"რა ინფორმაციას ინახავს მონეტები, წიგნი-ალბომიდან შეიტყობთ" - კვირის პალიტრა

"რა ინფორმაციას ინახავს მონეტები, წიგნი-ალბომიდან შეიტყობთ"

"როდესაც ხელით ეხები მონეტას, რომლის შესახებ წიგნის ფურცლებზე ამომწურავ ინფორმაციას ეცნობი, სულ სხვაგვარი განცდა გეუფლება"ახალჩამოსხმული მონეტები მექანიკურად იწმინდება ნაწიბურების - ფხაურებისგან. ამის შემდეგ დაფერვის პროცესი იწყება, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს"

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება "პალიტრა L-ის პროექტის ფარგლებში უნიკალური წიგნი-ალბომის - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" გამოსვლას. ეს გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა - მასში ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ. მონეტები საქართველოში მზადდება. მათ შექმნაზე, ხუთკაციან ჯგუფთან ერთად, პროფესორი მეტალურგიის დარგში ნუგზარ მაღლაფერიძე მუშაობს. "კვირის პალიტრა" ბატონ ნუგზარს დაუკავშირდა:

- თავდაპირველად ეროვნულ მუზეუმში 24 ქართული მონეტის ასლი გავაკეთეთ სილიკონის სპეციალური მასალით, რომელიც ორიგინალ მონეტას არ აზიანებს. ამ ასლიდან საწარმოო მოდელები მზადდება, მერე კი ალუმინის შემცველი მასალისგან მონეტას ჩამოვასხამთ. ახალჩამოსხმული მონეტები მექანიკურად იწმინდება ნაწიბურების - ფხაურებისგან. ამის შემდეგ დაფერვა იწყება. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. რადგან მონეტები ალუმინის შემცველი მასალისგან არის ჩამოსხმული, თუ ჯერ სპილენძით არ დაიფერა, ვერც მოივერცხლება და ვერც მოოქროვდება. ამიტომ თავდაპირველად მონეტებს სპეციალურ ხსნარში ვალაგებთ და სპილენძით ვფერავთ. ამ პროცესს მოვერცხვლის პროცესი ენაცვლება. მონეტა ორიგინალს რომ დავამსგავსოთ, ახალი ტექნოლოგიით ვფერავთ, რის შედეგად მონეტები მუქდება. მერე, სასურველი ფერის მისაღებად, მათ სათითაოდ ვწმენდთ სპეციალური ფხვნილით. ბოლოს ვრეცხავთ, ვაშრობთ და მონეტაც მზადაა. მონეტების დამზადების პროცესი სრულდება სტამბა "კოლორში", იქ იღებს საბოლოო სახეს და "კოლორშივე" მზადდება სპეციალური შეფუთვა.

- მოჭრილი ყველა მოდელი ზუსტად იმეორებს ორიგინალს?

- ეს მონეტები ორიგინალების ზუსტი ასლია, თუმცა, განსხვავება არ გამორჩებათ ექსპერტებსა და სპეციალისტებს. ეს განსხვავება ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ, რათა არ მომხდარიყო მონეტების ფალსიფიცირება.

პროექტისთვის მოჭრილი თითო მონეტის ავერსზე "კვირის პალიტრის" ლოგო დავსვით. მისი დანახვა შესაძლებელია სპეციალური ლუპით, რომელიც საჩუქრად მოჰყვება ჩვენს წიგნ-ალბომს. შევცვალეთ მონეტის მასალის შემცველობა, ოდნავ განსხვავებულია მონეტის ზომა და წონაც, სისქე კი უცვლელი დავტოვეთ.

- პროექტის ფარგლებში უკვე მოიჭრა რამდენიმე მონეტა.

- პირველი მონეტა, რომელიც გამოდის, დიდრაქმაა. ის ძვ. წ. V საუკუნეში იჭრებოდა კოლხეთში. მონეტის ავერსზე მწოლიარე ჰერმაფროდიტი ლომია გამოსახული, მეორე მხარეს კი - მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა ჩაჭდეულ სწორკუთხედში. კოლხეთის სამეფო მონეტების მოჭრის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ. წ. VI საუკუნეში იწყება ფულის მიმოქცევა და ვერცხლის მონეტების მოჭრა. ეს უძველესი მონეტები "კოლხური თეთრის" სახელით არის ცნობილი. ისინი კოლხეთისთვის იჭრებოდა და, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გამოიყენებოდა.

შემდეგი მონეტაც, რომლითაც კოლექციონერები თავიანთ წიგნ-ალბომს შეავსებენ, კოლხური დიდრაქმაა. მის ავერსზე ადამიანის თავია გამოსახული, რევერსზე კი - ადამიანის იდენტური თავები ერთმანეთის პირისპირ ჩაჭდეულ კვადრატში. რას ნიშნავს ეს სიმბოლოები, რა ინფორმაციას ინახავს ეს მონეტები ან როგორი იყო რეალობა, როდესაც ეს მონეტები გამოიყენებოდა - ამას წიგნი-ალბომიდან შეიტყობთ.

მიხარია, რომ ამ პროექტის ნაწილი გავხდი, რადგან ის საშვილიშვილო პროექტად მიმაჩნია. შეაგროვებთ მონეტებს და გაოცდებით, როგორ მოახერხეს ჩვენმა წინაპრებმა მაშინდელ პირობებში ასეთი რთული მონეტების მოჭრა. კატალოგი ბევრი შექმნილა, მაგრამ როდესაც ხელით ეხები მონეტას, რომლის შესახებ წიგნი-ალბომის ფურცლებზე ამომწურავ ინფორმაციას ეცნობი, სულ სხვაგვარი განცდა გეუფლება. "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტია, რომლის მსგავსი ქართულ სინამდვილეს არ ახსოვს.

ეკა სალაღაია