რომის უძველეს ტაძარს ქართველი მოხატავს - კვირის პალიტრა

რომის უძველეს ტაძარს ქართველი მოხატავს

ხატწერაში არ არსებობს ჩარჩო, შეზღუდული სივრცე. უკიდეგანო თავისუფლება გაქვს, წერ და გრძნობ, ცოცხალ ორგანიზმს ქმნი. ხატი ხომ არ არის უბრალოდ ნახატი, მასთან ურთიერთობა გაქვს, სიცოცხლე უნდა იგრძნო...

როდესაც გამომიცხადეს, რომ ტირონის ტაძარში ხატებისთვის ავტორის ვინაობა უნდა მიმეწერა, ვითხოვე, რომ ქართულ ენაზე დავწერდი. ნება დამრთეს. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვინმე დავით ლუაშვილი იკითხება, არამედ ის, რომ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ხატებზე ქართულ ენაზეა წარწერა...

ქართველი მხატვარი დავით ლუაშვილი რომში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კუთვნილ უძველეს ტაძარს მოხატავს. მსოფლიოში საუკეთესო ხატმწერებით განთქმულმა ბერძნებმა თეოდორე ტირონის სახელობის მეექვსე საუკუნის ტაძრის შემკობა ქართველს მიანდვეს. დავით ლუაშვილი რომიდან "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა.

"მომინდა, ერთი ხატი დამეწერა და ტაძრისთვის შემეწირა"

- თუ გულით გსურს, აუცილებლად მონახავ შენს გზასო. მეც ასე დამემართა. თბილისის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინერის სპეციალობას დავეუფლე, თუმცა, მოგვიანებით, ფერწერამ გამიტაცა. ძალიან მომინდა, ხატი დამეწერა. არ მიფიქრია, იკონოგრაფიისთვის დამეთმო მთელი ცხოვრება, უბრალოდ, მომინდა, ერთი ხატი დამეწერა და ტაძრისთვის შემეწირა. ავიღე კურთხევა და შევუდექი ღვთისმშობლის ცნობილი ხატის, "შენ ხარ ვენახის" წერას. იმ პერიოდში ველოდებოდი საბერძნეთსა და იტალიაში ქართული კულტურის დღეებზე ჩემი ფერწერული ნამუშევრების წარდგენას და ხშირად ვერ ვიცლიდი ხატისთვის. 2008 წლის ომის გამო უცხოეთში გამოფენა ჩაიშალა. ხატს მივუბრუნდი და როდესაც დავასრულე, აღმოვაჩინე, რომ აღარაფერი მაინტერესებდა იკონოგრაფიის გარდა.

ხატწერაში არ არსებობს ჩარჩო, შეზღუდული სივრცე. უკიდეგანო თავისუფლება გაქვს, წერ და გრძნობ, ცოცხალ ორგანიზმს ქმნი. ხატი ხომ არ არის უბრალოდ ნახატი, მასთან ურთიერთობა გაქვს, სიცოცხლე უნდა იგრძნო. მცდარია მოსაზრება, თითქოს რელიგიურობა და იკონოგრაფია ჩაკეტილობას ნიშნავს. მცდარია, როდესაც ჰგონიათ, რომ ქრისტიანობა ტაბუდადებულ მცნებათა ერთობას ნიშნავს. ქრისტიანობა უდიდესი სიყვარული და თავისუფლებაა. ეს არის რელიგია, რომელიც ყველაზე თავისუფალი, კონტაქტური და მოსიყვარულეა. ქრისტიანი უნდა იყო არსებით და არა გარეგანი გამოხატულებით. გიყვარდეს მოყვასი შენი - ჩემთვის ამით იწყება და მთავრდება ქრისტიანობა.

ჩემი პირველი ხატი გურჯაანი-ველისციხის ეპარქიის წინამძღვარს, მეუფე ექვთიმეს გადავეცი და გადავწყვიტე, სოფელში წავსულიყავი სამუშაოდ. მანამდე ორ კვირაზე მეტს ვერ ვძლებდი სოფლად, ქალაქისკენ მეწეოდა გული. იმ ჯერზე ბაკურციხეში ერთი წელი დავყავი და შესანიშნავ პიროვნებასთან, მამა გიორგისთან ერთად ვმუშაობდი. ის ერთი წელი გახდა მყარი ფუნდამენტის შემქმნელი, რომელსაც დღეს ჩემი ხელოვნება ეფუძნება. თბილისში დაბრუნების შემდეგ ჯვრის მამის მონასტრის სახელოსნოში ცნობილ ხატმწერ მამა ისააკთან გავიარე სკოლა. შემდეგ დაიწყო არჩევნების პერიოდი და პოლიტიკამ ეკლესიაშიც შემოაღწია. შემოქმედი ადამიანისთვის და, ალბათ, ჭეშმარიტად რელიგიურისთვის ასეთი ყოფა სულისშემხუთველია. მივხვდი, სადღაც უნდა წავსულიყავი.

"მონურად შრომობდნენ და ჩემს წარმატებაში აბანდებდნენ ინვესტიციას"

- მე და რომი სრულიად უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის. არც ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ამ ქალაქში. მივადექი რომის ქართულ სამრევლოს, სადაც მამა იოანე ხელაია მოღვაწეობს. ჩემი ჩასვლიდან მალევე სამრევლოს ულამაზესი შენობა გადასცეს ტაძრად. მე დამევალა მისი ხატებით შემკობა. ამავე დროს იტალიელ იკონოგრაფთან, პროფესორ ჯან-ლუკა პუქსისთან დავდიოდი მასტერკლასებზე, გავიარე რუბლიოვის სკოლა, როსანა კაპელოსთან ვისწავლე ოქროს ტექნიკური დამუშავება, დავეუფლე ჭედურობის ხელოვნებას... მატერიალურად მიჭირდა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ალბათ, მალე შიმშილი მომიწევს-მეთქი, მაგრამ სასწაულები ხდებოდა, მოდიოდა შეკვეთები... მალე დადგება დრო, როდესაც დავასახელებ იმ საოცარი ქართველების ვინაობას, რომელთაც მე შემქმნეს ისეთად, როგორიც დღეს ვარ. ისინი მონურად მუშაობენ, რომ ოჯახები არჩინონ, მაგრამ მეც გვერდით მედგნენ მატერიალურად. საქართველოს საელჩო იტალიაში დღემდე არ გამომხმაურებია. მხოლოდ ვატიკანში საქართველოს ელჩი თამარ გრძელიძე ცდილობს, მხარში დამიდგეს.

"6 თვე იმედგადაწურული ველოდებოდი კომისიის დასკვნას"

- როდესაც თეოდორე ტირონის ტაძრის მოხატვაზე კონკურსი გამოცხადდა, ტაძრის წინამძღვარს ჩემი ნამუშევრების ფოტოები და ერთიც პატარა ხატი მივუტანე. ეს ყველაფერი საბერძნეთში გადაიგზავნებოდა და იქ განიხილავდა კომისია. ლოდინში ნახევარი წელი გავიდა და იმედი რომ გადამეწურა, მაშინ მითხრეს, ტაძარი უნდა მოხატოთო.

ბერძნებს საოცარი იკონოგრაფები ჰყავთ, რას ვიფიქრებდი, რომ ჩემზე შეაჩერებდნენ არჩევანს. ჯერ მუშაობის პირველ ეტაპზე ვარ. წინ ბევრი ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა. მე არ ვმუშაობ კომერციულად, ჩემი ყველა პროექტი არის მცდელობა, რაღაც დავტოვო ისეთი, რაც მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომაც, როდესაც გამომიცხადეს, რომ ტირონის ტაძარში ხატებისთვის ავტორის ვინაობა უნდა მიმეწერა, ვითხოვე, რომ ქართულ ენაზე დავწერდი. ნება დამრთეს. ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვინმე დავით ლუაშვილი იკითხება, არამედ ის, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ხატებზე ქართულ ენაზეა წარწერა.

რომში, ძველ ტაძრებში, სინას მთაზეც უძველეს ხატებს ძალიან ბევრი მსგავსება აქვთ უძველეს სვანურ ხატწერასთან. მაშინ ბერები, წმინდა მამები დადიოდნენ ყველგან, ზოგი საქართველოდან მიდიოდა და სხვაგან ასწავლიდა სვანურ ტექნიკას, ზოგიც აქ ჩამოდიოდა და ქართულს უცხოურს ამატებდა. ეს ტრადიცია საუკუნეებია დაიკარგა.

სვანური სკოლა საოცრებაა და მას ვერავინ გაიმეორებს. სვანური ხატწერა იკონოგრაფიულად ისე გამართული არ არის, როგორც ბიზანტიური, მაგრამ ძალიან ცოცხალია. სვანური ფრესკებიდან და ხატებიდან საოცარი ენერგია მოდის.

ვატიკანში გამოფენის მოლოდინში

- ქვეყანა, ერი ცოცხალი ორგანიზმია და საქართველომ სიცოცხლე სიახლის შექმნით უნდა აგრძნობინოს მსოფლიოს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, მოვამზადოთ დიდი გამოფენა ვატიკანისთვის, სადაც მხოლოდ ღვთისმშობლის ხატებს წარვადგენთ და ამ გამოფენისთვის საგანგებოდ დაიწერება ყველა ცნობილი ხატი. გვეხმარება ვატიკანში საქართველოს საელჩო, იტალიის კულტურის სამინისტრო და გვჭირდება დიდი ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოდან ველი.