ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მოდელები - კვირის პალიტრა

ყველაზე მოთხოვნადი ქართველი მოდელები

მოდელობა ყველა გოგოსთვის საოცნებო პროფესიაა. ბოლო წლებში სამოდელო ბიზნესი აღმასვლას განიცდის. (ფოტოგალერეა)

ამას მოდის კვირეულები, მოწვეული მოდის კრიტიკოსები და ბლოგერებიც ადასტურებენ. ხელოვნების ამ დარგის განვითარებამ ხელი შეუწყო სამოდელო სააგენტოების დაარსებას, რისი წყალობითაც ქართველ მოდელებს გზა გაეხსნათ საერთაშორისო ასპარეზზე.

თაკო ნაცვლიშვილი

ასაკი 17 წლის, სიმაღლე 1,79 სმ, პარამეტრები 80-62-86

პოდიუმზე გამოჩენა თაკოსთვის ცხოვრების ჩვეული რიტმი გახდა

ტოპხუთეულში პირველ ადგილს საქართველოსა და უკვე მსოფლიოსთვის ცნობილი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი იკავებს. გზა დიდი სამოდელო კარიერისკენ დედამ, Look Models-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა გაუკვალა. საერთაშორისო სამოდელო სააგენტოსთან პირველი კონტრაქტის შემდეგ, თაკომ სწრაფად მიიპყრო მსოფლიო მოდის ცნობილი სააგენტოების ყურადღება. ასე მოხვდა "დოლჩე და გაბანა", "არმანის", "დიორის", "ზუჰაი მურადის", "ვერსაჩესა" და "ელი სააბის" ჩვენებებზე. თაკო პირველი ქართველი მოდელია, ვინც წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში მონაწილეობს. კარლი კლოსი, ევა ჰერციგოვა, ნაომი კემპბელი, ბიანკა ბალტი - სუპერმოდელებთან ერთად პოდიუმზე გამოჩენა თაკოსთვის ცხოვრების ჩვეული რიტმი გახდა. დღეს 17 წლის ტოპმოდელი ევროპასა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კადრია და მსოფლიოში წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობს. ის ამჟამად მადრიდშია.

ნინა ფოცხიშვილი

ასაკი - 16 წლის, სიმაღლე - 1,76 სმ, პარამეტრები: 75-58-85

"მოდელობა ჩემი პროფესია არ არის უბრალოდ, ჰობია"

ქართული გვარი და აზიური გარეგნობა ნინას მიმართ ყურადღებას უფრო ამძაფრებს. დედა ჩინელი ჰყავს, სწორედ ეს არის მისი წარმატების განმსაზღვრელი და ასევე საჭირო დროს საჭირო ხალხთან ურთიერთობა. საზღვარგარეთ წასვლაზე არ ფიქრობს, აქ თავს კარგად გრძნობს. მოდელის კარიერას, როგორც ჰობს, ისე უყურებს და მომავალში ფინანსების შესწავლას ფიქრობს.

ნინა ფოცხიშვილი: "საქართველოში სამოდელო საქმე ჯერ ისეთ მაღალ დონეზე არ არის, რომ მოდელებს დიდი ჰონორარი გადაუხადონ, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ანაზღაურება დაბალია - რასაც მე გამოვიმუშავებ, სამაგისოდ ხალხი ერთი თვე წვალობს. გააჩნია გადაღებასაც. რეკლამაში გადაღებისთვის უფრო დიდია ანაზღაურება, დიზაინერებს ამდენი საშუალება არა აქვთ.

დიეტას არ ვიცავ, მხოლოდ ჯანსაღად ვიკვებები, მაგრამ ყოველდღიურად ვვარჯიშობ. იმიტომ არა, რომ ეს ჩემი სფეროა და ფორმაში უნდა ვიყო, ეს ჩემი ყოველდღიური რეჟიმია. სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი, რომ ეს ჩემი პროფესიაა. ვიდრე პატარა ვარ, 16 წლის, ჩემი ჰობია და ეს უნდა გამოვიყენო. საზღვარგარეთ წასვლას არ ვაპირებ".

მარიშა ურუშაძე

ასაკი: 18 წლის, სიმაღლე: 1,79 სმ, პარამეტრები: 80-60-87

"ყველაზე კარგი, წლევანდელი სეზონი იყო"

მარიშა თავის წარმატებას სამსახიობო ოსტატობას, პლასტიკას, გარდასახვის ხელოვნებასა და კამერასთან მუშაობის სტილს უკავშირებს. გამოცდილებას წარმატების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად ასახელებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სამოდელო კარიერას საქართველოში გრძელი გზა არა აქვს, ამიტომ საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრობს.

მარიშა ურუშაძე: "ვვარჯიშობ, ჯანსაღ საკვებს ვჭამ, ცოტ-ცოტას ყველაფერს. კანს განსაკუთრებულად არ ვუვლი, სახის საცხი შეიძლება წავისვა, მაგრამ იშვიათად, გამიმართლა და ბუნებრივად კარგი კანი მაქვს. ყველაზე კარგი, ალბათ, წლევანდელი სეზონი იყო - მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული, თანაც ვარცხნილობა შევიცვალე, ცოტა სტილიც და ამან უფრო გააღვივა ჩემით დაინტერესება. "ვოგისთვისაც" გადამიღეს და საზღვარგარეთიდან უფრო მეტი მოწვევა მივიღე. ასე რომ, ამ სეზონმა კარგად ჩაიარა, ძალიან კმაყოფილი ვარ".

ელენე მახარაშვილი

ასაკი - 20 წლის, სიმაღლე - 1,77 სმ, პარამეტრები - 81-60-87

"საქართველოში მოდელის ანაზღაურება ძალიან დაბალია"

ელენე სპეციალურ დიეტას არ იცავს, მაგრამ წონას აკონტროლებს. კვების რაციონში, ძირითადად, სალათები აქვს. არ ვარჯიშობს და თავის მოვლის არც რამე განსაკუთრებული მეთოდი აქვს. პოპულარობას მხოლოდ თავის გარეგნობას უკავშირებს.

ელენე მახარაშვილი: "15 წლის ვიყავი, ტოკიოში რომ წავედი და დაახლოებით 2 თვეში 13.000 ევრო გადამიხადეს, რამდენიმე დღეში კი მივდივარ შანხაიში, სადაც 4 დღეში იხდიან 11.000 დოლარს. საქართველოში მოდელის ანაზღაურება ძალიან დაბალია. პირველი კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო აი-ემ-ჯისთან მქონდა. მას ფილიალები აქვს ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკსა და მილანში. მასთან თანამშრომლობდნენ ბიანკა ბალტი, ქენდის სვენპელი, შანელ აიმანი. ახლა სააგენტო "ნექსთ მოდელსთან" ვთანამშრომლობ. მალე სამი თვით ლოს-ანჯელესში მივფრინავ.

მოდელისთვის მოთხოვნის ერთი სტანდარტი არსებობს: ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს, უნდა ეცვას მომდგარი ტანსაცმელი, ძირითადად, შავი, მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს თმა, ფრჩხილები, სახე უმაკიაჟოდ".

მანიკა ასათიანი

ასაკი - 24 წლის, სიმაღლე - 1,80 სმ, პარამეტრები: 85-61-91

"ჩემი ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა დამწყები მოდელის"

ჟურნალისტი და მოდელი, ორივე სფეროში წარმატებული წითური გოგო თავის პოპულარობას პლასტიკასა და კამერასთან მუშაობის გამოცდილებას უმადლის. ჟურნალისტობასა და მოდელობას შორის დროის განაწილება უწევს, მაგრამ ერთი მეორეში ეხმარება. მოდელობა ჟურნალისტობამდე დიდი ხნით ადრე, 13 წლის ასაკში დაიწყო და მას შემდეგ ყველა ქასთინგის რჩეულია.

მანიკა ასათიანი: "სულ იმაზეა ქილიკი, მოდელებს არა აქვთ კარგი ანაზღაურებაო. მოდის კვირეულში გამოსვლისთვის თითო ჩვენებაში 100 ლარს გიხდიან, 5 დღის განმავლობაში, ვთქვათ, 6 დიზაინერის ჩვენებაზე თუ გამოხვალ, 3.000 ლარი გამოგდის, რაც სულაც არის ცუდი ქართული რეალობისთვის. მეც მინდა მქონდეს მეტი ანაზღაურება, როგორც საზღვარგარეთაა, მაგრამ საქართველოში ასე არ ხდება და ხომ არ მოვითხოვ? მოდელობის გარდა, მე ხელს მიწყობს ისიც, რომ ცნობადი სახე ვარ და ჩემი ფასი ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა დამწყები მოდელის".

იხილეთ ფოტოგალერეა

ნინო წიფურია