"ამ კრებულზე ჩვენს ოჯახში არასოდეს­ უსაუბრიათ" - კვირის პალიტრა

"ამ კრებულზე ჩვენს ოჯახში არასოდეს­ უსაუბრიათ"

"ჩემმა დედამთილმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ნივთები ხელუხლებლად შეინახა. რამდენიმე თვის წინ ისიც გარდაიცვალა. მე და ჩემმა მეუღლემ ახლახან აღმოვაჩინეთ ჩემი მამამთილის საწერი მაგიდის უჯრაში ხელნაწერი ლოცვანი"

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას პოეტ გივი გეგეჭკორის ოჯახმა უნიკალური წიგნების კოლექცია შემატა. მათი უმრავლესობა გასულ საუკუნეებშია გამოცემული, არის ისეთი გამოცემებიც, ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკასაც რომ არ ჰქონდა.

პოეტის ბიბლიოთეკაში ყურადღება მომცრო ზომის ხელნაწერმა ლოცვანმა მიიპყრო. ხელნაწერის კვლევა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ის მე-18 საუკუნით თარიღდება და შესრულებულია შავი და წითელი მელნით. დაახლოებით 5 სმ სიგანისა და 7 სმ სიგრძის 300-გვერდიანი ხელნაწერი ლოცვანი დღემდე კარგად არის შემონახული.

დალი შალვაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის სარეზერვო განყოფილების მთავარი სპეციალისტი: - უნიკალური წიგნები, რომელიც პოეტ გივი გეგეჭკორის ოჯახმა გადმოგვცა, მართლაც შეუფასებელია. სავარაუდოდ, ჩვენთან გაიხსნება ბატონი გივი გეგეჭკორის კაბინეტი, სადაც მისი ბიბლიოთეკიდან წამოღებული წიგნები განთავსდება. მცირე ზომის ხელნაწერი ლოცვანი, ოჯახის წევრების თქმით, მათ წინაპრებს ეკუთვნოდა. უკვე დადგინდა, რომ ის მე-18 საუკუნისაა. ვისი გადაწერილია, ჯერ არ ვიცით, თუმცა ამას ხელნაწერთა ინსტიტუტი გამოიკვლევს.

- მოხდება ლოცვანის რესტავრაცია?

- ლოცვანის ფურცლები დაზიანებული არ არის, მაგრამ ჩვენი რესტავრაციის განყოფილების თანამშრომლები მას მაინც გაწმენდენ, დაუმზადებენ ყდას და შემდეგ ოჯახს დავუბრუნებთ. მსგავსი ხელნაწერი ლოცვანი ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა საცავშიც კი არ მოგვეპოვება. როგორც ცნობილია, გეგეჭკორები მოიაზრებიან მარტვილის წმინდა გიორგის მონასტრის მსახურებად. ამ გვარის ისტორიას კი ლეგენდის სახე აქვს: ერთ სვან თავადს, დადეშქელიანს, დანიშნული ქალი მოუტაცებია და მარტვილში გამოქცეულა. შეყვარებულები ერთ ოჯახს შეუფარებია. ახალგაზრდებს ჯვარი წმინდა გიორგის ტაძარში დაუწერიათ. მეგრელებს მოუთხოვიათ, ცოდვისგან განსაწმენდად თქვენი შთამომავლობის ყოველ თაობაში ერთი ვაჟი სასულიერო პირი უნდა გახდესო. ეს პირობა არ დარღვეულა. დადეშქელიანს, როგორც წმინდა გიორგის შეფარებულს, გვარად მიანიჭეს გეგეჭკორი, რაც წმინდა გიორგის ყმას ნიშნავს.

ამ გადმოცემას თუ გავითვალისწინებთ, ლოცვანი ამ გვარის წინაპარი სასულიერო პირისა უნდა ყოფილიყო.

ირინა ჭელიძე, გივი გეგეჭკორის რძალი: - ჩემი მეუღლის წინაპრები, ვისზეც გვაქვს ინფორმაცია, იყვნენ ფილოლოგები, უცხო ენის სპეციალისტები, ლინგვისტები, მეცნიერები და სასულიერო პირები, ერთ-ერთი ეპისკოპოსიც ყოფილა. ალბათ ლოცვანი მათი ნაქონია. ჩვენი ოჯახის კოლექციაშია ბიბლიის ათტომეული, კომენტარებითურთ, 1800-იან წლებში ფრანგულ ენაზე გამოცემული წიგნი "საფრანგეთის რევოლუციის ისტორია". ჩემმა დედამთილმა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ნივთები ხელუხლებლად შეინახა. რამდენიმე თვის წინ ისიც გარდაიცვალა. მე და ჩემმა მეუღლემ ახლახან აღმოვაჩინეთ ჩემი მამამთილის საწერი მაგიდის უჯრაში ხელნაწერი ლოცვანი. ამ კრებულზე ჩვენს ოჯახში არასოდეს უსაუბრიათ. ამიტომ არ ვიცით მისი წარმომავლობა. როგორც ჩემი მეუღლის ბებია ამბობდა, ჩემი მამამთილის მამა რეპრესირებული იყო, მანამდე უმუშავია პიონერთა სასახლეში. სწორედ მისი მინაწერებია წიგნებზე. ბრწყინვალედ სცოდნია ფრანგული ენა. ჯერ კიდევ პატარას დაუწყია ბუკინისტებთან წიგნების ყიდვა. ასე დასდებია სათავე საოჯახო ბიბლიოთეკას.

- რატომ გადაწყვიტეთ მისი ეროვნული ბიბლიოთეკისათვის გადაცემა?

- როგორც გავარკვიეთ, ჩვენი ძველი წიგნების ანალოგები საჯარო ბიბლიოთეკაშიც არ ინახება. ამიტომ, ჩემი მამამთილის სახელის უკვდავსაყოფად, გადავწყვიტეთ, საჯარო ბიბლიოთეკისთვის გადაგვეცა. წიგნს სჭირდება თავისუფლება, ის ცოცხალია, მისი ადგილი ხალხისთვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა იყოს. გივი გეგეჭკორი საუკეთესო პოეტი იყო. ის ცხოვრობდა თავისი ხალხისთვის. მხოლოდ ლოცვანი დარჩება ჩვენს ოჯახში, რადგან საგვარეულო სიწმინდედ მიგვაჩნია.

ექსპერტები უთუოდ ბევრ მნიშვნელოვან დეტალს გამოკვეთენ. ოდესღაც ამ ლოცვანის ყდა შავი, თხელი ფურცელი იყო. ხელნაწერთა ინსტიტუტის კალიგრაფისტებს არ გაუჭირდებათ გადამწერის ვინაობის დადგენა.

ირაკლი გეგეჭკორი, გივი გეგეჭკორის ვაჟი: - სამწუხაროდ, 1972 წლის წყალდიდობამ შეიწირა ბროკჰაუსისა და ეფრონის ენციკლოპედია - მაშინ სოლოლაკში ვცხოვრობდით და ჩვენი ბინა დაიტბორა. მისი აღდგენა ვერ მოხერხდა... ჩვენს საგვარეულო ბიბლიოთეკაში ყველაზე ძველია მე-18 საუკუნეში გამოცემული წიგნები - სასულიერო, მხატვრული, სამეცნიერო ლიტერატურა...

თორნიკე ყაჯრიშვილი