"მილიონ შემთხვევაში ერთხელ ტექნიკაც გღალატობს"
30-05-2016
"მილიონ შემთხვევაში ერთხელ ტექნიკაც გღალატობს"
სპეციალური მომზადების დროს მფრინავს სიმულაციებით, ტრენაჟორებით უქმნიან ფორსმაჟორს, არასტანდარტულ სიტუაციებს და ავარჯიშებენ, ასწავლიან, როგორ მოიქცეს. უპირველესი პრევენციაა მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება

ამ დრომდე­ უცნობია EgyptAir-A320-ის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი. 18 მაისს პარიზიდან კაიროში მიმავალმა EgyptAir-ის თვითმფრინავმა, რომელიც რადარებიდან კაიროს დროით 02:45 საათზე გაქრა, ფრენისას ორი მკვეთრი მოძრაობა გააკეთა - ჯერ 90 გრადუსით მარცხნივ გაუხვია, შემდეგ კი 360 გრადუსით მარჯვნივ მოტრიალდა და 7 260 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა - დაიღუპა 56 მგზავრი,
ეკიპაჟის 7 წევრი და დაცვის 3 თანამშრომელი.
"კვირის პალიტრა" შეეცადა, დაედგინა, რა მოხდება ტერაქტის გამორიცხვისა და შავი ყუთით ტექნიკური ან ადამიანური მიზეზების გამოკვეთის შემთხვევაში, როგორ შეიძლება თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამომწვევი მიზეზების თავიდან აცილება, რა პრევენციულ ზომებს იღებენ და ვინ აგებს პასუხს უსაფრთხო ფრენაზე? - "კვირის პალიტრას"
ესაუბრა "საქაერონავიგაციის" ავიამეთვალყურე ლევან გურგენიძე:

- ავიაკატასტროფა იმდენად მასშტაბური და გლობალური შემთხვევაა, რომ ინფორმაცია მაშინვე ხმაურდება. კატასტროფის მიზეზს იკვლევენ იმ ქვეყნის შესაბამისი ორგანოები, რომელსაც წარმოადგენს საფრენი ხომალდის მფლობელი კომპანია.

- ტრაგედიის მიზეზების გათვალისწინებით, შეიძლება რამე შეცვალოს თუნდაც "საქაერონავიგაციამ"?
- გამორიცხულია. ნებისმიერი ავიასაწარმოს, მათ შორის "საქაერონავიგაციის" მოვალეობაა, უზრუნველყოს უსაფრთხო მიმოსვლა და საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოება მის მიერ კონტროლირებად სივრცეში. ეს რომ შეძლო, მუდმივად უნდა ვითარდებოდე, იცნობდე ახალ პროცედურებს, წესებსა და კანონებს, უნდა წვრთნიდე შენს სპეციალისტებს. რომელიმე შემთხვევის საფუძველზე ინდივიდუალურად ვერაფერს შევცვლით, რადგან ავიაციაში ყველა ერთი რეგულაციითა და სტანდარტით მოქმედებს.

ახალ რეგულაციებს საერთაშორისო ავიაციის სამოქალა­ქო ორგანიზაცია "იკაო" გვიწესებს. შესაძლოა, საჰაერო სივრცეში მოქმედების ადგილობრივი ინსტრუქცია გვქონდეს, მაგრამ ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს,­ რომელთაც გვიწესებენ "იკაო", "იაზა" და ევროკონტროლი.

- შეიძლება შავი ყუთის გამოჩენამდე ვივარაუდოთ, რა შეიძლება გამხდარიყო­ ეგვიპტური თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი?

- შეიძლება ვივარაუდოთ ყველაფერი­ - სისტემური შეცდომა, ნავიგაციის საწარმოს გადაცდომა და სხვა. შავი ყუთი იწერს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს. ჯერჯერობით ითქვა, რომ თვითმფრინავს­ ტექნიკური პრობლემა შეექმნა. ვარაუდებს სერიოზულად არავინ განიხილავს, რადგან მიზეზი განაპირობებს მომხდარზე პასუხისმგებლის ვინაობას, ვინც ზარალი უნდა აანაზღაუროს, კომპენსაციები გასცეს. შესაძლოა ითქვას, რომ ავიაკომპანია იყო დამნაშავე და დაღუპულების ნათესავები მას მიადგნენ, ამ დროს კი გაირკვეს, რომ ავიაკომპანია უდანაშაულო ყოფილა. თუ დამტკიცდა, რომ ავიაკატასტროფა ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა, გამოიკვლევენ, როდის ჩაუტარდა ტექნიკური შემოწმება, როდის უწევდა და რა სახის უნდა ყოფილიყო ბოლო შემოწმება. თუ დადგინდა, რომ ავიაკომპანიამ გადააცილა ან არასრულად ჩაატარა ტექნიკური შემოწმება, ცხადია, მას მოსთხოვენ პასუხს, მაგრამ თუ დადგინდა, რომ ავიაკომპანიამ ყველაფერი პირნათლად შეასრულა, მაშინ არავინ იქნება დამნაშავე. სამწუხაროდ, მილიონ შემთხვევაში ერთხელ ტექნიკა გვღალატობს.

- თუ ადამიანური ფაქტორები განაპირობებს ტრაგედიას, ვის მოეთხოვება პასუხი?

- ადამიანური ფაქტორი, შესაძლოა, იყოს ავიამეთვალყურის ან პილოტის შეცდომა. თუ ავიამეთვალყურემ გასცა არასწორი ნებართვა, დაარღვია წესი, მაშინ პასუხი ნავიგაციის საწარმოს მოეკითხება, მაგრამ თუ მფრინავი არ დაემორჩილა ავიამეთვალყურეს და რაღაც მიუღებელი გააკეთა ან არ შეამოწმა პარამეტრები, სიმაღლე ან სხვა, კვლავ ავიაკომპანიას დაეკისრება პასუხისმგებლობა.

- როგორ შეიძლება შემცირდეს ადამიანური ფაქტორებით დაშვებული ავიაშეც­დომები?

- ავიაციაში არასტანდარტული შემთხვევები იშვიათია, რადგან თვითმფრინავი მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტია. სპეციალური მომზადების დროს მფრინავს სიმულაციებით, ტრენაჟორებით უქმნიან ფორსმაჟორს, არასტანდარტულ სიტუაციებს და ავარჯიშებენ, ასწავლიან, როგორ მოიქცეს. უპირველესი პრევენციაა მუდმივი ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება. სამედიცინო შემოწმებაზე აღარაფერს ვამბობ - აქ სპეციალური სტანდარტებია მფრინავებისა და ავიამეთვალყურეებისთვის და ასაკის მატებასთან ერთად შემოწმება ხშირდება.

- ავიაკომპანიებს ვინ უწევს კონტროლს, რომ ხომალდები მუდმივად წესრიგში ჰყავდეთ?
- სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა ორგანო აქვს საამისოდ. შესაძლოა, იყოს ავიაციის სამინისტრო, სააგენტო ან დეპარტამენტი. ჩვენთან არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. რეგულატორი ყოველთვის სახელმწიფო ორგანიზაცია უნდა იყოს, რომელიც შეამოწმებს, ავიაკომპანია ესადაგება თუ არა რეგულაციებს, როდის მომზადდნენ მისი პილოტები, რა მდგომარეობაშია საჰაერო ხომალდები და სხვა. ამ ყველაფრის საფუძველზე გაიცემა ლიცენზია, ოპერირების უფლება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ქართულ ავიაკომპანიებს სწორედ ასე ამოწმებს, უცხოურს კი მხოლოდ იმის უფლებას აძლევს, შემოვიდეს ჩვენს ქვეყანაში. უცხოურ ავიაკომპანიას თავისი სახელმწიფო ამოწმებს. მაგალითად, "ლუფტჰანზას" ამოწმებს გერმანიის შესაბამისი ორგანო და აძლევს ფრენის ლიცენზიას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ "ლუფტჰანზა" ყველა სახელმწიფოში შევიდეს გერმანული ლიცენზიის საფუძველზე. მან უნდა მოითხოვოს საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების ნებართვაც. თანხმობის შემთხვევაში, მიეცემა უფლება, სხვა ქვეყნის კონტროლირებად საჰაერო სივრცეში იფრინოს.

ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით