"ოჯახმა ვერ დამაღვინა!" - კვირის პალიტრა

"ოჯახმა ვერ დამაღვინა!"

"მეუღლემ ორი თვისებით მომხიბლა"

ერთ-ერთ გმირს ტელესერიალისა "შუა ქალაქში", თამარ ღლონტის მეუღლე ვახუნხულას ყველა იცნობს, თუმცა ამ როლის შემსრულებელ კახა ჯოხაძესა და მის ნამდვილ მეუღლე ნინო შერმადინზე ბევრი არაფერი ვიცით. როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, თვითონ კახა გვიამბობს:

- მე და ნინო თეატრალურ უნივერსიტეტში ერთად ვსწავლობდით. ერთმანეთს 2000 წელს, პირველ ლექციაზე შევხვდით. თავდაპირველად სიყვარულზე არც მიფიქრია, გულწრფელად ვმეგობრობდით, ერთხელ კი ერთად გვათამაშეს ეპიზოდი "კუკარაჩადან", - მე მურტალოს როლს ვასრულებდი, ნინო კი - ინგას, - და სწორედ იმხანად დაიწყო ჩვენი სიყვარულიც. მართალია, მისთვის სიყვარული არ ამიხსნია, მაგრამ ჩემმა საქციელმა ყველაფერს მიახვედრა.

- რით მოგხიბლა ნინომ?

- საოცარი მოთმინება აქვს და ძალიან მენდობა. ეს ორი თვისება მალე აღმოვაჩინე მასში და მომწონს. ეს რომ არა, ცხრა წელიწადს ერთად ვერ გავძლებდით.

KvirisPalitra.Ge- რატომ?

- (იცინის) ჩემს გადამკიდეს, ბევრი რამის მოთმენა უწევს. ბოლო ხანს ოჯახში ცოტა დროს ვატარებ, როცა შინ ვარ, სულ ძილი მინდა, თვეობით ვერ ვურთიერთობ ოჯახის წევრებთან. ნინო მომთმენი რომ არ იყოს, ასეთ ქმარს აუცილებლად გაექცეოდა. გარდა ამისა, კერძების მიმართაც პრეტენზიული ვარ, რასაც ჩემი მეუღლე მშვიდად იტანს.

- პირველი კოცნა გახსოვს, ალბათ...

- ხორავას სახელობის თეატრში რეპეტიციები გვქონდა, დარბაზში ვიცდიდით და სწორედ ამ დროს ვაკოცე. მახსოვს, მეორე დღის გათენების მეშინოდა... შეყვარებულობის პერიოდი დეკემბრიდან მაისამდე გაგვიგრძელდა.

- რომანტიკული შეყვარებული იყავი?

- ვერ ვიტყვი, რომ რომანტიკული ვარ... ყოველდღე რეპეტიციაზე ვხვდებოდით ერთმანეთს ან ნინოსთან ვიკრიბებოდით ჯგუფელები (ნინო გორელია და სტუდენტობისას თბილისში ბინა ჰქონდა ნაქირავები). ნინოს დედას კარგად ვიცნობდი, კრებაზე მოდიოდა ხშირად, ასე რომ, ჩვენი დედებიც იცნობდნენ ერთმანეთს. მეორე კურსზე მივხვდით, რომ ორივე მზად ვიყავით ოჯახის შესაქმნელად, თანაც მამაჩემი ცუდად იყო და მინდოდა, ქორწილი დამეჩქარებინა. მართალია, მამა გარდაიცვალა და ჩემს ქორწილს ვერ მოესწრო, მაგრამ ნიშნობაზე კი იყო.

- ქორწილი, ალბათ, მოგვიანებით გადაიხადეთ...

- შეუღლება მოკრძალებულად, მეგობრების წრეში აღვნიშნეთ ნიშნობიდან ერთი წლის შემდეგ.

- ქორწილში ნინოს თეთრი კაბა ეცვა?

- თეთრი კაბა და კედები - მაღალქუსლიანებზე ვერ ვცეკვავო, მითხრა. თაფლობის თვე უცხოეთში არ გაგვიტარებია, ვსწავლობდით, თან ამდენი ფულიც არ გვქონდა. მეგობრებთან ერთად წავედით ზღვაზე.

- რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში ოჯახის შექმნის შემდეგ?

- ოჯახმა ვერ დამაღვინა, ისეთივე ვარ, როგორიც ცხრა წლის წინ ვიყავი. შეიცვალა ის, რომ გვყავს 4 წლის ლევანი და 2 წლის ანა. პირველი შვილი რომ შემეძინა, კარგა ხანს ვერ ვაცნობიერებდი, რომ მამა ვიყავი.

- ყურადღებიანი მეუღლე ხარ?

- კი, ყურადღებიანი ვარ. არ მავიწყდება ღირსშესანიშნავი თარიღები, სიყვარულის ახსნის დღესაც კი აღვნიშნავთ სიმბოლური საჩუქრებით.

- კამათი ყველა ოჯახში მოსდით. თქვენ რაზე კამათობთ?

- მეც დამთმობი ვარ და ნინოც, კამათი უმეტესად ყოფითი საკითხების გამო მოგვდის, მაგალითად, ჩემს გაკეთებულ კერძს რატომ არ ჭამო. რომ გავბრაზდებით, სხვადასხვა ოთახში გავდივართ, მაგრამ ხუთი წუთის შემდეგ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

- ეჭვიანია თქვენი მეუღლე?

- ოდნავადაც არა, მე კი იმიტომ არ ვეჭვიანობ, რომ ნინო სულ შინ არის. განზე ყველა კაცი გაიხედავს, მთავარია, ღალატი რეალურად არ ჩაიდინოს.

- ერთმანეთს მოფერებით რას ეძახით?

- მე ნის ვეძახი, ის - კახოს.

- როგორ ფიქრობ, რას ვერ აპატიებთ ერთმანეთს?

- ნინოს ალბათ ბოროტ ტყუილს ვერ ვაპატიებ და კიდევ საიდუმლოს - მიმაჩნია, რომ ის ჩემი უახლოესი ადამიანია და ერთმანეთისგან დამალული არაფერი უნდა გვქონდეს.

ნათია მალიშავა

"ყველა სიახლე" №12