"აფხაზეთში უნდა დავბრუნდე და მამის საფლავი ვიპოვო" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთში უნდა დავბრუნდე და მამის საფლავი ვიპოვო"

საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეცხრე უსინათლო ვარ, ვინც მწვერვალი დალაშქრა, მაგრამ ეს არაფერი იყო ჩემთვის. უფრო მნიშვნელოვანი იმის დამტკიცება იყო, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია წვლილის შეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში

ეს არის ამბავი 35 წლის დევნილი, უსინათლო კაცისა, რომელმაც 6 წლის წინ მყინვარიდან გადმოგვძახა - შეუძლებელი არაფერიაო.

"8 წლისამ დავკარგე მხედველობა, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ სიბნელეში. სულ ნათელში დავაბიჯებ და ვამბობ: ცხოვრება ბრძოლაა, სადაც წესები თვითონ უნდა დაადგინო. ყოველი დაბრკოლება ძალად აქციო და საკუთარი "მე"-თი იბრძოლო", - ამბობს დათო ყვირილიანი:

- ჩემი სოფელი, ახალი კინდღი, ფერებად მახსოვს. ზღვის სიახლოვეს ვცხოვრობდით, სანაპიროს ქუჩაზე. ჩვენი სახლიდან ნაძვნარ-ფიჭვნარი, უფრო შორს - ევკალიპტების კორომი იყო...

თბილისის 202-ე სკოლა-პანსიონში ვსწავლობდი. ომი რომ დაიწყო, 14 წლის ვიყავი. არდადეგებზე სოფელში ვიყავი. 18 სექტემბერს მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მე და ჩემი ოჯახის წევრები სხვადასხვა გემზე მოვხვდით. დედა მთელი თვე მეძებდა ხან წყალტუბოში, ხან - ქუთაისში. ბოლოს თბილისში მომაგნო. ნახევარი წელიწადი მჯეროდა, რომ მამა ჩხოროწყუში, მამიდის ოჯახში იყო შეხიზნული. ვთხოვე დედას - მამა მენატრება, ჩხოროწყუში წამიყვანეთ-მეთქი. ბოლოს მითხრა, - მამა იქ დარჩაო... მეზობლებს ერთ დილით მამასთვის მიუკითხავთ... არ დახვედრიათ. მისი სათვალე ჩამოგვიტანეს. ისე წამართვა ომმა, მისი საფლავიც არ ვიცი. მამაჩემი, ზაურ ყვირილიანი, ჩემი დიდი მეგობარი იყო. ჯერ ჩემს აზრს მოისმენდა, მერე თავად მირჩევდა, არჩევნის უფლებას მიტოვებდა, ნამდვილი დემოკრატი იყო.

"შენი თვალებით ვხედავ სამყაროს"

დედა, ელენე ხობუა, ჩემი მარჯვენა ხელი იყო. სოხუმის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, რომ გარდაიცვალა. მე დღესაც მისი თვალებით ვხედავ სამყაროს. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ეს ყველაზე დიდი სიმწარე იყო. სულიერად რომ არ გავტყდი, ჩემი მეგობრების დამსახურებაა. 2006 წელს მუშაობა დავიწყე უსინათლოთა კავშირის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფილიალის უფროსის მოადგილედ. ჯერ მეგობრების დახმარებით, შემდეგ დამოუკიდებლად, თბილისის ზღვიდან ყოველდღე დავდიოდი სამსახურში - ფონიჭალაში...

"შეუძლებელი არაფერია"

2006 წელი იყო. კრეატიული სტუდია IGEO-ს ხელმძღვანელმა გია ჯვარშეიშვილმა მკითხა: რას გააკეთებდი უსინათლოთა ინტეგრირებისთვისო. ყველაფერს-მეთქი. მყინვარზე ახვალო? ვიფიქრებ-მეთქი. მერე ალპინისტ დავით ამირეზაშვილს შემახვედრეს... უწმინდესისგან კურთხევა ავიღე და მყინვარის აღმართს შევუდექი.

გერგეტის მწვერვალისკენ (450 მ ზღვის დონიდან) 5 დღე ვიარე ალპინისტ-გიდებთან ერთად. 2010 წლის 26 სექტემბერს, 14.45 საათზე, მწვერვალზე საქართველოს დროშა ავაფრიალე და ბრაილის შრიფტით დაწერილი წერილი დავტოვე. მხოლოდ უკან დაბრუნებულმა გავაცნობიერე, რა რისკზე წავედი. საქართველოში პირველი და მსოფლიოში მეცხრე უსინათლო ვარ, ვინც მწვერვალი დალაშქრა, მაგრამ ეს არაფერი იყო ჩემთვის. უფრო მნიშვნელოვანი - საზოგადოებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია წვლილის შეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში.

სამყარო ვიზუალის გარეშე

უსინათლოებს 160 ლარი პენსია აქვთ, სოციალურად დაუცველებს - 300 ლარი. ბოლო ათწლეულში უნარშეზღუდულთათვის ბევრი არაფერი გაკეთებულა, ეგ იყო - ასე თუ ისე საზოგადოებამ გაგვიცნო. გარემო რომ ადაპტირებული იყოს - შუქნიშანზე ხმოვანი სიგნალი რომ არსებობდეს; ზებრა-გადასასვლელები ამობურცული იყოს; ავტობუსებში გაჩერებები ხმოვანად ცხადდებოდეს - მიმოსვლა გაგვიადვილდებოდა.

"ჯვარი სიონში დავიწერეთ"

მე და მეგი გოშაძე სკოლა-ლიცეუმში ერთად ვსწავლობდით. 2011 წლის 22 მაისს ჯვარი სიონის ტაძარში დავიწერეთ. ეს დღე უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში! მეგი ძალიან მიყვარს და ძალიან მჭირდება. ხუთი წელია, ფონიჭალაში, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. შვილს ველოდებით. გვჯერა, აფხაზეთში დავბრუნდებით, ევკალიპტების კორომებთან სამნი ჩავივლით და მამის საფლავს მოვძებნით. მანამდე კი ვცდილობ, აქტიურად ვიცხოვრო. ვმონაწილეობ ჯომარდობაში, პარაპლანით გაფრენაში. 2015 წლის 4 სექტემბერს იტალიაში, მეკლდეურობაში მეოთხე ადგილი ავიღე.

სვეტლანა კვიკვინია