"ქართული ფოლკლორი ჩვენი საგანძურია, მას მოვლა სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ქართული ფოლკლორი ჩვენი საგანძურია, მას მოვლა სჭირდება"

გიორგი დონაძე: "რეგიონებს უნდა დავუბრუნოთ პროფესიული კადრები, რომლებიც იქ შეუწყობენ ხელს ფოლკლორის განვითარებას"

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გრძელდება. ფესტივალი დედაქალაქში აპრილში დაიწყო, მაყურებლის წინაშე წარდგნენ კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

გვესაუბრება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე: - შარშან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დავიწყეთ"ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი, რომელიც მოიცავს ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებას: ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული გალობა, საკრავიერი მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მასში მონაწილეობა და ტრადიციული კულტურის წარმოჩენა საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ ჯგუფს შეუძლია. ეს პროექტი ახალგაზრდა შემსრულებლებს სტიმულს მისცემს, გამოცდილთ კი მოტივაციას გაუღვივებს, რათა ცოდნა-გამოცდილება მომავალ თაობას გადასცენ.

- 2015 წელს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა-მოვლა-პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა დაიწყო.

- უკვე 18 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, წლის ბოლომდე მათი რაოდენობა 20-მდე გაიზრდება. თითქმის ყველა ანსამბლმა თბილისში მოიყარა თავი. ადრე პირიქით იყო. ახლა გურიაში კონცერტისთვის კრიმანჭულის მთქმელები თბილისიდან გავგზავნეთ!

გვინდა, სპეციალისტები რეგიონებში, სკოლებში დავასაქმოთ. სულ მალე ოზურგეთს უდიდესი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფოლკლორის ცენტრი ექნება, საკუთარი საკონცერტო, საგამოფენო დარბაზებითა და ხმის ჩამწერი სტუდიით. ეს იმისთვის კეთდება, რომ თბილისიდან რეგიონებს დავუბრუნოთ პროფესიული კადრები.

ამჟამად ლოტბართა სკოლებში 700 ბავშვი სწავლობს. 300 - 12 ივნისს, ილიას ბაღში დაგეგმილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

- ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სხვა მნიშვნელოვან პროექტზეც მუშაობს.

- საყოველთაოდაა აღიარებული, რომ კაცობრიობის სულიერ მემკვიდრეობაში, ქართველთა მიერ შეტანილ ღირებულებათაგან, ხალხური მრავალხმიანობა უნიკალური ფენომენია. ტრადიციული მრავალხმიანობის ორგანული ნაწილია არქაული და, ამავდროულად, მაღალგანვითარებული პოლიფონიითა და ჰარმონიით გამორჩეული ქართული საგალობელი.

მიმდინარე წელს, საქველმოქმედო ფონდ "ქართულ გალობასა" და სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქართული ტრადიციული საგალობლების უნიკალური ხელნაწერების გაციფრულებას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელნაწერების დიდი ნაწილი, 23 000-მდე გვერდი გაციფრდა. კიდევ 2000 გვერდამდე სანოტო ხელნაწერის გაციფრება მოხდება. ამდენად, დიგიტალიზების პროექტის ფარგლებში არსებული ქართული საგალობლების სანოტო ხელნაწერები სრულად გაციფრდება.

- 5 დღის განმავლობაში ცნობილი ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეხო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მასტერკლასებს მართავდა, რა იყო ამ კურსის მიზანი და მნიშვნელობა?

- მასტერკლასის მიზანი იყო: ახალი იდეების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება. მონაწილენი ჩაერთვნენ სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა: ცეკვა, სიმღერა, ჩანაწერების მოსმენა და განხილვა, დასარტყამ საკრავებზე დაკვრა და სხვა. მასტერკლასები ასევე ითვალისწინებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების გაცნობას. ზოგადად, ანალოგიური კურსის მიზანია, მონაწილეებმა გაიაზრონ, რომ მუსიკალური სამყარო არ არის მხოლოდ გამოხატვისა და ემოციის საშუალება, არამედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს სასწავლო პროცესში. პოლომ ქართველ ლოტბარებს გააცნო ის თანამედროვე მიდგომები სწავლებაში, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოში, განსაკუთრებით მოზარდებთან მიმართებაში. პოლო ვალეხო უკვე 15 წელია, ქართულ ფოლკლორს იკვლევს. ჩვენ ის ჩავრთეთ ჩვენს საექსპედიციო პროგრამებში.

ქართული ფოლკლორი ჩვენი საგანძურია, მას მოვლა და პატრონობა სჭირდება.

ანონსი

20-21 მაისს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი უმასპინძლებს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, აჭარის (ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) წარმომადგენლებს, 24 მაისს - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეებს და 30-31 მაისს - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის (ხულოს, შუახევის, ქედის) ანსამბლებსა და გუნდებს. ფესტივალის ფინალი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი ზეპირსიტყვიერებას დაეთმობა, 27-28 ივნისი - მუსიკასა და ქორეოგრაფიას. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და პრემიები. დასასრულს, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" და ლაურეატთა ბუკლეტები.

ეკა სალაღაია