"ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ" - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ"

"რუსეთს უნდა ისე აირიოს აქ ყველაფერი, რომ დასავლეთმა არ მიგვიღოს!"

"რა გინდათ ახლა რომ გითხრათ - პუტინის დედა ვატირე-მეთქი?! თუ კიდევ უფრო მეტად შევაგინო"?!

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, აფხაზეთის ე.წ ადმინისტრაციულ საზღვართან მკვლელობა მოხდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი 31 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. როგორც აღმოჩნდა, დანაშაული სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახულია, თუ როგორ მისდევენ ე.წ მესაზღვრეები გიგა ოთხოზორიას და გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. (ვიდეო)

ინტერნეტში სავარაუდოდ დამნაშავის ფოტოც გავრცელდა. აღნიშნული პიროვნება 29 წლის რაშიდ კანჯი-ოღლია. მას ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საცხოვრებელ ადგილას აფხაზეთი, ტყვარჩელი აქვს მითითებული. გარდაცვლილს 6 ტყვია ესროლეს, მათგან 2 ბარძაყში მოხვდა, 3 მუცლის არეში და ერთი საკონტროლოდ ნასროლი ტყვია - სახეში.

"საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ხურჩაში მომხდარ მკვლელობის საქმეს, ჩვენ დადგენილი გვყავს კონკრეტულად მკვლელობის ჩამდენი პიროვნება და უახლოეს დღეებში მივიღებთ ამ საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

მოკლული გიგა ოთხოზორია

ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ცნობილი ქართველი ხელოვანები ეხმაურებიან...

თენგიზ არჩვაძე: - საშინელებაა ბატონო ეს ყველაფერი, რისთვის მოგვიკლეს უდანაშაულო კაცი?! როგორც ვიცი არაფერი არ დაუშავებია და თან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს... ეს პირველი შემთხვევა არ არის და ალბათ არც უკანასკნელი იქნება! მოიფიქრონ რამე მთავრობაში, რისთვის სხედან იქ?!

გუჯა ბურდული: - რას აკეთებს მთავრობა, რამეს აპირებს? - საშინელება მოხდა და მგონია, რომ ჩვენი მთავრობა ხმას ამოიღებს!

თემურ წიკლაური: - საშინელება მოხდა, დედამიწამ გაიგო ეს ამბავი და ცხადია მეც შეძრული ვარ.. არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცეთ, სახელმწიფომ არ იცის და მე უნდა ვიცოდე კაცო?! საერთოდ არ ვერევი პოლიტიკაში! ჩემს საქმეს ვაკეთებ! ისეთ სიმღერას ვიღებ, რომ ცრემლი წამოგივათ... ეგ სიმღერა აჩვენეთ იქ და ეგ არის ჩემი ბრძოლის იარაღი! რა გინდათ ახლა რომ გითხრათ - პუტინის დედა ვატირე-მეთქი?! თუ კიდევ უფრო მეტად შევაგინო?! როცა არ გყავს არც ჯარი, არც ხალხი და გამყიდველებით არის სავსე საქართველო, რაზეა ლაპარაკი საერთოდ?!

ბუბა კიკაბიძე: - რას ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, ან პრემიერ-მინისტრი? მთავრობისგან არის რამე რეაქცია? სახელმწიფო გამწარებულ ოჯახს და ხალხს გვერდით უდგას?!  ჩვენ პატარა ერი ვართ და ამიტომ ასე უნდა გვხოცონ თუ რა ხდება ვერ გავიგე?!  არ შეიძლება ახლა გაჩუმება და რადგან გავჩუმდით, ალბათ რუსების შემოსვლას ელოდებიან, სულ რომ დაგვაბიჯონ თავზე ფეხი! თუ ასე გვინდოდა, ხომ ვიყავით იმ რუსეთში! მთავრობის გადასაწყვეტია ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ, მე და შენი კი არა! მე წავალ და დავდგები სადაც მეტყვიან! ახალგაზრდა კაცი მოგვიკლეს, ორი პატარა ბავშვი დაობლდა და ჩვენ ჩუმად ვართ! სამარცხვინოა ეს ყველაფერი და მგონია, რომ მალე საერთოდაც თავის აწევა შეგვრცხვება! მიგდებულია ხალხი იქ და პატრონი არ ჰყავთ! რუსეთს უნდა ისე აირიოს აქ ყველაფერი, რომ დასავლეთმა არ მიგვიღოს! ამას ვიძახი სამი წელიწადია და ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ალბათ რუსეთში დაბრუნება მოგვიწევს - ნუ მომასწროს ამ დღეს ღმერთმა!

იხილეთ ასევე: "ბიჭი დაცხრილულია, თავში საკონტროლო ტყვია აქვს ნასროლი"

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)