"ერთად ნაღმების წინააღმდეგ" - კვირის პალიტრა

"ერთად ნაღმების წინააღმდეგ"

"ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები უსაქმურობას გამოვტაცოთ. მეტიც, ამ თამაშით მივაღწიოთ ისეთ მომზადებას, რომ თუ დაგვჭირდა, ნამდვილ ომში საზარბაზნე ხორცი არ ვიყოთ"

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კამპანია - საქართველოს კომიტეტის" ხელმძღვანელი მაია ბუჩუკური ამბობს, რომ განაღმვის ჰუმანური და სამხედრო-ტექნიკური მეთოდები გამოყენებულია საქართველოს ყველა იმ ზონაში, სადაც ნაღმების ან კასეტური ბომბების არსებობას ვარაუდობდნენ. თუმცა, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჩამარხული თუ ხეებზე ჩამოკიდებული მოწყობილობების სახით საფრთხე მაინც არის.

- მსოფლიოში სრულად განაღმვის 100%-იანი გარანტია არ არსებობს. ამიტომაც ნაღმსაწინააღმდეგო ქსელური კამპანია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ავსტრიის განვითარების სააგენტომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაგვიფინანსეს პროექტი "დამხმარე ავტობუსი", რომლის საშუალებითაც შევძელით საზოგადოების დიდი ნაწილის გაფრთხილება და, ალბათ, გადარჩენაც. სამწუხაროდ, რეგიონებში არ სმენიათ, რომ სახელმწიფო უსასყიდლოდ მკურნალობს ნაღმებზე აფეთქებულებს და პროთეზებს უკეთებს. ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ვნახეთ მოქალაქე, რომელიც წითელ ხიდთან დანაღმულ ტერიტორიაზე აფეთქდა და კიდური დაკარგა. არ იცოდა, რომ შეეძლო, უფასოდ ემკურნალა. ამიტომ სოფელმა ფული შეუგროვა და ბაქოში გაუშვა... ამასთან, ხალხი ვერ ხვდება, რომ სახიფათოა მიტოვებული სამხედრო ბაზებიდან გაურკვეველი ნარჩენების წამოღება, რაც ტრაგედიით მთავრდება... ვანში ერთმა მოქალაქემ ბაზაზე რაღაც ხელსაწყო იპოვა, შინ მიიტანა და გადაწყვიტა, გაეხერხა... აფეთქებამ შვიდი კაცი შეიწირა.

- ალბათ, საფრთხე მხოლოდ იმ რეგიონებშია, სადაც რუსული სამხედრო ბაზები იყო.

- არეალი თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს: გორი, ხაშური, ქარელი, ფოთი, სენაკი, ზუგდიდი, საგარეჯო, ქვემო ქართლში წითელი ხიდისკენ, საზღვრების გასწვრივ... კარბსა და მერეთში ხალხი ნაკვეთებში ვერ შედის სამუშაოდ. ბავშვებს სათამაშოდ ვერ უშვებენ, ამიტომაც სკოლებში ცხრილებზე მოვნიშნეთ ის ადგილები, რომელთაგან თავის არიდება აუცილებელია. ძალიან გვეხმარება საბრძოლო თამაშის, "ეარ სოფტის""ჯგუფი "ჯვაროსნები" - რეგიონებში მართავენ ტურებს და მოსახლეობას უხსნიან, რა საფრთხის შემცველია მიტოვებულ მოწყობილობებთან კონტაქტი. ამჯერად "ჯვაროსნებსა" და უცხოელ სტუმარ დანიელ შახინგერთან ერთად საგარეჯოს ტყეებში მოვაწყვეთ თამაში-აქცია, რომელშიც ნაღმების აფეთქების შედეგად დაშავებულებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის არიან განაღმვისას დაზარალებულნიც.

დანიელ შახინგერი საერთაშორისო ორგანიზაცია "ერთად ნაღმების წინააღმდეგ" დამფუძნებლის ვაჟია და ამავდროულად, ამ ორგანიზაციის წევრი: - მარშრუტი "მშვიდობისა და თანადგომის გზა" ველოსიპედით დავიწყე. ეს გზა აზიის ბევრ ქვეყანას გამატარებს და დასრულდება მიანმაში, სადაც ნაღმებმა უამრავ ადამიანს დაუმახინჯა ცხოვრება. გზადაგზა ვხვდები ჯგუფებს, რომელთაც ვაძლევ ფონდის საიტის მისამართს, ანგარიშის ნომერს და ვუხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ნაღმების გასაუვნებლად როგორც იდეოლოგიური, ისე ფინანსური საშუალებებით ბრძოლა. ნელ-ნელა გროვდება თანხა, მეც მივიწევ წინ... "

დავით მიგრიაული, "ჯვაროსნების" რეინჯერთა ოცმეთაური: - ჩვენს გუნდში, ძირითადად, ძალოვანი სამსახურების თანამშრომლები არიან. მათ შორის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წევრები, თავდაცვის სამინისტროს ინსტრუქტორები და რეზერვისტები. ბევრ მათგანს მონაწილეობა მიუღია სპეცოპერაციებში, ომში. ბევრიც ახალბედაა და აქ სწავლობს საბრძოლო ტაქტიკას, მანევრირებას. სამ-ოთხსაათიანი ბრძოლა ნამდვილი ბრძოლის იდენტურია და ჩვენი ჯგუფის წევრები"დიდ გამოცდილებას იღებენ. ამჯერად ჩვენთან ერთად იყვნენ ნაღმების აფეთქების შედეგად დაზარალებულები. გვსურს, მათ იგრძნონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეს, რომელსაც არა აქვს ფეხი, მაგრამ შესანიშნავად უმუშავებს გონება და მკლავი, ისეთივე ფასი აქვს, როგორიც არაშეზღუდული შესაძლებლობების მქონეს.

დავით ტყებუჩავა, "ჯვაროსნების" კაპიტანი: - ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები უსაქმურობას გამოვტაცოთ. მეტიც, ამ თამაშით მივაღწიოთ ისეთ მომზადებას, რომ თუ დაგვჭირდა, ნამდვილ ომში საზარბაზნე ხორცი არ ვიყოთ. თამაშებში ბრძოლის მეთოდებსა და ტაქტიკასაც ვაყალიბებთ, სცენარებს კი გახმაურებული ბრძოლების მიხედვით ვამუშავებთ. მაგალითად, ერთი ბრძოლა ჩავატარეთ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების მიერ განხორციელებული საბრძოლო ოპერაციის მიხედვით, თუ როგორ გაწმინდეს სოფელი თალიბებისგან.

საგანგაშო სტატისტიკა:

საქართველოში 1200-მდე სხვადასხვა ასაკისა და სქესის მოქალაქე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის ან კასეტური ბომბების აფეთქების გამო დაშავდა. უმრავლესობამ დაკარგა ერთი ან მეტი კიდური. ამასთან, აფეთქებას ემსხვერპლნენ არა ომის მიმდინარეობის, არამედ მისი დასრულების შემდეგ. მოქალაქეები, ძირითადად, არასრულწლოვნები, გასული საუკუნის ბოლოს რუსული სამხედრო შენაერთების ყოფილ ბაზებში მიტოვებული ნარჩენების მსხვერპლი გახდნენ. დიდი საშიშროებაა, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს, რადგან რისკფაქტორების შემცველი ზონები სრულად გაწმენდილი არ არის...