"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა - კვირის პალიტრა

"ქიმიოთერაპია ახალი დამთავრებული მქონდა, როცა დედამ თავი მოიკლა" - დედა სიდონიას ურთულესი ცხოვრების გზა და სულის საოცარი მხნეობა

"იქ, სადაც ანალიზის უნარი დაკარგულია, ცხოვრება საშიშია"

"ჩემზე ხშირად უთქვამთ, - შოუბიზნესის წარმომადგენლები რატომ მეგობრობენ მასთანო? თითქოს ისინი ადამიანები არ იყვნენ. უბრალოდ მათთვის მისაღები სასულიერო პირი ვარ და ეს არის. როდესაც მათ მაცნობენ, ხელი ვკრა? ლოგიკა სად არის?"

"სამშობლოში სულ 2 თვით სამკურნალოდ ჩამოსული, საბერძნეთში ვეღარ დავბრუნდი, რადგანაც საპატრიარქოდან საბერძნეთის მონასტერში საჩივარი გაიგზავნა..."

რუბრიკის "ჩემი ცხოვრების პალიტრა" სტუმარი ამჯერად დედა სიდონიაა. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ, მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება აქვს გავლილი, მისი მთავრი ფერი მაინც ბრწყინვალე ოქროსფერია, რომელშიც ყოველთვის იმედს ხედავს. "მთელი ცხოვრებაა კალეიდოსკოპის ფერები მომყვება, მეცინება, რომ ინტერვიუც კი ახლა კალეიდოსკოპია. როდესაც მითხარით, რომ ეს თემა გაინტერესებდათ, მცირე შოკიც კი მივიღე..." - გვითხრა დედა სიდონიამ.

- დავიწყოთ ბავშვობით, რა ფერს მიანიჭებდით ბავშვობის წლებს?

- ბავშვობის პერიოდი მხიარული, მყვირალა, ნათელი ფერებითაა სავსე. ხშირად მახსენდება ჩვენი აივანი და იქ არსებული სიმშვიდე. მზე რომ ჩადიოდა, ყველაფერი სასწაულად ლამაზად მოჩანდა. ამ ცოტა ხნის წინ ჩემმა მეზობელმა გაიხსენა, რომ ბავშვობაში კალეიდოსკოპი დამიშლია და ფერადი ქვები მიწაში ჩამიყრია.

საქართველოში იმჟამად ზოგადად გულწრფელი, უანგარო ურთიერთობები იყო. ის ფერები და სითბო დღემდე მომყვება და მასულდგმულებს. ადამიანებთან ასეთი ურთიერთობის შენარჩუნებას დღემდე ვცდილობ, რაც ზოგს უკვირს, რადგანაც ეს ყველაფერი ძალიან დაზიანდა.  ის ლამაზი ფერები, რომელიც ინერციით მომყვება, ერთი პერიოდი განაცრისფრდა და გამუქდა. ეს მაშინ მოხდა, როცა შეხება მომიწია ეჭვთან, გაუტანლობასთან და დავიბენი... ეს ჩვენს წიაღშიც ვიგრძენი და ერშიც.

- თქვენს წიაღშიც?

- იქაც იგივე ადამიანები მოდიან და მოჰყვებათ ის რაღაც, ვიდრე არსებითად მოახერხებენ შეცვლას...

- მავანს შეიძლება გაუკვირდეს, შავად შემოსილ სასულიერო პირს ფერებზე როგორ ელაპარაკებიო, მაგრამ ისეთი ადამიანი ხართ, რომ ფერების პალიტრას ამ სამოსშიც ინარჩუნებთ... გაიხსენეთ პირველი ნაბიჯი, როდესაც 16 წლისამ ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტეთ...

- ეკლესიაში თავიდან ჩემი და მივიდა, მერე მამა მიიყვანა, მერე მივედი მეც, რამაც ის გარდამავალი პერიოდი, რომელიც ადამიანებს ბავშვობასა და მოზრდილობას შორის აქვთ ხოლმე, დამიბალანსა. ეს ყველაფერი ტაძრის გუმბათის სარკმლიდან კონცენტრირებული მზის სხივის ჩამოსვლას ჰგავდა, რომელიც ყველაფერს ერევა.

- ეკლესიაში სიარულისას თქვენს ცხოვრებაში რა ფერები გამოჩნდა?

- ალბათ უფრო მწვანე, შუამთაში დავდიოდით წირვებზე. იმ პერიოდში საქართველოში სულ 5-6 ბერი იყო, ერთ-ერთი, ვინც იქ მოღვაწეობდა, ჩვენი ოჯახის მოძღვარი გახლდათ... თავიდან მონასტერში სტუმრად წავედი და ის პერიოდიც ახლა ოქროსფრად და ვარდისფრად ბრწყინავს. იქ დავინახე სრულფასოვნებისკენ სწრაფვა, რამაც მომხიბლა. არადა, ბევრს ჰგონია, რომ მონასტერში რომ მიდიხარ, იქ მიწას გაყრიან, იქაურობა მხოლოდ მუქ ფერთან ასოცირდება. პირიქით, მე იქ პროგრესი და პიროვნული ზრდის მეტი გარემო აღმოვაჩინე. დღეს არსებული მონასტრების წინამძღვრები მაშინ სამთავროში იყვნენ, ფანტასტიკურად გალობდნენ... ხელგარჯილობით გატაცებული მონაზვნები საოცრად განათლებულები და კარგი ოჯახის შვილები იყვნენ.

იმ ყველაფრისთვის მამა გაბრიელის პერიოდი ჩუქურთმა და სამშვენისი გახლდათ. სამთავროს მონასტერში სამი წელი ვცხოვრობდი და ჩვენი სენაკები თითქმის გვერდიგვერდ იყო. მამა გაბრიელთან სენაკში ხშირად მიწევდა შესვლა. მონასტერზე თუ რამე განსაცდელი მოდიოდა, ის სალოსობას იწყებდა და საკუთარ თავზე იღებდა იმ ყველაფერს. ადამიანებს მან დააძლევინა ბევრი სირთულე და ის გზა გაკვალა, რის წყალობითაც ბევრი რამ უმტკივნეულოდ გადაგვიტანია. ძალიან ძლიერი პიროვნება იყო.

- როგორი იყო მის მიმართ სასულიერო პირების დამოკიდებულება?

- მამა გაბრიელი უყვარდათ, მაგრამ როგორც ავტორიტეტს არ აღიარებდნენ. გარდაცვალების შემდეგ როგორი დიდებაც აქვს, სიცოცხლეში ასე არ ყოფილა. მახსოვს, ის დღე ფეხი რომ მოიტეხა, - აივანზე ვიდექით, ერთი დაიძახა და მერე სიჩუმე ჩამოწვა, გვეგონა, როგორც იცოდა, რაღაც გააშარჟა, იხუმრა, მეორე დღეს ექიმი რომ მოვიყვანეთ, გაირკვა, რომ მენჟის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. იმის მერე უკან-უკან წავიდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა...

- შემდგომ რა ფერები წამოვიდა თქვენს ცხოვრებაში?

- უკვე დაძველებული თოვლის ფერი გახდა ჩემი ცხოვრება, სიყვითლე რომ შეეპარება ისეთი, აღარც ბრწყინავდა, რადგანაც მონაზვნების გადაყვანა დაიწყო სხვადასხვა მონასტრებში. დაიშალა ის შემადგენლობა.

90-იანი წლების მძიმე ფონის ნიადაგზე ფილტვების დაავადება დამემართა. ინფექცია იყო და ბევრს გაგვირთულდა. მაშინ 19 წლის გახლდით... ადრინდელი წრფელი დამოკიდებულებაც თითქოს დაიკარგა, ოღონდ, რა დროს, არა ვიცი... იმ უცნაურ პერიოდში აქტიურად განვაახლე წიგნების კითხვა, ჟანრების მიხედვით ვკითხულობდი, 4 სხვადასხვა წიგნი მედო მუდმივად გვერდით, რამაც გამაძლებინა. მკურნალობა დიდხანს მომიწია.

შემდეგ იყო აბასთუმნის მონასტერი, სადაც გადამიყვანეს... ახალი მონასტერი იყო. ფილტვები ისევ ცუდ მდგომარეობაში მქონდა. 38- გრადუსიანი სიცხით დავდიოდი სამხედრო ჩექმებით, მძიმე "ბუშლატით", ტაძარში მარტოს მიწევდა მთელი დიდი მარხვის ლოცვების კითხვა, თან რეგენტიც გახლდით... სულ დაძაბული და ყურადღებით ვიყავი, რომ არაფერი ჩამეგდო, არ მოვდუნებულიყავი, მგონი, ამანაც გადამარჩინა. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი მუქი მწვანე ფერისაა, ოღონდ, მზის სხივიანი. იმ დროს 21 წლის ვიყავი.

იქიდან შემთხვევით მოვხვდი მეუფე სერაფიმესთან, რომელმაც ქარგვის წრის გახსნა მთხოვა, იქ ისევ გამჭვირვალე პერიოდი წამოვიდა, მოლურჯო, ცისფერი. უამრავი კარგი ბავშვი დადიოდა ჩვენთან.

ჩემზე ხშირად უთქვამთ, - შოუბიზნესის წარმომადგენლები რატომ მეგობრობენ მასთანო? თითქოს ისინი ადამიანები არ იყვნენ. უბრალოდ მათთვის მისაღები სასულიერო პირი ვარ და ეს არის. როდესაც მათ მაცნობენ, ხელი ვკრა? ლოგიკა სად არის? ალბათ მათთან რაღაცით ახლოს ვარ, რადგნაც ხელოვნებისკენ ვიხრები და ფერებზე რომ შეგვიძლია ლაპარაკი, - ეს არის ჩვენი საერთო ენაც.

შემდეგ ბორჯომთან, ახლოს, სადგერში გადავედით, მეუფემ გვთხოვა, რომ იქაური მონასტრისთვის დახმარება აღმოგვეჩინა, საკმაოდ ასაკოვანი დედები გვყავდა და მათი მხარდაჭერა გადავწყვიტე. კვლავ ბევრი რთული საქმის კეთება მიწევდა. შუა ზამთარში სოფლის თავიდან ბოლოში წყალს ვეზიდებოდით სარეცხისთვის, ჭურჭლისთვის, დასალაგებლად... მძიმე პირობებში ვცხოვრობდით, შეშას მე და ერთი დედაო ვჩეხავდით, ვთოვლავდით და ა.შ. მაინც ბედნიერი დღეები იყო.

- და იმ პერიოდში აღმოგაჩნდათ მძიმე სენი?

- კი, როგორც ჩანს, სიმსივნე უკვე მქონია. გაკეთდა ურთულესი ოპერაცია, ჭრილობა ორი თვე გახსნილი მქონდა, არ იხურებოდა, ერთი თვე ონკოლოგიურიდან არ მიშვებდნენ, შემდეგ დანიშნეს ქიმიოთერაპია... ერთი არ დამიკვნესია, ძველი პერიოდიდან შემართება მომყვებოდა. ვამბობდი, ეს ხორცია, ღმერთმა ეს დაუშვა და უნდა გავუძლო, მთავარია განსაცდელს სიმშვიდით შევხდე და არა ფორიაქით, რომ სულმა წონასწორობა არ დაკარგოს-მეთქი. თუმცა ქიმიოთერაპიის დროს ცოტა გავტყდი, რადგანაც ეკლესიასთან მიმართებაში რაღაც ინფორმაციები მომივიდა, ისეთი, რაზეც მანამდე არაფერი ვიცოდი, ამან ჩემზე იმოქმედა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რაც ახლა სასულიერო პირებთან დაკავშირებით ყბადაღებული თემაა... მაშინ ამაზე ვერავინ ლაპარაკობდა და მეც ვერავის ვუზიარებდი და ეს ჩემში იხარშებოდა. ავადმყოფობისას არაფერზე ვფიქრობდი, მთელ რესურს იმას ვახმარდი, რომ სულიერი ბალანსი, წონასწორობა დამეცვა. დინებას მივყვებოდი. ერთი წუთით არ დამიშვია, რომ გარდავიცვლებოდი... და თუ ეს მაინც მოხდებოდა, მჯეროდა, რომ არსებობას გავაგრძელებდი, ის მდგომარეობა ჩემთვის არ გამხდარა სასოწარკვეთის მიზეზი.

ახალი დამთავრებული მქონდა ქიმიოთერაპია, როდესაც დედამ თავი მოიკლა, რითაც უმძიმესი დარტყმა მივიღე... ფაქტობრივად, რაზედაც მანამდე გავიმარჯვე, ყველაფრი აიმღვრა, - სამ წელიწადში უამრავი რამ დამატყდა თავს: მძიმე ოპერაცია, ქიმიოთერაპია და დედის თვითმკვლელობა. დედამ წერილი დაგვიტოვა, სადაც შენდობა გვთხოვა. მასაც სიმსივნე ჰქონდა: მორალურად და ფიზიკურად ტკივილს ვერ გავუძელიო, - წერდა. მაგრამ ამ ყველაფერს ისევ სარწმუნოებრივად მივუდექი... საერთოდ არ მქონია თავის სიბრალული. ის სამი წელიწადი ჩემთვის კლინიკური სიკვდილის ფერია, ვერცხლისფერი...

მერე იერუსალიმში გამიშვეს, რადგანაც სულს ვღაფავდი. იქ კი ნელ-ნელა ყველაფერი ისევ განათდა და სიწმინდეებმა თავისი გაიტანა, ჩემს ცხოვრებაში სახარებისფერი, ოქროსფერი შემოვიდა ისევ. იერუსალიმიც ხომ ასეთია, - ერთდროულად იისფერი, ვარდისფერი და ოქროსფერი, რამაც ფეხზე წამომაყენა. ღვთისმშობლის საფლავზეც და გოდების კედელთანაც ვილოცე, კონკრეტული არაფერი მითხოვია, ჩემთვის იქ ყოფნა კომუნიკაციის საშუალება იყო ღვთისმშობელთან. სწორედ მაშინ ვთქვი, ღმერთო, ჩემს შესაფერის მონასტერში წამიყვანე-მეთქი...

იერუსალიმიდან 3 დღის ჩამოსული ვიყავი საქართველოში, საპატრიარქოში უწმინდესთან შესახვედრად მივედი და იქ შემთხვევით, დედა ანასტასიას შევხვდი, რომელიც საბერძნეთში მოღვაწეობდა. სწორედ საბერძნეთის იმ მონასტერში მიმიწვიეს. სამ დღეში ლოცვა და თხოვნა ამიხდა. საბერძნეთში წავედი.

იქ პირველი წელი იყო ასეთი: შოკიდან რომ გამოდიხარ და უეცრად დუნდები, ტირილი გინდა. აქედან უნებლიედ წაღებული იმდენი ნიღაბი და სიმძიმე აღმომაჩნდა, რომ გარკვეული დრო მათგან გათავისუფლებას დასჭირდა. მერე ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ სუნთქვა დავიწყე. 4 წლის მერე უნივერსიტეტში ჩამაბარებინეს, იქ დაიწყო სწავლის, წიგნების, განვითარების პერიოდი. ვიგრძენი, რომ ვარ ადამიანი, რომელსაც უფლება აქვს, იაზროვნოს, განვითარდეს. ენა სამ თვეში დავძლიე, ეს რეკორდი იქ ჯერ ვერცერთმა უცხოელმა ვერ მოხსნა.

ბედნიერი ვიყავი, ამიტომ გაჩნდა ბევრი მზე და მწვანე ფერი.

- 2 წლის წინ 17 მაისს თქვენ გამოსვლას არაერთგგვაროვანი შეფასებები მოჰყვა, ამაზე რას იტყვით?

- მაშინ მე ძალადობა დავგმე. ვთქვი, რომ ეს ქრისტიანობისთვის შეუფერებელი, შეუსაბამო საქციელი იყო. ეს ხალხი არ უნდა დარბეულიყო, რადგანაც ეს სახარების სწავლებასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. თუ თავს უფლებას ვაძლევთ ვინმე ვაკრიტიკოთ, მაშინ ისევე არ უნდა მოვიქცეთ, ანუ ქრისტიანული მოძღვრების საწინააღმდეგოდ. ტაში არ უნდა დავუკრათ, მაგრამ ბნელის განსადევნად სინათლე უნდა გაძლიერდეს. დაუშვებელია, სახარების საწინააღმდეგო ქმედება. მოკლედ, მე მათი საქციელი გავიკვირვე და მათთვის უცნაური მე აღმოვჩნდი. მერე "ჯიპას" სტუდენტებმა მთხოვეს გასაუბრება, დავთანხმდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ სტუდენტების გარდა არავინ მოისმენდა და ამიტომ თამამად ვისაუბრე, თუმცა საუბრის ნაწილი საინფორმაციო საშუალებებში აღმოჩნდა. ჩემი მოსაზრება ბევრს მოეწონა, წერილებს მწერდნენ. თუმცა საპირისპირო კომენტარები და ბევრი აბსურდული რამაც წავიკითხე ჩემზე, რამაც გული მატკინა.

- ზოგმა ეს ეკლესიის მიმართ ურჩობად მიიჩნია.

- არადა, ეს  ეკლესიის მიმართ ურჩობა არ ყოფილა, წმინდა მამებს გადავხედოთ, რას გვასწავლიან - ინდივიდუალიზმითა და კეთილი ნებით უნდა იყო ღვთის მორჩილი... მოკლედ, ეკლესიაში თავიდან სწორად მივედი და ასევე მიდიოდა ყველაფერი, მერე ეს დაიკარგა, რაც ისეთი მტანჯველი და გაუსაძლისი აღმოჩნდა, რომ სიმსივნეც ამის შედეგი იყო...

17 მაისს უმცირესობა არ დამიცავს, ისინი არც მიხსენებია, მათზე ერთი სიტყვაც არ მითქვამს. უბრალოდ, ჩემს ნათქვამს არ მოუსმინეს და ამან შემაშფოთა. იქ, სადაც ანალიზის უნარი დაკარგულია, ცხოვრება საშიშია. ვერავის ვერაფერს აუხსნი. მივხვდი, რომ საზოგადოება 2 ნაწილად იყო გაყოფილი.

მთხოვეს და ადამიანებისთვის, რომლებიც გაურკვევლობაში იყვნენ, აზრის გამოთქმა გავაგრძელე... სამშობლოში სულ 2 თვით სამკურნალოდ ჩამოსული, საბერძნეთში ვეღარ დავბრუნდი, რადგანაც საპატრიარქოდან საბერძნეთის მონასტერში საჩივარი გაიგზავნა...

ქრისტიანი ვარ, მოქალაქე და რასაც სახარება ასწავლის იმაზე რომ ვილაპარაკო, კურთხევა უნდა ავიღო? კვლავ ურთულესი დრო წამოვიდა... 17 წლიდან მონასტერში ვიყავი და ამის გამო ცხოვრებაში ერთხელ არ მქონდა ხელფასი აღებული, მაგრამ მაშინ პირველად 39 წლისას საკუთარი თავის რჩენა მომიწია და ეს 17 მაისის მერე მოხდა. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა, დამაფიქრა და კიდევ მეტი პასუხისმგებლობა ამაღებინა.

- ე.ი. საპატრიარქომ ჩათვალა, რომ თქვენ მათი ნების წინააღმდეგ წახვედით...

- არადა, საპატრიარქოს საწინააღმდეგო არაფერი მითქვამს. "საპატრიარქო არის ინსტიტუტი, რომელსაც ჰქონდა უფლება, თავისი აზრი დაეფიქსირებინა, განცხადება გაეკეთებინა, აქ პრობლემა სხვა რამეშია, ერთი თუ მეორე მხარე ამ განცხადებას როგორ ინტერპრეტაციას მისცემს-მეთქი", - ეს ვთქვი, მაგრამ ამას არავინ მოუსმინა. გავამართლე, საპატრიარქოს პირდაპირ გადავეფარე.

- დღესდღეობით ხელოვნებით ხართ აქტიურად დაკავებული. იმართება თქვენი ნამუშევრების (ქალის ქრისტიანული სამკაულები) გამოფენა, რომელიც მნახველს ძალიან მოსწონს. ამ პროცესში არერთი ცნობილი ადამიანია ჩართული. როგორ მიხვედით აქამდე?

- ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, ხომ გეუბნებით, ისე გამიჭირდა, რომ სამაჯურების კეთება დავიწყე. ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო, საარსებო საშუალება, რადგანაც ჩემი განცხადების გამო, იძულებული გავხდი, ეს ნაბიჯი გადამედგა. ამასთანავე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებაც იყო... გამოფენა მქონდა მცხეთაში, სადაც ლიცლიცა, კოსმოსის ფერები, ცისფერი და ოქროსფერი განათებები გამოვიყენე. ბუნება, წყლის წვეთები, მაქსიმალური ჰარმონია, იმისთვის, რომ იქ მოსულ ადამიანებს დაესვენათ...

- ახლა რა ფერი ჭარბობს თქვენს ცხოვრებაში?

- ლაჟვარდისფერი, ისეთია კრისტალში ანათებს თითქოს, მრავალწახნაგოვანი, ბრწყინავი, მშვიდი... ვფიქრობ, ქაოსიდან ნელ-ნელა ფონს გავედი.

და კიდევ ერთიც, 4 წლის წინ კიდევ სხვა კარი გაიხსნა ჩემში - მამა, რომელიც უზომოდ მიყვარდა, გარდამეცვალა. მაშინ ჯერ კიდევ საბერძნეთში ვიყავი და წელიწადნახევრი არ მყავდა ნანახი, ეს ცუდი ამბავი იქ შემატყობინეს, არადა, მელოდებოდა... მამასთან ყველაფერი საუკეთესო მაკავშირებდა. ის იყო ხელოვანი, პროფესიონალი სპორტსმენი, მუდმივად რაღაცას აქანდაკებდა. გამოფენების მოწყობა მამას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე... ასე მგონია, ამით მის გაცოცხლებას ვცდილობ...

ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)