსიკალურ ათეულში. ანა ჯაკი - ეს სახელი დღესაც ყველას ახსოვს, მაგრამ არ იციან, სად გაქრა... უკვე მეათე წელია, საფრანგეთში ცხოვრობს და იქაურ საპროდიუსერო კომპანიასთან თანამშრომლობს.

ანა ჯაკი: - ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, მოვრჩი სიმღერას. დავრჩი მარტო საზღვარგარეთ, თან პატარა ბავშვით...

წელს სინგლი გამოვუშვი, I DON'T KNOW ჰქვია, სხვათა შორის, მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერაა. დიდი ხანია ნაყიდი მაქვს და ვინახავდი. კონტრაქტი გავაფორმე ერთ ფრანგულ კომპანიასთან და ალბომზე ვმუშაობთ. აქ ჩემთვის სტუდია გაიხსნა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ალბომი წლის ბოლომდე გამოვუშვათ. იქნება კლიპიც და იმედია, ჩამოვიტან... ეს არის სიმღერა ფრანგულ-ინგლისურ ენაზე, შეიძლება რუსულადაც გავაკეთო.

შოუბიზნესში ერთიანი პლატფორმა აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების, პოპულარობის ზენიტისა და პენსიაზე გასვლის, არ არსებობს. ერთ დღეში მოსული პოპულარობა, შესაძლოა, ერთ დღეშივე გაქრეს და მოგონებად გადაიქცეს, წარმატებული მომღერალი კი ახალმა სახემ ჩაანაცვლოს. აქ წესები დაუნდობელია, განსაკუთრებით, ქართული რეალობისთვის. ახალი პროდუქტის შესაქმნელად ფინანსური რესურსი და მედიამხარდაჭერაა საჭირო, თუნდაც იმისთვის, რომ უამრავი ნიჭიერი, ჯერაც უცნობი მომღერალი ჩრდილში არ დარჩეს.

ნინო წიფურია