ლიტერატურული სამყაროს ოთხდღიანი ზეიმი დასრულდა - კვირის პალიტრა

ლიტერატურული სამყაროს ოთხდღიანი ზეიმი დასრულდა

"პალიტრა L"-მა უფროსებსაც დიდი სიურპრიზი მოუწყო - გამომცემლობის წიგნებზე 40-დან 80%-მდე ფასდაკლება მოქმედებდა

"ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში თბილისის მე-18 წიგნის ფესტივალმა მკითხველთა შთაბეჭდილებების ფონზე ჩაიარა. გამომცემლობები მრავალფეროვანი სტენდებითა და წიგნებით ცდილობდნენ სტუმრების ყურადღების მიპყრობას, ლიტერატურის მოყვარულები კი შინ წიგნებით დატვირთულები ბრუნდებოდნენ.–წიგნის ფესტივალზე ყველა მსურველს შეეძლო, საკუთარი ბიბლიოთეკა ხელსაყრელ ფასად შეძენილი თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით გაემდიდრებინა.

წიგნის ფესტივალი, კარგა ხანია, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად გადაიქცა. ამას ისიც მოწმობს, რომ აქ მომსვლელთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება.

თბილისის წიგნის მე-18 ფესტივალზე ყველაზე მასშტაბური სტენდით გამომცემლობა "პალიტრა L" წარდგა, სადაც მკითხველებმა გამომცემლობის ახალ პროექტებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. სტენდის ცენტრალურ ნაწილში "ვინქს კლუბის" კუთხე მოეწყო. ეს არის მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის ოფიციალური პარტნიორიც ცოტა ხნის წინ "პალიტრა L" გახდა. ბავშვებს შეეძლოთ, "ვინქსის" ფერიებთან ფოტო გადაეღოთ და სპეციალურ სახატავ ფურცელზე "ვინქსი" გაეფერადებინათ. აღსანიშნავია, რომ პატარებთან ერთად, "პალიტრა L"-მა უფროსებსაც დიდი სიურპრიზი მოუწყო - გამომცემლობის წიგნებზე 40-დან 80%-მდე ფასდაკლება მოქმედებდა.

ფესტივალზე "პალიტრა L"-მა 2000-ზე მეტი დასახელების წიგნი გამოიტანა. გამომცემლობამ დღის განმავლობაში წიგნის შერჩევით გადაღლილ მკითხველებს მოსასვენებელი კუთხეც მოუწყო, სადაც მსურველებს "ჩი გუსტას" იტალიური ნაყინისა და ყავის დაგემოვნება შეეძლოთ.

ბავშვებს შეეძლოთ, სპეციალურ სახატავ ფურცელზე "ვინქსი" გაეფერადებინათ

მანანა მეშველიანი, მკითხველი: - მთელი წლის განმავლობაში მოუთმენლად ველოდები წიგნის ფესტივალს. გარდა იმისა, რომ ერთ სივრცეში უამრავი წიგნის დათვალიერების შესაძლებლობა მეძლევა, მიყვარს გარემოც, რომელიც აქ იქმნება. როგორც კი საგამოფენო დარბაზში შემოვდივარ, თვალით მაშინვე "პალიტრა ლ"-ის სტენდს ვეძებ. ვიცი, რომ გამომცემლობაც ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება და მე, როგორც მკითხველს, არაერთ სასიამოვნო სიახლეს შემომთავაზებს. ალღომ არც ამ წელს მიმტყუნა–- წიგნები მხოლოდ "პალიტრა L"-ის სტენდთან შევიძინე და შინ კმაყოფილი ვბრუნდები.

რატი გელაშვილი, მკითხველი: - წელს "პალიტრა L"-მა მოლოდინს გადააჭარბა - გამომცემლობის უზარმაზარი სტენდი და შოურუმი მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.

"პალიტრა L"-ის დამსახურებით მე და ჩემმა შვილებმა "ექსპო ჯორჯიაში" სასიამოვნო დღე გავატარეთ.

მკითხველების დადებითი გამოხმაურებებით კმაყოფილი იყო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორი თინა ასათიანიც:

- მიხარია, რომ მკითხველები გამომცემლობის ყველა სიახლეს დადებითად შეხვდნენ. მათი კეთილგანწყობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თბილისის წიგნის ფესტივალზე "პალიტრა L" წელსაც ყველაზე დიდი სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც სავაჭროს გარდა, საგამოფენო სივრცეც მოვაწყვეთ. განსაკუთრებული აქცენტი ყველასთვის საყვარელ პროექტ "ლიბერთინსზე" გავაკეთეთ, თინეიჯერებს წიგნის ადგილზე წაკითხვის შესაძლებლობაც მივეცით. უფრო პატარებისთვის კი "ვინქს კლუბის" 9 ახალი წიგნი წარმოვადგინეთ, რამაც ბავშვების განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა. მათთვის "ვინქს კლუბისა" და "ბასტი-ბუბუს" ერთობლივი კონცერტიც გაიმართა. თბილისის წიგნის მე-18 ფესტივალი "ლიბერთინსის" უკვე ტრადიციული, გრანდიოზული კარნავალით დავასრულეთ.

რუსუდან შელია