"წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვქმნი" - კვირის პალიტრა

"წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვქმნი"

"ჩემი ნამუშევრები ძალიან განსხვავდება ქვილთისგან, მასში იგრძნობა ჩრდილები"

ისტორია ხელოვნების ამ სახეობისა ძალიან ლამაზია. მას ქსოვილზე ამოქარგული ლეგენდები შეიძლება ვუწოდოთ, რომლებიც დროთა განმავლობაში ფერწერულ ტილოებზე გადავიდა. ეს არის ისტორია ქვილთებზე. დღეს ქვილთი სახვითი ხელოვნების რანგში იქნა აყვანილი ზოგიერთი ოსტატის ხელოვნებაში. ვალიდა ქუთათელაძე ერთ-ერთი მათგანია. ის პროფესიით ქიმიკოსი და ხელოვნებათმცოდნეა.

- წლების წინ საშუალება მომეცა, გავცნობოდი რამდენიმე ცნობილი მხატვრის ორიგინალების კოლექციას, სადაც ერთ-ერთი სურათი ქსოვილით გახლდათ შესრულებული. მან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ხელსაქმე ყოველთვის მეხერხებოდა. მიყვარდა გარდერობის გაახლება, ახლებურ და თანამედროვე იერს ვძენდი ძველ სამოსს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე შემექმნა რაღაც მსგავსი და ამავე დროს ჩემეული. დღეს ჩემი ნამუშევრები ძალიან განსხვავდება ქვილთისგან, მასში იგრძნობა ჩრდილები, ანარეკლი, ჰაერი, თუნდაც ფოთლის შრიალი. წარმოიდგინეთ, რამდენი უწვრილესი ძაფია ერთმანეთზე დასადები, რომ ეს შეგრძნება განაცდევინო დამთვალიერებელს.

- ერთ ნამუშევარში რამდენ ფენა ქსოვილს იყენებთ?

- ათს მაინც, თუ მეტს არა. ეს საქმე ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მისი წყალობით არ არსებობს მოსაწყენი დღე და ამინდი.

დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, თუმცა რაც ხელოვნების ამ დარგს გავეცანი, ხელოვანის ცხოვრებით დავიწყე ცხოვრება.

- გამოფენებს ხშირად მართავთ?

- ჩემი შვილი კიოლნში ცხოვრობს. ბოლოს რომ ვესტუმრე, გადავწყვიტეთ, გამოფენა მოგვეწყო ცნობილ გალერეაში, რომლის სახელწოდებაც ქართულად ითარგმნება როგორც "იმედი". დაინიშნა თარიღი, გაკეთდა ანონსი, ჩემი ნამუშევრები ინტერნეტში განთავსდა... საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გამოფენის დღემდე გაიყიდა ინტერნეტის საშუალებით ყველა ნამუშევარი. ამერიკაშიც მიმიწვიეს გალერეა "აგორაში". გადავწყვიტე, მომავალი გამოფენისთვის ახალი ხაზი შევიტანო ჩემს ხელოვნებაში. მაგალითად, გავაკეთო ერთი და იმავე ხედის 3 ვარიანტი - როგორ გამოიყურება ეს ხედი მზის ამოსვლისას, შუადღისას და ღამით. აქ ყურადღება შუქცემის საკითხებზე იქნება გამახვილებული. ასევე მინდა გავაკეთო ერთი და იგივე ნატიურმორტი სხვადასხვა ხედში. როდესაც ნამუშევრის შექმნაზე ვიწყებ ფიქრს, თავდაპირველად ფერს ვარჩევ. მაგალითად, დღეს ცისფერ განწყობაზე ვარ. სურათის შექმნას ცისფრის სხვადასხვა ვარიაციით ვიწყებ. წინასწარ არასდროს ვიცი, რას ვქმნი, შეიძლება პეიზაჟით დავიწყო და დასასრულს დოქი მქონდეს ტილოზე აღბეჭდილი. თუმცა ფერი უცვლელად დარჩება, ის ჩემთვის ძირითადია.

ეკა სალაღაია