"შერეკილი" ბორჯომიდან - "ხომ გითხარით, ავფრინდები-მეთქი" - კვირის პალიტრა

"შერეკილი" ბორჯომიდან - "ხომ გითხარით, ავფრინდები-მეთქი"

ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილი: "ბევრს არ სჯერა, რომ საფრენი აპარატის აგება შევძელი - ეს როგორ უნდა გაფრინდესო?.. ყველას ხომ არ ვაჩვენებ ვიდეოკადრებს, როგორ დაფრინავს ეს ჩემი ცათმფრენი ნატახტარში?"

"სიყვარული... სიყვარულია მშობელი ოცნებისა, ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთვლემარე გონებას, გონება აღძრავს ქმედებას, პლიუს-მინუს, ემ ცე კვადრატ, ეფ ფუძე, ვე - ვნებათაღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ! მიდით, ერთაოზ!"

ქრისტეფორე მგალობლიშვილისა და ერთაოზ ბრეგვაძისა არ იყოს, ელდარ შენგელაიას ფილმ "შერეკილებიდან", - ჩემი რესპონდენტის წამოწყებასაც მანამ უყურებდნენ ალმაცერად გარშემომყოფნი, სანამ მის მიერ აწყობილი საფრენი აპარატი ცაში აიჭრებოდა. ჩემი რესპონდენტი ბორჯომელი 60 წლის ნიკოლოზ ბოსტოღანაშვილია. საბურავების სახელოსნო აქვს, პარალელურად კი თავისი საფრენი აპარატის დეტალებს სრულყოფს. ამბობს, - ამ ჰობის გამო ზოგს შერეკილი ვგონივარო, თუმცა ამაზე არ დარდობს.

- ჩხიკინა ბავშვი ვიყავი, ერთი სული მქონდა, სათამაშოს როდის დავშლიდი და შევიტყობდი, როგორ იყო აწყობილი. ამ ინტერესს შეეწირა ჩემი მარჯვენა ხელის ცერა თითი - 3 წლისას კომბაინის ღვედში ჩამყვა. როდესაც წამოვიზარდე, ხან ველოსიპედი მყავდა, ხან მოტოციკლი, ხან - ავტომანქანა... ვშლიდი, ვაწყობდი, ასე ვსწავლობდი და ვხვდებოდი, რომ ყველაზე მეტად საფრენი აპარატი მიტაცებდა.

მესაათედაც ვმუშაობდი, ფოტოგრაფადაც, შემდუღებლადაც. მერე საბერძნეთში წავედი სამუშაოდ, იქ ვისწავლე კაფელის დაგება, სამღებრო საქმე. ბორჯომში სახლი ჩემი ხელით ავიშენე. 15 წელია, საბურავების "პროფილაქტიკა" მაქვს.

პირველად საბერძნეთში ვნახე დელტაპლანი და ძირფესვიანად შევისწავლე. მანამდე ჟურნალებით ვეცნობოდი, მაგრამ სულ სხვაა, რეალურად რომ ეხები ყველა დეტალს. მერე ვიფიქრე, მოდი, ვცდი მოტოდელტაპლანის აწყობას-მეთქი.

- ალბათ ნახაზები მოიპოვეთ და...

- არანაირი ნახაზები, ყველაფერს მეხსიერებით ვაწყობ. ბავშვობაში მამაჩემმა გარაჟის გასაღები დამიმალა, მე მეხსიერება დავძაბე და შემცვლელი დავამზადე, თუმცა მიჭირს, მაგალითად, მანქანის ნომრების დამახსოვრება.

4 წლის განმავლობაში ვაწყობდი მოტოდელტაპლანს. თავდაპირველად ქუთაისში გამოვცადე. 2000 წელს კი ამ დელტაპლანით პირველი საჩვენებელი გაფრენა რუსთავში მოვაწყვე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ ნელ-ნელა ბევრმა უხერხულობამ იჩინა თავი - ჩემს აწყობილ დელტაპლანს ვერსად ვინახავდი, თან ასაფრენადაც სპეციალური მოედანი სჭირდებოდა, სტადიონი არ ჰყოფნიდა, ასეთი კი ბორჯომში არ იყო. მოგვიანებით იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ისეთი საფრენი აპარატი ამეწყო, რომელსაც ასაფრენად დიდი მოედანი არ დასჭირდებოდა, უბრალოდ, ადგილიდან აიწეოდა. 2010 წელს უკვე კომპიუტერით დავიწყე მოყვარულის აწყობილი შვეულმფრენის ძებნა. ნახაზები მედო წინ - ზოგისა კვანძი მომეწონა, ზოგის სხვა დეტალი, ფანტაზიაც მოვიშველიე და საბოლოოდ გამოვიდა "შვეულმფრენის ბიძაშვილი". გამოსაცდელად ნატახტარში ჩამყავს ხოლმე - იქ პატარა აეროდრომია და ამ აეროდრომზე ვიკრიბებით ჩემნაირი "შერეკილები".

ახლა ხშირად ვიმეორებ, ხომ გითხარით ავფრინდები-მეთქი, მაგრამ ბევრს ისევ არ სჯერა, რომ საფრენი აპარატის აგება შევძელი - ეს როგორ უნდა გაფრინდესო, რადგან თვითმფრინავის ფორმა არა აქვს. ყველას ხომ არ ვაჩვენებ ვიდეოკადრებს, როგორ დაფრინავს ეს ჩემი ცათმფრენი ნატახტარში?! პირველად ჩემით გამოვცადე ავტომოტოპლანი და ცოტა არ იყოს, შევშინდი - ინსტრუქტორმა უნდა გასწავლოს ეს საქმე. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ მის მართვას, რომ ბორჯომს გადავუფრინო.

- ალბათ ყოველივე ეს ძვირი სიამოვნებაა.

- არც მინდა ვიანგარიშო, რამდენი მაქვს დახარჯული... ძალიან ბევრი, ამიტომაც მეძახიან "შერეკილს" - რას გადააკვდი ამ საფრენ აპარატსო. მე კი ვპასუხობ, ჩემი გაფრენის სურვილის ახდენა მილიონი მიღირს-მეთქი.

- "შერეკილების" გმირებს თავისი ფორმულა ჰქონდათ...

- მეც ვეთანხმები მათ - "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც".

ეკა სალაღაია