"უთანხმოება მომივიდა სააკაშვილთან და გამათავისუფლეს" - გამნაღმველი, რომელმაც თანამებრძოლები იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა
30-05-2016
"უთანხმოება მომივიდა სააკაშვილთან და გამათავისუფლეს" - გამნაღმველი, რომელმაც თანამებრძოლები იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა
"ბიჭებს შევძახე, დაწექით-მეთქი და ჭურვი მაღლა ავაგდე, მაგრამ მას ჩემი ხელებიც თან გაჰყვა"

"ჩემს შვილებს დავუბარე, თუ ოდესმე დავბრუნდით, ჩემი ნეშტი აფხაზეთის მიწას მიაბარონ"


19 წლისა ცხინვალში იბრძოდა, მერე ქართულ-აფხაზური ოჯახის შვილი, აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. ერთ-ერთი შეტაკების დროს, სპეციალობით გამნაღმველმა, თანამებრძოლების სიცოცხლე იხსნა, თუმცა ორივე ხელი დაკარგა. თემურ სახოკია სოხუმში ვერ ჩადის, მაგრამ აფხაზ მეგობრებთან ურთიერთობა დღემდე არ გაუწყვეტია. ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, ვახტანგ გორგასლის ორდენის
კავალერი, დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "გუშაგის" ხელმძღვანელია.

- სოხუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ფიცხი გახლდით და შა­რში ხშირად ვეხვეოდი. ბოლოს ერთი ბიჭი ვცემე - ავტობუსში ადგილი არ დაუთმო უფეხო მოხუც ქალს. ამის გამო ჩემი, როგ­ორც ძნელად აღსაზრდელის­ აღრიცხვაზე აყვანაც უნდოდათ, მაგრამ გადავრჩი. სწორედ ჩემნაირი მოუსვენარი ბიჭები წავიდნენ
ომში... 22 წლის აფხაზეთის ომში გავხდი. ცოლი აფხაზი მყავდა! 1989 წელს ჩვენს ქორწილში ქართველები და აფხაზები ერთად ისხდნენ. 500-კაციანმა ქორწილმა ისე ჩაიარა, კამათიც არ მოსვლიათ. დედით ბერძენი ვარ. წლების მერე აფხაზები მეუბნებოდნენ, ქართველების მხარეს რატომ დადექი, შენ ხომ ჩვენთან ერთად­ იზრდებოდიო. შემეძლო, ომისთვის თავი ამერიდებინა, ჩემი შვილებით გადავსახლებულიყავი სოჭში ან საბერძნეთში, მაგრამ ვერ შევძელი. ჩვენს პარლამენტს დღემდე არ უღიარებია, რომ აგვისტოს ომის მსგავსად, აფხაზეთის ომიც საქართველო-რუსეთის დაპირისპირება იყო. წელიწად-ნახევარი მშივრები ლამის თოხ-ნიჩბებით ვიბრძოდით. ვინმე რომ დაიჭრებოდა, მის იარაღს­ ვიღებდით­ და შეტევაზე გადავდიოდით. გამნაღმველი ვიყავი, ყველგან მომიწია ბრძოლამ - კამანში, ლაბრაში, ოჩამჩირეში, ტამიშში, სოხუმჰესზე... როცა გაგრა დაეცა და დევნილები დაიძრნენ, რომ არ აფეთქ­ებულიყვნენ, გზა გავნაღმე.

- ხელები სად დაკარგეთ?
- სამჯერ დავიჭერი - პირველად ცხი­ნვალში, მეორედ, 1992 წელს, სნაიპერმა დამჭრა აფხაზეთში და მესამედ - 1993 წლის 14-16 მარტის დიდი შეტევის დროს - საავიაციო ყუმბარით ავფეთქდით 14 კაცი... დანაღმული ველიდან ბიჭები გავიყვანეთ. ერთ-ერთი ნაღმის ამოღების დროს მივხვდი, რომ ფეთქდებოდა. ბიჭებს შევძახე, დაწექით-მეთქი და ჭურვი მაღლა ავაგდე, მაგრამ მას ჩემი ხელებიც თან გაჰყვა. დამიზიანდა ფეხები, სახე... წელიწად-ნახევარი საავადმყოფოში ვიცხოვრე... ხელები აღარ მქონდა, მაგრამ გული მაინც ომისკენ მიმიწევდა. როცა იარები მომიშუშდა, 1993 წლის ივნისში, ბიჭებთან ერთად სოხუმში ჩავედი - მათ დანაღმვა-განაღმვას ვასწავლიდი. მიუხედავად იმისა,­ რომ ხელები დავკარგე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო მოგონება წარსულს უკავშირდება. ეს იყო ქართველების ერთ­იანობის ბედნიერი ხანა.

- მას შემდეგ თუ ყოფილხართ სოხუმში.
- არა. სოხუმში ჩვენი სამივე სახლი დამწვარია. დღემდე ვმეგობრობ რამდენიმე­ აფხაზთან. ერთ-ერთი ბაღაფშის პირად დაცვაში მუშაობდა. სულ მეხვეწება, ოღონდ ჩამოდი და გპირდები, ვერავინ შეგეხებაო. ომში ბევრი მეგობარი შევიძინე და ქართულიც ვისწავლე. მანამდე რუსულად ვლაპარაკობდით. 1994 წელს, მკურნალობის შემდეგ, თბილისში ექვსი თვე ეტლით დავდიოდი. ყველა შენიშვნას მაძლევდა, ქართულად რატომ არ ლაპარაკობო. დაჩეხილ, ომებგამოვლილ, ფორმიან ნახევარკაცს მეუბნებოდნენ, აქ იმიტომაც ხართ, რუსულად რომ ლაპარაკობდით აფხაზეთშიო. გორგასლის ორდენით დამაჯილდოეს, ვიყავი თამაზ ნადარეიშვილის მრჩეველი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, ვეტერანთა დეპარტამენტშიც ვმუშაობდი, მაგრამ უთანხმოება მომივიდა სააკაშვილთან და გამათავისუფლეს...

- ქართველებთან ურთიერთობის აღდგენაზე რას ფიქრობენ აფხაზები?
- აფხაზებმა იციან, რომ ხვალ-ზეგ აფხაზი, როგორც ერი, აღარ იარსებებს, ვინაიდან აფხაზეთის რუსიფიკაცია და მუსლიმანიზაცია დაწყებულია. იცით, რამდენი ფირმა აქვთ იქ თურქებს?

პატარა ერს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. არძინბა მოკლეს იმის გამო, რომ აცხადებდა, აფხაზეთის მიწებს რუსებს­ არასდროს მივყიდით, მისი მფლობელები აფხაზეთის მოქალაქეები უნდა იყვნენო. ჩემი ყოფილი მეუღლე როცა აფხაზეთში ჩავიდა, მამის სახლი ვერ გაიფორმა, ვინ­აიდან ომის მერე ხუთი წელი არ უცხოვ­რია აფხაზეთში. ჩვენი ქართულ-აფხაზური ოჯახიც დაინგრა, ვერ შევინარჩუნეთ. აფხაზეთის დაბრუნება ძალისმიერი მეთოდებით გამორიცხულია. ისიც ზღაპარია, ეკონომიკურ სიძლიერეს თუ დავანახვებთ, აფხაზები ჩვენთან ყოფნას მოინდომებენო. რუსეთზე ძლიერები ვიქნებით ოდესმე? იქ ხალხი ორმაგ (რუსეთის და აფხაზეთის) პენსიას იღებს. ჩვენ მათ არ ვჭირდებით. ყველაფრის მიუხედავად, მინდა, სოხუმში­ დავიმარხო. ჩემს შვილებს დავუბარე, თუ ოდესმე დავბრუნდით, ჩემი ნეშტი აფხაზეთის მიწას მიაბარონ.

ნანა ფიცხელაური
luka saxokia
22 ნოემბერი 2017 20:30
ეს მამაჩემია მიყვარხარ ძაან ჩემი უძლიერესი მამა
evropidan -s
09 ივნისი 2016 16:49
შენნაირების აშენებული ქვეყანა არ გაიშვა...
sircxvili
08 ივნისი 2016 12:46
აი როგორ ხალხს ვაყენებთ ფარდებს უკან...
მაგრამ გაბუნია ხომ გვყავს...
მიდით ესე გააგრძელეთ...
პუწუ პუწუები დაიბრუნებენ სოხუმს და აფხაზეთს...

რედაქტორის რჩევით