სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" დაიწყო! - კვირის პალიტრა

სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" დაიწყო!

შესაძლებლობა გეძლევათ, ვიდეოთვალის გამოყენებით პოლიტიკოსებს თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე კითხვა დაუსვათ

PALITRANEWS-ის ეთერში ახალი, ინოვაციური სატელევიზიო პროექტი "ჩემი კითხვა" დაიწყო, სადაც ჟურნალისტები მოქალაქეებმა ჩაანაცვლეს - მსურველს შესაძლებლობა აქვს, მისთვის საინტერესო კითხვა ქვეყნის პირველ პირებს ღია ეთერში პირდაპირი კომუნიკაციით დაუსვას.

ალბათ, როდესაც სხვადასხვა ფორმატის ტოქშოუს უყურებთ, ხშირად გიფიქრიათ, რომ ტელეწამყვანის ნაცვლად პირდაპირ ეთერში რესპონდენტს მეტ ოპონირებას გაუწევდით და თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვან პრობლემაზე ყურადღებას მეტად გაამახვილებდით - მოსახლეობა ყოველთვის უკეთ გრძნობს, რა ყოფითი პრობლემებია ქვეყანაში.""ჩემი კითხვის" ამოსავალი წერტილიც სწორედ მოქალაქეა - თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, სახლიდან გაუსვლელად, ვიდეოთვალის გამოყენებით ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის ლიდერებს თქვენთვის საჭირბოროტო საკითხებზე კითხვა დაუსვათ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 45 წუთის განმავლობაში PALITRANEWS-ის ახალი სატელევიზიო სახალხო პროექტის თანაწამყვანი გახდეს.

"ჩემი კითხვა" ამერიკული სატელევიზიო ფორმატის ანალოგია - 2012 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირველი პოლიტიკოსი გახდა, რომელიც ამერიკელ ამომრჩევლებს პირდაპირი კომუნიკაციით, 45-წუთის განმავლობაში Google Hangout-ის საშუალებით მასპინძლობდა. სწორედ ასე შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლების ლიდერი სატელევიზიო ფორმატში არა ჟურნალისტების, არამედ ხალხის შეკითხვებს პასუხობდა. ამჯერად ქართველი პოლიტიკოსების დრო დადგა - დროა, მათ უპასუხონ მოქალაქეების შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.

"ჩემი კითხვის" პირველი სტუმარი გახლდათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც პირველი კითხვა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტმა საბა ცირეკიძემ დაუსვა. კითხვაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი ქვეყნის განვითარებას აფერხებს, რადგან მათი ხელფასების დაფინანსება ხალხის ბიუჯეტიდან ხდება, მინისტრმა ასე უპასუხა: "ამ მიმართულებით უკვე აქტიურად ვმუშაობთ, არჩევნების შემდეგ კი კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ, როგორი უნდა იყოს მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება. პრემიერის მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაში სრულადაა ასახული, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს იმ დონის ხელისუფალი, რომელიც ქვეყნისთვის აუცილებელ ამოცანებს გადაჭრის".

გადაცემის მეორე სტუმარი კი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იყო, რომელიც მოქალაქეების კითხვებს ასევე 45 წუთის განმავლობაში პასუხობდა.

"ჩემი კითხვის" დეტალებზე გადაცემის პროდიუსერ ინგა სამხარაძეს ვესაუბრეთ:

- ამერიკული ანალოგის საქართველოში განხორციელების იდეა გადაცემის კიდევ ერთ პროდიუსერს, გიორგი გიორგაშვილს გაუჩნდა. ბუნებრივია, გადაცემის უნიკალური ფორმატიდან გამომდინარე, იდეა ყველამ მოვიწონეთ - მთელ მსოფლიოში და მით უმეტეს, საქართველოში, ჩვენი უშუალო ბუნებიდან გამომდინარე, ყველას სიამოვნებს, როდესაც პირველ პირებთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ეძლევა. მართლაც, გადაცემის დაანონსებისთანავე მოქალაქეთა უპრეცედენტო რაოდენობა გამოგვეხმაურა. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს პრეზიდენტთან, პრემიერთან, ჯანდაცვის მინისტრსა და ქვეყნის სხვა მმართველ პირებთან.

უმრავლესობა გადაცემაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა, მეტიც, "ჩემი კითხვის" ფორმატს პოლიტიკური ლიდერებიც პოზიტიურად შეხვდნენ, თუმცა არავის სურდა, გადაცემის პირველი სტუმარი ყოფილიყო, დიმიტრი ქუმსიშვილი დაგვთანხმდა მოქალაქეების პირდაპირ ეთერში მასპინძლობაზე.

- უამრავ შეკითხვას იღებთ კვირის განმავლობაში. რა პრინციპით არჩევთ გადაცემისთვის მოქალაქეების კითხვებს?

- მართლაც, ყოველდღიურად უამრავი შეკითხვა მოგვდის, თუმცა მათი გადარჩევა მსგავსი შინაარსის მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ პენსიის საკითხზე 50 კითხვა მივიღეთ, მათგან ერთს, საკითხში მეტ-ნაკლებად გარკვეულ რესპონდენტს ვუკავშირდებით. სურვილის მიუხედავად, ბუნებრივია, ათასობით მოქალაქეს ერთ გადაცემაში ვერ ჩავრთავთ, ქრონომეტრაჟი ამის შესაძლებლობას, სამწუხაროდ, არ გვაძლევს. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, მოქალაქე ელემენტარულ ტექნიკურ საკითხებში ერკვეოდეს, რადგან მათ გადაცემაში სახლიდან Google Hangout-ის"საშუალებით ვრთავთ.

გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია. ეწვიეთ PALITRANEWS-ის ფეისბუქგვერდს, დასვით შეკითხვა და გააკეთეთ ჰაშთეგი #ჩემი კითხვა ან გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე info@palitranews.ge ან მოგვწერეთ sms/Viber ნომერზე 577111130, ან მოგვწერეთ skype-ში პალიტრა.ნეწს. სასურველია, შეკითხვა ვიდეოფორმატში ატვირთოთ (ვიდეოშეკითხვის ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი). შეკითხვის დასმიდან მცირე ხანში თქვენ გადაცემის პროდიუსერი დაგიკავშირდებათ.

რუსუდან შელია