"აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ!" - კვირის პალიტრა

"აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ!"

"გინდა ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.."

"ვინ არის ადამიანი და ვინ არა, ამის განსჯამ გამაგიჟა! ვერ ვხედავ ნათელ წერტილს და ვინ იქნება ქართულ პოლიტიკაში - "ქართული ოცნება" თუ "ნაციონალური მოძრაობა", ჩემთვის მნიშვნელობა აღარ აქვს!.. კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას ვუხდი დღევანდელ მთავრობას, რომ არ გვკლავს, სხვა სამადლობელი არაფერი მაქვს!"

ცნობილი დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება...

- აღარაფერი მაინტერესებს, არანაირი ცვლილებების აღარ მჯერა! იყო დრო, როცა ვიბრძოდი. ჩემი ბრძოლა იყო ჰუმანური გამოხატულება იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში იყო გამეფებული! "ნაციონალური მოძრაობის" დროს ფიზიკური ანგარიშსწორება ნორმად იყო გადაქცეული... არ მქონდა ილუზია, ესენი რომ წავლენ, ავშენდებით-მეთქი, მაგრამ ცოტა წინსვლის იმედი ნამდვილად მქონდა. ახლა ხელი მაქვს ჩაქნეული!

აბსოლუტურად აღარაფერში ვერევი და კონცენტრირებული ვარ ჩემს შემოქმედებით ცხოვრებაზე, რომელიც საზღვარგარეთ მიმდინარეობს, საქართველოში მხოლოდ პედაგოგიური მოღვაწეობით შემოვიფარგლები. შემოქმედებითად საქართველოში შეუძლებელია რამის გაკეთება, არ არსებობს კულტურული ცხოვრება!

ალბათ, ათწლეულები უნდა გავიდეს, რომ რაღაც შეიცვალოს. ერთი რამ დამისახელეთ ქვეყანაში კარგი! რამე დამანახეთ! ლამაზი მთები რომ გვაქვს და "ვეფხისტყაოსანი", მეც ვიცი. დღეს რა არის ქვეყანაში კარგი - ეს მაინტერესებს!..

21-ე საუკუნეში ჩემს ეზოში ასფალტი დააგეს... რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაყვანილი გზები დღემდე არსებობს და იქ გუბეს ვერ ნახავ! ჩვენთან კი ცენტრალურ გზებზე უზარმაზარი გუბეებია...

- თქვენ მერიის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობთ...

- ამას რა მნიშვნელობა აქვს?! გინდა ნარმანია იყოს ქალაქის მერი და გინდ - დობორჯგინიძე! ეს ვართ ჩვენ დღეს - ასეთი საზოგადოება!.. შარშანწინ თურმე ვიღაცები მოვიდნენ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად კონსერვატორიაში და დიდ დარბაზში რომ მუშაობდნენ, ორგანიც გადაუღებავთ. საღებავი გახმა და ვერ ხსნიან... ვინც გადაღება, შემდეგ ჩხუბობდა, - რა არ მოგწონთ, ლამაზი არ არის თუ რაო... აი, ასეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება დღეს საქართველოში!

საზოგადოება აღარ არსებობს და ეს ყველაფერს ეტყობა! ერთი ადამიანიც არ მინახავს, რამეს აკეთებდეს. არავის სჭირდება პროფესიონალი, არც აწყობთ, რადგან პროფესიონალს თავისი ჩამოყალიბებული აზრი აქვს და კომპეტენტური აზრი არავის სჭირდება, ეშინიათ კიდეც! ამიტომაც ვინ მოვა და წავა პოლიტიკაში, არ მაინტერესებს! არც არავინ წასულა არსად! ერთი და იგივე ხალხია, უბრალოდ, ალბათ, ფინანსები გადანაწილდა სხვანაირად!

- პოლიტიკაში მოვიდა პაატა ბურჭულაძეც.

- არ ვიცნობ მის პროგრამას, მაგრამ ძალიან ვბრაზდები, როცა ამბობენ, პოლიტიკაში რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმაო... ვინ რას აკეთებს პაატა ბურჭულაძეზე კარგად?! ლიტვის პირველი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი მუსიკათმცოდნე იყო, რომელიც წარმატებული პრეზიდენტი გახლდათ. ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ბრწყინვალე პრეზიდენტი მსახიობი იყო... დანარჩენები ხომ სულ პროფესიონალები არიან საქართველოში... იურისტი თუ ხარ, რატომ გგონია, რომ მუსიკოსზე უკეთ ერკვევი ქვეყნის მართვაში?! ხალხს უყვარს პაატა ბურჭულაძე, გამარჯვების შანსიც აქვს და ეს არ სიამოვნებთ! პოლიტიკა ყველა ქვეყანაში ბინძური რამაა, მაგრამ ასეთი აღვირახსნილი, გოიმური, ქაჯური ქმედებები მხოლოდ ჩვენთან არის... ამიტომაც არც ერთ ქართულ არხს არ ვუყურებ, რადგან ცუდად ვხდები! რაღაცა შოუებს თუ თვალი მოვკარი, მერე ჩემს საქმეს ვეღარ ვაკეთებ, ყველაფრის უნარი მეკარგება!

- რომელ შოუებს გულისხმობთ?

- რა მნიშვნელობა აქვს?! აღარ მადარდებს, "რუსთავი 2" იარსებებს თუ არა! ხანდახან ვფიქრობ, აჯობებს, როგორც თავად იქცევიან, ზუსტად ისე მოექცნენ მათ! დადებითი იმპულსი, კეთილი განწყობა 15 წლის განმავლობაში მათგან არ ყოფილა! რომელიღაცას ისიც კი უთქვამს, რა საშინელი ოპერაა "აბესალომ და ეთერიო"

- ეს, თუ არ ვცდები, "რუსთავი 2"-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ დაწერა სოციალურ ქსელში...

- უვიცი რომ ლაპარაკობს ზაქარია ფალიაშვილზე, იგივეა, მე რომ სერიოზული სახით ვისაუბრო მეტალურგიაზე! ფალიაშვილი არ მოსწონს თურმე ნიკა გვარამიას... ფალიაშვილი დიდი კომპოზიტორი იყო! მან წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა ქართულ მუსიკას! ჩვენს პატარა ქვეყანაში დაწერა სულ მცირე, ორი ისეთი ოპერა, რომელმაც უზარმაზარი გავლენა იქონია მეოცე საუკუნის ქართულ მუსიკაზე! ვიღაცა გვარამიამ იქნებ რამენაირად დააფასოს, რა! ბოღმით ნუ იტყვის რამეს! მაგრამ მათ თავში ხომ მხოლოდ სიბინძურეები ტრიალებს! ყველას აქვს უფლება, ვინმე არ მოსწონდეს, მაგრამ გამოხატვასაც თავისი ფორმა აქვს! კარგი, ბატონო, შეიძლება ბეთჰოვენიც არ მოგწონდეს, მაგრამ აქ სხვა სიბოროტეა... რაღაც უბადრუკი შოუები აქვს და არ უხარია, ოპერა რომ კარგად გაიხსნა, ამიტომაც ზაქარია ფალიაშვილს ლანძღავს!

- განახლებულ ოპერაზე რას იტყოდით?

- ზაზა აზმაიფარაშვილი დაბრუნდა და ფეხზე დააყენა თითქმის დაშლილი ორკესტრი... ეს მისასალმებელია! მიხარია ისიც, C ჰეპატიტით დაავადებულებზე, სახელმწიფო რომ ზრუნავს. თუმცა ყური მოვკარი, ხალხი საცდელი ვირთხებივით გამოიყენესო. საცდელი ვირთხები არა ვართ საკუნეების განმავლობაში?! მე ვიცი, რომ ხალხს მიეცა განკურნების საშუალება!

- ასეთი გულგატეხილი არასოდეს ყოფილხართ. საზღვარგარეთ წასვლაზე ისევ ფიქრობთ?

- ჯერჯერობით არსად წავსულვარ, თუმცა ის რეაქცია, რასაც საზღვარგარეთ გამართულ კონცერტებზე ვიღებ, გაცილებით მეტია, ვიდრე აქ ნაგვის სუნთქვა. დილაობით გაღვიძება არ მინდა, ალბათ, დადგება დრო, წავალ! მე მიყვარს საქართველო, მყავს მეგობრები, სტუდენტები, ის ხალხი, ვისაც პატივს ვცემ... დანარჩენი ჩემთვის აღარ არსებობს. ყველაფერი შემაზიზღეს! სოციალური ქსელებიც ააყროლეს! "ფეისბუკის" მომხმარებელი დიდად არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ორი წუთით რომ შევხედავ, გული მისკდება! ერთ სტატუსს რომ წავიკითხავ, შეშინებული ვხურავ! არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს გულის ხეთქვა. 25 წელია, ასეა! დავემშვიდობე აფხაზეთსაც, სამაჩაბლოსაც და საერთოდ, საქართველოს მომავალს! ერთადერთი ის მინდა, ჩემს ნამუსთან ვიყო მართალი, თავს მოვიკლავ და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ!

მანანა გაბრიჭიძე